გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/4896-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ა“
წარმომადგენელი ან--------ია
მოპასუხეები ბა----- ჯა----–---–ი, ია---- კო-----
წარმომადგენელი დ---------------აძე
დავის საგანი მკურნალობის ხარჯების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ბა----- ჯა----–---–ს და ია---- კო-----ს, შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- ს---------------------–------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 26 856.19 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე ია---- კო-----ს შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 19 605 ლარი.
სარჩელის მიხედვით, 2014 წლის 15 სექტემბერს ბა----- ჯა----–---–ს შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----აში“ გაეწია სამედიცინო მომსახურება. პაციენტის მძიმე სამედიცინო მდგომარეობიდან გამოდინარე ვერ მოხერხდა მკურნალსა და პაციენტს შორის ხელშეკრულების გაფორმება. მოსარჩელემ იკისრა პაციენტის მკურნალობის ვალდებულება, სანაცვლოდ პაციენტს უნდა აენაზღაურებინა მკურნალობის ღირებულება ჯამში 41 376.19 ლარი. 2014 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელესა და ია---- კო-----ს შორის დანართი #1-ის სახით გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ია---- კო-----მ სოლიდარულად იკისრა ვალდებულება გადაეხადა პაციენტისთვის გაწეული მკურნალობის თანხა. ამავე შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელემ სრულდ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხებმა არ გადაიხადეს თანხა, რის გამოც მათი დავალიანება კლინიკის მიმართ შეადგენს 26 856.19 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ პაციენტს გაეწია დაგვიანებული მკურნალობა, რამაც წარმოშვა შეუსაბამოდ მაღალი ხარჯები. მოპასუხე ბა----- ჯა----–---–ის განმარტებით, არ არსებობს მის მიმართ მკურნალობის ხარჯის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარე.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებმა შესაგებელში და საქმის არსებითად განხილვისას მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც. მათი განმარტებით, დავალიანება უნდა დაფარულიყო 2015 წლის 10 თებერვალს, ხოლო სარჩელი შეტანილია 2018 წლის 16 თებერვალს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 15 სექტემბერს შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----აში“ ბა----- ჯა----–---–ს გაეწია სამედიცინო მომსახურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ის“ კალკულაცია (ს.ფ 18-22)
3.1.2. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას გადიოდა 2014 წლის 15 სექტემბრიდან 2014 წლის 5 ნოემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ის“ კალკულაცია (ს.ფ 18-22)
- მხარეთა ახსა-განმარტება;
3.1.3. გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის გათვალისწინებით პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 26 856.19 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ის“ კალკულაცია (ს.ფ 18-22)
3.1.4. 2014 წლის 5 ნოემბერს შედგენილი გარიგებით (სამედიცინო მომსახურების შესახებ 2014 წლის 15 სექტემბრის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი #1-ი) შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ას“ და ია---- კო-----ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ია---- კო-----მ, როგორც სოლიდარულმა მოვალემ ბა----- ჯა----–---–თან ერთად აიღო ვალდებულება და პასუხისმგებლობა მთლიანად დაფაროს გაწეული მკურნალობის საფასურის დარჩენილი თანხა.
ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, მკურნალობის საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%.
ია---- კო----- ვალდებულია 13800 ლარი აანაზღაუროს 2014 წლის 05 დეკემბერს, 13800 ლარი დაფაროს 2015 წლის 10 იანვარს, ხოლო 13776,19 ლარი გადაიხადოს 2015 წლის 10 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 5 ნოემბრის შეთანხმება (ს.ფ 23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე, 127-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 629-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოპასუხე ბა----- ჯა----–---–ის განმარტებით, იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და მას არ გააჩნია თანხის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგების ფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი წესები ხელშეკრულების ფორმაზეც ვრცელდება. როგორც წესი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა საჭირო არ არის. ხელშეკრულება ძალაში შედის მას შემდეგ, როდესაც მხარეები შესაბამის პირობებზე თუნდაც ზეპირი მოლაპარაკებების გზით შეთანხმდებიან.
ხელშეკრულების დასადებად, ცალკეულ შემთხვევაში, ზეპირი მოლაპარაკებებით შესაბამისი პირობების განსაზღვრაც არ არის აუცილებელი. შესაძლოა, მხარეთა კონკლუდენტური ქმედებებიდანაც ირკვეოდეს, რომ მათ შორის ხელშეკრულება დაიდო.
ამდენად, ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სახელშეკრულებო ფორმის თავისუფლების პრინციპი. თუმცა ეს პრინციპი შეუზღუდავი არ არის.
ცალკეულ შემთხვევებში კანონი ადგენს ფორმას, რომლის დაცვაც კონკრეტული ტიპის ხელშეკრულებების ნამდვილობისათვის აუცილებელია. მხარეებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ ხელშეკრულების რაიმე ფორმა, როგორც მისი ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. კანონმდებელი გარკვეულ წესებს ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით ისეთ შემთხვევებში განსაზღვრავს, როდესაც თავად სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის ამის საჭიროება და ფორმის დაწესებას შესაბამისი მიზანი გააჩნია.
ასე მაგალითად, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობისას კანონმდებელი კონკრეტულ დათქმას გარიგების წერილობითი დადების თაობაზე არ ადგენს, რაც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის ფარგლებში თავად აირჩიონ გარიგების ფორმა და მისი შინაარსი.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა რომ, მოპასუხე ბა----- ჯა----–---–ს შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----აში“ გაეწია სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სამართლებრივი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებაა და მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით.
დადგენილია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე შედავება წარდგენილი იქნა მოპასუხეების მიერ როგორც წერილობით წარდგენილი შესაგებლით, ასევე საქმის არსებითად განხილვისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.
ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე მკაფიოდაა მითითებული სსკ-ის 130-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით დამაჯრებლად უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.
მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. ამრიგად, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე პირადად ან კანონით შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას უარყოფს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ნარდობის ხელშეკრულებაა და მასზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.
საქმეში წარმოდგენილი საბოლოო ანგარიშსწორების კალკულაციით და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ ბა----- ჯა----–---–ი კლინიკიდან გაეწერა 2014 წლის 5 ნოემბერს.
სამედიცინო მომსახურების საფასურთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ ბა----- ჯა----–---–ს მკურნალობის თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა კლინიკიდან გაწერის დღეს, 2014 წლის 5 ნოემბერს.
დადგენილია, რომ ვალდებულება არ შესრულდა და ბა----- ჯა----–---–ის მიმართ მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ათვლის თარიღია 2014 წლის 06 ნოემბერი.
შესაბამისად ამავე მოპასუხის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის თარიღია 2017 წლის 06 ნოემბერი.
ცნობილია, რომ სასარჩელო განცხადება მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა 2018 წლის 12 თებერვალს და სასამართლოს დასკვნით ბა----- ჯა----–---–ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია სრული მოცულობით.
დადგენილია, რომ 2014 წლის 5 ნოემბერს სამედიცინო მომსახურების შესახებ 2014 წლის 15 სექტემბრის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი #1-ის შესაბამისად, შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ას“ და ია---- კო-----ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ია---- კო-----მ, როგორც სოლიდარულმა მოვალემ ბა----- ჯა----–---–თან ერთად აიღო ვალდებულება და პასუხისმგებლობა მთლიანად დაფაროს გაწეული მკურნალობის საფასურის დარჩენილი თანხა.
შეთანხმებიდან ირკვევა, რომ ია---- კო-----ს გადასახდელი თანხა 41 376.19 ლარი გაუნაწილდა სამ თვეზე და განისაზღვრა შემდეგი სახით: 13 800 ლარი - გადახდის თარიღი 2014 წლის 5 დეკემბერი, 13 800 ლარი - გადახდის თარიღი 2015 წლის 10 იანვარი, 13 766.19 ლარი - გადახდის თარიღი 2015 წლის 10 თებერვალი.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
წარმოდგენილი გრაფიკის და მაში განსაზღვრული თარიღების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი 2014 წლის 5 დეკემბერს და 2015 წლის 10 იანვარს გადასახდელი თანხების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია. პირველ შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენის ვადის ამოწურვის თარიღია 2017 წლის 6 დეკემბერი, ხოლო მეორე შემთხვევაში 2018 წლის 11 იანვარი.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მითითებული ნორმის დეფინიციის თანახმად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას. ყოველივე ზ/აღნიშნული კი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია მოპასუხე ბა----- ჯა----–---–ის მიმართ სრულად, ხოლო ია---- კო-----სთან მიმართებაში 2014 წლის 5 დეკემბერს და 2015 წლის 10 იანვარს წარმოშობილი დავალიანების ნაწილში.
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით დასტურდება, რომ 2015 წლის 10 თებერვალს გადასახდელი მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ამოწურული არ არის რაც განპირობებულია შემდეგი მსჯელობით:
ვინაიდან ია---- კო-----მ 2015 წლის 10 თებერვალს არ აანაზღაურა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 13776,19 ლარი მოსარჩელეს 2015 წლის 11 თებერვლიდან წარმოეშვა თანხის იძულებით მიღების უფლება, რომლის მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის თარიღია 2018 წლის 11 თებერვალი.
სამოქალაქო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს ან ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.
ირკვევა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ამოწურვის თარიღი - 2018 წლის 11 თებერვალი, დაემთხვა არასამუშაო დღეს, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა უკიდურეს შემთხვევაში უნდა წარდგენილიყო 2018 წლის 12 თებერვალს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან დასტურდება, რომ შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ას“ სასარჩელო განცხადება წარმოდგენილი აქვს საქართველოს ფოსტის მეშვეობით, ხოლო საფოსტო გზავნილი ჩაბარებულია 2018 წლის 12 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ვინაიდან სასარჩელო განცხადების წარდგენა საპროცესო მოქმედებაა აშკარაა, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, ანუ ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე ჩაბარებული სასარჩელო განცხადება ხანდაზმულობის ვადის დაცვით არის წარმოდგენილი და 13776,19 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ია---- კ------ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია, ხანდაზმული არაა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 13 776.19 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მკურნალობის საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხე ია---- კ------ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით შეკრებილი მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 19 605 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მხოლოდ - 100 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მხოლოდ ია---- კ------ის მიმართ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად სარჩელზე გადახდილი ბაჟი 416.28 ლარი უნდა დაეკისროს მას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი ბა----- ჯა----–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ბა----- ჯა----–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მდებარე: ქ. თბილისი, ჩი-------- ქუჩა #85, ს/კ #0---------------- მისი კუთვნილი წილის გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ის“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე ია---- კო-----ს შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 13 876.19 ლარის გადახდა;
1.2 შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ის“ მოთხოვნა ია---- კ------ისთვის 32585 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
1.3 შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- სა---------------------–----ის“ სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე ბა----- ჯა----–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ია---- კო-----ს შპს „აკა----------------–---------–----------–------–--------–----- ს---------------------–------“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 416.28 ლარი.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ბა----- ჯა----–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან მდებარე: ქ. თბილისი, ჩი-------- ქუჩა #85, ს/კ #0---------------- მისი კუთვნილი წილის გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე