გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
120210018002475014
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2475014-2/434-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი’’

წარმომადგენელი - ნ---- კ--------

მოპასუხე - გ------- ტ-------ე, ბ--- ტ-------ე

ლ-–- გ---–--ე (დასწრებისგარეშე)

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს გ------- ტ-------ეს, ლ-–- გ---–--ეს და ბ--- ტ-------ეს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 10 002.82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6484.88 ლარი, პროცენტი - 2917.94 ლარი, პირგასამტეხლო - 600 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს „ლ-------------სა“ და გ------- ტ-------ეს შორის 2014 წლის 14 მარტს გაფორმდა №0002/2014/07721 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 10000 ლარი, წლიურ 18.50% და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 72 თვე. ხელშეკრულებით გათვალისწინებუი იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებმა პირებმა - ლ-–- გ---–--ემ და ბ--- ტ-------ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა კრედიტის თანხის, დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზრვრა 16774,05 ლარით.

 

მოპასუხეების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები არ სრულდება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა გ------- ტ-------ემ და ბ--- ტ-------ემ სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და მიუთითეს, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროთ მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა.

 

2.2. მოპასუხე ლ-–- გ---–--ე შესაგებელი არ წარმუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2014 წლის 14 მარტს სს ,,ლ-------------სა’’ და გ------- ტ-------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2014/07721, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 10000 ლარი, 72 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი 18.50%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 14 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 14 მარტს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 0002/2014/07721-2, რომლის მიხედვითაც ბ--- ტ-------ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 16774.05 ლარით.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2014 წლის 14 მარტის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 14 მარტს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება 0002/2014/07721-1, რომლის მიხედვითაც ლ-–- გ---–--ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 16774.05 ლარით.

 

3.1.4. 15.03.2017 წლიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა N0002/2014/07721 საკრედიტო ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი;

 

3.1.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.03.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2014/07721;

- 14.03.2014წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- 14.03.2014წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 14.03.2014წ. თავდებობის ხელშეკრულებები;

- ლ-–- გ---–--ის და ბ--- ტ-------ის განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 14.03.2014წ.-25.05.2018წ;

- 25.05.2018წ. N03065/21358 ცნობა დავალიანების შესახებ;

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

- საფოსტო გზავნილები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხეებს გ------- ტ-------ის, ბ--- ტ-------ის და ლ-–- გ---–--ის დავალიანება სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ 14.03.2014წ. N0002/2014/07721 კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 12602.82 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6484.88 ლარი, პროცენტი - 2917.94 ლარი; პირგასამტეხლო 600 ლარი;

 

3.2.2. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლოს 200 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ------- ტ-------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------------სა’’ და გ------- ტ-------ეს) შორის გაფორმებული 2014 წლის 14 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა გ------- ტ-------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა. მოპასუხეებმა გადააცილეს ორი და მეტ გადახდას, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 6484.88 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებს). მსესხებელმა გ------- ტ-------ემ და თავდებმა ბ--- ტ-------ემ ცნეს მოთხოვნა სესხის ძირითდი თანხის ნაწილში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 2917.94 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდები არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 600 ლარი უნდა შემცირდეს 3-ჯერ და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 200 ლარით.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ-------------სა'' და გ------- ტ-------ეს შორის 2014 წლის 14 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ-------------სა'' და მეორეს მხრივ ბ--- ტ-------ეს და ლ-–- გ---–--ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ბ--- ტ-------ემ და ლ-–- გ---–--ემ იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 16774.05 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 14 მარტის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის - 6484.88 ლარის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების - 2917,94 ლარის და პირგასამტეხლოს - 200 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე გ------- ტ-------ემ და ბ--- ტ-------ემ სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო მოპასუხე ლ-–- გ---–--ემ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 194.54 ლარის ოდნებით. მოპასუხე მხარემ სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე გ------- ტ-------ეს, ბ--- ტ-------ეს და ლ-–- გ---–--ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 93.53 ლარის გადახდა.

ამასთან, სს ,,ლ-------------ს’’ შემცირებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 378.08 ლარიდან 78 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „ლ-------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე გ------- ტ-------ე, ლ-–- გ---–--ეს და ბ--- ტ-------ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 9602.82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6484.88 ლარი, პროცენტი - 2917.94 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი.

 

3. მოპასუხე გ------- ტ-------ეს, ბ--- ტ-------ეს და ლ-–- გ---–--ეს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 93.53 ლარის გადახდა.

 

- მოპასუხე ლ-–- გ---–--ეს მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 194.54 ლარის გადახდა.

 

4. სს ლ-------------ს დაუბრუნდეს 31.05.2018წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 378.08 ლარიდან 78 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი