გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
200210017002154914
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/842-17

№200210017002154914

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი თელავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - სსიპ ს----–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი - ნ-----–---- კ------ე

მოპასუხე - გ------ი ა------–---–ი

წარმომადგენლები - ნ--- ჭ--–---–ი, გ------ი უ-----–---–ი

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 მოპასუხე გ------ი ა------–---–ს (პ/ნ 2----------) სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს თანხის გადახდა 1659,20 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, კერძოდ:პირგასამტეხლო საპრივატიზებო ღირებულებისათვის - 829,1 (რვაას ოცდაცხრა და ერთი მეათედი) აშშ დოლარი; პირგასამტეხლო სხვა ვალდებულებებისათვის - 829.1 (რვაას ოცდაცხრა და ერთი მეათედი) აშშ დოლარი; საიჯარო ქირის დავალიანება - 1 აშშ დოლარი.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ქ. თ---–--ის სა---–-–---------------------–--------------------------------------–ოსა (უფლებამონაცვლე, სსიპ - ს----–-–-------------------------–----------ო) და გ------ი ა------–---–ს შორის 13.07.2006 წელს დადებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 60000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 (სამი) ტრაქტორი და 3 (სამი) სხვა მოწყობილობა. ამასთან,საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2011 წლის 13 ივლისისა. სააგენტოს 20.08.2016 წლის N4/44587 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში, კანონი) 481 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: 28.03.2016 წლიდან გათავისუფლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისაგან (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა);ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო;ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე;გათავისუფლებული იქნა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან; ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო.შესაბამისად, ამავე წერილით 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განესაზღვრა მხარეს ვადა შესაბამისი თანხების გადახდისათვის. მოპასუხის მიერ არ შესრულდა საპრივატიზებო ღირებულების, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში. შესაბამისად, ხელშეკრულება 2017 წლის 1 იანვრიდან მიიჩნევა შეწყვეტილად.სააგენტოს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების (29.09.2016 წ. N4/44587; 10.03.2017 წლის N4/11240 წერილები) მიუხედავად, მყიდველის მიერ არ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ 2006 წლის 13 ივლისს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები (საიჯარო ქირის და საპრივატიზებო ღირებულებების გადახდა) შესრულებულია. გაფრთხილების არც-ერთ წერილი არ ჩაბარებია მოპასუხეს, შესაბამისად ინფორმაცია რაიმე სახის პრეტენზიის/მოთხოვნის შესახებ არ ფლობდა.იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია. იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია. განსაზღვრული პირგასამტეხლო კი შეუსაბამოდ მაღალი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - სსკ) 420-ე მუხლის შესაბამისად უნდა შემცირდეს. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 6728,50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, რაც თავის მხრივ განმარტებულია, როგორც საიჯარო ქირის დავალიანება (1 აშშ დოლარი), საპრივატიზებო ღირებულების გადაუხდელობისთვის (3363,5 აშშ დოლარი) და სხვა ვალდებულებებისათვის შეუსრულებლობისათვის (3364 აშშ დოლარი) დაკისრებული პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ სრულად არის დაფარული საიჯარო ქირა და საპრივატიზებო რიღებულება (თანხის ნაწილი ბეს სახით არის გადახდა), შესაბამისად არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. თუმცა აღსანიშნავია, რომ სარჩელში მითითებული არ არის როგორც პირგასამტეხლო დარიცხვის მექანიზმი, ასევე შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა. რაც შეეხება სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს მითითება ძალზე ზოგადია და გაუგებარია კონკრეტულად რომელი ვალდებულების შესრულებაზეა საუბარი სარჩელში. ჩემს მიერ იჯარა-გამოსყიდვით განსაზღვრული ვალდებულებები შესრულებულია და შესაბამისად გაუგებარია, თუ რა საფუძვლით მოხდა პირგასამტეხლოს (3364 აშშ დოლარი) დარიცხვა. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი. სსკ-ის 420 მუხლის შესაბამისად კი სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო ეს არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც ფართოდ გამოიყენება სახელშეკრულებო ურთიერთობებში. ეს არის მექანიზმი, ბერკეტი, რომლის საშუალებითაც ერთი მხარე მეორეს უქმნის დამატებით სტიმულს ვალდებულებების შესასრულებლად. თუმცა გასათვალისწინებელია, ის რომ პირგასამტეხლოს მიზანია დარღვეული უფლების აღდგენა და არა მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. მოცემულ შემთხვევაში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არც თანაზომიერი, არც გონივრული და ამავე დროს ხანდაზმულია.

მოპასუხე მხარემ ითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თ---–--ის სა---–-–---------------------–--------------------------------------–ოსა (უფლებამონაცვლე, სსიპ - ს----–-–-------------------------–----------ო) და გ------ი ა------–---–ს შორის 13.07.2006 წელს დადებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით 60000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 (სამი) ტრაქტორი და 3 (სამი) სხვა მოწყობილობა. ხერლშეკრულების თანახმად საპრივატიზებო ღირებულების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მაგრამ არაუგვიანეს 2011 წლის 13 ივლისისა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2006 წლის 13 ივლისის ხელშეკრულება. (ს.ფ.16-22).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელე მხარისათვის ხელშკრულებით დადგენილი გრაფიკის მიხედვით აქვს განხორცილებული შენატანები, კერძოდ 2007 წლის 6 აგვისტოს საგადასახადო დავალებით N1 გადახდილი აქვს 15998,40 ლარი-9600 აშშ დოლარი;; ბ. 2007 წლის 1 ოქტომბერს საგადასახადო დავალებით N1 381,63 ლარი ჯარიმა; 2008 წლის 11 ივლისის საგადასახადო დავალებით N77 13585,00ლარი-9600 აშშ დოლარი; 2009 წლის 13 ივლისის საგადასახადო დავალებით N7 16041,60 ლარი -9600 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

-2007 წლის 6 აგვისტოს საგადასახადო დავალება N1; ბ. 2007 წლის 1 ოქტომბერს საგადასახადო დავალება N1; 2008 წლის 11 ივლისის საგადასახადო დავალება N77; 2009 წლის 13 ივლისის საგადასახადო დავალება N7 (ს.ფ. 50)

 

3.2.1. სააგენტომ მოპასუხე მხარეს გაფრთხილების წერილები გაუგზავნა 29.09.2016 წ. N4/44587 და 10.03.2017 წლის N4/11240 რომ მყიდველის მიერ არ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.

ასევე სააგენტოს 20.08.2016 წლის N4/44587 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში, კანონი) 481 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: 28.03.2016 წლიდან გათავისუფლდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისაგან (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გარდა); ეპატია სახელშეკრულებო ვალდებულებების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო; ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2017 წლის 1 იანვრამდე; გათავისუფლებული იქნა 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან; ეპატია საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. შესაბამისად, ამავე წერილით 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განესაზღვრა მხარეს ვადა შესაბამისი თანხების გადახდისათვის.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ მოპასუხე მხარეს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განესაზღვრა ვადა 2006 წლის 13 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდისათვის, ვინაიდან დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკსირი ვალდებულების შესრულების ვადა ამოიწურა 2011 წლის 13 ივილისს.ამავე დროს აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარის მიერ გადხადა განხორცილებულია 2009 წლის 13 ივლისს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით მომდევნო გადახდა უნდა განხორცილებულიყო 2010 წლის 13 ივლისს, ამავე ხელშეკრულებით ბოლო გადახდა კი უნდა განხორცილებულიყო 2011 წლის 13 ივილისს და შესაბამისად მხარეს უნდა სარჩელით მომერთა სასამართლოსათვის 2011 წლის 13 ივლისიდან სამწლიან ვადაში.

ასეც რომ არ იყოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველა ნაპატიებ და გადაუხდელ თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოსათვის დაკისრების თაობაზე რომ იანგარიშოს სასამართლომ ცალკ-ცალკე ვადების შესაბამისად ხანდაზმულობაზეც კი, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი არის ხანდაზმული. ვიანიდან 2010 წლის 13 ივლისს გადაუხდელ თანხაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლას თუ დავიწყებთ 2013 ლის 13 ივლისიდან 2016 წლის 13 ივლისს ამოიწურა,ხოლო 2011 წლის გადაუხდელ თანხაზე პირგასამტეხლოს მოთხოვნის ვადის ათვლას თუ დავიწყებთ 2014 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 13 ივლისს ამოიწურა, მაშინ როდესაც მოსარჩელე სარჩელი შემოტანილი აქვს სასამართლოში 2017 წლის 25 ოქტომბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

1.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. . სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს, იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებიდან, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარეჩელე მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 2011 წლის 13 ივლისიდან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება ამ დროიდან.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია რომ მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. სასამართლო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე