გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2018
საქმის ნომერი
330210118002263063
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1505-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - თ-----------------ე

წარმომადგენელი - ი---------ე

მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - ლ-----------ე

წარმომადგენელი - მ---------------ე

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

დავის საგანი ძირითად სარჩელში: შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (ძირითად სარჩელში)

 

1.1. მოსარჩელე თ-----------------ესათვის არასრულწლოვან ნ-----–-------------------ესთან (დაბადებული 2-----–-–-------------------) ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ყოველი კვირის პარასკევს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე და კვირას 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

თ-----------------ე და ლ-----------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ 2----–-–------------------- შეეძინათ შვილი ნ-----–-------------------ე. მხარეები ამჟამად ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი ბავშვი აღსაზრდელად იმყოფება დედასთან, ლ-----------ესთან. მოპასუხე არასრულწლოვანის მამას, თ-----------------ეს არ აძლევს უფლებას, იქონიოს შვილთან სტაბილური და ნორმალური ურთიერთობა. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და მისი სწორი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია არასრულწლოვან ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, შესაბამისად, მიზანშეწონილია, სასამართლომ განსაზღვროს მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი.

მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა სასამართლოს სხდომაზე.

(სარჩელი, 2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

 

1.2.1. მოპასუხე თ-----------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------------- დაბადებული ნ-----–-------------------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

ლ-----------ეს და თ-----------------ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–-------------------, შეეძინათ შვილი, ნ-----–-------------------ე. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ბავშვი ცხოვრობს დედასთან და ამჟამად, თ-----------------ე არ იღებს მონაწილეობას ბავშვის რჩენა-აღზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებში. მოპასუხე დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. იგი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანი ნ-----–-------------------ის რჩენა-აღზრდაში და სტაბილურად დაეხმაროს მას მატერიალურად.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ლ-----------ე არ არის წინააღმდეგი მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან ნ-----–-------------------ესთან. ბავშვისათვის მამასთან ურთიერთობა აუცილებელია მისი სრულყოფილი აღზრდისათვის. ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, მამასა და შვილს შორის ურთიერთობა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: ყოველი კვირის პარასკევ დღეს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე და შაბათ დღეს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე. ხოლო რაც შეეხება კვირა დღეს, დასვენების ერთ დღეს დედასაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვანთან. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელე არასრულწლოვანის ნახვის პერიოდში უნდა იყოს აბსოლიტურად ფხიზელ მდგომარეობაში, ყოველგვარი მავნე ნივთიერებების ზემოქმედების გარეშე.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

მოპასუხე თ-----------------ე ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის გადახდის თაობაზე და თავისი მატერიალური შემოსავლის ოდენობის გათვალისწინებით, თანახმაა, არასრულწლოვანი ნ-----–-------------------ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად გადაიხადოს 100 (ასი) ლარი.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. ვინაიდან, მოპასუხე ლ-----------ე არ არის წინააღმდეგი, მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან ნ-----–-------------------ესთან. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის მოთხოვნილი დროის მონაკვეთი შეესაბამება ნ-----–-------------------ის ასაკს და მისი ასაკის შესაბამის ცხოვრების რეჟიმს. სოციალური მუშაკის მიერ შეფასდა მოსარჩელე თ-----------------ის საცხოვრებელი პირობები, შედგა მასთან გასაუბრება და შვილთან ურთიერთობისათვის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება არ გამოიკვეთა. ტერიტორიული დაშორების ფაქტის გამო, მიზანშეწონილი იქნება ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი განისაზღვროს პარასკევს, შაბათს და კვირას, რაც ხელს არ შეუშლის აღმზრდელობით და შემდგომში სასწავლო პროცესში არასრულწლოვანის ჩართულობას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. თ-----------------ე და ლ-----------ე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ, თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–-------------------, შეეძინათ შვილი, ნ-----–-------------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 13);

- ფოტოსურათები (ს.ფ. 45-49).

 

4.1.2. მოსარჩელე თ-----------------ე და მოპასუხე ლ-----------ე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ნ-----–-------------------ე ცხოვრობს დედასთან, ლ-----------ესთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

4.1.3. ლ-----------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია შემოსავალი. მას მატერიალურად ეხმარება ძმა;

სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ლ-----------ეს მიერ 01.01.2017 წლიდან 31.07.2018 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება;

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 04 სექტემბერს გაცემული ცნობა (ს.ფ. 190).

 

4.1.4. მხარეებს, თ-----------------ეს და ლ-----------ეს შორის დაძაბული ურთიერთობაა; 2017 წლის 17 ოქტომბერს თ-----------------ის, როგორც მოძალადის წინააღმდეგ გაიცა შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის ლ-----------ის მიმართ, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. შემაკავებელი ორდერით გათალისწინებული იქნა მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

- ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული შემაკავებელი ორდერი N------ (ს.ფ. 184-187).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა ლ-----------ის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, სოფ. დიღომი, ვ-–----–----–--------, სადაც მოპასუხე ლ-----------ე ცხოვრობს შვილთან, ნ-----–-------------------ესთან და ძმასთან ერთად ოთხ ოთახიან გარემონტებულ კერძო სახლში. საცხოვრებელში სუფევს წესრიგი და სისუფთავე, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვის ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარების ნივთებით და ასაკობრივი განვითარების სათამაშოებით. დედას და შვილს შორის ჩამოყალიბებულია პოზიტიური მიჯაჭვულობა. ბავშვი არის სუფთად მოვლილი და სეზონის შესაბამისად ჩაცმული. ნ-----–----ი დადის N----ე ბაგა-ბაღში. ოჯახში არის შექმნილი კეთილსაიმედო გარემო ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 05 თებერვლის დასკვნა N---- (ს.ფ. 29);

 

4.2.2. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შედგა ვიზიტი მოსარჩელე თ-----------------ესთან საცხოვრებელ მისამართზე ქ. ბათუმი, ზ----------–------------------------ ბინა არის 120 კვ.მ., კარგი საცხოვრებელი პირობებით. საცხოვრებელი წარმოადგენს ხუთ ოთახიან ბინას, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განლაგებულია აუცილებელი ავეჯი და თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბინაში არის ბავშვის კუთხე, მისთვის მოწყობილი საბავშვო ინვენტარით აღჭურვილი საძინებელი ოთახი;

თ-----------------ის და მისი შვილი ურთიერთობის საკითხში ხელის შემშლელი გარემოებაა ტერიტორიულად მოშორებით ცხოვრება, კერძოდ, მოსარჩელე ცხოვრობს ბათუმში, ხოლო არასრულწლოვანი ბავშვი - თბილისში, თუმცა თ-----------------ე მზადაა, თვითონ წავიდეს შვილის სანახავად და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, სურს მხოლოდ რამდენიმე საათი გაიყვანოს სასეირნოდ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის დასკვნა N---- (ს.ფ. 211).

 

4.2.3. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. ბათუმი, ბ-------–---–----------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------- და ასევე, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, ბ-------–---–----------------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ-----------------ის სახელზე;

თ-----------------ეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადების მიმართვის გზით მოთხოვნილი აქვს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთის ფართობი 9984 კვ.მ.) მდებარე ქობულეთი, ს----------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 22.06.2017 წელი (ს.ფ. 177);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 17.07.2018 წელი (ს.ფ. 178);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.07.2017 წლის განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 109-110);

 

4.2.4. თ-----------------ე წარმოადგენს შპს ,-----------–-----ს 50%-იანი წილის მფლობელს და ერთ-ერთ დამფუძნებელს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 10.07/2017 (ს.ფ. 111-112).

 

4.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ლ-----------ის მიერ 01.01.2009 წლიდან 31.12.2017 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 65326.58 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 09 თებერვალს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 115-116).

 

4.2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით თ-----------------ეს კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის ივლისის თვეში - 1606.3 ლარს და 2018 წლის მარტის თვეში - 15 164.4 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 17 მარტის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 154-155).

 

4.2.7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, არასრულწლოვან ნ-----–-------------------ის აღზრდა-განვითარების ინტერესებისათვის აუცილებელია ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან. თ-----------------ეს ბავშვის მიმართ აქვს დადებითი ემოციები. მას სურს ჰქონდეს კონკრეტული დრო ბავშვის ნახვისთვის, რათა არ მოხდეს ბავშვის გაუცხოვება მამასთან. მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ორივე მათგანს უფლება აქვთ, მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. სოციალური მუშაკის შეფასებით, არ არსებობს თ-----------------ისათვის მის შვილთან, არასრულწლოვან ნ-----–-------------------ესთან ურთიერთობისთვის ხელისშემშლელი გარემოება. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, კვირაში სამი დღე, დღის განმავლობაში მამას ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ამ ეტაპზე ღამით დარჩენის უფლების გარეშე, იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს არასრულწლოვანის ასაკის შესაბამის აღმზრდელობით პროცესში ბავშვის ჩართულობას;

სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს არასრულწლოვანი ნ-----–-------------------ის ასაკობრივ მაჩვენებლებს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 05 თებერვლის დასკვნა N---- (ს.ფ. 29);

- ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2018 წლის 04 ოქტომბრის დასკვნა N---- (ს.ფ. 211);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

4.2.8. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე თ-----------------ის (შეგებებული სარჩელით) სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, თ-----------------ის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებში დაფიქსირებული თანხები მას არ ეკუთვნოდა პირადად, იგი გარკვეულ სამეწარმეო საქმიანობაში დაკავშირებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, რომელსაც პირადი საბანკო ანგარიში არ ჰქონდა საქართველოში გახსნილი, რის გამოც მითითებული თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მოპასუხის ანგარიშზე, რაც შემდეგ გადანაწილდა სხვადასხვა პირებზე. თ-----------------ის განმარტებით, შპს ,-----------–---- წარმოადგენს ტურისტულ კომპანიას, თუმცა ამ ეტაპზე იგი არ ფუნქციონირებს და არანაირი შემოსავალი ამ საწარმოდან, თ-----------------ეს არ გააჩნია. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 17 მარტის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 154-155).

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. სასამართლომ განიხილა თ-----------------ის სასარჩელო მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან.

 

5.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. თ-----------------ემ სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან ნ-----–-------------------ესთან (დაბადებული 2-----–-–-------------------) ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ყოველი კვირის პარასკევს 17:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე და კვირას 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ნ-----–-------------------ე (დაბადებული 2----–-–-------------------) არის მოსარჩელე თ-----------------ის და მოპასუხე ლ-----------ის შვილი. მხარეები დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ნ-----–-------------------ე ცხოვრობს დედასთან, ლ-----------ესთან ერთად, საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, სოფ. დიღომი, ვ-–----–----–--------, სადაც მოპასუხე ლ-----------ე ცხოვრობს ძმასთან, ოთხ ოთახიან გარემონტებულ კერძო სახლში. საცხოვრებელში სუფევს წესრიგი და სისუფთავე, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ბავშვის ოთახი აღჭურვილია ინდივიდუალური განვითარების ნივთებით და ასაკობრივი განვითარების სათამაშოებით. დედას და შვილს შორის ჩამოყალიბებულია პოზიტიური მიჯაჭვულობა. ბავშვი არის სუფთად მოვლილი და სეზონის შესაბამისად ჩაცმული. ნ-----–----ი დადის N----ე ბაგა-ბაღში. ოჯახში არის შექმნილი კეთილსაიმედო გარემო ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ამ ეტაპზე ლ-----------ე არ არის დასაქმებული და მთლიანად ჩართულია არასრულწლოვანის აღზრდის საკითხებში. საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი იზრდება მისთვის საუკეთესო, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში.

სოციალური სამსახურის მიერ ასევე შემოწმდა არასრულწლოვანის მამის, თ-----------------ის საცხოვრებელი პირობები. ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შედგა ვიზიტი მოსარჩელე თ-----------------ესთან საცხოვრებელ მისამართზე ქ. ბათუმი, ზ----------–------------------------ ბინა არის 120 კვ.მ., კარგი საცხოვრებელი პირობებით. საცხოვრებელი წარმოადგენს ხუთ ოთახიან ბინას, სადაც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განლაგებულია აუცილებელი ავეჯი და თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბინაში არის ბავშვის კუთხე, მისთვის მოწყობილი საბავშვო ინვენტარით აღჭურვილი საძინებელი ოთახი. მამას არასრულწლოვანის მიმართ დადებითი ემოციები, ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს. თ-----------------ის და მისი შვილი ურთიერთობის საკითხში ხელის შემშლელი გარემოებაა ტერიტორიულად მოშორებით ცხოვრება, კერძოდ, მოსარჩელე ცხოვრობს ბათუმში, ხოლო არასრულწლოვანი ბავშვი - თბილისში, თუმცა თ-----------------ე მზადაა, თვითონ წავიდეს შვილის სანახავად და ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, სურს, მხოლოდ რამდენიმე საათი გაიყვანოს სასეირნოდ. ამ ეტაპზე არასრულწლოვანის ინტერესების შესაბამისად, მოსარჩელე არ მოითხოვს ბავშვის ღამით დარჩენის უფლების მინიჭებას, ვინაიდან იგი მხედველობაში იღებს მცირეწლოვანი ნ-----–-------------------ის ინტერესებს, მის მიჯაჭვულობას დედასთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და მათთან სტაბილური კონტაქტი მნიშვნელოვანია არასრულწლოვანი სწორი აღზრდისა და მისი განვითარებისათვის.

 

მოპასუხე ლ-----------ე არ არის წინააღმდეგი მოსარჩელეს ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, თუმცა ამავდროულად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომ შესაძლებლია მოსარჩელე იმყოფებოდეს არაფხიზელ მდგომარეობაში. ამასთან, იგი წინააღმდეგია კვირა დღის განმავლობაშიც მამას განესაზღვროს ურთიერთობისათვის დრო, ვინაიდან, დედასაც სურს არასრულწლოვანთან ჰქონდეს ურთიერთობა დასვენების დღეს.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით, არასრულწლოვან ნ-----–-------------------ის აღზრდა-განვითარების ინტერესებისათვის აუცილებელია, ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან. თ-----------------ეს ბავშვის მიმართ აქვს დადებითი ემოციები. მას სურს, ჰქონდეს კონკრეტული დრო ბავშვის ნახვისთვის, რათა არ მოხდეს ბავშვის გაუცხოვება მამასთან. მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ორივე მათგანს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. სოციალური მუშაკის შეფასებით, არ არსებობს თ-----------------ისათვის მის შვილთან, არასრულწლოვან ნ-----–-------------------ესთან ურთიერთობისთვის ხელისშემშლელი გარემოება. ამასთან, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, კვირაში სამი დღე, დღის განმავლობაში მამას ჰქონდეს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ამ ეტაპზე ღამით დარჩენის უფლების გარეშე, იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს არასრულწლოვანის ასაკის შესაბამის აღმზრდელობით პროცესში ბავშვის ჩართულობას. ამასთან, ვინაიდან მამა და მცირეწლოვანი ბავშვი სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ, მათ შორის ტერიტორიული დაშორებაა და არაგონივრული იქნება კვირის რომელიმე სამუშაო დღის დადგენა, შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პარასკევის, შაბათს და კვირას დღის საათებში განისაზღვროს არასრულწლოვანთან ურთიერთობის დროის მონაკვეთი არასრულწლოვანისათვის ჩვეული რეჟიმის გათვალისწინებით.

 

სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს არასრულწლოვანი ნ-----–-------------------ის ასაკობრივ მაჩვენებლებს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებიდან გამომდინარე, არ გამოიკვეთა თ-----------------ის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი შესაძლოა ყოფილიყო ბავშვისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს ის, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვან ნ-----–-------------------ეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მამასთან ურთიერთობა და ამისთვის დროის მონაკვეთი უნდა განისაზღვროს ბავშვის ასაკის, ჩვეული რეჟიმის და მამასთან არსებული დამოკიდებულების გათვალისწინებით. სასამართლო ითვალისწინებს მამასა და შვილს შორის ტერიტორიულ დაშორებას, რის გამოც მიზანშეწონილად არ მიიჩნევს კვირის რომელიმე სხვა დღის დადგენას ურთიერთობისათვის, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი კვირის სამი დღე (დღის საათები) მოცემულ შემთხვევაში, სოციალური სამსახურის წარმომადგენლის რეკომენდაციით, არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსარჩელეს და არასრულწლოვან შვილს შორის ჩამოყალიბდეს რეგულარული ურთიერთობა და არ მოხდეს მათ შორის გაუცხოვება.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თ-----------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მას არასრულწლოვან შვილთან ნ-----–-------------------ესთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს დრო ყოველი კვირის პარასკევი 17:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათი 12:00 საათიდან 20:00 საათამდე და კვირა დღეს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე. მამასა და შვილებს შორის არსებული შესაძლო გაუცხოვების აღმოფხვრისა და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.

 

7.2. მოსარჩელე ლ-----------ემ შეგებებული სარჩელით ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–------------------- დაბადებული ნ-----–-------------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ნ-----–-------------------ე ცხოვრობს მოსარჩელესთან ლ-----------ესთან ეს უკანასკნელი კი ცხოვრობს ძმასთან, თბილისში. მათი საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. არასრულწლოვანი დადის საბავშვო ბაღში. ამ ეტაპზე მოსარჩელე ლ-----------ე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. მას მატერიალურად ეხმარება ძმა. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, ლ-----------ეს მიერ 01.01.2017 წლიდან 31.07.2018 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. დადგენილია მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით თ-----------------ეს კუთვნილი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის ივლისის თვეში - 1606.3 ლარს და 2018 წლის მარტის თვეში - 15 164.4 ლარს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე თ-----------------ის (შეგებებული სარჩელით) სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, თ-----------------ის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემებში დაფიქსირებული თანხები მას არ ეკუთვნოდა პირადად, იგი გარკვეულ სამეწარმეო საქმიანობაში დაკავშირებული იყო უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, რომელსაც პირადი საბანკო ანგარიში არ ჰქონდა საქართველოში გახსნილი, რის გამოც მითითებული თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მოპასუხის ანგარიშზე, რაც შემდეგ გადანაწილდა სხვადასხვა პირებზე.

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოსარჩელე მხარე (შეგებებული სარჩელით) მიუთითებს, რომ მხარეს აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი, თუმცა მიმდინარე პერიოდისათვის მოპასუხე თ-----------------ის მიერ სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

საქმის მასალების მიხედვით, თ-----------------ე წარმოადგენს შპს ,-----------–-----ს 50%-იანი წილის მფლობელს და ერთ-ერთ დამფუძნებელს, თუმცა მოპასუხე მხარის განმარტებით, შპს ,-----------–---- წარმოადგენს ტურისტულ კომპანიას, თუმცა ამ ეტაპზე იგი არ ფუნქციონირებს და არანაირი შემოსავალი ამ საწარმოდან, თ-----------------ეს არ გააჩნია. მოსარჩელე აპელირებს ასევე მოპასუხის მიერ უძრავი ქონების გაქირავების შედეგად შემოსავლის მიღების თაობაზე. საქმეში არსებული მასალებით, უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. ბათუმი, ბ-------–---–----------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------- და ასევე, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, ბ-------–---–----------------------------------------–----------------------------------------------------------------------------------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია თ-----------------ის სახელზე. თ-----------------ეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განცხადების მიმართვის გზით მოთხოვნილი აქვს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთის ფართობი 9984 კვ.მ.) მდებარე ქობულეთი, ს----------------. მართალია, აღნიშნული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ მოპასუხის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება, თუმცა ის გარემოება, რომ ამ ეტაპზე მოპასუხეს გაქირავებული აქვს ფართი და იღებს სტაბილური შემოსავალს, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად არ იქნა დადასტურებული.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თ-----------------ე თანახმაა თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 100 (ასი) ლარი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვი კვირის გარკვეულ დღეებს გაატარებს მამასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისათვის აუცილებელ ხარჯს. სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავლების, ყოველთვიური ხარჯისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენასა და აღზრდისათვის. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, ასევე მხარის თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–-------------------ის სასარგებლოდ, იქნება თვეში 170 (ას სამოცდაათი) ლარი

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოპასუხე მხარემ გარკვეულ ნაწილში ცნო სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელე თ-----------------ეს თავდაპირველ სარჩელზე (დავის საგანი - არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა) გადახდილი აქვს ბაჟი 100 (ასი) ლარი, რაც თ-----------------ის (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) მიერ სახელმფიწო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა ჩაითვალოს გადახდილად ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. განესაზღვროს თ-----------------ეს (პირადი N------------) არასრულწლოვან შვილთან, ნ-----–-------------------ესთან (დაბადებული 2----–-–-------------------, პირადი N-----------) ურთიერთობისათვის ყოველი კვირის პარასკევი 17:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათი 12:00 საათიდან 20:00 საათამდე და კვირა 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

3. ლ-----------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. თ-----------------ეს (პირადი N------------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–-------------------ის (დაბადებული 2----–-–-------------------, პირადი N-----------) სასარგებლოდ, თვეში 170 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

5. თ-----------------ის (პირადი N------------) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა