გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/26647-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.10.2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე სს თ--–---,წარმომადგენელი ზ---- ბ------,მოპასუხე ა-–---------- უ------–---,დავის საგანი ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ა-–---------- უ------–---ს დაევალოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საზღვრებში, სს თ--–---ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის ს/კ. 0-.1-.1-.0--.0-- მომიჯნავედ, ჩამოჭრილი ფერდობის, სანებართვო პირობების დაცვით, ფერდის სიმაღლის დონეზე, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა-–---------- უ------–---მ შესაგებელი სასამართლოში არ წარმოადგინა, სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა, შესაბამისად, მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს თ--–---ს საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თ---–---, მ-------ს დ-----–---, ნაკვეთის 6/1 (ს/კ. 0-.1-.0--.0--), რ------------ის მიმდებარედ, სადაც განთავსებულია სს თ--–---ს მაღალი ძაბვის ქვესადგური.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს. ფ. 17.
საკადასტრო გეგმის ასლი ს. ფ. 18.
მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
3.1.2. სს თ--–---ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ (ამჟამად ს/კ. 0-.1-.1-.0--.0--) განხორციელდა მთის ფერდობის ჩამოჭრა, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ექსპერტიზის დასკვნის ასლი ს. ფ. 29-60.
ფოტოილუსტრაციის ასლი ს. ფ. 67-69, 234.
მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
3.1.3. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნით ქ. თბილისში, მ-------ს დ-----–---ში, სს თ--–---ს კუთვნილებაში არსებული შენობის მარჯვენა ტორსული კედლის და ფერდობის დახრილობის მხარეს, ინდივიდუალური შენობების მშენებლობის გამო ფერდობი ჩამოჭრილია ვერტიკალურად, ყოველგვარი გამაგრების გარეშე (მარჯვენა ტორსული კედლის მხარეს ვერტიკალურად ჩამოჭრილ ფერდთან ალაგია საბურავები), რის გამოც მთლიანობაში ფერდობის მდგრადობა გაუარესებულია და საფრთხეს უქმნის როგორც სს თ--–---ს კუთვნილებაში არსებულ შენობას, ასევე მშენებარე ინდივიდუალურ შენობებს, მითუმეტეს, რომ ძირითადი ქანები ძლიერ გამოფიტულია (იშლება ხელის შეხებით) და ზოგიერთ ადგილზე ქანების განლაგებას აქვს კატაკლინური ხასიათი.
თბილისში, მ-------ს დ-----–---ში სს თ--–---ს კუთვნილებაში არსებული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მიწისძვრის ან ხანგრძლივი ინტენსიური ატმოსფერული ნალექების შემთხვევაში, შესაძლებელია მეწყერული პროცესების განვითარება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გამოუსწორებელი შედეგები.
ფერდების დაზიანების მიზეზების და მისი შემდგომი უსაფრთხოების დასადგენად, აუცილებელია მიმდებარე ტერიტორიის ტოპო-გეოდეზიური და საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევების ჩატარება. მიღებული შედეგების მიხედვით, პროექტირების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ფერდობის მდგრადობის განსაზღვრა და ოპტიმალური მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების დამუშავება.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ექსპერტიზის დასკვნის ასლი ს. ფ. 29-60.
მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
3.1.4 ქ. თ---–---ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 22.11.2016 წლის N16/3----- წერილით ქალაქ თ---–---ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 23.09.2016 წლის #0----- მითითებით დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით მოქალაქე ა-–---------- უ------–--ის მიმართ.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
წერილის ასლი ს. ფ. 66.
მოსარჩელის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ა-–---------- უ------–--- არ წარმოადგენს სს თ--–---ს მომიჯნავედ მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს/მფლობელს. მოპასუხე ა-–---------- უ------–--ის მიერ არ განხორციელებულა მთის ფერდობის ჩამოჭრა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად, რომ მოპასუხის მიერ იქნა წარმოებული მთის ფერდობის ჩამოჭრა საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ასევე ერთვის ფოტოსურათები ს. ფ. 29-60, თუმცა არც ექსპერტიზის დასკვნით და არც ფოტოსურათებით არ დგინდება მოპასუხე ა-–---------- უ------–--ის მიერ საამშენებლო სამუშაოების წარმოება მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მომიჯნავედ, მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა არქიტექტურის სამსახურის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ა-–---------- უ------–--ის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება რა შედეგი დადგა და ცნობილ იქნა თუ არა ა-–---------- უ------–--- სამართალდამრღვევად და მოსარჩელის მიერ მოპასუხედ მითითებული ა-–---------- უ------–--- წარმოადგენს თუ არა იმ ა-–---------- უ------–---ს ვის მიმართაც დაწყებული იყო 2016 წელს ადმინისტრაციული წარმოება (შეუძლებელია პირის იდენთიფიცირება), ამასთან თუნდაც დადასტურებულიყო მოპასუხედ დასახელებული პირის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სათანადო მტკიცებულებებით, თუ ვინ წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს/მფლობელს საიდანაც მომდინარეობს ხელშეშლა, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ამჟამად მოსარჩელის კუთნილი უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე უძრავ ქონებას მინიჭებული აქვს საკადასტო კოდი 0-.1-.1-.0--.0-- თუმცა იგი არ ირიცხება არავისზე შესაბამისად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. მოპასუხეს მიმართული აქვს უფლებამოსილი პირისათვის მიწის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით თუმცა ჯერ ადმინისტრაციული წარმოება დასრულებული არ არის. მოსარჩელის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაკეთებული ახსნა - განმარტების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იქნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხედ მითითებული ა-–---------- უ------–--- არ წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილი ქონების მომიჯნავედ არსებული უძრავი ნივთის (ს/კ. 0-.1-.1-.0--.0--) მესაკუთრეს, რის დადასტურებაც მოსარჩელეს შეეძლო საჯარო რეესტრის ამონაწერის მეშვეობით და რაც მოსარჩელე მხარეს აღნიშნული მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ წარმოუდგენია. ასევე მოპასუხის სამართალდამრღვევად ცნობის ადმინისტრაციული აქტის წარმოუდგენლობის გამო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ მოუჭრია ფერდი მშენებლობის წარმოებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს ანუ დადასტურებადია პოზიტიური და არა ნეგატიური მოქმედება. მოპასუხის მიერ შესაგბელის შემოუტანლობით და სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობით (მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების არ შედავებით) დადგენილად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად გარკვეული წერილობითი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტი, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მას სარჩელში ფაქტობრივი გარემოების სახით აქვს მითითებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 174-ე, 175-ე, 177-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადა მოპასუხე ა-–---------- უ------–---, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2-ე მუხლის შესაბამისად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ საამშენებლო სამუშაოების წარმოებისას მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთის მახლობლად ისეთი ზემოქმედების განხორცილება რომელიც ხელყოფს ან ხელს უშლის ან ზიანს აყენებს მოსარჩელის საკუთრებას ან საკუთრების უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს აუცილებელ ღონისძიებათა გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. დაუშვებელია რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გამდინარე წყლებისა და მიწისქვეშა წყლების მიმართულების შეცვლა ან ამ წყლებით მანიპულირება ისე, რომ ამან სხვა მიწის ნაკვეთზე წყლის რაოდენობის შემცირება ან/და ხარისხის გაუარესება გამოიწვიოს; დაუშვებელია მდინარეთა ბუნებრივი დინების ხელყოფა.
მოსარჩელეს ევალებოდა დაემტკიცებინა, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთზე აღმართული შენობის ჩამონგრევის საფრთხე არსებობს და რომ შენობის მესაკუთრეს არ განუხორციელებია საფრთხის თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები.
იმისათვის, რომ სახეზე იყოს სამოქალაქო კოდექსის 177-ე მუხლის შემადგენლობა საჭიროა დგინდებოდეს ასევე, რომ მოპასუხედ დასახელებული პირი წარმოადგენს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, ან მინიმუმ მართლზომიერ მფლობელს და სწორედ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მფლობელის მხრიდან არის განხორციელებული საფრთხის შემცველი მოქმედება, რაც განსახილველი საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო განმარტავს ასევე, რომ ადგილი არ ააქვს ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 მუხლით გათვალისიწნებულ შემადგენლობას, ვინაიდან ამ მუხლის სისპოზიცია ითვალისიწინებს მოპასუხის მხრიდან ქმედების აღკვეთას და არა ქმედების განხორცილების დავალებას, ხოლო რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 992-ე მუხლით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას 408.1 მუხლტან კომბინაციაში (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა) მოსარჩელის მიერ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისიწნებით ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან მოპასუხეს არ შეიძლება დაევალოს სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში რაიმე სახის საამშენებლო სამუშაოების წარმოება, უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობის გარეშე, რაც შეეხება ამავე კოდექსის 409-ე მუხლს მოსარჩელეს მოპასუხისათვის ზიანის თანხობრივად დაკისრების მოთხოვნა არ დაუყენებია ამასთნ არც მართლსაწინააღმდეგობა და მიზეზობრივი კავშირ არ დაუდასტურებია.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო სარჩელის აღძვრისას მის მიერ მოპასუხე ა-–---------- უ------–--ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟი არ იქნა სარჩელის აღძვრის დროს გადახდილი, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 120 ლარის გადახდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის "კ" პუნქტის გათვალისიწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. მოსარჩელეს უარი ეთქვას მოპასუხე ა-–---------- უ------–--ის მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. მოსარჩელე სს თელასს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 120 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი