გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210118002474727
№2/2274-2018წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - სს „ტე--------ი“
წარმომადგენელი- ლე---ი ჩხ-----ე
მოპასუხეები - ლე--- კუ----–--ე, ლე--- ბუ--------ე
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ლე--- კუ----–--ეს და ლე--- ბუ--------ეს N34.0321166.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ტე--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3740.77 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3100.76 ლარი, საკომისიო-257.26 ლარი, ჯარიმა-382.75 ლარი;
1.2. ლე--- კუ----–--ეს NTB.0321166.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ტე--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 612.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-500 ლარი, საკომისიო -4.86 ლარი, ჯარიმა-107.45 ლარი;
1.3. ლე--- კუ----–--ესა და ლე--- ბუ--------ეს სს „ტე--------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14.05,.2018 წლიდან საბანკო კრედიტის N34.0321166.001 და ცვლილების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ძირ თანხაზე 3100.76 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 15 %-ის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 38.75 ლარს (არაუმეტეს 465 ლარისა);
1.4 ლე--- კუ----–--ეს სს „ტე--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, 14.05.18 წლიდან, N TB.0321166.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირ თანხაზე 500 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 16% -ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 6.66 ლარს (არაუმეტეს 79.92 ლარისა).
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2016 წლის 23 თებერვალს, სს „ტე--------სა“ (ყოფილი სს „კო-------------------ი“) და ლე--- კუ----–--ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N34.0321166.00, რომლის საფუძველზე გაიცა კრედიტი 5500 ლარის ოდენობით, წლიური 15 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 23.02.2016 წ-დან 25.02.2019 წ-მდე პერიოდი. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო ხელშეკრულების დარღვევისათვის შეადგენდა ფიქსირებულ 10 ლარს და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ტე--------სა“ და ლე--- ბუ--------ეს შორის, 2016 წლის 23 თებერვალს, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N34.0321166.001/01, რომლის საფუძველზე თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებისათვის. 2017 წლის ნოემბრის შემდეგ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად, მოპასუხეთა დავალიანება 14.05.18 წლის მდგომარეობით შეადგენს 4365.26 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 3100.76 ლარი, პროცენტი- 257.26 ლარი, ჯარიმა-1007.24 ლარი.
2017 წლის 24 მარტს, სს „ტე--------სა“ და ლე--- კუ----–--ეს შორის გაფორმდა საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ NTB.0321166.001 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი 16%, ხელშეკრულება მოქმედებდა 24.03.2017წ-დან 24.03.2018წ-მდე პერიოდით; ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ლე--- კუ----–--ემ 2017 წლის ნოემბრის შემდეგ დავალიანება არ დაფარა, რის გამოც 14.05.18 წლის მდგომარეობით მასზე რიცხული შეუსრულებელი ვალდებულება შეადგენს 642.62 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 500 ლ. პროცენტი-4.86ლ., ჯარიმა -137.76 ლ.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლითა და ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, ლე--- კუ---–---მ და ლე--- კუ----–--ემ სარჩელი ცნეს N34.0321166.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის ნაწილში, ლე--- ბუ--------ემ სარჩელი არ ცნო ამავე სესხით დარიცხული სარგებლის, ჯარიმისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში. მისი განმარტებით ბანკმა არ აცნობა ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ, რის გამოც პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავალი მას არ უნდა დაეკისროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 23 თებერვალს სს „ტე--------სა“ (ყოფილი სს „კო-------------------ი“) და ლე--- კუ----–--ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N34.0321166.001, რომლის საფუძველზე გაიცა კრედიტი 5500 ლარის ოდენობით, წლიური 15 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 23.02.2016 წ-დან 25.02.2019 წ-მდე პერიოდი. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო ხელშეკრულების დარღვევისათვის შეადგენდა ფიქსირებულ 10 ლარს და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N34.0321166.001 (ს.ფ. 21-27)
3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „ტე--------სა“ და ლე--- ბუ--------ეს შორის, 2016 წლის 23 თებერვალს, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N34.0321166.001/01, რომლის საფუძველზე თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, 2016 წლის 23 თებერვალს გაფორმებული N34.0321166.001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლით ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისას მიმართოს თავდებს, რომელიც ვალდებულია მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში დაფაროს დავალიანება. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, სოლიდარული თავდებობა ვრცელდებოდა კრედიტის ძირითად თანხაზე, პროცენტზე, ნებისმიერ საკომისიოზე, საურავსა და პირგასამტეხლოზე, ბანკის მიერ მსესხებლის სახელით გადახდილ სადაზღვევო პრემიაზე, ვალდებულების შეუსრულებლობით (ან ნაწილობრივი შესრულებით) ბანკისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 6890.24 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-33)
3.1.3. 2017 წლის 24 მარტს, სს „ტე--------სა“ და ლე--- კუ----–--ეს შორის გაფორმდა საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ N NTB.0321166.001 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი 16%, ხელშეკრულება მოქმედებდა 24.03.2017წ-დან 24.03.2018წ-მდე პერიოდით, ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ს.ფ. 37)
3.2.4. 2017 წლის ნოემბრის შემდეგ საბანკო კრედიტისა და ოვერდრაფტის ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელს ვალდებულება აღარ შეუსრულებია. 2018 წლის 14 მაისის მდგომარეობით სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულების მიხედვით დავალიანების ძირი თანხა შეადგენს 3100.76 ლარს, ხოლო პროცენტი 257.26 ლარს; ოვერდრაფტის ხელშეკრულების მიხედვით ძირითადი დავალიანების თანხაა 500 ლარი, ხოლო პროცენტი 4.86 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სარჩელი)
-გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 26-27)
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 36)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი, რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.
მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ საქმისათვის მნისნლელოვანი შემდეგი გარემოებები: სესხის ხელშეკრულების დადება და შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობა. მოპასუხეებმა სადაოდ გახადეს დავალიანების ძირითად თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მართლზომიერება. სასამართლო აღნიშნულ საკითხებს, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეაფასებს სამართლებრივად.
3.2.3 მოპასუხე ლე--- ბუ--------ე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ გამსესხებელმა მას არ აცნობა ძირითადი მსესხებელის მიერ სასესხო ვალდებულებების დარღვევის შესახებ, რის გამოც მან დაკარგა შესაძლებლობა რეაგირება მოეხდინა მსესხებელზე. ამდენად იგი თვლის, რომ მისი როგორც თავდების უფლება, წინასწარ ცოდნოდა ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, დაირღვა. აღნიშნულ შემთხვევაში თავდებისათვის შეტყობინების ჩაბარების მტკიცების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს. შესაბამისად, მან უნდა დაასაბუთოს და სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს, რომ მიმართა ყველა გონივრულ საშუალებას, რათა თავდებს შეეტყო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 1 მაისის შეტყობინება ლე--- კუ----–--ის მიერ სასეხო ვალდებულების დარღვევისა და საკრედიტო დავალიანების არსებობის შესახებ, მოპასუხე ლე--- ბუ--------ეს არ ჩაბარებია. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებებეი, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ ბანკმა მიიღო ყველა საჭირო ზომა აღნიშნული შეტყობინების ჩასაბარებლად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, აღნიშნული ვალდებულება დაირღვა 2017 წლის ნოემბრიდან, რის გამოც გამსესხებელმა შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა სესხის დარჩენილი დავალიანების ძირი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი. აღნიშნულ ნაწილში როგორც სესხის, ისე ოვერდრაფტის ხელშეკრულების მიმართ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2. მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოსარჩელის მოთხოვნა მსესხებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, რის გამოც სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.3. სასამართლო აკმაყოფილებს სარჩელს ვალდებულების სრულ შესრულებამდე, დავალიანების ძირითად თანხაზე, მიუღებელი შემოსავლის დარიცხვის შესახებ.
4.4 სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას თავდებზე პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში, ვინაიდან მიაჩნია, რომ დაირღვა თავდების უფლება ჰქონოდა ინფორმაცია სასესხო ვალდებულებების შესრულების შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 403-ე, 411-ე, 417-ე 420-ე, 623-ე, 625-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 902-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2016 წლის 23 თებერვალს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N34.0321166.001 და 2017 წლის 24 მარტს გაფორმებული საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ N NTB.0321166.001 ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გადახდა არ მომხდარა 2017 წლის ნოემბრის შემდეგ. ამდენად, დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით გათვალისწინებულ ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, რომლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრედიტორს წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის, სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. დადგენილია სესხისა და ოვერდრაფტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული დავალიანების რაოდენობა, რომელიც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად შეადგენს: ძირი თანხა 3100.76 ლარს, პროცენტი 257.26 ლარს; ოვერდრაფტის ხელშეკრულების მიხედვით -ძირი თანხა 500 ლარს, ხოლო პროცენტი - 4.86 ლარს. მოპასუხეები სადავოდ ხდიან პირგასამტეხლოს ოდენობას და მიუთითებენ რომ იგი არაგონივრულად გაზრდილია.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „ტე--------სა“ და ლე--- ბუ--------ეს შორის, 2016 წლის 23 თებერვალს, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N34.0321166.001/01, რომლის საფუძველზე თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ 2016 წლის 23 თებერვალს გაფორმებული N34.0321166.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, მთლიანი მოცულობით, როგორც ძირ თანხაზე, ისე სარგებელზე, პირგასამტეხლოსა და ზიანზე. იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა ძირითადი მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის და შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, უნდა დადგეს სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა სესხის ძირ თანხაზე (3100.76 ლარი) და პროცენტზე (257.26 ლარი).
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამავე ხელშეკრულების საფუძველზე სესხის დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მხოლოდ მსესხებელს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით: დადგენილია, რომ ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ საკრედიტო დაწესებულებას თავდებისთვის არ უცნობებია. სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სასამართლო თავდების ინსტიტუტის თავისებურებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ თავდების ინფორმირება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე ან არასათანადოდ შესრულებაზე გამსესხებლის კანონისმიერი ვალდებულებაა. „დროულმა შეტყობინებამ შესაძლებელია თავდების მხრივ ძირითადი ვალდებულების შესრულების პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინოს. კრედიტორის მიერ ამგვარ შეტყობინებაზე უარის თქმა თავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი შეიძლება გახდეს“(რ. შენგელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი 2001 წ. გვ 240). ნორმის თანახმად, შემცირება შეეხება მხოლოდ ზიანს, რომელიც დადგა კრედიტორის მიერ 902-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. დადგენილია, რომ 2017 წლის ნოემბრის შემდეგ მსესხებელს ვალდებულება კრედიტორის წინაშე არ შეუსრულებია. დადგენილია, რომ ამავე პერიოდიდან ხდება სესხის თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვა. ასევე, სახეზეა მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავლის, როგორც ზიანის, მოთხოვნა. დადგენილია, რომ თავდებს ინფორმაცია მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე არ მიუღია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი არის ზიანი, რომელიც კრედიტორმა განიცადა ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო (სუსგ N ას-1701-1685-2011 22.10.12წ.). სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი, მიუღებელი შემოსავალი - ზიანია (დანაკარგი), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, როგორც პირგასამტეხლო, ისე მიუღებელი შემოსავალი არის მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც დადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დააკისრებს თავდებს ზიანის ანაზღაურებას იმის გათვალისწინებით, რომ მას ხელშეკრულების დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია და შესაბამისად, არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ თავიდან აეცილებინა მოსალოდნელი ზიანი. ამდენად, N34.0321166.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მხოლოდ სესხის ძირი თანხა 3100.76 ლარი და პროცენტი 257.26 ლარი. ზემოთ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე მხოლოდ ძირითად მსესხებელს დაეკისრება მიუღებელი შემოსავალი 14.05.18 წლიდან, სესხის ძირ თანხაზე 3100.76 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 15% -ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 38.75 ლარს (არაუმეტეს 465 ლარისა).
ამავე ხელშეკრულების თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია. პირგასამტეხლოს თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობას საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N34.0321166.001 მიხედვით ამცირებს 200 ლარამდე, რომელიც დაეკისრება მხოლოდ მსესხებელს.
6.5 საქმეში დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ლე--- კუ----–--ეს სს „ტე--------ს“ სასარგებლოდ N TB.0321166.001 ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 554.86 ლარი, საიდანაც სესხის ძირია-500 ლარი, სარგებელი-4.86 ლარი, ხოლო შემცირებული პირგასამტეხლო -50 ლარი; ასევე, მსესხებელს უნდა დაეკისროს 14.05.18 წლიდან, N TB.0321166.001 საბანკო კრედიტის (ოვერდრაფტის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირ თანხაზე 500 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 16% -ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 6.66 ლარს (არაუმეტეს 79.92 ლარისა).
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასია 4898 ლარი. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს-146.94 ლარს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 73.47 ლარის ოდენობით. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის 3100.76 ლარის ნაწილში, ამ ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 46.51 ლარს. სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად, განახევრებული ბაჟის ოდენობა შეადგენს 23.25 ლარს. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 23.25 ლარი, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 23.25 ლარის გადახდა.
სასამართლომ დანარჩენ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, დააკმაყოფილა სარგებლის ნაწილში და მოპასუხეებს დააკისრა 257.26 ლარი, შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 3.85 ლარი, ლე--- კუ----–--ეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 1299.78 ლარი (200+465+554.86+79.92), რომლის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 19.50 ლარს, რომელიც მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს ნაწილში (182.75+57.47)=240.22, რომლის პროპორციულას სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 3.60 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, 2018 წლის 11 ივნისის განჩინება, დარჩეს ძალაში, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ტე--------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ლე--- კუ----–--ეს და ლე--- ბუ--------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს „ტე--------ს“ სასარგებლოდ N34.0321166.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 3100,76 ლარი; საკომისიო 257.26 ლარი
3. მოპასუხე ლე--- კუ----–--ეს სს „ტე--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს N34.0321166.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა 200 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე ლე--- კუ----–--ეს სს „ტე--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, 14.05.18 წლიდან, N34.0321166.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირ თანხაზე 3100.76 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 15% -ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 38.75 ლარს (არაუმეტეს 465 ლარისა);
5. მოპასუხე ლე--- კუ----–--ეს სს „ტე--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს N TB.0321166.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 554.86 ლარი;
6. მოპასუხე ლე--- კუ----–--ეს სს „ტე--------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, 14.05.18 წლიდან, N TB.0321166.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირ თანხაზე 500 ლარზე, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 16% -ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 6.66 ლარს (არაუმეტეს 79.92 ლარისა);
7. მოპასუხეებს ლე--- კუ----–--ეს და ლე--- ბუ--------ეს დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟი 27.13 ლარი
8. მოპასუხე ლე--- ბუ--------ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 42.75 ლარი
9. მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.25 ლარი სახელმწიფო ბაჟის განახევრების შედეგად, ხოლო ბიუჯეტში გადახდილი დარჩეს 3.60 ლარი.
10.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე