განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/518-18
(N078290814003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი გიორგი ღონღაძე, სტაჟიორ-პროკურორი გაგა გელაშვილი
დაცვის მხარე: ადვოკატი რიმა გურგულია,ბრალდებული: ფ-------------------ი (დასწრების გარეშე),მამის სახელი: დ--------
დაბადებული: 29.01.1--- წ.
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 3----------
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. რუსთავი, მისამართის გარეშე
ფაქტობრივი საცხ. ადგილი: ქ. რუსთავი, მ----–---–-----------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილები - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
2014 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 19:50 საათზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 34-ე კილომეტრზე, ქ. რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით მოძრაობდა ,,ვაზ 21063“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - L------, რომელსაც მართავდა ფ-------------------ი. გზაზე მსვლელობისას, ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო, ვერ დაიმორჩილა საჭე და გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ვაზ 2103“-ის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით E------, რომელსაც მართავდა ი---------------ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ი---------------მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ფ-------------------ის მგზავრმა ს----------–-----მა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ე-–----------–----ი ადგილზევე გარდაიცვალა.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ი---------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2014 წლის 29 აგვისტოს მართავდა ა/მანქანა ვაზ. 2103-ს და საღამოს საათებში მოძრაობდა დაახლოებით 60კმ/სთ სიჩქარით მარნეულის რაიონის სოფელ ქესალოდან სოფ. გაჩიანის მიმართულებით. არ ბნელოდა, იყო კარგი ამინდი და მოძრაობა არ იყო ინტენსიური. გზაში მსვლელობისას, სოფ. ალგეთს რომ გასცდა, დაინახა საპირისპირო მოძრაობის ზოლზე სწრაფად მოდიოდა თეთრი ფერის ა/მანქანა "ჟიგული" დაახლოებით 100-120 კმ/სთ სიჩქარით, რომელიც ჯერ თავისი გზის სავალ ნაწილზე მარჯვნივ, შემდეგ მკვეთრად მარცხნივ მის სავალ ზოლზე გადავიდა, მაგრამ ვერ დაიმორჩილა საჭე, ა/მანქანა მოუცურდა და მოხდა შეჯახება მის სავალ ნაწილზე. მისივე განმარტებით, მათ მანქანებს შორის არც მანქანა, არც ადამიანი და არც ცხოველი არ ყოფილა. შეჯახების შემდეგ არ ახსოვს რა მოხდა. გონს საავადმყოფოში მოვიდა. ფ-------------------ის მიმართ პრეტენზია არ აქვს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ს----------–-----ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ფ-------------------ის მეგობარი. 2014 წლის 29 აგვისტოს, უბანში ლუდს სვამდა ფ-------------------თან და ე-–----------–----თან ერთად, რა დროსაც გადაწყვიტეს ფ---------ის ძმის ა------ს ა/მანქანა „ჟიგულის“ ხელოსანთან წაყვანა შესაკეთებლად. ე-–----------–----ი თვდაპირველად დაჯდა საჭესთან, შემდგომში საჭესთან დაჯდა ფ-------------------ი, ე-–----------–----ი მძღოლის გვერდით დაჯდა, თვითონ - უკანა სავარძელზე. ფ-------------------ი დაახლოებით 100კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, გასწრება უნდოდა მის წინ მიმავალი ა/მანქანისთვის, რა დროსაც ა/ მანქანა მოცურდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მდგომარეობის ზოლზე მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შემდეგ აღარ ახსოვს რა მოხდა. გონს საავადმყოფოში მოვიდა; ფ-------------------ის მიმართ პრეტენზიები არ აქვს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის ა-–----------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ფ-------------------ი არის მისი გარდაცვლილი ვაჟის ე-–----------–----ის მეგობარი. 2014 წლის 29 აგვისტოს, საღამოს შვილთან სატელეფონო კომუნიკაციით ცნობილი გახდა რომ იმყოფებოდა ეფ-------------------თან. ღამის პირველ საათზე მასთან მივიდა ფ-------------------ის დედისგან გაიგო, რომ ფ---------ი მჯდარა საჭესთან და მოუხდათ ავარია. საავადმყოფოში მისვლისას გაიგო რომ მისი ვაჟი გარდაცვლილი იყო. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ შეიტყო, რომ ფ---------ი გაქცეულა. სასამართლოსგან ითხოვს ბრალდებულის კანონიერად დასჯას(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. 2014 წლის 29 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად: შემთხვევის ადგილი, სადაც 2014 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 19:50 საათზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, მდებარეობს თბილისი-წითელი ხიდის გზის 34780 კმ/ზე, მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო გზა არის სწორი, ასფალტირებული, უდეფექტო, მშრალი, განკუთვნილი ორმხრივი მოძრაობისთვის, რომელიც გაყოფილია წყვეტილი გამყოფი ზოლით. თითოეული სავალი ნაწილის სიგანეა 3,5 მეტრი, გვერდულების- 3 მეტრი, 34-ე კილომეტრაჟის მაჩვენებლიდან 780 მეტრში წითელი ხიდის მხრიდან მიმავალ სავალ ნაწილზე, გზის პირიდან 1,8 მეტრში, ასფალტზე აღინიშნება ამონაკაწრები, რომელიც წარმოადგენს შეჯახების სავარაუდო ადგილს. იქვე გვერდულაზე უკანა საბურავებით, გზის პირზე გაჩერებულია ავტომანქანა „ვაზ 2103“ N: E------, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა ნაწილი, მისი მარცხენა მხრიდან 1,8 მეტრში გაჩერებულია ავტომობილი „ვაზ 2106“ N: L------, რომელიც გზის პირიდან უკანა მარჯვენა ნაწილით დაშორებულია 0,6 მეტრით, ხოლო წინა მარცხენა ნაწილით 2,1 მეტრით, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა მხარე. თბილისის მხრიდან მიმავალი გზის პირიდან იწყება მოცურების კვალი, რომელიც მთავრდება საპირისპირო ზოლში, გზის პირიდან 1 მეტრში, მისი სიგრძეა 27 მეტრი (იხ. ტ.1. ს.ფ. 6-14).
2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 24 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N004612714 დასკვნის თანახმად ე-–----------–----ის გვამზე გამოკვლევით აღინიშნება გულ-მკერდისა და მუცლის ღრუების ბლაგვი ტრავმა, მწვავე სისხლნაკლებობა, გულ-მკერდის აორტის ტრამვული დაზიანება სრული გაგლეჯვით, გულ-მკერდის და მუცლის ღრუებში თავისუფალი სისხლი და კოლტები დიდი რაოდენობით, ღვიძლის ტრავმული დაზიანება, მარჯვენა ბარძაყის ძვლის დახურული მოტეხილობა, დაჟეჟილი ჭრილობები შუბლ-თხემის და მარჯვენა წვივის მიდამოებში, ნაჭდევი მარჯვენა მხრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია სიკვდილისწინა უახლოეს პერიოდში მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან.
ე-–----------–----ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, გამოწვეული დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან განვითარებული სისხლდენის შედეგად. გამოკვლევის გამოკვლევის მომენტისათვის სიკვდილიდან გასულია 3-4 საათი.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ე-–----------–----ის გვამიდან აღებული სისხლში აღმოჩნდა 1,98%0 ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები (ტ. 1. ს.ფ. 25-30).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მითითებული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მირიან ლეფსვრიძემ.
2.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N005505117 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ი---------------ი 29.08.2014 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულად მკურნალობდა 29.08.2014 წლიდან 09.09.2014 წლამდე და დაუდგინდა: მარცხნივ ძირითადი ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე; სუბდურული ჰემატომა მარცხნივ საფეთქლის მიდამოში; მარცხნივ კანქვეშა ჰემატომა; მარცხნივ ბეჭის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა; ორმხრივ ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარჯვნივ გულმკერდის მე-9 და მარცხნივ მე-10 მალის განივი მორჩების ხაზოვანი მოტეხილობა ; მარცხნივ წელის მე-2 და მე-4 მალების, ხოლო ორმხრივ მე-3 მალის განივი მორჩების ხაზოვანი მოტეხილობა; მარცხნივ გავის ძვლის ფრთის შიგა ფირფიტის ხაზოვანი მოტეხილობა; მარცხნივ ბარძაყის ძვლის დიდი ციბრუტის ხაზოვანი მოტეხილობა; მრავლობითი ნაჭდევები და ჭრილობები სხეულზე, სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალბუდეში, ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მუხლის სახსრის მიდამოში. ნაკვეთი ჭრილობა განვითარებულია რაიმე ბასრი კიდის მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს(ტ.1. ს.ფ. 130-133).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მითითებული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გიორგი ოქრუაშვილმა.
2.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 22 დეკემბერს სამედიცინო ექსპერტიზის N007018914 დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით ს----------–-----ი 29.08.2014 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულად მკურნალობდა 29.08.2014 წლიდან 15.09.2014 წლამდე და დაუდგინდა: ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, თავის ტვინის დაჟეჟილობა. ცხვირის ძვლების მოტეხილობა ცდომით, მარცხენა სხივის და იდაყვის ძვლების მოტეხილობა ცდომით. მარჯვენა სხვის მოტეხილობა ცდომის გარეშე, წელის პირველი მალის განივი მორჩის მოტეხილობა. ნაჭდევები და მრავლობითი ჭრილობები ტუჩის, ცხვირის, მარჯვენა ქუთუთოს, კისრის, შუბლის, მარცხენა სხივ-მაჯის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (ტ. 1. ს.ფ. 203-205).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მითითებული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გიორგი ოქრუაშვილმა.
2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 13 ოქტომბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N005539614 დასკვნის (ტ. 1. ს.ფ. 218-222) თანახმად: ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ “ფ-------------------ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩნდა 0.25%0 ეთილის სპირტი. „ფ-------------------ის სისხლის ნიმუშში: აღმოჩენილი 0.25%0 ეთილის სპირტი არ შეესაბამება ალკოჰოლურ თრობას (ფხიზელი).
(იხ. ტ. 1. ს.ფ. 218-222).
2.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 14 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N006022217 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით მოქ: ფ-------------------ი მკურნალობდა სტაციონარულად 29.08.2014 წლიდან 11.09.2014 წლამდე, დაუდგინდა: თავის ტვინის დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევა თავის ტვინში, მარცხენა ტირკმლის ტრავმა, მარჯვენა ბოქვენისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ექსკორიაციები, ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები თავისა და სახის მიდამოში, ნაკაწრი ჭრილობები სახის მიდამოში, ჭრილობები ორივე ზედა კიდურის მიდამოში, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლით; ნაკაწრი ჭრილობები მიყენებულია მკვრივად წარზიდული ან წამახვილებული ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) შემხები მოქმედებით, ზედა კიდურების მიდამოს ჭრილობების მორფოლოგიური აღწერილობის არ არსებობის გამო მიმყენებელი საგანი ვერ განისაზღვრა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით (ტ.1. ს.ფ. 228-230).
2.10. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 20 ნოემბრის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2337/სტ დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი ავტომობილების დაზიანებული ნაწილების წარმოსახვით ურთიერთშეთავსებისას ავტომობილი „ვაზ 2106“ სახელმწიფო ნომრით L------ მარჯვენა გვერდითი ნაწილით მოსულია კონტაქტში ავტომობილის „ვაზ 2103“ სახელმწიფო ნომრით E------ წინა ნაწილთან და მათ გრძივ ღერძთა შორის მსხვილი კუთხე (შეჯახების კუთხე) შეადგენდა დაახლოებით 40 გრადუსს.
წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები განვითარებულია მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება- ურთიერთქმედების შედეგად. ავტომობილებზე არსებული იხილეთ დასკვნის კვლევით ნაწილში. ავტომობილების გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე (შეჯახების კუთხე) შეადგენდა დაახლოებით 40 გრადუსს.
წარმოდგენილი ავტომობილების საჭით მართვის მექანიზმები და სამუხრუჭე სისტემები გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს (ტ.1. ს.ფ.234-239).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მითითებული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა გიზო კაპოსნიძემ.
2.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 ივნისის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N003364416 დასკვნის თანახმად, ავტომობილ „ვაზ 2103“-ს E------ მძღოლ იაგურ მამედოვზე აღნიშნული ავტო-საგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ იყო დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება. კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ვაზ 2106“-ის L------ მძღოლის, ფ-------------------ის ქმედებით, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლი პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა (ტ.1.ს.ფ.242-245).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მითითებული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ემზარ გავაშელაშვილმა.
გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა დავით ზაალიშვილმა, ემზარ ციხისელმა, ირაკლი მეტრეველმა, რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები. დაკითხული იქნა მოწმე ა----------------–---ი; სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.
საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მოწმეთა და ჩვენებები, დაცვის მხარემ უდავოდ სცნო, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველო სსსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიაანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის უნდა არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პრაქტიკის თანახმად ტრანსპორტის მოძრაობის და უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დანაშაულს წარმოადგენს. ამ დანაშაულის საშიშროების მარალი ხარისხი განპირობებულია ტრანსპორტის უსაფრთხო ფუნქციონირების წესების დაუცველობით, რის შედეგადაც ზიანი ადგება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების (ან ექსპლუატაციის) წესის დარღვევის ფაქტი იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, ხოლო მოცემული შემთხვევისათვის კი, გამოიწვია თუ არა ამ ქმედებამ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და 2 ან მეტი ადამიანის სიკვდილი. აღსანიშნავია, რომ ნორმა ბლანკეტურია და ზოგადად მიუთითებს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, კონკრეტული წესი კი რეგულირებულია 2014 წლის 1 მარტის კანონით ,,საგზაო მოძრაობის” შესახებ, რომლის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.
სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება, ხოლო დამატებითი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში ი---------------ის და ს----------–-----ის ჯანმრთელობა და ე-–----------–----ის სიცოცხლე.
დანაშაულის საგანს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალება, რომლის არასწორმა ექსპლუატაციამ გამოიწვია მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
დანაშაულის სუბიექტი არის ის, ვინც მართავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას იმის მიუხედავად აქვს თუ არა მას ტრანსპორტის, ან მოცემული სახის ტრანსპორტის მართვის უფლება, ე.ი. სახეზეა საერთო ამსრულებელი.
განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს: 1. ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას; 2. მძიმე შედეგს, კერძოდ, ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ანდა ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილს. 3. წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს.
სუბიექტური მხრივ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაუფრთხილებელია, შეიძლება განხორციელდეს თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.
სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს ფ-------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ფ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ-------------------ს საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სასჯელის ჰუმანურობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით, ვინაიდან სხვადასხვა შედეგის მიუხედავად, მის მიერ ერთი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა ჩადენილი.
სასამართლოს მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ფ-------------------ი თავს არიდებს პასუხისმგებლობას, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, რომ ფ-------------------ი, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს, ყველა შემთხვევაში ვალდებული იყო უზრუნველეყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი და მძღოლის მიერ უსაფრთხო მართვის რაიმე ობიექტური გარემოება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოებამ ასახვა უნდა ჰპოვოს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ობიექტურობასა და სამართლიანობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ფ-------------------ის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებელი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, სამართლიანობის პრინციპის დაცვით ფ-------------------ს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელის სახე და ზომა თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას. მასვე, უნდა აეკრძალოს ა/სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში; ასევე, დამატებითი სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ფ-------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული ა/მანქანები ,,ვაზ 21063“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით -L------ და „ვაზ 2103“-ის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით E------ (განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ-------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მასვე, აეკრძალოს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება 02 (ორი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად ფ-------------------ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ფ-------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
3. მსჯავრდებულ ფ-------------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. დაკავების შემთხვევაში შესახლებული იქნეს საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული ა/მანქანები ,,ვაზ 21063“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - L------ და „ვაზ 2103“-ის მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით E------ (განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სატანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი