განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/509-17 (N088250517002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
03.10.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ჭ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული ჯ---- ლ-------ე
მამის სახელი: ო-----
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ნ-----------–--. N31
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ნ---------------
ადვოკატი - ნ-----–- ს-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ჯ---- ლ-------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 25 მაისს ქალაქ ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ, ჯ---- ლ-------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რაც მისივე თანხმობით გაგრძელდა ასევე ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკურ დეპარტამენტში. ენდოსკოპიური წესით ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციით, რა დროსაც ჯ---- ლ-------ის კუჭიდან ამოღებულ იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, მცირე ზომის 2 პაკეტში შეფუთული ფხვნილი საერთო წონით - 0,3235 გრამი, რაც შეიცავს 0,00647 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“.
- სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილებით, ნარკოტიკული საშუალების (ბუპრენორფინინი, მეტადონი) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჯ---- ლ-------ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული შემდეგ, ჯ---- ლ-------ემ, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც შემოწმებით დაუდგინდა 2017 წლის 22 მაისს.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე თ---------- თ---------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად იგი არის საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2017 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქალაქ ქუთაისში გუგუნავას ქუჩაზე იმყოფება ჯ---- ლ-------ე, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, მასთან ერთად იყო დ----- ს-----ე და ნ--- ტ--–--–-–---–ი. მათ მიერ შეჩერებული იქნა ჯ---- ლ-------ე, რომელიც მათი მისვლიდან რამდენიმე წამში მოვიდა, აუხსნეს მას, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, განუმარტეს თავისი უფლებები. ჯ---- ლ-------ეს მიეცა წინადადება წარმოედგინა ნარკოტიკული საშუალება. გაეცნო დადგენილებას გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რომელიც ხელმოწერითაც დაადასტურა. ლ-------ემ უთხრა მათ, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ,,სუბოქსინს’’ ინახავდა კუჭში. ის მან ნახა გუგუნავას ქუჩაზე ჩამოტეხა, გასინჯა, ნახა რაც იყო და პოლიციის თანამშრომლების დანახვაზე გადაყლაპა. ლ-------ეს ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა მისივე თანხმობით. ჩხრეკისას რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ამის შემდეგ იგი მისივე თანხმობით გადაიყვანეს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც ჩაუტარდა შინაგანი ორგანოების დათვალიერება. ამ პროცესში ჯ---- ლ-------ეს კუჭიდან ამოუღეს პატარა ზომის პოლიეთილენის პარკში გახვეული სველი თხელი მასა, რაზედაც მან განაცხადა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოქსინი’’. ამის მერე განემარტა თავისი უფლებები და დააკავეს ადგილზე. დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს იმერეთის სამხარეო დეპარტამენტში, სადაც გამოიკითხა ბრალდებულის სახით, რა დროსაც აღიარა, რომ ნარკოტიკული ,,საშუალება’’ სუბოქსინი ჩაღეჭა და გადაყლაპა, ინახავდა კუჭში. მას წარედგინა ბრალდება, ამასთან თავი დამნაშავედ ცნო მხოლოდ 273-ე მუხლით. ჯ---- ლ-------ეს ვიზუალურად დათვალიერების დროს აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე, თვითონ განმარტა, რომ დაზიანება მიიღო ქალაქ ბათუმში, როდესაც მიკროავტობუსიდან ჩამოდიოდა და წაიქცა. კუჭიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოქსინი’’ გახვეული იყო უფერულ, გამჭირვალე 2 პარკში ცალ-ცალკე, პარკს თავი ისე ჰქონდა შეკრული, თითქოს მომწვარი იყო. ნარკოტიკული საშუალება იყო მოყვითალო ფერის. მოწმე განმარტავს, რომ პირადად დაინახა დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე, ჯ---- ლ-------ემ თუ როგორ მიიფარა ხელი პირზე, ასევე მისმა თანამშრომლებმაც დაინახეს ეს მომენტი (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ნ--- ტ--–--–-–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად 2017 წლის 25 მაისს შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია ჯ---- ლ-------ის შესახებ, ხელმძღვანელმა დაავალა მათ, რომ ჯ---- ლ-------ე იმყოფებოდა გუგუნავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ ქუთაისში, რომელსაც სხეულში პირადად უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მასთან ერთად მივიდნენ დ----- ს-----ე და თ---------- თ---------ე. ისინი ჯ---- ლ-------ეს იცნობდნენ მხოლოდ ფოტოსურათით. იქნებოდა დაახლოებით 6-7 საათი, რომ მივიდნენ, რამდენიმე წუთში მოპირდაპირე მხარეს გზის გვერდულზე მათი მიმართულებით მოდიოდა პიროვნება, რომელიც მიამგვანეს ფოტოსურათზე ნანახ პიროვნებას. როდესაც ჯ---- ლ-------ემ გადმოკვეთა გზის სავალი ნაწილი და უახლოვდებოდა მათ, ისინიც გაეშურნენ მისკენ. დაახლოებით 5 მეტრი იქნებოდა დაშორება მათ შორის, როცა შეამჩნია, რომ ჯ---- ლ-------ეს რაღაც საგნის მსგავსი ეკავა ხელში, რომელიც ჩაიდო პირში და მოძრაობით მიხვდნენ რომ გადაყლაპა. ამ დროს მიუახლოვდნენ მას და შეაჩერეს. თ---------- თ---------ემ წარუდგინა საკუთარი თავი, განუმარტა უფლება-მოვალეობები, თუ რისთვის და რატომ იმყოფებოდნენ მასთან, რომ მას შეიძლებოდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც შეადგინა ოქმი. ჯ---- ლ-------ემ განაცხადა, რომ ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გადაყლაპა. ამის მერე მოხდა მისი პირადი გასინჯვა, ჩხრეკის შედეგად არაფერი აღმოაჩნდა. შესთავაზეს ნარკოტიკული საშუალების სხეულიდან ამოსაღებად მისი გადაყვანა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა ხელმოწერით. ამის მერე გადაიყვანეს დ----- ს-----ის მანქანით ინტერვენციულ ცენტრში, სადაც დახვდათ ექიმი ნ-----–-- ბ----------. ისინი ცოტა მოშორებით იდგნენ და მონიტორზე ადევნებდნენ თვალს გამოკვლევას. იქ ჩაუტარდა გამოკვლევა, სადაც ამოღებული იქნა ორი უცხო სხეული, რომელიც პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. ერთს სავარაუდოდ თავი ჰქონდა მომწვარი, მეორე უკვე მოყვითალო გათხევადებული მასა იყო. ისინი შეახვიეს თაბახის ფურცელში, შემდეგ ჩაიდო პოლიეთილენის პარკში და დაილუქა პაკეტში, სადაც ხელი მოაწერეს ყველა მონაწილე პირმა. ამის მერე დააკავეს ჯ---- ლ-------ე და განუმარტეს უფლებები (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ნ-----–-- ბ----------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ ის მუშაობს აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ექიმ-ენდოსკოპისტად. ჯ---- ლ-------ე მასთან მოიყვანეს 2017 წლის მაისის თვეში შემოწმებაზე მის სხეულში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ. ჯ---- ლ-------ეს ჩაუტარდა გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევის შედეგად აღმოაჩნდა კუჭში ორი უცხო სხეული, რომელიც ამოიღო. ეს უცხო სხეული იყო დაახლოებით ერთი სანტიმეტრზე მეტი პოლიეთილინის პარკში გახვეული რაღაც ნივთიერება. პაციენტი მიიყვანა კრიმინალურმა პოლიციამ, სულ 3 მამაკაცი იყო, რომელთაგან მხოლოდ ერთი იცნო - ნ--- ტ--–--–-–---–ი, როგორც წარსულში მისი პაციენტი. მოწმემ განმარტა, რომ გამოკვლევა ცოტა რთული ჩასატარებელია ფსიქოლოგიურად. ჯ----ს ეცვა თეთრი პერანგი, თეთრი შარვალი და ყელზე ეკეთა ცხვირსახოცი. გამოკვლევა ჩატარდა მისი თანხმობით, ამასთან, ფიზიკურად შეუძლებელია ამ მანიპულაციის იძულებით გაკეთება. გამოკვლევა ჩატარდა გართულების გარეშე. მან მოახდინა კუჭიდან ამოღებული ორი უცხო სხეულის აღწერა და გადაცემა პოლიციელებისთვის, რომლებიც წარედგინა ჯ---- ლ-------ეს და მანაც დაადასტურა, რომ სწორედ ეს ნივთიერებები ჰქონდა გადაყლაპული. აქედან ერთი საგანი ერთი იყო პოლიეთილენის პარკში დარღვეული მთლიანობით, მასში არსებული ნივთიერება იყო მოყვითალო-მოთეთრო ფერის, თხევადი, რაც ოდესმე შეიძლება იყო ტაბლეტი, მაგრამ უკვე იყო გახსნილ მდგომარეობაში, მეორე იყო დაურღვეველი. ისინი მოთავსდა თეთრ ფურცელზე, შემდეგ გადაიტანეს ცელოფანზე და მერე მოათავსეს კონვერტში. ორივე უცხო სხეულის ამოღება მოხდა ცალ-ცალკე, ერთი პარკი, რომლის მთლიანობა დარღვეული იყო, ასევე იყო დასველებული, რომლიდანაც გადმოიღვარა სითხე, ეს იყო რაღაც ფხვნილი რომელიც დასველების შედეგად იყო გახსნილი. მანიპულაციას მის გარდა ესწრებოდა 1 ექთანი და 3 პოლიციელი. მან დააწერინა გამოკვლევის შედეგები, სათანადო სამედიცინო ტერმინოლოგიის გამოყენებით და ამის მერე დატოვა ოთახი(სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ა-----– ძ---–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ 2017 წლის მაისის თვეში ის მუშაობდა ქალაქ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ-ენდოსკოპისტად. ვინაიდან სხვა ენდოსკოპისტი არ ჰყავს საავადმყოფოს, მას უწევს ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა. პაციენტი ჯ---- ლ-------ე მან ორჯერ გამოიკვლია და სახეზეც ახსოვს. პირველად შეამოწმა 2017 წლის აპრილის თვეში, ვანის შს რაიონული სამმართველოს გამომძიებლის ლ-–- მ----–----ის მომართვის საფუძველზე. მან ჩაუტარა პაციენტს ენდოსკოპიური მანიპულაცია, რა დროსაც თვალიერდება საყლაპავი და კუჭი. დათვალიერება მოხდა გასტროსკოპიის აპარატით, ზონდის გადაყლაპვით. 2017 წლის 24 აპრილის დათვალიერებისას ჯ---- ლ-------ეს კუჭში აღმოუჩინეს უცხო სხეული - პოლიეთილენის პაკეტი, მასში არსებული სავარაუდო ნარკოტიკული ნარჩენით, პოლიეთილენის პარკი იყო დაზიანებულ მდგომარეობაში, რაც ამოუღეს და მიღება - ჩაბარების აქტით გადასცა გამომძიებელს. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 22 მაისს ჯ---- ლ-------ის შემოწმებაში, რა დროსაც კუჭში რაიმე უცხო სხეული არ აღმოჩენილა. ორივე შემთხვევაში მანიპულაცია ჩატარდა პაციენტ ჯ---- ლ-------ის თანხმობით. მოწმის განმარტებით, არ ახსოვს, რომ ჯ---- ლ-------ეს რაიმე დაზიანება ჰქონოდა სხეულზე ან ტანსაცმელზე(სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ჯ---- ლ-------ემ აჩვენა, რომ პირველი დაკავების ფაქტი მოხდა 2017 წლის აპრილის თვეში სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიკრო ავტობუსში ამოვიდა ორი პიროვნება, უთხრეს რომ იყვნენ პოლიციელები. იქვე წაიყვანეს მიფარებულში და სცემეს, ისინი იყვნენ ვანის განყოფილების პოლიციელები. მას ვერაფერი აღმოუჩინეს და ღამის 2 საათზე გამოუშვეს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2017 წლის 22 მაისს სარფის გამშვებ პუნქტში შეჩერეს ბაღდათის განყოფილების პოლიციელებმა, დაეტაკნენ, წააქციეს, აიძულეს პირის გაღება, თუმცა, არაფერი არ აღმოაჩნდა, ამის მერე შეიყვანეს ოთახში, გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს, ზონდიც გადააყლაპეს, ნარკოტიკის მოხმარებაზეც შეამოწმეს. მეორე დილას მივიდა გ---- წ---–---სთან, მოუყვა მისი ამბები, მან წაიყვანა სახალხო დამცველთან, სადაც ახსნა-განმარტების ბარათი დააწერინეს და წამოვიდა. 2017 წლის 25 მაისს მოდიოდა თურქეთის ქალაქ ხოფადან სარფის მიმართულებით ტაქსით, რა დროსაც ტაქსის მძღოლისაგან შეიძინა სუბოქსინის აბი, ტაბლეტის ნახევარი გადაყლაპა, ნახევარი კი გაახვია ქაღალდში და ჯიბეში ჩაიდო. სარფის საბაჟოზე შეაყოვნეს მებაჟეებმა, ეჭვი შეეპარა, რომ შეამოწმებდნენ, ამ დროს ამოიღო ჯიბიდან მეორე ნახევარი აბი სუბოქსინი და ისიც გადაყლაპა. შემდეგ მიკროავტობუსით ჩამოვიდა ქუთაისში. ნიკეას ქუჩაზე მცხოვრები ხ---- ც-–----- ელოდებოდა ბენზინ გასამართ სადგურთან, რათა წაეყვანა სახლში. ის გუგუნავას ქუჩის გადასახვევთან ჩამოვიდა მიკროავტობუსიდან და გადმოკვეთა გზის ნახევარი, სადაც შენიშნა 6 პიროვნება და ის პირიც, რომელიც ელოდებოდა. ისინი პირდაპირ მივიდნენ მასთან, არ აუხსნიათ არაფერი, წაიყვანეს მოფარებულ ადგილას, რომ კამერას არ დაეფიქსირებინა და იქ მოხდა მისი პირადი ჩხრეკა და სცემეს. მერე ჩააჯინეს მანქანაში, დაადეს ხელბორკილი და წაიყვანეს ჰოსპიტალში; 4 პოლიციელი შიგნით ელოდებოდა, 2 გარეთ, მეორე სართულზე ჩაუტარეს კუჭის დათვალიერება ექიმ ნ-----–-- ბ----------ს მონაწილეობით. ის წინააღმდეგობას არ უწევდა ექიმს, თუმცა, ამ სამედიცინო მანიპულაციას თვალს ვერ ადევნებდა, ვინაიდან თვალზე ხელს აფარებდნენ, ექიმმა თქვა - არაფერი არ აქვსო. შემდეგ როცა თვალი გაახილა, დაინახა, რომ იქ იდო თეთრი სველი პარკი, რაზედაც უთხრეს, რომ აღნიშნული ამოუღეს მუცლის ღრუდან, თუმცა, მას ეს პროცესი არ დაუნახავს. ხელი მოაწერინეს კონვერტზე, რომელზეც მათი თქმით მოთავსებული იყო ამოღებული ცელოფანი. ასევე რამდენიმე ფურცელზე მოაწერინეს ხელი. მათივე კარნახით აწერდა ფურცლებზე ხელს. ამის შემდგომ წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც წარუდგინეს ბრალი. თავი ცნო დამნაშავედ, რადგან სტრესის ქვეშ იყო. მერე გადაიყვანეს ნარკოლოგიურში და შეამოწმეს. ნარკოტიკზე დამოკიდებული იყო და რომ არ მიეღო ეს ნარკოტიკული საშუალება ხდებოდა ცუდად. ბრალდებულის ჩვენებით მისი კუჭიდან პარკი არ ამოღებულა, რადგან მას პარკი არ გადაუყლაპავს და ეს პარკი დადეს პოლიციელებმა(სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2017 წლის 25 მაისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად 2017 წლის 25 მაისს, ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. N17-ში საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თ---------- თ---------ემ პირადი ჩხრეკა ჩაუტარა ჯ---- ლ-------ეს, რაზედაც მან განაცხადა თანხმობა. პირად ჩხრეკასთან ერთად ჯ---- ლ-------ემ თანხმობა განაცხადა შინაგანი ორგანოების დათვალიერებაზეც, ვინაიდან მისივე განმარტებით ნარკოტიკულ საშუალება “სუბოქსინს“ ინახავდა კუჭში. ჯ---- ლ-------ის პირადი ჩხრეკა მისივე თანხმობით დაიწყო ქალაქ ქუთაისში, გუგუნავას ქუჩა N17-ში მდებარე ბენზოგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ წინამდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ამასთან, ჩხრეკის დაწყებამდე ჯ---- ლ-------ემ განაცხადა, რომ მცირე ზომის პოლიეთილენის მოთეთრო ფერის გამჭვირვალე პაკეტებში გახვეულ ნარკოტიკულ საშუალება „სუბოქსინის“ ორ აბს ინახავდა კუჭში. მას მიეცა წინადადება მომხდარიყო მისი შინაგანი ორგანოების დათვალიერება სამედიცინო დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენა-ამოღების მიზნით. აღნიშნულის შემდეგ მისივე თანხმობით აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკურ დეპარტამენტში მდებარე ქალაქი ქუთაისი ჯავახიშვილის ქუჩა N83ა-ში გაგრძელდა ექიმ ენდოსკოპისტ ნ-----–-- ბ----------ს მიერ. ენდოსკოპიის აპარატით მოხდა ჯ---- ლ-------ის შინაგანი ორგანოების დათვალიერება, რა დროსაც აღმოჩენილი იქნა ორი ცალი პატარა ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი მასში არსებული უცხო სხეულით, რომლებიც ამოღებული იქნა სპეციალური მარყუჟის საშუალებით. პოლიეთილენის მცირე ზომის პაკეტებში აღმოჩნდა მოყვითალო ფერის სველი მასა. პატარა ზომის პოლიეთილენის პაკეტები მასში არსებული მოყვითალო ფერის სველი მასით გადატანილი იქნა თაბახის პატარა ფურცელზე და მოთავსდა პატარა ზომის პოლიეთილენის პაკეტში, რომლებიც ამოღებული იქნა და დაილუქა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში შ.ს.ს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ლუქის ბეჭდით N33 პაკეტი N1. ჯ---- ლ-------ემ განაცხადა, რომ მოყვითალო ფერის სველი მასა იყო ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“. ოქმი ხელმოწერილია დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების დ----- ს-----ის, ნ--- ტ--–--–-–---–ის, თ---------- თ---------ის და ექიმ-ენდოსკოპისტ ნ-----–-- ბ----------ს მიერ. ოქმს გაეცნო პირადად ჯ---- ლ-------ე, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა (ტომი 1. ს.ფ. 7-12).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2017 წლის 25 მაისის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად 2017 წლის 25 მაისს ჯ---- ლ-------ე დააკავა საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა თ---------- თ---------ემ ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკურ დეპარტამენტის შენობაში. დაკავებისას გარეგნული დათვალიერებით მარცხენა ფეხის ბარძაყზე აღენიშნებოდა ნაკაწრები სისხლნაჟღენთების სახით, აგრეთვე მარცხენა ხელის იდაყვზე და ბეჭზე, რომლებიც მისივე განმარტებით მიიღო ქალაქ ბათუმში. ოქმი ხელმოწერილია დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლების დაით ს-----ის, ნ--- ტ--–--–-–---–ის, თ---------- თ---------ის და ექიმ-ექსპერტის ნ-----–-- ბ----------ს მიერ. ოქმს გაეცნო პირადად დაკავებული, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა (ტომი 1. ს.ფ. 13-19).
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში აღწერილი გარემოებები, თ---------- თ---------ისა და ნ--- ტ--–--–-–---–ის გარდა, ასევე სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა დ----- ს-----ემ, მან ასევე განმარტა, რომ ჯ---- ლ-------ის შეჩერების და პირადი ჩხრეკის ჩატარებისას ის და თ. თ---------ე იმყოფებოდნენ პოლიციის ფორმით (სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის №213/სქ დასკვნით, თანდართული ფოტოსურათებითა და ექსპერტ დ----- გ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ---- ლ-------ისაგან ამოღებული - თეთრი ფერის გამომშრალი ფხვნილი წონით - 0,3235 გრამი (თითოეული პაკეტი შესაბამისად 0,1585 გრამი; 0,165 გრამი) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, საერთო წონით 0,00647 გრამს(ტომი 1. ს.ფ. 48-53, სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება გამოიკვლია მხარეთა მონაწილეობით, რაც სრულად შეესაბამება პირადი ჩხრეკის ოქმში, მოწმეთა ჩვენებებში, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასა და მასზე თანდართულ ფოტოსურათებში ასახულ ჯ---- ლ-------ის სხეულიდან ამოღებული უცხო საგნების აღწერილობებს(სასამართლო სხდომის ოქმი).
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილებით ირკვევა, რომ ჯ---- ლ-------ე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ბუპრენორფინისა და მეტადონის მოხმარებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით(ტომი 1. ს.ფ. 187-189).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნარკოლოგიური ექსპერტიზის №901738 დასკვნით და ექსპერტ ლ--–- დ-----აძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მაისს 15:11-15:17 საათამდე დროის პერიოდში, ჯ---- ლ-------ე ნარკოლოგიური შემოწმებისას კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ლაბორატორიული გამოკვლევით კი დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ფსიქოტროპული ნივთიერება - ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მოხმარება. მოწმემ განმარტა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის კლინიკური ნიშნები მოხმარებიდან 30-60 წუთში გამოვლინდება და გრძელდება 6-8 საათამდე, ხოლო მისი მოხმარების კვალი ორგანიზმში რჩება დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში(ტომი 1. ს.ფ. 94. სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნარკოლოგიური ექსპერტიზის №801767 დასკვნით და ექსპერტ ე-–----- კ----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 25 მაისს, 21:00-22:00 საათამდე დროის პერიოდში, ჯ---- ლ-------ეს ნარკოლოგიური შემოწმებისას ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ფსიქოტროპული ნივთიერება - ბენზოდიაზეპინების ჯგუფის მოხმარება(ტომი 1. ს.ფ. 28,სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 25 მაისს ჩატარებული პირადი შემოწმებისას ჯ---- ლ-------ეს აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი ჭრილობა(ინექციის შემდგომი კვალი) და დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რომლებიც განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. შესამოწმებლის გადმოცემით აღნიშნული დაზიანებები მიიღო იმავე დღეს, დაახლოებით 16 საათზე, ქალაქ ბათუმში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე წაქცევის შედეგად(ტ. 1. ს.ფ. 129-131, სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხულ რ----- გ---------ის ჩვენების თანახმად ის მუშაობს დასავლეთ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სადაც 2017 წლის ივნისის თვეში დაიწყო გამოძიება ჯ---- ლ-------ის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მის მიმართ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას აღმოჩენილ სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით. გამოძიება მიმდინარეობს და არ დასრულებულა (სასამართლოს სხდომის ოქმი).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული და ექსპერტიზის შედეგად დარჩენილი ნივთიერება წარმოადგენს 0,00647 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის დაწესებულ საწყის ოდენობას(0,0012 გრამი) მნიშვნელოვნად აღემატება.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ჯ---- ლ-------ის კუჭში, აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება დაფასოებული პაკეტებში, რომლის კანონიერად შეძენის და შენახვის ნებართვა მას არც გადაყლაპვამდე და არც გადაყლაპვის შემდეგ არ ჰქონდა, ხოლო ცელოფნის პაკეტში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება მან გადაყლაპა შენახვის მიზნით, რათა პოლიციის მუშაკების მიერ პირადი ჩხრეკის ჩატარების შემთხვევაში, თავი დაეღწია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ასევე კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებაში, თუკი პირი ასეთი ქმედების ჩადენისათვის იყო ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული. ანუ აუცილებელია, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უსწრებდეს პრეიუდიცია - პირის ადმინისტრაციული ნასამართლობა და ნარკოტიკი მოხმარებულ იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით - ექიმის დანიშნულების გარეშე.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ჯ---- ლ-------ე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილებით იყო რა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი, რის შემდეგაც 2018 წლის 22 მაისს ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
მოწმეების თ---------- თ---------ის, ნ--- ტ--–--–-–---–ის და კ---- ს-----ის ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2018 წლის 25 მაისს ქალაქ ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, ჯ---- ლ-------ეს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რაც მისივე თანხმობით გაგრძელდა ასევე ქუთაისში მდებარე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკურ დეპარტამენტში ენდოსკოპიური წესით ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციით, რა დროსაც ჯ---- ლ-------ის კუჭიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის 2 პაკეტში შეფუთული ფხვნილი, რაც შეიცავდა 0,00647 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“. სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელის ჩვენებას არ აქვს წინასწარ დადგენილი უტყუარობის პრეზუმფცია, თუმცა შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ შეიძლება მისი აპრიორი დაინტერესებული პირის არასანდო ინფორმაციად მიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სიფრთხილით აფასებს მათ, როგორც საქმის შედეგით გარკვეულწილად დაინტერესებულ პირთა ჩვენებებს და საქმის სხვა გარემოებებთან შეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ჯ---- ლ-------ე არის ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის რეგულარულად მომხმარებელი, რაზეც ის ფაქტებიც მიუთითებს, რომ მხოლოდ 1 თვეში 2017 წლის 24 აპრილიდან 25 მაისამდე პერიოდში 3 ჯერ შემოწმდა(24 აპრილს, 22 მაისს და 25 მაისს) შს სხვადასხვა დანაყოფების მიერ და სამივეჯერ დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ყოფნა. ასევე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ ამავე დღეებში სამჯერ ჩაუტარდა მას პირადი ჩხრეკა პოლიციელების მიერ, რაც გრძელდებოდა ენდოსკოპიური გამოკვლევით. ის ფაქტი, რომ სამივე შემთხვევაში ჯ---- ლ-------ეს თან არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, მიუთითებს პოლიციის მუშაკთა კეთილსინდისიერებაზეც - არ ჰქონდათ განზრახვა მტკიცებულებათა ფალსიფიცირებისა, თუმცა, ოპერატიული ინფორმაციის სრულყოფილად შემოწმების მიზნით თითოეულ შემთხვევაში ჯ---- ლ-------ე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში იმის დასადგენად, ხომ არ ჰქონდა სხეულში(კუჭში) შენახული გადაყლაპული ნარკოტიკული ნივთიერება. როგორც მოწმის სახით დაკითხულ ექიმ-ენდოსკოპისტ ა-----– ძ---–--ის ჩვენებით ირკვევა 2017 წლის 24 აპრილის დათვალიერებისას ჯ---- ლ-------ეს კუჭში აღმოუჩინეს უცხო სხეული - პოლიეთილენის პაკეტი, მასში არსებული სავარაუდო ნარკოტიკული ნარჩენით, პოლიეთილენის პარკი იყო დაზიანებულ მდგომარეობაში, რაც ამოუღეს და მიღება - ჩაბარების აქტით გადასცა გამომძიებელს. მან ასევე მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 22 მაისს ჯ---- ლ-------ის შემოწმებაში, რა დროსაც კუჭში რაიმე უცხო სხეული არ აღმოჩენილა, ხოლო მოწმის სახით დაკითხულ ექიმ-ენდოსკოპისტ ნ-----–-- ბ----------ს ჩვენების თანახმად 2017 წლის 25 მაისს ჯ---- ლ-------ეს ენდოსკოპიური გამოკვლევის შედეგად კუჭში აღმოაჩნდა ორი უცხო სხეული - დაახლოებით ერთი სანტიმეტრზე მეტი ზომის პოლიეთილინის პარკში გახვეული უცხო ნივთიერება. ეს ნივთიერება ამოღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და ჩატარებული ქიმიური კვლევის შედეგად აღმოჩნდა ფხვნილი საერთო წონით - 0,3235 გრამი, რაც შეიცავს 0,00647 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“.
ამდენად, პოლიციელთა ჩვენების სანდოობას, გარდა საქმის მასალებთან თავსებადობისა და მოვლენათა ლოგიკური განვითარებისა, მთლიანად ადასტურებს საქმის შედეგით სრულიად დაუინტერესებელ ისეთ პირთა ჩვენებები, როგორიცაა საავადმყოფოს ექიმები, რაც ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად იქნეს მიჩნეული 2017 წლის 25 მაისს ჯ---- ლ-------ის მიერ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი. შესაბამისად, სინამდვილეს არ შეესაბამება და სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მას ცელოფნის პაკეტში შეხვეული ნარკოტიკი არ გადაუყლაპავს, მისი კუჭიდან პარკი არ ამოღებულა და ის დადეს პოლიციელებმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ ჯ---- ლ-------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ასეთივე ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ---- ლ-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაულები - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ჯ---- ლ-------ის პასუხიმგებლობის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათს(მოცემული კატეგორიის დანაშაულები მეტად გავრცელებულია როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში და სახეზეა მის წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღების საჭიროება), ბრალდებული არის ნარკომომხმარებელი და შესაბამისად ნარკოტიკებზე დამოკიდებული პიროვნება. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ზომის ფარგლებში და მისი რეალური მოხდით, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მსჯავრდებული გადაეჩვიოს ნარკოტიკების მიღებას და ჯანსაღი ცხოვრების წესზე მყოფი დაუბრუნდეს თავის ოჯახს და საზოგადოებას. ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ---- ლ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1. სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
1.2. სსკ-ის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ჯ---- ლ-------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯ---- ლ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 25 მაისიდან 09 ივნისის ჩათვლით და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2018 წლის 03 ოქტომბრიდან.
4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ჯ---- ლ-------ეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; მასვე, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გათავისუფლებისთანავე.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
5.1. ჯ---- ლ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თეთრი თაბახის ფურცელში შეხვეული და უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პატარა ზომის პარკში მოთავსებული, თეთრი ქაღალდის ნაჭერში შეხვეული ფხვნილი, წონით 0,1585 გრამი; პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული ფხვნილი წონით 0,165 გრამი, საერთო წონით 0,3235 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას ,,ბუპრენორფინს“, წონით 0,00647 გრამი. საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი 0,1385 გრამი; 0,145 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილი დაილუქა FCD 687806 პაკეტში, რაც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე