განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/859-18 (N069200818001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22.10.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი ი----- მ–----
დაცვის მხარე
ბრალდებული ი---- გ-------ე
მამის სახელი: ბ------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: ს-–----–--
რეგისტრირებული: წყალტუბო, სოფელი ხ------–-
ადვოკატი - რ---- ზ----–---–ი
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 20 აგვისტოს, ღამის საათებში, ი---- გ-------ემ ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით უკანონოდ შეაღწია წყალტუბოს რაიონის სოფელ ბ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ---------- კ-------–---–ის კუთვნილ სამ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც თ---------- კ-------–---–ს მიადგა 5500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ასევე, ი---- გ-------ემ უკანონოდ შეაღწია ნ----------–- გ---–----ის კუთვნილ წყალტუბოს რაიონის სოფელ ბ-------ში მდებარე პირუტყვის სადგომში, საიდანაც ასევე ფარულად დაეუფლა ერთ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითაც ნ----------–- გ---–----ს მიადგა 1200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 10 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ი---- გ-------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი(წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ი---- გ-------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ი---- გ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ნ----------–- გ---–----ისა და თ---------- კ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გ-- კ---------ის, დ----- ბ------ის და ლ---–- გ--------ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებული ი---- გ-------ის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, ამოღების ოქმებით; ბრალდებულის დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ი---- გ-------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ი---- გ-------ის ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს საზოგადოებისათვის მომეტებულად საშიშ და გასაკიცხ ქმედებას, ვინაიდან სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისათვის, რქოსანი პირუტყვი მეტწილად წარმოადგენს შემოსავლის და რიგ შემთხვევაში არსებობის ერთადერთ წყაროს. ამასთან, სახეზეა ერთი ოჯახისაგან 3 სული პირუტყვის დაუფლების ფაქტი, რა დროსაც ზიანის ოდენობამ 5500 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე ოჯახისაგან დაუფლებულია 1 სული პირუტყვი, რამაც გამოიწვია 1200 ლარის ზიანი. მართალია, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული რქოსანი პირუტყვი ამოღებულია და დაუბრუნდა დაზარალებულებს, მაგრამ ეს განხორციელდა დამნაშავის ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო - მან ვერ შეძლო ყასაბისათვის საქონლის წარმომავლობის კანონიერების დამადასტურებელი ცნობის მიტანა. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუკი მოცემული სახის დანაშაულებზე არ იქნება გამოყენებული ეფექტური სასჯელი, მოხდება მისი ჩადენის წახალისება, ვინაიდან არაკეთილსინდისიერ ადამიანებში გააჩენს ცდუნებას ერთბაშად დიდი ოდენობის შემოსავლის მარტივი გზით მიღებისა. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებული ოჯახის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში
თანახმად სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, “ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი“.
ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ოჯახური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით ი---- გ-------ეს უნდა განესაზღვროს ისეთი სახის სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში(3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) მინიმალური ზომით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება, რის გამოც საქმის განხილვისას მათი გამოკვლევა არ მომხდარა, ადგილი არ ჰქონია დანაშაულზე წასწრების ფაქტსაც და მიიჩნევს, რომ ი---- გ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება შესაძლებელია, რაც თავის მხრივ საკმარისი იქნება სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ყველა მითითებული გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელის სრულად პირობით ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი---- გ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
2. ი---- გ-------ე დაპატიმრდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
3. ი---- გ-------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.
4. ი---- გ-------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 23 აგვისტოდან 2018 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
5. მსჯავრდებულ ი---- გ-------ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ი---- გ-------ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ი---- გ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად ი---- გ-------ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების 1/3 წილის - მდებარე წყალტუბო, გუმბრა, სოფელი ხ------–- (საკადასტრო კოდი 29.09.34.177) - 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
7.1. ი---- გ-------ისაგან ამოღებული ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
7.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი CD-R დისკები, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე