განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2018
საქმის ნომერი
160141318002321999
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160141318002321999

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

#1/45-18 1 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031310118001)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, დიანა ქოჩორაშვილი,თამთა როყვა

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია, გიორგი სახიაშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: არჩილ ცაგურია

 

ბრალდებული: ნ---- გ---------ი

მამის სახელი: ტოფიკ

დ----------–----------–-–------------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------------------–---–------------

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 ნ---- გ---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 30 იანვარს საღამოს საათებში, ქ. მარნეულში ყარყარაშვილის ქ.N 12-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნ---- გ---------მა ჯერ ხელებით რამოდენიმეჯერ დაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ ფეხებით რამოდენიმეჯერ დაარტყა სხეულის სხვადასხვა ნაწილში დედას ლ------ა გ---------ას. ცემის შედეგად ლ------ა გ---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

დაზარალებულმა ლ------ა გ---------ამ განმარტა, რომ ბრალდებული ნ---- გ---------ი არის მისი შვილი, ასევე ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ ლ------ა გ---------ა არის მისი დედა. შესაბამისად თანახმად საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლისა ბრალდებული ნ---- გ---------ი და დაზარალებული ლ------ა გ---------ა წარმოადგენენ ერთი ოჯახის წევრებს.

 

2.2. ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

დაზარალებულმა ლ------ა გ---------ამ (ბრალდებულის დედა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ე-–--- გ---------ი. მან განმარტა, რომ ნ---- გ---------ი არის მამამისი. ცხოვრობს ბებიასთან - ლ------ა გ---------ასთან და მამასთან ერთდ. მამასთან არ აქვს კარგი დამოკიდებულება, რადგან ის არსად არ მუშაობს, სვამს და ამის გამო სახლში ხშირად არის ჩხუბი. ე-–--- გ---------მა დაადასტურა, რომ თავად მუშაობს რესტორანში, განაგებს რესტორნის საწყობს. რესტორანი კი მდებარეობს სახლთან ახლოს და ხშირად გადმოდის ბებიის სანახავად, ბებია არის 82 წლის. მოწმის განმარტებით იანვრის ბოლო იქნებოდა, დაახლოებით ღამის 12:00 საათი, როდესაც დაბრუნდა სახლში. სახლიდან ისმოდა ყვირილი, ყვიროდა მამამისი ნ---- გ---------ი, უყვიროდა ბებიას. როდესაც შევიდა დაინახა, რომ ნ---- გ---------ი ლ------ა გ---------ას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, კერძოდ ურტყამდა ხელით, ფეხით. ე-–--- გ---------ის განმარტებით აღნიშნულის შემდეგ იგი გავიდა სახლიდან, ვერ დაეხმარა ბებიას, რადგან მამამისი მასაც ეჩხუბები, დანის დემონსტრირებით და როგორ მივიდოდა. წამოსვლისას მან განაცხადა აღნიშნული ფაქტის თაობაზე პოლიციაში. პოლიციის თანამშრომლები კი გამოცხადდნენ ადგილზე ფაქტის გადასამოწმებლად.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ელდარ ბოლქვაძემ განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, ასევე განმარტა, რომ ღამის 12:00 საათისათვის გამოძიება უკვე დაწყებული იყო.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ექიმი ოთარ ქებაძე. მან განმარტა, რომ 2018 წლის 31 იანვარს იყო მორიგე, შეიყვანეს პაციენტი, რომელიც მისივე გადმოცემით სცემა შვილმა. გასინჯვის შედეგად გამოვლინდა თავის ტრავმა, დაფიქსირდა კანქვეშა ჰემატომა. ასევე ლ------ა გ---------ას გამოუვლინდა კრიტიკული ანემია, მოთავსდა საავადმყოფოში. ოთარ ქებაძის განმარტებით ლ------ა გ---------ას თავის ტრამვა არ შეიძლება ყოფილიყო მიზეზი ანემიისა. შეკითხვაზე ოთარ ქებაძემ დაადასტურა, რომ ჰემატოვა თავისთავად იწვევს ფიზიკურ ტკივილსაც.

 

სასამართლოში დაკითხვისას ბრალდებულმა ნ---- გ---------მა განმარტა, რომ მან ლ------ა გ---------ას ხელი ჰკრა და ამიტომ მოხვდა საავადმყოფოში, ასევე განმარტა, რომ რამდენიმე დღის წინაც წაიქცა, ქვას დაარტყა თავი, თავად ააყენა და დააწვინა. ნ---- გ---------მა ასევე განმარტა, რომ მან დაზარალებულს ხელი კრა დაახლოებით 2018 წლის 26 იანვარს, თავად კი დააკავეს 30 იანვარს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N001181818 დასკვნის თანახმად ლ------ა გ---------ა 2018 წლის 31 იანვარს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 31.01.2018-დან 2.02.2018-მდე და დაუდგინდა: მარჯვენა თვალბუდის მიდამოს სისხლჩაქცევა, სახისა და ორივე სხივ-მაჯის სახსრის არეში ნაჭდევები. დაზიანებები განვითრებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, დაზიანების არასრული მორფორლოგიური აღწერილობის გამო.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გიორგი ოქრუაშვილმა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

პაციენტის სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ ლ------ა გ---------ამ ,,ჯეო ჰოსპიტალს“ მიმართა 2018 წლის 31 იანვარს 01:45 საათზე. ასევე ავადმყოფის ისტორიაში მითითებულია, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტს მისივე გადმოცემით მიაყენა შვილმა.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლელული მტკიცებულებანი და დადასტურებულად მიიჩნია ნ---- გ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, კერძოდ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სასამართლო იზიარებს ე-–--- გ---------ის ჩვენებას, მან ჩვენებაში ცალსახად დაადასტურა, რომ ნ---- გ---------მა ბებიას - ლ------ა გ---------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელებისა და ფეხების მეშვეობით სხეულის სხვადახვა ადგილებში. ძალადობის შედეგად ლ------ა გ---------ას განუვითარდა დაზიანებები, რაც ასახულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში და წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. მართალია დაზარალებულმა ლ------ა გ---------ამ უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ნ---- გ---------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, მაგრამ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ძალადობის შედეგად ლ------ა გ---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. დადგენილია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, ასევე სასამართლოში დაკითხვისას ექიმმა ოთარ ქებაძემ განმარტა, რომ ჰემატომა, რომელიც აღენიშნებოდა დაზარალებულს თავისთვად იწვევს ფიზიკურ ტკივილს. შესაბამისად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ---- გ---------მა ლ------ა გ---------ას მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ნ---- გ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ---- გ---------მა ლ------ა გ---------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

4.1. ნ---- გ---------ი არ არის ნასამართლევი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.2. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასითს, დამნაშავის პიროვნებას, დაზარალებულის ასაკს და მიიჩნევს, რომ ნ---- გ---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ნ---- გ---------ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით, რადგანაც სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ნ---- გ---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა- 9(ცხრა) თვის ვადით.

 

ნ---- გ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 იანვრიდან.

 

ნ---- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე