გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/239-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.11. 2018 წ. ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე დაზუსტებულ ძირითად სარჩელში - ა---------–---------–---–-,წარმომადგენელი - ნ------------------–-
მოპასუხე - ა---------------–---–-
წარმომადგენელი - თ--------–--–---–-
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე - ა---------------–---–-
წარმომადგენელი - თ--------–--–---–-
მოპასუხე - ა---------–---------–---–-
წარმომადგენელი - ნ------------------–-
დავის საგანი ძირითად სარჩელში - თანამესაკუთრის მიერ უკანონი ხელშეშლის აღკვეთა.
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - საზიარო უფლების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაზუსტებულ ძირითად სარჩელში:
1.1. აღიკვეთოს ა---------------–---–-ს მოქმედება, კერძოდ ა---------------–---–-ს მხრიდან აღიკვეთოს მის საცხოვრებელ სახლში მისასვლელი გზის გადაკეტვა და მიეცეს საშუალება თავისუფლად გადაადგილდნენ მათი სახლის ეზოში, რათა როგორც მოწილეს შესაძლებლობა ჰქონდეს თანასაკუთრების საგნით ისარგებლოს ისე, რომ ზიანი არ მიადგეს აღნიშნული ქონებით სარგებლობას.
1.2.დაევალოს ა---------------–---–ს მოქმედება, კერძოდ გახსნას და გაათავისუფლოს მის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა.
1.3. სასამართლოს ხარჯების, ადგილზე დათვალიერების ხარჯების გადახდა დაეკისროს მოპასუხეს.
შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს საზიარო უფლება დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში მდებარე ა---------–----------–---–-----ა ა---------------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაზე (1203 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი) ს/კ. 71.55.12.0-- და ა---------------–---–- აღიარებულ იქნას უძრავი ქონების აღმოსავლეთ ნაწილში 601 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის 89,5 კვ.მ ფართის მესაკუთრეთ #16-17 მითითებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად.
1.2. დეკისროს ავ--------–---------–---–- ა---------------–---–-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს ა---------------–---–ს და მოპასუხე ავ--------–---------–---–- დუშეთის რაიონის სოფელს პავლეურში თანასაკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება 1203 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი ს/კ 71.55.12.0--. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საზიარო უფლება ½ წილი თითოეულზე. ამჟამად სურვლი აქვს საზიარო ქონებიდან გამოიყოს მის კუთვნილი წილი და ამის თაობაზე მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თუმცა მოპასუხე არ არის თანახმა საზიარო უფლება გაუქმდეს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. დაზუსტებული ძირითადი სარჩელით მოპასუხის - ა---------------–---–-ს წარმომადგენელმა - თამაზ ქაშიაშვილმა არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა. (იხ. შესაგებელი).
2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხე - ავთანდილ პეტრიაშვილმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი.(იხ.შესაგებელი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ა---------–----------–---–-----ანასაკუთრებაში აქვს უძრავი ქონება (1203 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ½ ნაწილის და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი) ს/კ. 71.55.12.0--. მდებარე დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მეზობლად მის საცხოვრებელი სახლის მიჯნაზე ცხოვრობს მათი ნათესავი ა---------------–---–-, რომელიც მის ოჯახთან იმყოფება კონფლიქტურ სიტუაციაში, კერძოდ მისი მხრიდან სისტემატურად ხდება მათთვის მისასვლელი გზის ჩაკეტვა, ჩახერგვა. ა---------------–---–- უკანონო ქმედებით ხელს უშლის მათ ისარგებლონ მათ საკუთრებაში არსებული ½ წილით და საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაადგილდნენ თავისუფლად. ისინი ვერ სარგებლობენ მათ სახლში შესასვლელი გზით, რადგან მისასვლელი გზა გადაკეტილი აქვს ა---------------–---–ს. მისი მხრიდან ადგილი აქვს მისი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობს ფიზიკური დაპირისპირების პრივოცირებას. 2015 წელს განცხადებით მიმართა პოლიციას, მაგრამ დღემდის აღნიშნული პრობლემა ვერ მოგვარდა
(მტკიცებულება: იხ. დაზუსტებული ძირითადი სარჩელი. მხარის ახსნა-განმარტება)
3.2.2. 2015 წელს მიმართა მოსარჩელემ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა ა---------------–---–-ს უკანონოდ დაკავებული მის სახლამდე მისასვლელი გზის გათავისუფლება, ხოლო გამგეობამ კი მიუთითა, რომ დავის მოსაგვარებლად მეიმართა სასამართლოსთვის.
(მტკიცებულება: 17.11.2015 წლის #2939 წერილი)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ - ა---------–---------–---–-ს დაზუსტებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა---------------–---–-ს შეგებებული სარჩელი საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა, ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება).
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, ხოლო "ზ" ქვეპუნქტის თანახმად - მოსარჩელის მოთხოვნა.
მითითებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით შეცვალოს ან გარკვეული ვარაუდით თავად მოახდინოს სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომელსაც ვერ შეცვლის და ვერც გააფართოვებს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამიტომაც მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში ჩამოაყალიბოს სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი აღსრულება. კანონის აღნიშნული მოთხოვნის მნიშვნელობა განსაკუთრებით წარმოჩინდება, როდესაც მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო უნდა გადაწყდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი. მხარემ სარჩელი უნდა წარმოადგინოს ამ კოდექსით დადგენილი პირობების დაცვით და სრულყოფილად უნდა ასახოს და მიუთითოს მასში, როგორც სასარჩელო მოთხოვნა, ასევე მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოებები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასარჩელო განცხადება უნდა შეესაბამებოდეს მატერიალური მოთხოვნის საფუძველს. მან ნათლად უნდა წარმოაჩინოს მოსარჩელისათვის სასურველი საპროცესო მიზანი, რომ სასამართლომ შეძლოს მისი პირდაპირი გათვალისწინება და იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესს მოიგებს, იგივე შინაარსის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ფორმულირება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია თავად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ,სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სასამართლოს აზრით, ძირითადი სარჩელის მოთხოვნა არ არის დადასტურებული მტკიცებულებებით, იურიდიულად დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. კერძოდ სარჩელს არ ერთვის ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ჯეროვანი კავშირი საცხოვრებელ სახლთან, ხოლო საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით, ნახაზით და ფოტომასალით უტყურად ვერ დასტურდება სადავო ფაქტობრივი გარემოება.
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 961-ე მუხლის თანახმად 1. თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. 2. თუ შეთანხმებით გაუქმების მოთხოვნის უფლება გამორიცხულია სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით, მაშინ პატივსადები მიზეზის არსებობისას გაუქმება მაინც შეიძლება იქნეს მოთხოვილი. 3. ბათილია შეთანხმება, რომლითაც გაუქმების მოთხოვნის უფლება გამოირიცხება ან იზღუდება ამ წესების საწინააღმდეგოდ. ამავე კოდექის 963-ე მუხლის შესაბამისად საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფისას
საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა; სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 953-ე მუხლების შესაბამისად, დადგენილია მხარეთა შორის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის (საზიარო უფლებები) არსებობა, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს. სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლების დეფინირების მიზნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ განმარტებას, რომლის თანახმადაც, „გასათვალისწინებელია, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება. საკუთრებას დიდი სოციალური დატვირთვა აქვს. მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებლია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007წ. #2/1 გადაწყვეტილება). სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დანაწესს, რომელიც საკუთრების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს „კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში“. სწორედ კანონისმიერი ჩარევის კერძო შემთხვევაა სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმადაც, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საკუთრების შეზღუდვის გამართლების კონსტიტუციური სტანდარტი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ შეზღუდვის რომელი ფორმაა გამოყენებული სახელმწიფოს მიერ, ანუ სანამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის პროპორციულობა შეფასდება, უმნიშვნელოვანესია, გაირკვეს თავად შეზღუდვის ბუნება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 26.06.2012წ. #3/1/512 გადაწყვეტილება). იმ უდავო გარემოებათა გათვალისწინებით, რომ უძრავ ქონებაზე მხარეებს, სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრების თანაბარი უფლება გააჩნიათ (საერთო საკუთრებაა) შესაბამისად უნდა დაკამყოფილდეს ნეგატორული სარჩელი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა---------------–---–ს და მოპასუხე ავ--------–---------–---–- დუშეთის რაიონის სოფელს პავლეურში თანასაკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება 1203 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი ს/კ 71.55.12.0--. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია საზიარო უფლება ½ წილი თითოეულზე. უძრავი ქონება მხარეებს ფაქტიურად აქვს გაყოფილი თანაბარწილად და წლების განმავლობაში სარგებლობენ კუთვნილი წილით, შესაბამისად საზიარო ქონების დაყოფა ნატურით შესაძლებელია.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხე ა---------------–---–- მხრიდან ხელშეშლის ფაქტი ის გარემოება, შესაბამისად მოსარჩელეთა მოთხოვნა დაევალოს ა---------------–---–ს მოქმედება, კერძოდ გახსნას და გაათავისუფლოს მათ საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა არის დაუსაბუთებელი.
სასამართლოს აზრით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი რადგან შეგებებული საჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ძირითადი სარჩელის დაკამყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად. რადგან შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელით მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახ. ბაჟის 120 ლარის გადახდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელის ა---------–---------–---–-ს დაზუსტებული ძირითადი სარჩელი მოპასუხის ა---------------–---–-ს მიმართ თანამესაკუთრის მიერ უკანონი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს გაუქმდეს საზიარო უფლება დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში მდებარე ა---------–----------–---–-----ა ა---------------–---–-ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაზე (1203 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი) ს/კ. 71.55.12.0-- და ა---------------–---–- აღიარებულ იქნას უძრავი ქონების აღმოსავლეთ ნაწილში 601 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის 89,5 კვ.მ ფართის მესაკუთრეთ #16-17 მითითებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად.
3. ძირითადი სარჩელით მოსარჩელის ა---------–---------–---–-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. დაეკისროს შეგებებული სარჩელით ავ--------–---------–---–- ა---------------–---–-ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე გრ. რობაქიძის განზირი #7ა-ში) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ.#17) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე კობა გოცირიძე.