გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.09.2018
საქმის ნომერი
330310018002493213
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/3612-18

21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა აფციაური

სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური

მოსარჩელე - ლი----------ძე

მოპასუხე - სსიპ თბილისის N2-- საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - მა----------------ე

მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

წარმომადგენელი- ნა----------ძე

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიარებული იქნას ლი----------ძის მიერ ქ.თბილისის №1- საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი სსიპ ქ.თბილისის №2-- საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის -ატესტატის გაცემის ფაქტი.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ლი----------ძემ (სკოლაში სწავლის პერიოდში - ლი-------------–-) 198- წელს დაასრულა ქალაქ თბილისის N1- საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ-ქალაქ თბილისის N2---ე საჯარო) სრული კურსი და მის სახელზე გაიცა სრული ზოგადი განათლების (10 კლასის) ატესტატი N------, რომელიც ბინის შეცვლის დროს დაკარგა. 2018 წლის 14 მარტს №5--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის (ატესტატის დაკარგვის გამო) გაცემა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოსარჩელე ლი----------ძის განცხადება და შემდგომში საჩივარი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ატესტატის დუბლიკატი ესაჭიროება თბილისის N2---ე საბავშვო ბაგა-ბაღში შრომითი საქმიანობის გაგრძელებისთვის, რის გამოც ითხოვს, რომ აღიარებული იქნას ლი----------ძის მიერ 198- წელს ქ.თბილისის N1- (დღევანდელი სსიპ- ქალაქ თბილისის N2---ე საჯარო ) სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის №2---ე საჯარო სკოლის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი და დაეთანხმა ლი----------ძის მიერ ქ.თბილისის №1- საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი №2-- საჯარო სკოლა) 198- წელს სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარების შესახებ მოთხოვნას.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელი ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. დადგენილია, რომ ლი----------ძის (გვარის შეცვლამდე - გო------–ი, დაბადების თარიღი - 20.04.1--- წელი) სახელზე გაცემულია სრული ზოგადი განათლების (10 კლასის) ატესტატი N------.

 

დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №73/ნ ბრძანებით ქ.თბილისის №1- სკოლა რეორგანიზებულ იქნა და შერწყმული სახით ჩამოყალიბდა №2-- საჯარო სკოლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1987 წლის 25 აპრილის ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 1--17).

- სსიპ ქალაქ თბილისის N2-- საჯარო სკოლის მიერ 2018 წლის 13 მარტს გაცემული ცნობა (ს.ფ. 24).

- ქალაქ თბილისის №1- საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატის გაცემის წიგნიდან ამონაწერი (ს.ფ. 49 -53).

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს №73/ნ ბრძანება (ს.ფ. 54 -56).

 

4.1.2. ლი----------ძემ 2018 წლის 14 მარტს №5--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის (ატესტატის დაკარგვის გამო) გაცემა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 მარტის N----------- გადაწყვეტილებით ლი----------ძეს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.

 

მხარეს განემარტა, რომ "ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის N113/ნ ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ვერ ხერხდება ლი----------ძის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, კერძოდ გლდანი ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 1- მარტის N2----- წერილის თანახმად საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (ბრძანება, პედაგოგიური საბჭოს ოქმი) სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივშია გადაცემული ცენტრალიზებულ დაცვაზე. 2018 წლის 1- მარტის N2----- წერილიდან ირკვეოდა, რომ სკოლაში იძებნებოდა მხოლოდ ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 მარტის N----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-19).

 

4.1.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 26 მარტის N----------- გადაწყვეტილება ლი----------ძის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1- მაისის №0---------- გადაწყვეტილებით ლი----------ძის 2018 წლის 12 აპრილის N7---- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროსს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1- მაისის №0---------- გადაწყვეტილება.(ს.ფ. 20-23).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

მოპასუხე - ქალაქ თბილისის №2-- საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლო სხდომაზე, სარჩელი ცნო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული წარმოებისას სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი

 

უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად ლი----------ძემ მიიღო სრული ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები.

 

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს მუშაობა, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღება, ხოლო შემდგომ მისი აპოსტილით დამოწმება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ

 

წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე, მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ლი----------ძემ დაძლია ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა და მასზე გაცემულია სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

 

7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

განსხილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სრული ზოგადი განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ ქ.თბილისის №1- საშუალო სკოლის (ამჟამინდელი თბილისის №2-- საჯარო სკოლა) 198- წელს დამთავრების, სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევისა და №2----- ატესტატის გაცემის ფაქტი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ლი----------ძის მიერ ქ.თბილისის მე-1- საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი ქალაქ თბილისის №2-- საჯარო სკოლა) 198- წელს სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე

 

ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლი----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. აღიარებული იქნას ლი----------ძის მიერ ქ.თბილისის №1- საშუალო სკოლაში (ამჟამინდელი სსიპ ქ.თბილისის №2-- საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის -ატესტატის გაცემის ფაქტი.

 

3. ლი----------ძეს დაუბრუნდეს სარჩელზე 2018 წლის 13 ივნისს სს ,,თიბისი ბანკში'' გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება №0, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 3007731-0).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ნანა აფციაური