განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-735-18
(№078270918001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02.11.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი გაგა გელაშვილი,ბრალდებული: ზ---------–---ე
დაბადებული: 26.08.1--- წ.
პირადი ნომერი: 5----------
ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: უმაღლესი;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრირებული: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ვ-------–-.
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ვ---------–--------------------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ზ---------–---ე, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 01 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 16:50 საათზე, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრზე მართავდა „ჰ------------ის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - F--------.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბრალდებულმა ზ---------–---ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ. 2018 წლის 26 ოქტომბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
სასამართლოს დასკვნა, ზ---------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ი-–---------–--ის პატაკს (25.09.2018) და თანდართულ ადმინისტრაციულ მასალებს, მოწმეების - თ------–----–-–---–ის, ი-–---------–--ის და ქ------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 01 თებერვლის განაჩენს, შსს მომსახურების სააგენტოს წერილს (08.10.2018), ბრალდებული ზ---------–---ის გამოკითხვის ოქმს და გამოძიებაში მოპოვებულ სხვა მასალათა ერთობლიობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე”.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების (განაჩენის) შეუსრულებლობა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ზიანი ადგება მართლმსაჯულების ინტერესს განაჩენის შესრულების უზრუნველსაყოფად. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სავალდებულოობა და აღსრულების უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია კანონიერების პრინციპის დაცვასთან, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან თვითნებობისა და უკანონობის აღმოფხვრასთან. განაჩენის შეუსრულებლობა გამოიხატება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისგან/დაკისრებული მოვალეობის შესრულებისგან განზრახ თავის არიდებაში ან მის დარღვევაში და პირი, რომელსაც განაჩენის ან სხვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აკისრია, არანაირ ზომებს არ იღებს ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ---------–---ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 01 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 18 სექტემბერს კი თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრზე იგი მართავდა „ჰ------------ის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - F--------, შესაბამისად მან ისარგებლა რა იმ უფლებით, რომლის სარგებლობაც ჩამორთმეული ჰქონდა, შედეგად არ შეასრულა ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ---------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებული დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ზ---------–---ის მიერ ჩადენილი ქმედება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის - ჯარიმის გამოყენების საფუძველი და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია აღნიშნული სასჯელის დანიშვნის პირობებში.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ზ---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს (გადაუხდელია).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ---------–---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 01 თებერვლის #1/5557-09 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ჯარიმა 30 000 ლარი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ---------–---ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 31 000 (ოცდათერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით;
3. ზ----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი