გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
330210018002484861
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/16--2-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3-------------ი 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართალოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - შპს „ჯ-“

წარმომადგენელი - თ-------------–--ე

მოპასუხე - შპს „თ---–--------------------------------ა“

წარმომადგენელი - ნი-----–-------–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „თ---–--------------------------------ა“-ს, შპს „ჯ-“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 16 167 ლარის გადახდა;

 

1.2. შპს „თ---–--------------------------------ა“-ს დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 4 % -ის ოდენობით;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 11 აგვისტოს, მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 03-------7 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე კომპანიამ შპს „თ---–--------------------------------ას“ ნაწილ - ნაწილ მიაწოდა ტენდერით გათვალისწინებული სხვადასხვა სახეობის საქონელი, რაზეც შედგა მიღება - ჩაბარების აქტები. მოპასუხე კომპანიამ მხოლოდ თანხის ნაწილი გადაიხადა, დარჩენილი ნაწილის გადახდაზე უარს აცხადებს. მიზეზად სახელდება 2 808 ლარის პროდუქცია, რომელიც სა-------------------------ამ დაიწუნა და უკან დაუბრუნა მოსარჩელე მხარეს.

 

მოსარჩელის განმარტებით, ტენდერის საერთო ღირებულება შეადგენდა 56 701.00 ლარს. მიწოდებული საქონლიდან მოპასუხე კომპანიის მიერ გადახდილია 37 725.10 ლარი. დარჩენილი 18 975.90 ლარიდან გამოკლებულია მიუღებელი და უკან დაბრუნებული საქონლის 2 808 ლარის ღირებულება, რის შემდეგაც დარჩენილი დავალიანება შეადგენს 16 167 ლარს.

 

რაც შეეხება ერთი სახეობის ზეთის ნაწილს (ზეთი კომპრესორის A--- 3 000ტიპის ან მისი ექვივალენტური), რომლის ღირებულებაც შეადგენდა 2 808 ლარს მიეწოდა მოპასუხე კომპანიას, მაგრამ სა-------------------------ამ დაიწუნა და უკან დააბრუნა, აღნიშნული ფაქტი შპს „ჯ-“- ის მხრიდან სადაოდ არ გამხდარა და გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პირგასამტეხლოც.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „თ---–--------------------------------ამ“ როგორც შესაგებელში ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის 2017 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული #0---------- ხელშეკრულების, დანართი N 1 - ის მე-17 პოზიციით გათვალისწინებული იყო ზეთი კომპრესორის 3 000 ტიპის ან მისი ექვივალენტური (730 კგ). მოსარჩელემ 730 კგ ზეთიდან მიაწოდა მხოლოდ 379 კგ ზეთი, ხოლო დანარჩენი იყო სხვა ფირმის, რომელიც არ შეესაბამებოდა შემსყიდველის მოთხოვნას.

 

ამდენად, მოსარჩელეს ევალებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდება, თუმცა, მან წარადგინა განსხვავებული ფირმის ზეთები, შესაბამისად, კომპანიის მიერ უარი ეთქვა აღნიშნული ზეთების მიღებაზე და ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად თანხის ანაზღაურებაზე, რომელიც ითვალისწინებს საბოლოო ანგარიშსწორებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად გაწევის შემდგომ.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 11 აგვისტოს, შპს „თ---–--------------------------------ას“ და შპს „ჯ-“-ს შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 56 701 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საქონელი ჩაითვლება მიღებულებად მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 24 - 28)

 

3.1.2. 2017 წლის 11 აგვისტოს #03-------7 ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს მიეწოდა 53 892 ლარის ღირებულების საქონელი. შპს „თ---–--------------------------------ას“ შპს „ჯ-“-ისათვის გადახდილი აქვს 37 725.10 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ.52-59)

-საგადახდო დავალებები (ს.ფ 60 - 63)

3.1.3. შპს „თ---–--------------------------------ამ“, შპს „ჯ-“-ს დაუბრუნა 2 808 ლარის ღირებულების პროდუქცია. ნაკლის გამო შპს „ჯ-“-ს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

-საგადახდო დავალებები (ს.ფ 37 - 40)

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ 41)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „თ---–--------------------------------ის“ დავალიანება მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ შეადგენს 16 167 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 24 - 28)

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ.52-59)

- საგადახდო დავალებები (ს.ფ 60 - 63)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს, შპს „თ---–--------------------------------ას“ და შპს „ჯ-“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0---------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 56 701 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 53 892 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილია 37 725.10 ლარი.

დადგენილია, რომ დარჩენილი დავალიანება შეადგენს 16 167 ლარს.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების საფუძვლის არარსებობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მოპასუხე მხარეს სადაოდ არ გაუხდია სადავო თანხის 16 167 ლარის ფარგლებში პროდუქციის მიღება, თუმცა, განმარტავს, რომ ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს, მისი ღირებულების ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს. ამასთან მიუთითებს, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმადაც საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ.

 

მხარეთა შორის 2017 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საქონელი ჩაითვლება მიღებულებად მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. დადგენილია, რომ სადავო თანხის ფარგლებში საქონელი მიწოდებულია. მოპასუხის პრეტენზია ეხებოდა 2 808 ლარის პროდუქციას, რასაც მოსარჩელის მოთხოვნა არ მოიცავს.

მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების 12.4 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი საგარანტიო ვადის პერიოდში არ განახორციელებს წუნდებული საქონლის შეცვლას, ხელშეკრულების 6.3 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრება პირგასამტეხლოს სახით წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა ფაქტი შპს „ჯ-“-ის მხრიდან წუნდებული პროდუქციის სანაცვლოდ შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ. სადავო თანხის ფარგლებში მოპასუხეს პრეტენზია მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების დროს არ გამოუთქვამს და მიიღო ის. სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება აღნიშნული ფაქტი მოთავსდეს ამავე ხელშეკრულების 12.6 პუნქტის რეგულაციის ფარგლებში, რომლის თანახმადაც „ზემოაღნიშნული ვალდებულებების შესრულება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან“.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

 

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. (ას-1338-1376-2014)

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „თ---–--------------------------------ა“-ს მართებს მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ დარჩენილი თანხის 16 167 ლარის შპს „ჯ-“-ისათვის გადახდის ვალდებულების შესრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „ჯ-“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 486 ლარის ოდენობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ამდენად, მოპასუხე შპს „თ---–--------------------------------ა“-ს მოსარჩელე შპს „ჯ-“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 486 ლარი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ჯ-“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „თ---–--------------------------------ა“-ს, შპს „ჯ-“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 16 167 ლარის გადახდა;

 

3. შპს „თ---–--------------------------------ა“-ს შპს „ჯ-“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 486 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე