განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
080100118002568632
დავის ტიპი
126 2 ბ
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/682-18 (N041290618003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

23.10.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული შ--–-- მ-------–--–---–ი

მამის სახელი: ჯ----–-

დაბადების თარიღი: 3--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, თ---------–--ის 1-ლი ჩიხი N7

 

ადვოკატი - მ--–---- თ----------ე

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, (03 ეპიზოდი).

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

შ--–-- მ-------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (02 ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 იანვრის თვეში ქუთაისი, ხ--------ს ქუჩა N2/140-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ--–-- მ-------–--–---–მა მეუღლეს ნ---- შ---–--ეს რამდენჯერმე ხელი დაარტყა ხელის არეში. დაზარალებულმა აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2018 წლის 18 აპრილს დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, ქუთაისი, თ---------–--ის პირველი ჩიხი ქუჩა N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ--–-- მ-------–--–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ნ---- შ---–--ეს ფეხი დაარტყა მუცლის არეში, ასევე ხელი მოუჭირა ყელის არეში.

- შ--–-- მ-------–--–---–ი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ეჭვიანობის მიზეზით მეუღლეს ნ---- შ---–--ეს 2016 წლის ზაფხულიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას. დაზარალებული აღნიშნულ ქმედების შედეგად განიცდის ტანჯვას.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 21 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ შ--–-- მ-------–--–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს შ--–-- მ-------–--–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, შ--–-- მ-------–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- შ---–--ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეთა - მ---- დ--–--–-–---–ის, ნ--- შ---–--ის და ნ--- მ-------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ შ--–-- მ-------–--–---–ის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; კომპლექსური-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; შემაკავებელი ორდერით, შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა შ--–-- მ-------–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (02 ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, (03 ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: შ--–-- მ-------–--–---–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, აგრეთვე უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; დაზარალებულს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულთან. ის ითხოვს ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას, ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან, ან სრულად გათავისუფლებას სასჯელისაგან, რადგან მიაჩნია, რომ შ--–-- მ-------–--–---–ი უკვე გამოსწორების გზაზეა - ჩაიდგა ალკოჰოლის მიღებასთან შეუთავსებელი ამპულა 2 წლის მოქმედების ვადით, მასთან და მის შვილებთან აქვს სამაგალითო ქცევა, ცდილობს ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენას, ცხოვრობს ეკლესიურად. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ შ--–-- მ-------–--–---–ს წარსულში არც ანალოგიური ფაქტი და არც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სხვა ქმედება არასოდეს ჩაუდენია და ოჯახურ კონფლიქტს რაიმე სერიოზული წანამძღვარი არ გააჩნია.

 

სასმართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შემდეგ გასულია თითქმის 4 თვე და ამ პერიოდში ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, ამასთან, ისინი ერთმანეთის გვერდით მუშაობენ ბაზრობაზე და აქვთ ყოველდღიური ურთიერთობა. შ--–-- მ-------–--–---–ი ბრალად შერაცხულ ქმედებებს ჩადიოდა ალკოჰოლური თრობისას, ის ამჟამად გადის სპეციალურ სამკურნალო კურსს და მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ასევე, ასევე ეხმარება მის არასრულწლოვან შვილებს და ერთმნიშვნელოვნად ადგას გამოსწორების გზას.

 

შ--–-- მ-------–--–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.

ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ შ--–-- მ-------–--–---–ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ--–-- მ-------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (03 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

1.1. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის იანვრის ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

1.2. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის ძალადობის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

1.3. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შ--–-- მ-------–--–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

3. შ--–-- მ-------–--–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 02 ივლისიდან 2018 წლის 04 ივლისის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში - განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში.

4. შ--–-- მ-------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (გ------- მ-------–--–---–ს) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.

5. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

6. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ შ--–-- მ-------–--–---–ს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე