გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2018
საქმის ნომერი
120210018002553003
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2553003-2/581-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - შპს ,,მ-----------------------------–----–------’’

წარმომადგენელი - გ------- ნ-----–---–ი

მოპასუხე - ბ--- ზ-------–-–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე ბ--- ზ-------–-–---–ს შპს ,,მ-----------------------------–----–------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 947.34 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 183.93 ლარი, პროცენტი - 52.35 ლარი, პირგასამტეხლო - 611.06 ლარი, გამარტივებული საქმისწარმოების საფასური 100 ლარი.

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2016 წლის 17 ოქტომბერს მოპასუხე ბ--- ზ-------–-–---–სა და შპს ,,მ------–------ს’’ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება ნომერი U-------, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით, 2017 წლის 17 აპრილის ჩათვლით.

მოვალის მიერ სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა, შესაბამისად მსესხებელს დაერიცხა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 1%.

კრედიტორმა დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყო გამარტივებული საქმის წარმოება, თუმცა მოვალემ არ ცნო მოთხოვნა და შესაბამისად შეწყდა სამართალწარმოება. მოსარჩელემ გასწია გამარტივებული საქმისწარმოების ხარჯი - 100 ლარი.

ხეშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს გადახდილი აქვს სულ - 288,34 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა დაიფარა 135,82 ლარის ოდენობით, პროცენტი - 110,55 ლარის ოდენობით, დარჩენილი თანხით დაიფარა პირგასამტეხლო (იხ. CD სდომის ოქმი).

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ბ--- ზ-------–-–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის მხოლოდ ძირითადი თანხა. ითხოვა დაკისრებული პროცენტის და პირგასამტეხლოს შემცირება. ასევე არ ეთანხმება გამარტივებული საქმისწარმოების ხარჯის 100 ლარის გადახდას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 17 ოქტომბერს მოპასუხე ბ--- ზ-------–-–---–ს და შპს ,,მ------–------" შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის სესხის ხელშეკრულება ნომერი U-------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემულ იქნა თანხა 300 ლარის ოდენობით.

 

3.1.2. სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი მოპასუხე ბ--- ზ-------–-–---–ს უნდა დაებრუნებინა 6 თვეში, გრაფიკის შესაბამისად გადახდის პირობით. ბოლო გადახდის თარიღი განისაზღვრა - 2017 წლის 17 აპრილი.

 

3.1.3. მოპასუხემ ხელშეკრულების ფარგლებში დაფარა სესხის ძირითადი თანხა - 135,82 ლარის ოდენობით, ხოლო პროცენტი - 110,55 ლარის ოდენობით.

 

3.1.4. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია 2017 წლის თებერვილის თვიდან.

 

3.1.5. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.10.2016წ. საკრედიტო ხაზის სესხის ხელშეკრულება;

- 17.10.2016წ. გასავლის ორდერი;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- 09.07.2018 წ. გაფრთხილების წერილი, ჩაბარების დასტური;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლოს 23.47 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 867-ე, 873-ე, 891-ე, 896-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ბ--- ზ-------–-–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ბ--- ზ-------–-–---–მა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს. აქვე, სასამართლო აღნიშნავს რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს გადახდილი აქვს სესხის ძირითადი თანხა - 135,82 ლარის ოდენობით, ამდენად მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდ დაეკისროს 164,18 (300-135,82) ლარის გადახდა, ამდენად დამატებით ძირითადი თანხის- 19,75 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება საფუძველს მოკლებულია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სესხის დაბრუნება გათვალისწინებული იყო 6 თვის ვადაში ყოველთვიური გადახდის პირობით. სესხის ბოლო გადახდის ვადა განისაზღვრა 17.04.2017 წელი. სესხის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 52.35 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი სრულად გადახდილია.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 216.53 ლარი, ხოლო მასზე გაცილებით მეტია მოთხოვნილი პირგასამტეხლო (თითქმის სამჯერ მეტია). მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, დადგენილ ვადაში გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. გასათვალისიწნებელია ისიც, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თახიდან 1% ის დაანგარიშებით, დაფარულია პირგამსატეხლოს გარკვეული ნაწილი.

 

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 23.47 ლარამდე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან... იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. შესაბამისად მოპასუხე ბ--- ზ-------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,ლ-------’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა. მასვე უნდა დეკისროს გამარტივებული საქმისწარმების სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,მ------–------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ბ--- ზ-------–-–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–----–------ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 240 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 164.18 ლარი, პროცენტი - 52.35 ლარი, პირგასამტეხლო - 23.47 ლარი.

 

3. მოპასუხე ბ--- ზ-------–-–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–----–------ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული საქმისწარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე ბ--- ზ-------–-–---–ს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–----–------ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი