გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/6017-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - გ--------–--–----–---–ი
მოპასუხე - შპს "ე----------- +"
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს "ე----------- +"-სათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 418.37 ლარის ოდენობით;
1.2. შპს "ე----------- +"-სათვის სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 173.31 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2016 წლის 25 ოქტომბერს, შპს "ე----------- +"-ს, როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა №1----- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”დაცვამ” აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო დანაშაულის აღკვეთა ქალაქ თბილისში, ვ---------------–ოს რაიონში, ტ-–-----ის ქუჩა N17-ში მდებარე ”დამკვეთის” ლომბარდში მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, ხოლო "დამკვეთმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით - თვეში 135.00 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების პირველი და მეორე მუხლები). ამავე ხელშეკრულებით, დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში "დამკვეთისათვის" ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნა დადგენილი (ხელშეკრულების 6.7 პუნქტი).
მტკიცებულება: 2016 წლის 25 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულება (ს.ფ. 11-13).
3.2. ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის N27----- ბრძანების თანახმად, 2016 წლის 2 ნოემბრიდან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ,,125-ის” განყოფილება უზრუნველყოფდა შპს "ე----------- +"-ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებას.
მტკიცებულება: №27----- ბრძანება (ს.ფ. 14).
3.3. შპს "ე----------- +"-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ N1----- ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის ივლისისში, აგვისტოში, სექტემბრსა და ოქტომბერში მიღებული მომსახურების საფასური 418.37 ლარის ოდენობით, რის გამოც, 2018 წლის 26 აპრილის მდგომარეობით ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ 173.31 ლარი შეადგინა.
მტკიცებულება: ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ, თანხის ბრუნვა, ვალები (ს.ფ. 17, 18, 19).
3.4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის №25----- ბრძანებით შპს "ე----------- +"-ს 2017 წლის 22 ოქტომბრიდან შეუწყდა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
მტკიცებულება: N25----- ბრძანება (ს.ფ. 15).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებიდან’’ გამომდინარე, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მუხლის მ ე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს "ე----------- +"-ს შორის ურთიერთობა 2016 წლის 25 ოქტომბრის 1----- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განსაზღვრული.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, 2016 წლის 25 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შპს "ე----------- +"-ის მიმართ წარმოეშვა ობიექტის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელების ვალდებულება, ხოლო შპს "ე----------- +"-ს - მიღებული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია, რომ შპს "ე----------- +"-მა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან მიიღო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება, მას კი შესაბამისი გადახდა არ განუხორციელებია. ამდენად, შპს "ე----------- +" ვალდებულია, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს ამ უკანასკნელის მიერ 2017 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში განხორციელებული მომსახურების საფასური 418.37 ლარის ოდენობით.
6.2. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას ითვალისწინებს, როგორიცაა პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 25 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში მიღებული მომსახურების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის 2017 წლის 7 ნომებრის მდგომარეობით შპს "ე----------- +" -ის მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების მოცულობამ 173.31 ლარი შეადგინა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანიდან გამომდინარე, შპს "ე----------- +" ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ბაჟის გადახდით გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. შპს "ე----------- +"-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების მომსახურების ანაზღაურება 418.37 ლარის ოდენობით;
1.2. შპს "ე----------- +"-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 173. 31 ლარის ოდენობით;
2. შპს "ე----------- +"-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია