განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/509-18
გამოძიების N041300418007
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - გ---–- ტ-------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ე-–------ ზ--------ე
ბრალდებული - ზ---- გ--------ე
პირადი ნომერი: N5----------
დაბადების თარიღი: 21.04.1--- წელი
მამის სახელი: ა--------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: მქონე
მცხოვრები: წყალტუბო, სოფ. გ-------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქუთაისში, ასათიანის ქ. #119 2/22-ში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა ზ---- გ--------ემ მოტყუებით, თითქოსდა იყო სოციალური მუშაკი, უკანონოდ შეაღწია გ------ი კ--------ის საცხოვრებელ სახლში, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ------ი კ--------ის კუთვნილ ოთხ ცალ სამამულო ომის ვეტერანობის მედალსა და ოთხ ცალ ორდენს. რის შედეგადაც, დაზარალებულ გ------ი კ--------ეს მიადგა ქონებრივი ზიანი.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე დაზარალებულ გ------ კ--------ის და მოწმე ნ--–- ბ----–-–---–ის ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ზ---- გ--------ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მხარეებმა გარდა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებისა, არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა გ------ი კ--------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 30 აპრილს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და სახლში არ იმყოფებოდა, რა დროსაც, დაურეკეს ოჯახის წევრებმა, კერძოდ, დედამ და დეიდაშვილმა და უთხრეს, რომ მათთან სახლში მისულა უცნობი პიროვნება, რომელმაც თავი გაუცვნია მათთვის, როგორც სოციალური სამსახურის თანამშრომლად და მოითხოვა მათგან, რომ ეჩვენებინათ მისთვის საბრძოლო და არასაბრძოლო მედლები, რომლებიც მათ სახლში იყო და ეკუთვნოდა მის აწ. გარდაცვლილ მამას, რომელსაც ეს მედლები საბრძოლო დამსახურებისთვის ქონდა გადაცემული. დაზარალებულის განმარტებით სულ იყო 25 ერთეული მედალი. განმარტავს, რომ ბრალდებულმა ზუსტად იცოდა, თუ რომელი მედლები სჭირდებოდა, რადგან მან სახლში მყოფთ სთხოვა, ეჩვენებინათ მისთვის აღნიშნული მედლების დამადასტურებელი საბუთები და გადაამოწმებდა ნამდვილად საბრძოლო იყო თუ არა ისინი. სახლში მყოფებმა აჩვენეს მისი მამის კუთვნილი პიჯაკი, რომლზედაც დამაგრებული იყო მედლები. განმარტავს, რომ ამის შემდგომ იმდროისათვის უცნობ და ამჟამად ბრალდებულ ზ---- გ--------ეს უთქვამს, რომ მედლები ნამდვილად საბრძოლო იყო და რადგანაც მათი ოჯახის წევრი იყო სამამულო ომის მონაწილე დაუნიშნავდა მათ პენსიას 120 ლარის ოდენობით, ხოლო ამისთვის განცხადების დაწერის მიზნით მოუთხოვია, რომ მიეტანათ მისთვის კალამი და ფურცელი. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც ოთხიდან გასულან მისი ოჯახის წევრები კალმის და ფურცლის მოსაძებნად, ბრალდებულ ზ---- გ--------ეს შეუხსნია ფორმის პიჯაკზე მიმაგრობული სამამულო ომის 4 საბრძოლო მედალი, ასევე სხვადასხვა ორდენები და ჩუმად გაქცეულა სახლიდან. განმარტავს, რომ როდესაც სახლში მივიდა შინ დახვდა ატირებული, ანერვიულებული დედა და დეიდაშვილი. შეამოწმა მამის სამამულო ფორმა და ნახა, რომ ზუსტად მოპარული იყო 4 ორდენი, 3 წითელი ვარსკვლავის ორდენი, 1 წითელი დროშის ორდენი და 4 საბრძოლო მედალი, რომელთა ღირებულება ინტერნეტში უცხოენოვან საიტებზე მოძიებული ინფორმაციის თანახმად, შეადგენს დაახლოებით 14 000 ლარს, რომელთაგან მხოლოდ წითელი დროშის მედლის ღირებულება შეადგენდა 2000 დოლარს. განმარტავს, რომ ეს ყველაფერი მიღებული ჰქონდა მის მამას მე-2 მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბრძოლაში მიღებული დაზიანებებისა და დამსახურებების გამო გადასცეს აღნიშნული ჯილდოები. ითხოვს კუთვნილი ნივთების დაბრუნებას და ბრალდებულის კანონის შესაბამისად დასჯას.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, ნ--–- ბ----–-–---–მა განმარტა, რომ დეიდასთან ტ---- კ--------ესთან ერთად იმყოფებოდა გ------ კ--------ის ოჯახში. რა დროსაც მათთან მივიდა მათთვის იმ დროს უცნობი ბრალდებული ზ---- გ--------ე, რომელმაც უთხრა მათ, რომ იყო სოციალური დახმარებიდან, თან ხელში ეჭირა 100 ლარიანი და 20 ლარიანი. ეხმარებოდნენ სამამულო ომში მონაწილის ოჯახს და ითხოვდა საბუთებს, რათა გადაეცა მათთვის აღნიშნული თანხა, რაზეც ტ---- კ--------ემ უთხრა, რომ საბუთები ჰქონდა მის შვილს. ამის შემდეგ ზ---- გ--------ემ ითხოვა ეჩვენებინათ მისთვის ,,მუნდირი“, რათა ჩაეწერა მასზე არსებული მედლების და ორდენების ნომრები. მიუთითებს, რომ ტ---- კ--------ის მიერ გამოტანილი იქნა აღნიშნული ,,მუნდირი“, რომლისგანაც ზ---- გ--------ემ დაიწყო მედლების და ორდენების მოხსნა. გარკვეული დროის შემდეგ კი ითხოვა კალმის და ფურცლის მისთვის მიტანა, რის გამოც, დეიდასთან ტ---- კ--------ესთან ერთად გავიდა სხვა ოთახში, ხოლო როდესაც უკან დაბრუნდნენ, ზ---- გ--------ე აღარ დახვდათ. მოწმის განმარტებით, მან ამოცნობის ოქმში მიიღო მონაწილეობა და მაშინვე მიუთითა პირზე, რომელიც მათთან იყო მისული, როგორც თითქოსდა სოციალური მუშაკი. ასევე, სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ აღნიშნული პირი იმყოფებოდა სხდომის დარბაზში და ის იყო ბრალდებული ზ---- გ--------ე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ზ---- გ--------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო, გარდა დიდი ოდენობით მიყენებული ზიანის ნაწილისა და განმარტა, რომ 2018 წლის 30 აპრილს მივიდა მისთვის იმ დროისათვის უცნობი გ------ კ--------ის ოჯახში, სადაც ქალბატონმა გაუღო კარები. გადმოცემით იცოდა, რომ მითითებულ სახლში ცხოვრობდა ომის მონაწილე ,,მედალოსანი“ და აპირებდა 120 ან 200 ლარად შეეძინა მისგან მედლები. მისვლისას გაარკვია, რომ აღნიშნული მედლების მფლობელი 20 წლის გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი შვილი, რომელსაც საბუთები ჰქონდა, არ იყო სახლში. რის შემდეგაც, გადაწყვიტა ჩაედინა აღნიშნული დანაშაული, რასაც ინანიებს. მიუთითა, რომ მედლების ნაწილი დააბრუნა, ხოლო დანარჩენს ფიზიკურად ან თანხობრივად დაუბრუნებს დაზარალებულს. მის მიერ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მედლების ფასი იყო დაახლოებით 500 ლარი, რის გამოც, არ ეთანხმება დაზარალებულის მიერ მითითებულ მის მიერ წაღებული მედლების შეფასებას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ზ---- გ--------ის მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებები: დაზარალებულ გ------ კ--------ის და მოწმე ნ--–- ბ----–-–---–ის ჩვენებით ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, მოწმეების: ტ---- კ--------ის, ა-–---------- ა----–--ის, რ---------–-----ის, ზ---- გ--------ის გამოკითხვის ოქმები. ჩხრეკის ოქმი, ამოღებული მედლები და ორდენები. პირის ამოცნობის ოქმი, ზ---- გ--------ის ნასამართლობის ცნობა, 2016 წლის 15 ივნისის განაჩენი, 2007 წლის 29 ნოემბრის განაჩენი, წერილი პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, წერილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან და საქმეზე შეკრებილი სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ზ---- გ--------ემ ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და შესაბამისად, ბრალდებულ ზ---- გ--------ეს მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით, რადგანაც ბრალდებულის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედება სრულად შეიცავს წარდგენილი ბრალდების - ქურდობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და იგი დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
რაც შეეხება ზ---- გ--------ის მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით,წარდგენილ ბრალდებას, კერძოდ, ,,ქურდობა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია“, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული ბრალდება ზ---- გ--------ეს უნდა ამოერიცხოს წარდგენილი ბრალდებებიდან, როგორც ზედმეტად წარდგენილი, რადგანაც ბრალდების ამ ნაწილში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმეზე წარმოდგენილი არ არის სხვა სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელი იქნებოდა დაზარალებულზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა.
სასამართლო, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ზ---- გ--------ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები:
ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის ნასამართლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ნასამართლობის მქონე და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა კვლავ განახორციელა ახალი განზრახი დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულის ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა არ აუნაზღაურა ზიანი დაზარალებულს. ამასთან ითვალისწინებს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, იმ გარემოებას, რომ ქმედება მიმართულია იმ პირის მიმართ, რომელიც საზოგადოებაში თავისი ასაკის გამო, მომეტებულ პატივისცემას საჭიროებს. კერძოდ, ბრალდებულმა ქმედება განახორციელა იმ დროს, როდესაც საცხოვრებელ სახლში ორი ხანდაზმული პიროვნება იმყოფებოდა.
სასამართლო, ამავე დროს ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ, დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, გადატანილი აქვს ინფარქტი, აქვს არტერიული ჰიპერტენზია და სხვა დაავადებები. აღიარებს და ინანიებს მომხდარ ქმედებას. სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას და მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ გამოყენებული იქნება ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, რაც თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, რადგანაც იგი გამართლებული იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ზ---- გ--------ის რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებულ ზ---- გ--------ეს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
2. ბრალდებული ზ---- გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული პირობითი მსჯავრი 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 07 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ზ---- გ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
5. გაუქმდეს ზ---- გ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ ზ---- გ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 მაისიდან.
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორდერები და მედლები, პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები (დალუქულ მდგომარეობაში ინახება პოლიციის პირველ განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდი, საკონტროლო ნიმუშთან ერთად და მიკრონაწილაკები, ხელის 02 კვალი, ზ---- გ--------ის ნერწყვის ნიმუში და ზ---- გ--------ის ხელის კვლების ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. ხოლო CD დისკი მასზე ჩაწერილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალით (თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), CD დისკი მასზე ჩაწერილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალით (თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია გ------ კ--------ის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების და დოკუმენტაციის სკანირებული ვერსიები, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე