გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.10.2018
საქმის ნომერი
330210017002010091
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/18848-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე სს ”ს--------------------------------------–------”

წარმომადგენელი ნა----------–-–---–-

მოპასუხე გი---–--–---–---

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გი---–--–---–---სათვის სს „ს--------------------------------------–------ს“ სასარგებლოდ 380.6 ლარის გადახდის დაკისრება.

 

17.09.2015 სს „ს--------------------------------------–------ს“ მიერ ნ-----–----–-შვილზე გაიცა სადაზღვევო პოლისი N104247/15, რომლის საფუძველზეც დაზღვეულ იქნა ავტომანქანა ჰონდა, სახელმწიფო ნომრით M-------

 

08.10.2015 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომანქანა ჰონდა, სახელმწიფო ნომრით M------- მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე საჯარიმო ქვითრის მიხედვით სამართალდამრღვევად, ანუ შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად მიჩნეულ იქნა გი---–--–---–---, რომელიც მართავდა ავტომობილს.

 

სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმის, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის და ინვოისის თანახმად, ავტომანქანის აღდგენის საერთო ღირებულებამ შეადგინა 380.6 ლარი.

 

21.10.2015 მზღვეველის, სს „ს--------------------------------------–------ს“ მიერ თანხა - 380.6 ლარის ოდენობით სრულად იქნა ანაზღაურებული. მოსარჩელე სს „ს--------------------------------------–------ს“ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე გი---–--–---–---მ ზემოაღნიშნული თანხა არ გადაიხადა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გი---–--–---–---მ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზიანებული ავტომანქანის ღირებულება არის ხელოვნურად გაზრდილი. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი 100 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალება Honda CR-V, სახელმწიფო ნომრით M------ დაზღვეული იყო სს „ს--------------------------------------–-----–-“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ავტომობილის დაზღვევის პოლისი.

 

3.1.2. ავტოსატრანსპორტო საშუალებას _ ფორდ ტრანზიტი, სახელმწიფო ნომრით T------, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა გი---–--–---–---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nა----------;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გი---–--–---–---ს მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი Nა----------;

 

3.1.4. მოსარჩელე სს „ს--------------------------------------–-------“ ნ-----–----–-შვილს გადაურიცხა 159.66 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი;

- 21.10.2015 საგადახდო დავალება N100.

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა სს ''ს--------------------------------------–------ს'' სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს, სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ ''...აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....'' (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).

 

ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტული განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო-სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.

 

როგორც აღინიშნა, სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის, მომსახურების ხარისხში, შინაარსი და მოცულობა წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, სს ''ს--------------------------------------–------'' და დამზღვევს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს ავტომანქანის შეკეთებას დამზღვევის ინტერესის შესატყვისად. აღნიშნული პირობა შესაძლებელია ზრდის ასანაზღაურებელი სადაზღვევო ზიანის მოცულობას და ამავდროულად გავლენას ახდენს სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება და ინტერესები. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შეცილებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში.

 

როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებლის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.

 

დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''. ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს, როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში გი---–--–---–---მ აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა შეედავა მოთხოვილ ოდენობას და აღნიშნა, რომ ზიანის მოცულობა შეადგენდა - 100 ლარს. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოდ არის გამხდარი დანაკლისის ოდენობა, შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს - არის ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს ''ა-------------------'' შეფასების აქტი, რომელიც შეიცავს პროდუქტის სუბიექტურ ფასებს, კერძოდ, გასაყიდი საქონლის გამყიდველის პირად შეფასებას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ჭრილში. ასევე შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას. რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, მისი ფორმირება ხდება საბაზრო კონკურენციის პირობებში და ასახავს საქონლის ღირებულებას რომელიც ყალიბდება არა მომხმარებლის, ან გამყიდველის შეხედულებით, არამედ ბაზრის მიერ. ამგვარად, სს ''ს--------------------------------------–------ს'' მიერ წარმოდგენილი ფასების ჩამონათვალი, როგორც მტკიცებულება, არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტებთან, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სრულყოფილად და მოპასუხის აღიარებული მოცულობა - 100 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში -ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, 100 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სასარჩელო მოთხოვნის, 100 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, 26.31%-ის ნაწილში, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, მე-3, 208-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „ს--------------------------------------–------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. დაეკისროს მოპასუხე გი---–--–---–---ს მოსარჩელე სს „ს--------------------------------------–------ს“ სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა;

 

1.2. სარჩელის მოთხოვნა 280.6 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „ს--------------------------------------–------“ 2017 წლის 12 ივლისს N--------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან 13.15 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამასთან, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე მაკა ჭედია