გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21550-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - ნ-------------–---–ი
მ--------------ე
მ-------------–---–ი (კანონიერი წარმომადგენელი ნ-------------–---–ი)
წარმომადგენელი - გ---------–-----ე
მოპასუხე - ვ----–-------–-----ი
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, სარჩოს
დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ----–-------–-----ს მ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს შვილის - ი------------–---–ის გარდაცვალებით გამოწვეული მატერიალური ზიანის 10770 ლარის, ხოლო მორალური ზიანის - 2000 ლარის ანაზღაურება;
1.2. ვ----–-------–-----ს ნ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ი------------–---–ის გარდაცვალებით გამოწვეული მატერიალური ზიანის 551 ლარის, ხოლო მორალური ზიანის - 2000 ლარის ანაზღაურება;
1.3. ვ----–-------–-----ს მ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მისი დაბადებიდან (2016 წლის 26 თებერვლიდან) სრულწლოვანებამდე სარჩოს სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2018 წლის 28 ივნისს გარდაიცვალა ი------------–---–ი. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ვ----–-------–-----ის ბრალეულობა და იგი დამნაშავედ არის ცნობილი. ი------------–---–ი არის მ--------------ის შვილი. იგი გარდაცვალებამდე ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელე ნ-------------–---–თან, რომლებსაც მისი გარდაცვალების შემდგომ შეეძინათ შვილი მ-------------–---–ი.
ი------------–---–ის ტრაგიკულად დაღუპვამ გამოიწვია მოსარჩელეებისთვის მატერიალური და მორალური ზიანი, მის ერთადერთ შვილს აღარ ჰყავს მარჩენალი და მშობელი, მ--------------ემ დაკარგა შვილი, ხოლო ნ-------------–---–მა მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი, დარჩა ორსული და მარტოს უწევს შვილის გაზრდა. მ-------------–---–მა დაკარგა მარჩენალი, რომლის სრულწლოვანების მიღწევამდე რჩენა გარდაცვლილს ევალებოდა, რის გამოც იგი უფლებამოსილია ბრალეული პირისგან მიიღოს აღზრდისა და განვითარებისთვის სარჩო, ყოველთვიურად 300 ლარი. მოსარჩელეთა მორალური ტანჯვა, რომელიც განცდილია განსაკუთრებული ფსიქიკური და სოციალურად დაკავშირებული ადამიანის დაკარგვით, ცხადი და უეჭველია. მძიმე სულიერი ტკივილის ფულად თანხაში გამოხატვა შეუძლებელი და მოთხოვნილი თანხა არის მხოლოდ კომპენსაცია სულიერი განცდების შესამსუბუქებლად.
რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, შვილის დაკრძალვის ხარჯების სახით მ--------------ემ ჯამში გადაიხადა 10770 ლარი, ხოლო ნ-------------–---–მა სამედიცინო დაწესებულებებში გაწეული მომსახურებისთვის - 551 ლარი, რაც მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თუმცა არ მიუთითა, კონკრეტულად რომელ მოთხოვნას ცნობდა და რა ოდენობით აანაზღაურებდა მიყენებულ ზიანს. ვ----–-------–-----ის განმარტებით, მისი მატერიალური მდგომარეობა იმდენად არასახარბიელო იყო, ვერ შეძლებდა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, არ მუშაობდა, 2018 წლის ნოემბრის შემდეგ დაენიშნებოდა პენსია, პენსია მისი ოდენობიდან გამომდინარე არ იქნებოდა საკმარისი მოპასუხეების სრული მოცულობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, თუმცა პენსიის ფარგლებში მოხდებოდა გადახდევინება, რაც შეეხებოდა ქონებას რომელიც მის სახელზე იყო რეგისტრირებული მისი ღირებულება არ უზრუნველყოფდა მოპასუხეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, თუმცა რეალიზაციის შემთხვევაში ნაწილობრივ დაიფარებოდა ვალი .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 2015 წლის 28 ივნისს გარდაიცვალა ი------------–---–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განაჩენით დადგინდა ვ----–-------–-----ის ბრალეულობა, რომელიც ცნობილი იქნა დამნაშავედ. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა;
- 16.05.2016 წლის განაჩენი;
- 11.07.2016 წლის განაჩენი;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.07.2017 წლის ცნობა.
3.1.2. ი------------–---–ი იყო მოსარჩელე მ--------------ის შვილი და მ-------------–---–ის მამა. მ-------------–---–ი დაიბადა მამის გარდაცვალების შემდგომ, 2016 წლის 26 თებერვალს. ი------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-------------–---–ის დედასთან - ნ-------------–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები;
- მამობის დადგენის მოწმობა.
3.1.3. ი------------–---–ის დაკრძალვის ხარჯები გასწია დედამ, მ--------------ემ, რაც მოიცავს: დაკრძალვის სუფრა, ქელეხი - 4060 ლარს, სარიტუალო მომსახურება - 710 ლარს და საფლავის მომზადების ხარჯი - 6000 ლარს. ჯამში გაწეული დაკრძალვის ხარჯი შეადგენს 10770 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 03.07.2017 წლის შედარების აქტი;
- 05.04.2017 წლის ცნობა;
- ხელწერილი.
3.1.4. ნ-------------–---–ს ორსულობასთან დაკავშირებით გაეწია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, ჯამში 551 ლარის ღირებულების.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამედიცინო დაწესებულებების ცნობები;
- ფორმა N კო-1, სალაროს შემოსავლის ორდერები;
- სამეანო ულტრაბგერითი კვლევები;
- სასაქონლო ზედნადები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოება საქმეში არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მხოლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ნ-------------–---–ს უარი უნდა ეთქვას როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ხოლო როგორც მ-------------–---–ის კანონიერ წარმომადგენლის მოთხოვნა სარჩოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 413-ე, 992-ე, 1106-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე მ--------------ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის 10770 ლარის და მორალური ზიანის 2000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დელიქტურ ვალდებულებით ურთიერთობას ეფუძნება და მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე.
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, ამ ვალდებულებიდან მომდინარე პასუხისმგებლობა მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შემდეგი ელემენტების ერთობლივი არსებობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
უდავოა, რომ მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ი------------–---–ის გარდაცვალება და მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი გასწია გარდაცვლილის დედამ - მ--------------ემ, რაც შეადგენს 10770 ლარს. მოპასუხე ვ----–-------–-----ი აღიარებს გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯის გადახდის ვალდებულებას, თუმცა მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ აკონკრეტებს თანხის ოდენობას.
ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას: „საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული... მართალია, უმეტეს შემთხვევაში, რთულია ყოველი კონკრეტული პროცედურისა და მისი შესაბამისი იმ ხარჯის ზუსტად განსაზღვრა, რაც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან“ (შდრ. სუსგ # ას-791-748-2015, 12 ოქტომბერი 2015 წელი).
საქმის მასალებით დასტურდება დაკრძალვის ხარჯების მ--------------ის მიერ გადახდა, ამავე დროს ხარჯების ოდენობა მტკიცებულებებითა არის დადასტურებული, რომლის საწინააღმდეგოდ რაიმე გარემოებაზე მოპასუხეს არ მიუთითებია. შესაბამისად, საფუძვლიანია მ--------------ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით 10770 ლარის დაკისრების შესახებ.
რაც შეეხება მოთხოვნას მორალურ ზიანთან დაკავშირებით, მოსარჩელე მიუთითებს რომ განიცადა სულიერი ტკივილი, მიადგა ზიანი ჯანმრთელობას თუმცა კონკრეტული მტკიცება რომ ზიანი მიადგა მოსარჩელის ჯანმრთელობას წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სარჩელში მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მ--------------ეს უნდა ეთქვას უარი.
6.2. ნ-------------–---–ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის 551 ლარის და მორალური ზიანის 2000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამდენად, აღნიშნული მუხლი მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მეუღლისგან მატერიალურ დახმარებას იღებს ცოლი ორსულობის პერიოდში. ამდენად ორსულობის პერიოდში სამედიცინო მომსახურების თანხის ფარგლებში მატერიალური დახმარების ვალდებულება ექნებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია.
გარდა ამისა, რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზიანებას და განცდილ სულიერ ტკივილს საქმეში ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად სარჩელში მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურებაზე მ--------------ეს უნდა ეთქვას უარი.
6.3. მარიამი ქიტიაშვილის კანონიერ წარმომადგენლის ნ-------------–---–ის მოთხოვნა სარჩოს სახით მისი დაბადებიდან სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. აღნიშნული ნორმის თანახმად, გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებს უფლება აქვთ, ზიანის მიმყენებელს მოსთხოვონ ყოველთვიური სარჩოს გადახდა. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფ პირებად მიიჩნევიან: დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც გარდაცვალების მომენტისათვის იმყოფებოდნენ გარდაცვლილი პირის კმაყოფაზე ანდა ჰქონდათ მისგან სარჩოს მიღების უფლება; ბავშვი, რომელიც დაიბადა დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ; ერთ-ერთი მშობელი, მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრი, რომელიც არ მუშაობს და დაკავებულია საოჯახო მეურნეობით, გარდაცვლილის შვილიშვილები, და-ძმები, რომლებსაც არ მიუღწევიათ სრულწლოვანებისათვის, ანდა მიაღწიეს აღნიშნულ ასაკს, მაგრამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებენ მოვლას. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.
მ-------------–---–ი არის გარდაცვლილი ი------------–---–ის შვილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდგომ დაიბადა და გარდაცვლილის, მისი რჩენის ვალდებულება გააჩნდა. ვინაიდან სარჩენმა (მ-------------–---–მა) მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგა მარჩენალი, იგი ვალდებულია, სარჩოს დაწესებით აუნაზღაუროს მარჩენალის მცირეწლოვან შვილს ზიანი მის სრულწლოვანების მიღწევამდე (იმ პერიოდამდე, სადამდეც დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო). აქ მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ოდენობა, რა ფარგლებშიც მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩოს გადახდა. სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანი ბავშვის საჭიროებას, ასევე მოპასუხის ქონებრივ მდგომარეობას, მოპასუხემ მართალია ვერ დააკონკრეტა მოსარჩელეთა სასარგებლოდ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, თუმცა დაადასტურა ზიანის ანაზღაურებაზე მისი მზაობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩოს ოდენობის განსაზღვრისას უნდა მოხდეს მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებაც, რათა მის მიერ შესაძლებელი იყოს თანხის გადახდა, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს რომ სარჩოს სახით ყოველთვიურად 200 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, უნდა დარჩეს ძალაში.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის 395,10 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს ვ----–-------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გარდა ამისა, სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაზეც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არის 50 ლარი. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ვ----–-------–-----ს ასევე უნდა დაეკისროს 50 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მ--------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ვ----–-------–-----ს მ--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის 10770 ლარის გადახდა;
3. მ--------------ეს უარი ეთქვას მორალური ზიანის 2000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე;
4. ნ-------------–---–ის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
5. მ-------------–---–ის კანონიერი წარმომადგენლის ნ-------------–---–ის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ვ----–-------–-----ს მ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მისი დაბადებიდან (2016 წლის 26 თებერვლიდან) სრულწლოვანებამდე სარჩოს სახით ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა, ხოლო დამატებით ყოველთვიური 100 ლარის გადახდაზე ეთქვას უარი;
6. ვ----–-------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაევალოს 445,1 (395,1+50) ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასვე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეილების ასლის გაგზავნას და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე