გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2018
საქმის ნომერი
330210115001172166
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24843-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.10.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელეები: O----------------------------- (რ------------------–-ა), შპს ,,ბ-----------------ს“

წარმომადგენელი: ი-----–-------------–---–ი, ზ---------–-–---–ი

მოპასუხე: შპს ,,მ-------------''

წარმომადგენელი: თ--------------ე

დავის საგანი: მომიჯნევე უფლების დარღვევის გამო კომპენსაციის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს შპს ,,მ-------------ს“ მოსარჩელის მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო კომპენსაცია 400 000 ევროს ოდენობით;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2014 წლის 1 ივნისს, შპს ,,მ-------------ის“ მიერ, ტელეკომპანია ,,რ----------“-ის ეთერში არაერთგზის განთავსდა შპს ,,მ-------------ის“ სარეკლამო რგოლი, რომელშიც გამოყენებულ იქნა P----------------ის მუსიკალური ნაწარმოები ,,G--------”, შესრულებული D---------ის მიერ. ეს მუსიკალური ნაწარმოები წარმოადგენს 2013 წლის (და არა მარტო 2013 წლის) უდიდეს მუსიკალურ ჰიტს და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ამის დადასტურებაა, რომ ზემოაღნიშნულმა მუსიკალურმა ნაწარმოებმა გაიმარჯვა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების, GRAMMY-ს ნომინაციებში: წლის ალბომი; საუკეთესო საცეკვავო/ელექტრონული მუსიკის ალბომი. რეკლამაში ზემოაღნიშნული შესრულების/ფონოგრამის სარეკლამო რგოლში გამოყენებისთვის/ჩართვისთვის შპს ,,მ-------------ს“ უნდა მოეპოვებინა შესაბამისი ლიცენზია მომიჯნავე უფლების მფლობელისგან. ამ უფლების მფლობელი კი არის S---------. კომპანია ბ-----------------სი კი არის O-----------------------------”-ის (რ------------------–-ა) სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და ყველა იმ ნაწარმოებზე, რომლებზეც მომიჯნავე უფლებათა მფლობელია S---------, გასცემს ლიცენზიას ნაწარმოების გამოყენებაზე, მათ შორის ნაწარმოების რეკლამაში გამოყენებაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

მოპასუხე სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება იდავონ ა---------–-------ს კატალოგში შემავალი ფონოგრამების უფლების დარღვევაზე, გარდა ამისა, არ დასტურდება, რომ მოპასუხემ მომიჯნავე უფლებით დაცული ფონოგრამა გამოიყენა მის სარეკლამო რგოლში, ასევე არარეალურია კომპენსაციის ოდენობა, ამდენად, მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელეების უფლებების დარღვევას, შესაბამისად, არც არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები რის გამოც, სარჩელი უსაფუძვლოა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. D---------ის მიერ შესრულებულ მუსიკალურ ნაწარმოებზე ,,G--------”, საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის S--------- E------------s-ს, რომელიც წარმოდგენილია საკუთარი განყოფილების, C----------------ის სახით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- cd დისკი (ტომი 1, ს.ფ. 32);

- ს----ს პირველი ვიცე პრეზიდენტის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 24-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. O----------------------------- (რ------------------–-ა) არ არის S--------- E------------s-ის ფილიალი, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სალიცენზიო შეთანხმებაში მოხსენიებულია როგორც ფილიალი, უდავოა და მხარეებიც აღიარებენ, რომ რომ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იურიდიული პირები არიან და ამ შემთხვევაში ,,ფილიალი“ არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული S--------- E------------s-ის წარმომადგენლობა კონკრეტულ ქვეყანაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სალიცენზიო შეთანხმება (ს.ფ. ტომი 1, ს.ფ. 110-129);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თანახმად, ავტორის ნებართვის გარეშე ნაწარმოების გამოყენების შემთხვევაში, თავად ავტორმა უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ნაწარმოები მას ეკუთვნის და იგი უფლების დარღვევის ფაქტამდე შეიქმნა. იგივე პრინციპი გამოიყენება მომიჯნავე უფლებების დარღვევის დროსაც, ხოლო მას შემდეგ რაც გამოვლინდება მომიჯნავე უფლების მესაკუთრე, მას შეუძლია ან უფლების დამრღვევს მოსთხოვოს დარღვევის აღკვეთა, რა დროსაც მოპასუხემ უნდა ადასტუროს, რომ მას არ დაურღვევია მოსარჩელის მომიჯნავე უფლებები.

 

3.2.2. მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელეების უფლებამოსილების საკითხს, კერძოდ, მისი განმარტებით, რ------–------ს და ბ-----------------ს არ აქვთ ა---------–-------ს კატალოგში შემავალი ფონოგრამების გამოყენებაზე ლიცენზიის გაცემის, კომპენსაციის მოთხოვნისა და დამრღვევის წინააღმდეგ სასამართლო დავის წარმართვის უფლებამოსილება. მოპასუხის აზრით, ხელშეკრულება რ------–------სა და ა---------–------ს შორის არ შეიცავს შეთანხმებას კანონით განსაზღვრულ არსებით პირობებზე და დადებულად არ ითვლება. ასევე, სალიცენზიო ხელშეკრულებას და მასში 18.09.2014 ცვლილებას ა---------–-------ს მხრიდან, ხელს აწერს ჯ---–--------–---ი, მაგრამ რეალურად არ ჩანს ხელმომწერი პირის ვინაობა, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მისი ხელმომწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამავე ხელშეკრულებას ხელს რ------–-------ს მხრიდან ხელს აწერს ი----------–---------------ი, თუმცა არ დგინდება, რომ 01.04.2012 წელს იგი იყო დირექტორი. გარდა ამისა, რ------–------ს ესაჭიროება ა---------–-------ს წინასწარი თანხმობა საამისოდ, რომ გასცეს ლიცენზია, მოითხოვოს კომპენსაცია და წარმართოს დავა, რაც წარმოდგენილი არ არის.

 

მოსარჩელეების განმარტებით, კი O------------------------------ (რ------------------–-ა) არის ,,S-----------------------”-ის (აშშ) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს ტერიტორიაზე და სარგებლობს მისი ყველა უფლებით, მათ შორის მუსიკალური ნაწარმოების რეკლამაში ჩართვის თაობაზე ლიცენზიების გაცემისა და შესაბამისი საზღაურის მოთხოვნის, ასევე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით. ბ-----------------სი კი არის O-- ,,S-----------------------“-ის (რ------------------–-ა) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ყველა იმ ნაწარმოებზე, რომელზეც მომიჯნავე უფლებათა მფლობელია S----------, გასცემს ლიცენზიას ნაწარმოების გამოყენებაზე, მათ შორის რეკლამაში გამოყენებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2012 წლის 01 აპრილს O-- ,,S-----------------------“-სა (რ------------------–-ა) და ,,S-----------------------”-ს (აშშ) შორის დაიდო სალიცენზიო შეთანხმება საერთაშორისო რეპერტუარის შესახებ. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მოგვიანებით შევიდა ცვლილებები, რომელსაც ხელს აწერს ი----------–---------------ი, მისი უფლებამოსილება დასტურდება, ,,S-----------------------”-ის წევრთა 2013 წლის 15 ივლისის რიგგარეშე საერთო კრების ოქმით, რომლის თანახმადაც, ვადამდე შეუწყდა საზოგადოების გენერალურ დირექტოს ი----------–---------------ს შრომითი ხელშეკრულება და იგი გათავისუფლდა 2013 წლის 05 სექტემბრიდან, მის ნაცლად კი 2013 წლის 06 სექტემბრიდან არჩეულ იქნა ა------------------------------. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, სალიცენზიო შეთანხმების დადებისას და მასში ცვლილებების შეტანას ხელს აწერდა უფლებამოსილი პირი, ამ მტკიცებულების გასაბათილებლად კი მოპასუხეს არაფერი წარმოუდგენია. გარდა ამისა, სალიცენზიო შეთანხმება შეიცავს შეთანხმებას ყველა არსებით პირობაზე, ცალსახად ცხადია ხელშეკრულების დადების მიზანი, უფლებამოსილების ფარგლები და ჰონორარების გადახდის წესები და პირობები, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულება არ უნდა ჩაითვალოს დადებულად.

 

რაც შეეხება უფლებამოსილების ფარგლებს; სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, O-- ,,S-----------------------“-ს ანიჭებს S-- კატალოგში შესული ფონოგრამებისა და აუდიოვიზუალური მასალების გამოყენების ექსკლუზიურ ლიცენზიას, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, საავტორო უფლებების დაცვის უზრუნველყოფით და პირიქით, ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ტერიტორიებზე, რომელთა შორის არის საქართველოც. ზოგადი ხასიათის შეზღუდვის გარეშე, O-- ,,S-----------------------“-ს უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური უფლებები სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში: ფონოგრამებისა და აუდიოვიზუალური მასალებისგან აწარმოოს ჩანაწერები, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მეთოდით, რომლებიც ამჟამად არის ცნობილი ან ცნობილი გახდება მომავალში; გაყიდოს, გაასხვისოს ან სხვაგვარი გარიგებები აწარმოოს ზემოაღნიშნულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის, სავაჭრო დასახელების ან საფირმო ნიშნის გამოყენებით ან თავი შეიკავოს ხსენებული წარმოების, გაყიდვებისა და გარიგებებისაგან; უზრუნველყოს ფონოგრამებისა და/ან აუდიოვიზუალური მასალების გამრავლება, ადაპტირება, გასხვისება, დისტრიბუცია, იმპორტირება, მათზე ქირავნობის უფლების მინიჭება, მათი გადაცემა, ხელმისაწვდომობა ან სხვაგვარად გამოიყენოს ხსენებული ფონოგრამები და აუდიოვიზუალური მასალები ნებისმიერი საშუალებითა და ნებისმიერი გზით და უზრუნველყოს ფონოგრამებისა და აუდიოვიზუალური მასალების საჯარო შესრულება, წარდგენა, საჯარო ჩვენება, კომუნიკაცია, ხელმისაწვდომობა, საეთერო გადაცემა ან საჯარო შესრულების, წარდგენის, გამოფენის, საეთერო გადაცემის ან კომუნიკაციისთვის ნებართვის გაცემა რადიო მაუწყებლობის, ციფრული გადაცემის მეშვეობით ან სხვა გზით, რომელიც ამჟამად ცნობილია ან ცნობილი გახდება მომავალში და მიიღოს ნებისმიერი სახის შემოსავალი, რომელიც წარმოიშვება ფილიალის ტერიტორიის ფარგლებში ასეთი სახის შესრულების, წარდგენის, ჩვენების, საეთერო გადაცემის ან კომუნიკაციის შედეგად. ამდენად, ,,S-----------------------”-ს (აშშ) O-- ,,S-----------------------“-ისთვის (რ------------------–-ა) ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, გადაცემული აქვს მის საკუთრებაში არსებული მომიჯნავე უფლებები სრულად. ამავე ხელშეკრულებით O-- ,,S-----------------------“-ს მინიჭებული აქვს მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება, კერძოდ, თითოეული მხარე ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული ლიცენზიით მოცულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, გამოიყენოს ყველა გონივრული _ ძალისხმევა იმისათვის, რომ გამოარკვიოს, აქვს თუ არა ადგილი წინამდებარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მეორე მხარის კატალოგში (ანუ ფილიალის კატალოგში ან S---ს კატალოგში) შესული ფონოგრამებისა და აუდიოვიზუალური მასალების-არაავტორიზებული რეპროდუქციის, დისტრიბუციის, ადაპტაციის, საზოგადოებისათვის კომუნიკაციის (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: საზოგადოებისათვის სადენიანი ან უსადენო _ საშუალებების გამოყენებით შესრულებული გადაცემა იმგვარად, რომ საზოგადოების წევრებს ხელი მიეწვდომებოდეთ ფონოგრამებსა და აუდიოვიზუალურ მასალებზე მათ მიერ - ინდივიდუალურად შერჩეული ადგილიდან), საჯარო შესრულების ან ჩანაწერების, _ სხვაგვარად გამოყენების რაიმე შემთხვევას. ასეთი არაავტორიზებული რეპროდუქციის, დისტრიბუციის, საჯარო შესრულების ან ჩანაწერების სხვაგვარად გამოყენების შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი მხარე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე - შეატყობინოს მეორე მხარეს და მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, წამოიწყოს სათანადო სამართლებრივი პროცესი, მოქმედი ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ზემოაღნიშნული არაავტორიზებული რეპროდუქციის, დისტრიბუციის, საჯარო შესრულების ან ჩანაწერების სხვაგვარად გამოყენების შემთხვევის აღმოფხვრის მიზნით. ამავე ხელშეკრულებით, თითოეული მხარე, მეორე მხარეს ანიჭებს გამოუხმობ _ უფლებამოსილებას და ნიშნავს მას მის ჭეშმარიტ და კანონიერ წარმომადგენლად, ხელშეკრულების მთლიანი მოქმედების ვადით, რომელიც უფლებამოსილია, აწარმოოს ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედება, რეპერტუარის მფლობელის ან ლიცენზიის გამცემი მხარის სახელით, ფონოგრამებისა და აუდიოვიზუალური მასალების არაავტორიზებული რეპროდუქციის, დისტრიბუციის, ადაპტაციის, საზოგადოებისათვის კომუნიკაციის (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: საზოგადოებისათვის სადენიანი ან უსადენო საშუალებების გამოყენებით შესრულებული გადაცემა იმგვარად, რომ საზოგადოების წევრებს - ხელი მიუწვდომებოდეთ ფონოგრამებსა და აუდიოვიზუალურ მასალებზე მათ მიერ ინდივიდუალურად შერჩეული ადგილიდან), საჯარო შესრულების ან ჩანაწერების სხვაგვარად გამოყენების რაიმე შემთხვევას, ლიცენზირებული ტერიტორიის ფარგლებში. ზემოთხსენებული სამართლებრივი მოქმედება შესაძლოა მოიცავდეს სარჩელის აღძვრას დამრღვევი მხარის წინააღმდეგ ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, სარჩელის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და სამოქალაქო საქმისწარმოებას სასამართლოში დამრღვევი მხარის წინააღმდეგ. მხარეები აგრეთვე, ერთმანეთს ანიჭებენ სამართლებრივი მრჩევლების (ადვოკატების), ფონოგრაფიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (,,IFPI”) წარმომადგენლების, IFPI-ს სამდივნოს ან IFPI-ს ეროვნული ჯგუფების წარმომადგენლებს, რათა ამ უკანასკნელებმა უზრუნველყონ ზემოთ აღწერილი ყველა ან ნებისმიერი სამართლებრივი ფუნქციების შესრულება.

 

ამდენად, სასამართლო ადგენს, რომ O-- ,,S-----------------------“-ს გააჩნია სრული უფლებამოსილება, იმოქმედოს ,,S-----------------------“-ის სახელით და დაიცვას მისთვის გადმოცემული მომიჯნავე უფლებები.

 

რაც შეეხება შპს ,,ბ-----------------ს“';სალიცენზიო შეთნხმებით, O-- ,,S-----------------------“ უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მიანიჭოს ფილიალის ან S---ს კატალოგში შესული ნებისმიერი ფონოგრამის სინქრონიზაციის უფლება ფილიალის ტერიტორიის ფარგლებში წარმოებულ ან შექმნილ ფილმში, სატელევიზიო პროგრამაში, ვიდეოთამაშში, სარეკლამო რგოლსა თუ სხვა სახის აუდიოვიზუალურ მასალაში მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ფილმის, სატელევიზიო პროგრამის, ვიდეოთამაშის, სარეკლამო რგოლისა თუ სხვა სახის აუდიოვიზუალური მასალის დისტრიბუცია ან სხვაგვარი გამოყენება შესაძლოა გამიზნული იყოს ფილიალის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ამ უფლებამოსილების ფარგლებში, O-- ,,S-----------------------“-მა შპს ,,ბ-----------------სთან“ დადო ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ბ-----------------სი“ იღებს თავის თავზე ვალდებულებას, განახორციელოს იურიდიული მოქმედებები S----------ის კატალოგიდან შესრულებებისა და ფონოგრამების დაცვისა და მათთან მიმართებით სამართალდარღვევათა აღკვეთისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. ,,S---------”-ის კატალოგში იგულისხმება იმ შესრულებებისა და ფონოგრამების ერთობლიობა, რომელთა გამოყენების პრივატული უფლება ან პრივატული ლიცენზია გააჩნია O-- ,,S-----------------------“-ს. მიმდობის მხრიდან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში მინდობილი პირი ვალდებულია აწარმოოს მოლაპარაკებები დამრღვევებთან და გააფორმოს მათთან დავების სასამართლომდელი რეგულირებისკენ მიმართული შეთანხმებები. ამდენად, შპს ,,ბ-----------------ს“ O-- ,,S-----------------------“-თან ერთად აქვს უფლება იდავოს S---ის კატალოგში შესული ფონოგრამების და აუდიოვიზუალური ნაწარმოებების მომიჯნავე უფლებების დარღვევისას, ამ დარღვევის აღკვეთის და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

3.2.3. მოპასუხე სადავოდ ხდის ასევე მომიჯნავე უფლების დარღვევის საკითხს და განმარტავს, რომ კომპანიის სარეკლამო აქტივობებში არ გამოყენებულა P-----------------ის მუსიკალური ნაწარმოები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფონოგრამა კომერციული შემოქმედების შედეგია და მიზანი მასზე საავტორო უფლების მსგავსი უფლებების დაცვისა, არის მისი მწარმოებლის მიერ გაწეული ფინანსური რისკის დაცვა მესამე პირთა არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან, რამაც მათი შემოსავლები შეიძლება მკვეთრად შეამციროს. ფონოგრამა დაცულია შემსრულებელთა, ფონოგრამის მწარმოებელთა და სამაუწყებლო ორგანიზაციების დაცვის საერთაშორისო კონვენციით (რომის კონვენცია).

 

მოსარჩელეებმა წარმოადგინეს cd დისკი, სადაც ჩაწერილია მ-------------ის სარეკლამო რგოლი, რომელშიც გამოყენებულია P-----------------ის მუსიკალური ნაწარმოები ,,G--------”, შესრულებული D---------ის მიერ, ასევე წარმოდგენილია სამაუწყებლო კომპანია რ-----------ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 01 ივნისს ეთერში განთავსდა კომპანია ,,M---------“-ის 10 წამიანი სარეკლამო რგოლი შემდეგი პერიოდულობით: 05:00:51; 09:07:26; 10:25:53; 13:23:11; 17:21:23; 18:40:09; 19:01:55; 19:09:22; 19:25:35; 19:32:59; 19:48:21; ამავე ინფორმაციას ადასტურებს კომპანია, რომელიც ახორციელებს ქართული სატელევიოზიო სარეკლამო ბაზის სრულ და უწყვეტ მონიტორინგს _ ა-----------------------ი. მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპით კი მოპასუხეს უნდა წარმოედგინა ის მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა უკვე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუმცა შპს ,,მ-------------მა“ ვერ ზიდა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და სასამართლოს შესთავაზა მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებები და სიტყვიერი განმარტებები, რაც არ არის საკმარისი წერილობითი და აუდიოვიზუალური მტკიცებულებების გასაბათილებლად;

 

3.2.4. მოპასუხემ სადავო გახადა ასევე მოსარჩელეებზე მიყენებული ზიანის ოდენობა, კერძოდ, შპს ,,მ-------------ის“ განმარტებით, მოთხოვნილი კომპენსაცია არაგონივრულია, გადაჭარბებულია და არ დგინდება მისი ოდენობის განსაზღვრის საფუძველი. ლიცენზიის საფასურის ოდენობის განსაზღვრა ხდება მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის, მხედველობაში მიიღება კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების სარეკლამო რგოლში გამოყენების დრო, ლიცენზიით სარგებლობის დრო, პროდუქციის მთლიანი ბიუჯეტი. მოსარჩელეებმა კი ეს ფაქტორები არ გაითვალისწინეს სალიცენზიო საფასურის ოდენობის განსაზღვრისას. ამასთან მოპასუხის განცხადებით, D---------ის შესრულებით P-----------------ის მუსიკალური ნაწარმოები ,,G--------” შედის საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის რეპერტუარში შედის. ორგანიზაციის წესდების 4.1.3. პუნქტის თნახმად, ასოციაცია ახორციელებს საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებათა კოლექტიურ საფუძვეზე მართვის პროცესში ასოციაციის რეპერტუარში შემავალი ყველა ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების დაცვის ობიექტის გამოყენებაზე ნების დართვას ან ლიცენზიის გარეშე მათი გამოყენების აკრძალვას, ხოლო წესდების 7.21.18 პუნქტის თანახმად, ასოციაციის გამგეობის უფლებამოსილებებში შედის საავტორო დან/და მომიჯნავე უფლებებით სარგებლობის ყველა სახის ლიცენზიის გაცემა, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის თანახმად მიღებული უფლებების შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისთვის მოსარგებლეებზე გასცემს ლიცენზიებს. ლიცენზიის პირობები ანალოგიური უნდა იყოს ერთი კატეგორიის ყველა მოსარგებლისთვის. ორგანიზაციას უფლება არ აქვს უარი უთხრას მოსარგებლეებს ლიცენზიის გაცემაზე საკმარისი საფუძვლის არსებობის გარეშე.

 

მოსარჩელეების მითითებით კი, ფასი დგინდება ინდივიდუალურად ფაბლიშერსა და ლეიბლს შორის პირადი მოლაპარაკების შედეგად. ძირითადად ფასს განსაზღვრავს ფონოგრამის პოპულარობა და მისი მოთხოვნადობა და მას არეგულირებს ბაზარი. სხვადასხვა სიტუაციებში ფასის განმსაზღვრელი შეიძლება იყოს ბაზრის მოცულობა, გავრცელების პერიოდი, რეკლამის ხანგრძლივობა და ა.შ. მოსარჩელეებმა წარმოადგინეს ხელშეკრულებები, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთის ს----ს მეირ სხვადასხვა დროს გაცემულია ლიცენზიები იმ სიმღერებზე, რომლებიც არ იყვნენ პოპულარულები, მაგრამ მათი ღირებულება სხვა კრიტერიუმების გამო განისაზღვრა 23 000 აშშ დოლარის ფარგლებში. სადავო შესრულების შემთხვევაში კი დასტურდება, რომ მუსიკალური ნაწარმოების რეპროდუციერების დღეს, ამ ფონოგრამამ მიიღო გრემი, მუსიკალური უმაღლესი ჯილდო და გახდა წლის საუკეთესო ფონოგრამა. ამ წელს თითქმის არ გასცემდა დაფთ ფანქი სინქრონიზაციის ლიცენზიას და თუ გასცემდა მისი ფასი იწყებოდა 100 000 ევროდან. ამ შემთხვევაში კი, საქართველოს ბაზრიდან და მინიმალური ტარიფებიდან გამომდინარე, ს----მ მოითხოვა მინიმალური ჰონორარი - 20000 ევროს ოდენობით, ხოლო უარის მიღების შემდეგ კი ითხოვენ კანონის 59-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარანტირებულ კომპენსაციას, მიუღებელი შემოსავლის 20-მაგი ოდენობით. კომპენსაციის განსაზღვრისას კი გათვალისწინებული უნდა იყოს მომიჯნავე უფლების დარღვევის სიმძიმე, რის გამოც დამრღვევს უნდა დაეკისროს არა მინიმალური 10-მაგი, არამედ 20-მაგი ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საავტორო სამართალი იცავს გამოხატვის ფორმას და მომიჯნავე უფლებების სფეროში ნაწარმოების ასლის უნებართვო რეპროდუცირება ზიანს აყენებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს.

 

როგორც უკვე სასამართლომ დაადგინა, მოსარჩელეები არიან სადავო შესრულების მომიჯნავე უფლებების კანონიერი მფლობელები, მოპასუხემ ნებართვის გარეშე გამოიყენა სადავო ფონოგრამა და შესაბამისად, ამჯერად უნდა განისაზღვროს კომპენსაციის ოდენობა, რაც მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ მომიჯნავე უფლების დარღვევის გამო.

 

შპს ,,ბ----------------მა“ მიმართა ააიპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავმჯდომარეს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ გასცემს, ან გასცემდა თუ არა წარსულში (მათ შორის 2014 წელს) ლიცენზიებს საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის ჩართვაზე (რეპროდუციირებაზე); აქვთ, ან ოდესმე (მათ შორის 2014 წელს) ჰქონიათ თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე D---------G---------ის ფონოგრამაზე აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში ჩართვის (რეპროდუცირების) შესახებ ლიცენზიის გაცემის უფლება; გაუციათ თუ არა აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის ჩართვის შესახებ ლიცენზია. ასევე მოითხოვა ამ კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში აცნობონ რის საფუძველზე განისაზღვრება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში (მათ შორის რეკლამაში) მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის ჩართვის (რეპროდუცირების) ჰონორარი. ადგენს თუ არა ჰონორარს ან მისი განსაზღვრის წესს ადგილობრივი ან საერთაშორისო სამართლებრივი აქტი? ან დგინდება თუ არა ჰონორარი ან მისი განსაზღვრის წესი ნაწარმოებზე უფლების მფლობელთან ან შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით.

 

ააიპ ,,საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ“ კი შპს ,,ბ-----------------ს“ დასმულ შეკითხვებზე პასუხად აცნობა, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში მუსიკალური ნაწარმოების ჩართვაზე (რეპროდუცირებაზე)ლიცენზიას გასცემს (გასცემდა) მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, მაშინ როცა მუსიკალური ნაწარმოების უფლების მფლობელს (ავტორს, ფაბლიშერს) ასეთი უფლება გადაცემული აქვს კოლექტიურად სამართავად. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პრაქტიკა არის ძალიან იშვიათი, განსაკუთრებით მაშინ თუ ნაწარმოებს მართავს ფაბლიშერი და ასეთი გამონაკლისი შემთხვევები ძირითადად გვხვდება ქართული ნაწარმოებების შემთხვევაში, სადაც ავტორს მუსიკალური ფაბლიშერი არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, მუსიკალური ინდუსტრიის თვალსაჩინო წარმომადგენლების მუსიკალური ნაწარმოებების აუდივიზუალურ ნაწარმოებში ჩართვის უფლება იმართება მათი ფაბლიშერების მიერ. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასოციაციას ასეთი უფლების განხორციელების უფლებამოსილება გადაცემული აქვს უშუალოდ ქართველი ავტორის, ან ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ რომელიმე ქვეყნის საზოგადოებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ასეთ უფლებაზე ლიცენზიას გასცემს ასოციაცია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ლიცენზიის ობიექტია ხსენებული აუდიოვიზუალური ნაწარმოების გავრცელება, მისი საჯარო გადაცემა ტელევიზიით, რადიოთი და ა.შ. ასოციაციას საქართველოს ტეროტიარიაზე მითითებული მუსიკალური ნაწარმოების, კერძოდ კი D-------- - G-------- აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში ჩართვის (რეპროდუცირების) ლიცენზიის/ნებართვის უფლებამოსილება არ გააჩნდა და არ გააჩნიათ, რადგან აღნიშნული უფლება გააჩნია უშუალოდ უფლების მფლობელს და მის წარმომადგენელს (ავტორს/ფაბლიშერს). ასოციაციას აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში მუსიკალური ნაწარმოების ფონოგრამის, კერძოდ კი მომიჯნავე უფლების ობიექტის ჩართვაზე (რეპროდუცირებაზე) ლიცენზია არ გაუცია და ამჟამადაც არ გასცემს. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში მუსიკალური ნაწარმოების ჩართვის (რეპროდუცირების) ჰონორარს ასოციაცია განსაზღვრავს დამოუკიდებლად, თუმცა ჰონორარის განსაზღვრისას- მხედველობაში მიიღება სხვა ქვეყნის შესაბამისი განაკვეთები და ის რეკომენდაციები, რომლებიც მიღებულია საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციებისაგან, რომლის წევრიც არის ასოციაცია, ჰონორარის ოდენობას არ განსაზღვრავს არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო სამართლებრივი აქტი და მისი შემუშავების პროცესში ინდივიდუალურად არც უფლების მფლობელებთან, არც საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეთანხმების სამართლებრივი ვალდებულება ასოციაციას არ გააჩნია. უფლების მფლობელს განაკვეთის განსაზღვრის უფლებამოსილება გადმოცემული აქვს ასოციაციისათვის და სწორედ ეს არის კოლექტიური მართვის პრინციპი, რომ უფლებები იმართება და მათ შორის ჰონორარის ოდენობა დგინდება კოლექტიურ და არა ინდივიდუალურ საწყისებზე. საგულისხმოა, რომ პრაქტიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად უფლების მფლობელთან ჰონორარის შეთანხმება გაცილებით ფინანსურად დიდი ტვირთია მოსარგებლისათვის, ვიდრე, ჰონორარის გადახდა კოლექტიურ საწყისებზე დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, რომ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში მუსიკალურ ნაწარმოების ჩართვაზე (რეპროდუცირებაზე) უფლების მფლობელები როგორც წესი არ გადასცემენ უფლებას კოლექტიურ საწყისებზე სამართავად და ნებართვას გასცემენ ინდივიდუალურად.

 

ამდენად, ვინაიდან მოსარჩელეებს არ გადაუციათ მათი მომიჯნავე უფლებები საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისთვის სამართავად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ კომპენსაციის ოდენობა უნდა გამოითვალოს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის განაკვეთებით. მით უფრო მაშინ, როცა საავტორო უფლებათა ასოციაცია განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უფლების მფლობელი თვითონ განსაზღვრავს მისი უფლების სარგებლობისთვის მესამე პირისთვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობას. ამდენად, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო უფლების მფლობელს ნაწარმოების, მომიჯნავე უფლების ობიექტის ან მონაცემთა ბაზის მართლზომიერად გამოყენების შედეგად, ანუ რა ოდენობის ჰონორარს მოთხოვდნენ მოსარჩელეები მოპასუხეს, მას რომ გამოყენებამდე მიემართა ფონოგრამით სარგებლობის ნებართვის გასაცემად. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 26 აპრილს O-- ,,S-----------------------“-სა და იურიდიულ პირს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მომხმარებელს მიეცა უფლება არაგანსაკუთრებული ლიცენზიის პირობებით აუდიოვიზუალურ ნაწარმოების შემადგენლობაში ერთჯერადად, ფრაგმენტულად გამოიყენოს მუსიკალური ნაწარმოები ტექსტთან ერთად, სახელწოდებით: ,,A------”. შემსრულებელი - S--------, ამ ხელშეკრულების ფასი კი შეადგენდა 23764.256 ევროს; 2013 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებით კი O-- ,,S-----------------------“-მ მომხმარებელს დართო ნება მარტივი ლიცენზიის პირობებით, ერთჯერადად, ფრაგმენტულად გამოიყენოს რთული ობიექტის (აუდიოვიზუალური ნაწარმოების) შემადგენლობაში, რთული ობიექტის შემადგენლობაში ჩართვის მეშვეობით, ფონოგრამა მუსიკალური ნაწარმოებისა, ტექსტთან ერთად, სახელწოდებით: ,,M--------”, შემსრულებელი: ,,G------------”, ამისთვის კი მომხმარებელმა მოსარჩელეს გადაუხადა გასამრჯელო, 23394.0192 ევრო. ამ ხელშეკრულებებით შესაძლებელია განისაზღვროს ის ჰონორარი, რაც შესაძლებელია მოეთხოვა მოსარჩელეებს მოპასუხისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე დადებული ხელშეკრულების საგანია ნაკლებად ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებების და შემსრულებლების ფონოგრამები და სადავო ფონოგრამა კი არის საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული, რისი დასტურიცაა მუსიკალური ჯილდოს მიღება და მუსიკალურ ვებ.გვერდებზე მილიონობით მსმენელი, ასევე ყურადღება მისაქცევია ბაზრის სიდიდე, კერძოდ, წარმოდგენილი ხელშეკრულებების თანახმად, აუდიოვიზუალური ნაწარმოებების გავრცელების ბაზარი იყო რ------------------–-ა, რომელიც სიდიდით ბევრად აღემატება შპს ,,მ-------------ის“ აუდიოვიზუალური ნაწარმოების გავრცელების არეალს - საქართველოს ბაზარს. ამ გარემოებების ურთიერთშეჯერებით ჰონორარის გონივრულ ოდენობად უნდა განისაზღვროს 20 000 ევრო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელეების მომიჯნავე უფლება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი: Melnychuk v. Ukraine, Judgment. Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment;

შემსრულებელთა, ფონოგრამის მწარმოებელთა და სამაუწყებლო ორგანიზაციების დაცვის საერთაშორისო კონვენცია (რომის კონვენცია);

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის“ 1, მე-4, 40-ე, 46-ე, 48-ე, 51-ე, 21-ე, 58-ე, 59-ე;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს;

 

მოსარჩელეები ითხოვენ დაეკისროს შპს ,,მ-------------ს“ მოსარჩელის მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო კომპენსაცია 400 000 ევროს ოდენობით;

 

სასამართლო დავის გადასაწყვეტად მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა.

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები, რომლის დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.

 

მომიჯნავე უფლებები დაცულია საქართველოს კანონით ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, რომლის პირველი მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს: შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს;

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოსარჩელეების პრეტენზიას, რომლის თანახმადაც მოპასუხემ უნებართვოდ გამოიყენა მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ფონოგრამა. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტების თანახმად, ფონოგრამა არის შესრულების ხმის, სხვა ხმის ან ხმის გამომხატველი სიგნალის ჩანაწერი. ტერმინი არ გულისხმობს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში ჩართულ ხმის ჩანაწერს; „ფონოგრამის დამამზადებელი“ კი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა შესრულების ან სხვა ხმების პირველი ხმოვანი ჩანაწერის განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ფონოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ფონოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე; სადავო ფონოგრამა P----------------ის მუსიკალური ნაწარმოები ,,G--------”, შესრულებული D---------ის მიერ ეკუთვნის S--------- E------------s-ს, რომელიც წარმოდგენილია საკუთარი განყოფილების, C----------------ის სახით. ამ ფაქტს ადასტურებს cd დისკზე მითითებული აღნიშვნა, ასევე ს----ს პირველი ვიცე პრეზიდენტის წერილი.

 

მომიჯნავე უფლებების მესაკუთრე თავისუფალია ამ უფლებების მესამე პირისთვის გადაცემისას, რასაც ასევე ითვალისწინებს საქართველოს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, სალიცენზიო შეთანხმება ასევე სრულად პასუხობს ამ კანონით ხელშეკრულების დადებისას გასათვალისწინებელ გარემოებებს. კერძოდ, მე-40 მუხლის თანახმად, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: გამოსაყენებელი ნაწარმოების ზუსტ აღწერას (სახელწოდება, მოცულობა, ჟანრი), ნაწარმოების გამოყენების კონკრეტულ სახეს, ხელშეკრულების მოქმედების ვადას და ტერიტორიას, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს ან ჰონორარის ოდენობას ნაწარმოების გამოყენების ყოველი სახისათვის, მისი გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ. ნაწარმოების ყველა იმ სახით გამოყენების უფლება, რომელიც სალიცენზიო ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ეკუთვნის ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ნაწარმოების გამოყენების კონკრეტული სახე, ხელშეკრულება ითვლება დადებულად ნაწარმოების ისეთ გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად მხარეთა იმ განზრახვის შესრულებისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ ხელშეკრულების დადებისას. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხელშეკრულება შეიძლება გააუქმოს ავტორმა ან საავტორო უფლების სხვა მფლობელმა მისი დადებიდან 3 წლის შემდეგ. ლიცენზიატს აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს წერილობით ხელშეკრულების გაუქმებამდე 6 თვით ადრე. თუ სალიცენზიო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ტერიტორია, იგი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. სალიცენზიო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიეცეს სხვა პირებს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. თუ ნაწარმოების რეპროდუცირების შესახებ სალიცენზიო ხელშეკრულებაში ჰონორარი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით, სალიცენზიო ხელშეკრულებით უნდა დადგინდეს ნაწარმოების მაქსიმალური ტირაჟი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სალიცენზიო შეთანხმება აკმაყოფილებდა ამ შეთანხმების დადების ყველა პირობას.

 

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის თანახმად, მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან, მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან: შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები;

 

ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ანდა ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

 

მომიჯნავე უფლებათა წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის რაიმე ფორმალობათა დაცვა. ფონოგრამის დამამზადებელს ან შემსრულებელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს მომიჯნავე უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ფონოგრამის ყოველ ეგზემპლარზე ან/და მის ფუტლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან: ა) ლათინური ასო P წრეწირში: P ; ბ) განსაკუთრებული მომიჯნავე უფლების მფლობელის სახელი (დასახელება); გ) ფონოგრამის პირველი გამოცემის წელი.

 

მოსარჩელეები არიან მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები, ვინაიდან, S--------- E------------s-მა მის საკუთრებაში არსებული მომიჯნავე უფლებები, როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, სალიცენზიო შეთანხმებით გადასცა მოსარჩელეს - O------------------------------ს (რ------------------–-ა). მან კი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დადო ხელშეკრულება შპს ,,ბ-----------------სთან“, რომლითაც მეორე მოსარჩელე ვალდებული იყო განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებები S----------ის კატალოგიდან შესრულებებისა და ფონოგრამების დაცვისა და მათთან მიმართებით სამართალდარღვევათა აღვეთისათვის საქართველოს ტერიტორიაზე.

 

ფონოგრამის დამამზადებელს გააჩნია განსაკუთრებული უფლებები, კერძოდ, 48-ე მუხლის მიხედვით, ფონოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ფონოგრამა ნებისმიერი ფორმით, ფონოგრამის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით; ფონოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ფონოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; ფონოგრამის ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; დ) ფონოგრამის ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ე) ფონოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ფონოგრამის დამამზადებლის თანხმობით; ვ) ფონოგრამის გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის, მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

 

ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

 

მოპასუხემ უნებართვოდ, სალიცენზიო შეთანხმების გარეშე გამოიყენა რეკლამაში სადავო ფონოგრამა, რითაც ხელყო მოსარჩელეების განსაკუთრებული უფლებები.

 

კანონით განსაზღვრულია პირობები, რა დროსაც მესამე პირს შეუძლია გამოიყენოს მომიჯნავე უფლებათა ობიექტი, 51-ე მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.

 

დაშვებულია შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, შემდეგ შემთხვევებში: ა) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან ციტირებისას, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით; ბ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენებისას სწავლებისათვის ან მეცნიერული გამოკვლევებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით; გ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვისას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში.

 

დაშვებულია ფიზიკურ პირთა მიერ შესრულების, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება, აგრეთვე პირადი სარგებლობისათვის ფონოგრამის ან ვიდეოგრამის რეპროდუცირება შემსრულებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობის გარეშე. ასეთი რეპროდუცირება ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ხორციელდება ჰონორარის გადახდის პირობით.

 

ამ შემთხვევაში კი სახეზე არ იყო ის წინაპირობები, რომელთა არსებობის დროსაც მოპასუხეს შეეძლო ნებართვის გარეშე გამოეყენებინა სადავო ფონოგრამა.

 

58-ე მუხლის მიხედვით, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება: ა) ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება; ბ) უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე; გ) თუ ნაწარმოები, მომიჯნავე უფლების ობიექტი ან მონაცემთა ბაზა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა (საჯარო გაცნობის, მათი ჩანაწერის ასლების გავრცელების, გაქირავების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით), როდესაც აღნიშნულის განმახორციელებელმა პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ უფლების მართვის ინფორმაცია შეცვლილი ან წაშლილი იქნა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე; დ) ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლა; ე) ნებისმიერი ისეთი ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის წარმოება, იმპორტი, გავრცელება, გაყიდვა, გაქირავება ან რეკლამირება: ე.ა) რომლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ემსახურება ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას; ე.ბ) რომელსაც აქვს შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა და ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის გარდა შესაძლებელია მისი სხვა მიზნით გამოყენება; ე.გ) რომელიც თავიდანვე შექმნილია, განკუთვნილია, წარმოებულია ან გადაკეთებულია იმისთვის, რომ შესაძლებელი გახადოს ან ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლას; ვ) ტექნოლოგიის, მოწყობილობის ან მისი კომპონენტის გამოყენებით ტექნოლოგიური საშუალებების ნეიტრალიზაციის მიზნით მომსახურების შეთავაზება და გაწევა.

 

59-ე მუხლით კი, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს: ა) უფლების აღიარება; ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედების აღკვეთა, რომელიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს; გ) ამ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციულად მიჩნეული ასლების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის საჭირო მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ჩამორთმევა. ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის კონტრაფაქციული ასლები შეიძლება გადაეცეს უფლების მფლობელს მისი მოთხოვნით; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევის შესახებ; ე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაცვლად დამრღვევისთვის საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა მოსარჩელის სასარგებლოდ; ვ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები; ზ) მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების გამოყენება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

 

ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება უფლების მფლობელის არჩევით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული წინაპირობები აუცილებელია არსებობდეს ერთდროულად, ზიანის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისთვის არსებობს ხუთი ელემენტი: ქმედება, მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა, მიზეზობრივი კავშირი, ზიანი.

 

გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი-ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად იმპერატიულად დადგენილია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მისი დაკმაყოფილების გარკვეული წინაპირობების არსებობა და ამ ჩამოთვლილ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზიანის არსებობის ფაქტის და ამ ზიანის მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტი უნდა ამტკიცოს მოსარჩელელეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად.

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლომ უკვე იმსჯელა სავარაუდო ჰონორარის გამოანგარიშების წესზე და დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეების კანონიერ მფლობელობაში არსებული მომიჯნავე უფლების, ფონოგრამის გამოყენებით დაარღვიეს მოსარჩელეების განსაკუთრებული უფლება და წაართვეს შესაძლებლობა მიეღოთ ის ჰონორარი, რისი მიღებაც გარდაუვალი იქნებოდა სალიცენზიო შეთანხმების დადების დროს.

 

ფონოგრამის დამამზადებლის უფლებები ასევე დაცულია შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ რომის საერთაშორისო კონვენციით, რომელსაც საქართველო შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის N 3344 – რს დადგენილებით.

 

ამ კონვენციის თანახმად, ფონოგრამების დამამზადებლებს უფლება აქვთ ნება დართონ ან აკრძალონ თავისი ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუციება. თუ ფონოგრამა, რომელიც გამოიცა კომერციული მიზნებისათვის, ან ასეთი ფონოგრამის ეგზემპლიარი გამოიყენება მაუწყებლობის ან საჯარო გადაცემის პროცესში, მოსარგებლემ შემსრულებლის ან/და ფონოგრამის დამამზადებელს უნდა გადაუხადოს სამართლიანი ერთჯერადი ანაზღაურება. ეროვნული კანონმდებლობით შეიძლება განისაზღვოს ანაზღაურების განაწილების წესი, თუ აღნიშნული მხარეებს შორის შეთანხმება არ არსებობს.

 

ამდენად, მოპასუხემ ხელყო მოსარჩელეების საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით დაცული მომიჯნავე უფლება, რის გამოც მოსარჩელეებს წარმოეშვათ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება და იმის გათვალისწინებით, რომ მათ ვერ დაადასტურეს ამ დარღვევის განსაკუთრებული სიმძიმე, შპს ,,მ-------------ს“ უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლიანი ჰონორარის კანონით დადგენილი მინიმალური ათმაგი ოდენობა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

გარდა ამისა, მოსარჩელე და მოპასუხე შუამდგომლობენ ადვოკატის ხარჯების მოწინააღმდეგისათვის დაკისრებას.

 

პროცესის ხარჯები, რომელიც შედგება სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან, წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლების დასაცავად (აღსადგენად, მოსაპოვებლად) გაწეულ ხარჯებს, რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სარჩელზე დამდგარი იურიდიული შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელეების მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ფაქტი, მოსარჩელეების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხეების შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეებს უნდა დაეკისროთ წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. O------------------------------ის (რ------------------–-ა) და შპს ,,ბ-----------------სის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს ,,მ-------------ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის სახით 200 000 ევროს (ექვივალენტი ლარში) გადახდა;

 

3. შპს ,,მ-------------ს“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 2500 ლარის ოდენობით;

 

4. მოსარჩლეების მიერ გადახდილი ბაჟიდან 2500 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

5. მოსარჩლეებს დაეკისროთ მოპასუხის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯი 2493.47 ლარის ოდენობით;

 

6. მოსარჩელეების შუამდგომლობა ადვოკატის ხარჯის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი