გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.11.2018
საქმის ნომერი
330310018002703478
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3/6882-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

2 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: თამარ ხაჟომია

 

სხდომის მდივანი: გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე: აა(ი)პ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი მ-----–-------ა

 

მოპასუხე: №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

 

წარმომადგენლები: ა--------------ე, პ-------–----–----ა

 

მესამე პირები: ი-------------–---–ი და მ----–-------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №47/2018 განკარგულება.

 

1.2. დაევალოს №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №57 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, ი-------------–---–სა და №57 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - მ----–-------–---–ს დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული ზეპირი ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. ი-------------–---–სა და მ----–-------–---–ს წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენიათ და არ გამოცხადებულან სასამართლო სხდომაზე.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. საბურთალოს ოლქის №57 საარჩევნო უბანზე, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების დღეს - 2018 წლის 28 ოქტომბერს „ევროპული საქართველოს“ მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა ი-------------–---–მა ზეპირად უარი განაცხადა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე, მიზეზად მიუთითა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბურთალოს ოლქის №57 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მ----–-------–---–ის 218 წლის 30 ოქტომბრის ახსნა-განმარტება.

 

4.2. ევროპული საქართველოს მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა ი----- ო-----–---–-ა მონაწილეობა მიიღო შემდგომ წილისყრაში და მიენიჭა რეგისტრატორის ფუნქცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №15 სხდომის ოქმი.

 

4.3. ა(ა)იპ საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა მ-----–-------ამ 2018 წლის 28 ოქტომბერს საჩივრით მიმართა №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა - საბურთალოს ოლქის №57 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მ----–-------–---–ისა და კომისიის წევრის, ი-------------–---–ის დისციპლინური პასუხისგებაში მიცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა(ა)იპ საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის მ-----–-------ას 2018 წლის 28 ოქტომბრის საჩივარი.

 

4.4. №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №15 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ შეისწავლა საკითხი, გაეცნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს და დაადგინა, რომ ი-------------–---–მა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო განაცხადა უარი ყუთის გაყოლაზე, რაც ზეპირად, წინასწარ დააფიქსირა, ამიტომაც მ----–-------–---–მა მას მიაღებინა მონაწილეობა შემდგომ კენჭისყრაში. შესაბამისად, №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 30 ოქტომბრის №47/2018 განკარგულებით, ა(ა)იპ საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის მ-----–-------ას საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

განკარგულებაში მითითებულია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო კომისიის წევრი მისი არჩევის (დანიშვნის) დღიდან, ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობა იწყება მაშინ, როდესაც წილისყრით ხდება მისი ფუნქციის გამოვლენა, ხოლო, ამ ფუნქციის გამოვლენის შემდეგ კომისიის წევრის მხრიდან უარი ფუნქციის შესრულებაზე იწვევს მთელ რიგ სამართლებრივ შედეგებს. კერძოდ, მას ეკრძალება მომდევნო წილისყრაში მონაწილეობის მიღება და მისი ეს ქმედება შეიძლება შეფასებული იქნეს დისციპლინურ გადაცდომად. კომისიამ მიიჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან წილისყრის პროცედურის დაწყებამდე მასში მონაწილეობაზე უარი არ შეიძლება ჩაითვალოს დისციპლინურ გადაცდომად და შესაბამისად, ასეთი პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის პასუხისმგებლობის ზომა. კომისია მიუთითებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირველ წილისყრაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში, მომდევნო წილისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას, არამედ, მხოლოდ, წილისყრით გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის მიერ ფუნქციის შესრულებაზე უარი, გამორიცხავს მომდევნო წილისყრაში მონაწილეობის უფლებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №15 სხდომის ოქმი;

- №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №47/2018 განკარგულება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აა(ი)პ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის მ-----–-------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

 

სადავო №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის №47/2018 განკარგულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან. ასევე, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, დაევალოს, №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის №57 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, ი-------------–---–სა და №57 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მ----–-------–---–ს დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

 

7.2. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საბურთალოს ოლქის №57 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მ----–-------–---–ის ქმედების მართლზომიერება, კერძოდ, მის მიერ დაშვება იმისა, რომ კომისიის წევრმა ი-------------–---–მა მონაწილეობა მიიღო მომდევნო წილისყრაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის 61-ე მუხლით განსაზღვრულია საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებული პროცედურები, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურების თანამიმდევრობას, რომლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/კომისიის მდივანი. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ.

 

მითითებული ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში).

 

ამავე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა, რომლითაც შეირჩევა: ე.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას; ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ; ე.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი.

 

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა - სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

 

მითითებული ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით კი საქართველოს საარჩევნო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა - კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კომისიის წევრმა ი-------------–---–მა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით, ზეპირი ფორმით უარი განაცხადა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე. ამასთან, ი-------------–---–მა მონაწილეობა მიიღო შემდგომ წილისყრაში და მიენიჭა რეგისტრატორის ფუნქციები.

 

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

 

„საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №45/2018 დადგენილების დანართის თანახმად (იხ. დანართის გვ.15), თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების (ნაკადის მომწესრიგებელი, რეგისტრატორი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი) გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----–-------–---–ის ქმედებაში არ იკვეთება საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, რადგან მ----–-------–---–ი მოქმედებდა „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 27 აგვისტოს №45/2018 დადგენილების შესაბამისად, რისი გონივრული მოლოდინის საფუძველსაც აძლევდა საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ1“ ქვეპუნქტი. ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, მით უმეტეს - კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეშ დარღვევას. როგორც კანონში, ისე - ინსტრუქციაში მითითებულია, რომ შემდგომ წილისყრაში მონაწილეობის აკრძალვა ვრცელდება წილისყრით უკვე გამოვლენილ საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრზე. მოცემულ შემთხვევაში კი ი-------------–---–ი ასეთ პირად ვერ განიხილება. სასამართლოს მოსაზრებით, დისციპლინურ დარღვევად ვერ დაკვალიფიცირდება ის, რომ კომისიის თავმჯდომარემ არ მოახდინა საკანონმდებლო ნორმის ფართო განმარტება და არ გაავრცელა კანონით დადგენილი აკრძალვა ისეთ ქმედებაზე, რომელიც შესაძლოა, კანონის გვერდის ავლით მიზნად ისახავდა გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღების მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმას. მით უმეტეს - კომისიის წევრს მითითებული ჰქონდა კონკრეტული მიზეზი - ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, შრომის ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, იმ პირობებში, როცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს კომისიის წევრს მიანიჭოს ფუნქციები, კერძოდ, როდესაც კომისიის წევრი, რომელსაც უფლება არ აქვს მორიგ წილისყრაში მიიღოს მონაწილეობა (რადგან ეს წევრი უარს აცხადებს წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღებაზე) ან კომისიაში გამოცხადდა წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამასთან, კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია წილისყრით დადგენილი ფუნქცია დროებით გადასცეს კომისიის სხვა წევრს, მ----–-------–---–ის მხრიდან კანონის და ისნტრუქციის დანაწესის სიტყვა-სიტყვითი შინაარსის მიხედვით მოქმედება ვერ დაკვალიფიცირდება საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობების დარღვევად.

 

7.3. დავის საგანს წარმოადგენს ასევე საბურთალოს ოლქის №57 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრის - ი-------------–---–ის ქმედების მართლზომიერება, რაც გამოიხატა - გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე უარით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-------------–---–ის მხრიდან გადასატანი ყუთის წაღებასთან დაკავშირებული წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის ფაქტი, წარმოადგენს მისი მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობას, ვინაიდან გადასატანი საარჩევნო ყუთის წაღება წარმოადგენს კომისიის წევრის მიერ შესასრულებელ ფუნქციას, რომლის ვალდებულებაც მას შეიძლება დაეკისროს წილისწყრით, ხოლო წილისყრაში მონაწილეობაზე უარი იმთავითვე გამორიცხავს მისი მხრიდან ამ მოვალეობის შესრულებას. შესაბამისად, კომისიის წევრს მსგავსი თვითნებობის უფლება არ აქვს და კანონის გვერდის ავლით ამ ფუნქციის შესრულებაზე უარი შესაძლოა, განხილული იქნეს, როგორც მოვალეობის დარღვევა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია მისი ზეპირი განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გადასატანი ყუთის მიზანი და დანიშნულებაა მისი კენჭისყრის შენობიდან გატანა, რათა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მიეცეთ შესაძლებლობა სრულფასოვნად განახორციელონ მისი საარჩევნო უფლებები. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით, საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელება კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის. შესაბამისად, საარჩევნო პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა კომისიის თავმჯდომარემ ვერ ჩაატაროს სათანადო წარმოება კომისიის წევრის მხრიდან მითითებული გარემოებების საფუძვლიანი გამოკვლევის მიზნით. ამ შემთხვევაში მის მიმართ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შესაძლოა, გახდეს სიტყვიერი განმარტება აღნიშნული წევრისა, თუმცა საუკეთესო პრაქტიკის დადგენის მიზნით, მნიშნელოვანია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და შემდგომში საოლქო საარჩევნო კომისიამ შეძლებისდაგვარად სრულყოფილად შეისწავლოს კონკრეტული მიზეზი, რათა დადგინდეს, აღნიშნული მოვალეობის შესრულება ხომ არ განხორციელდა ბრალეულად და რამდენად საპატიოა კომისიის წევრის მიერ გაცხადებული მიზეზი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-------------–---–ის მხრიდან ჰქონდა ადგილი პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ განცხადებული პოზიციის გაზიარებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიას საარჩევნო კომისიებში თითო წევრი ჰყავდათ და არ სურდათ მათი საარჩევნო უბნიდან გარიდება. ეს გარემოება შესაძლოა, გამხდარიყო ი-------------–---–ის განცხადებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, იმ მომენტისათვის რამდენად რეალური იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო ყუთის გადატანის შეუძლებლობა, სასამართლო მხოლოდ ეჭვის საფუძველზე დადასტურებულად ვერ ჩათვლის, რომ საარჩევმო კომისიის წევრმა მოატყუა კომისიის თავმჯდომარე და ცრუ მიზეზით აარიდა თავი მისი მოვალეობის შესრულებას.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არც საქმის მასალებიდან ირკვევა და ვერც მოსარჩელის მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები ი-------------–---–ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, სადავო ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ყოველგვარი ეჭვი მის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. როდესაც საკითხი ეხება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ყველა ელემენტის არსებობა პოზიტიურად უნდა დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში კი, სასამართლოს შეფასებით, არ დგინდება საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი უხეში დარღვევა, რადგან ი-------------–---–ის ქმედებას რაიმე არსებითი ზიანი არ მოჰყოლია, საარჩევნო პროცესი არ შეფერხებულა და არ დარღვეულა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პრინციპული დებულებები. ხოლო ამავე ნორმის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ქმედების დისციპლინურ გადაცდომად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ბრალეულობის ელემენტი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა, რადგან ი-------------–---–ს მითითებული ჰქონდა საპატიო გარემოება - ჯანმრთელობის მდგომარეობა. გარდა ამისა, შესასრულებელი ფუნქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს განცხადება არ არის მოკლებული დამაჯერებლობას, რადგან შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა პირს ხელს უშლიდეს გადასატანი ყუთის წაღებაში, თუმცა, ამავდროულად, არ აბრკოლებდეს უბანზე ყოფნის პირობებში სხვა ფუნქციების შესრულებას. ამდენად, სამსახურებრივი მოვალეობების ბრალეული დარღვევა მოცემუნლ შემთხვევაში არ დგინდება.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა. ვინაიდან, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 77-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. აა(ი)პ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის მ-----–-------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთი კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6).

 

მოსამართლე თამარ ხაჟომია