გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2295-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9.10.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ბ---- ჯ-----ე
წარმომადგენელი ეკატერინე მიშველიძე
მოპასუხე სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი მალხაზ ნიკოლაიშვილი
დავის საგანი უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „საქართველოს ბანკისათვის“ 2639,18 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წელს სს ს----------–--------თან დადო საკრედიტო ხელშეკრულება, რომელIც სრულად შეასრულა 2010 წელს. 2010 წლის შემდეგ ბანკიდან მისთვის არასდროს მოუთხოვიათ სესხის დაბრუნება. 2017 წლის 11 ოქტომბერს სს ს----------–--------ში გახსნილ ანგარიშზე ჩაერიცხა ხელფასი 300 ლარი, რაც ჩამოეჭრა ანგარიშიდან ბანკის ინიციატივით. 2017 წელს სასამართლოს მომართა სარჩელით ბანკის მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობის შესახებ, რაც 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიტყო, რომ კიდევ ჩამოეჭრა ანგარიშიდან თანხა ჯამურად 2639,18 ლარის ოდენობით. ბანკში წარადგინეს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა ბანკი თანხის დაბრუნებაზე უარს აცხადებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები:
2008 წლის 13 მაისს მოსარჩელემ სს ს----------–--------იდან მიიღო საკრედიტო ბარათი, რომლის 3,12 პუნქტით გათვალისწინებულია ბანკის უფლება საკრედიტო ბარათზე გადახდის თარიღის გადაცილებისთანავე კლიენტის მის ბანკში გახსნილი ანგარიშიდან კლიენტის დამატებითი აქცეპტის გარეშე ჩამოწეროს დავალიანება შემდეგი რიგითობით - პირგასამტეხლო, საკომისიო, დახარჯული თანხა, დარიცხული პროცენტი და კრედიტის ძირითადი თანხა. ამდენად, მოსარჩელემ ხელშეკრულების დადებით წინასწარ განაცხადა თანხმობა რომ ბანკს მისი საბანკო ანგარიშიდან ჩამოეჭრა თანხა საკრედიტო ვალდებულების შესასრულებლად. მოსარჩელემ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ბანკი უფლებამოსილი იყო მის საბანკო ანგარიშიდან ჩამოეჭრა თანხა. სასამართლო გადაწყვეტილებით ბანკის მოთხოვნა აღიარებულია ხანდაზმულად. მოსარჩელეს არ აღუძრავს სარჩელი ბანკის მიმართ ვალდებულების არარსებობის მოთხოვნით, ამდენად, მოსარჩელემ 2017 წელს იცოდა, რომ ბანკის მიმართ ვალდებულება გააჩნდა. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ბანკს მოსარჩელის ანგარიშიდან თანხა არ ჩამოუჭრია, ხოლო სადაო თანხა ჩამოჭრილია ხელშეკრულების პირობების საფუძველზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს წერილობით მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ---- ჯ-----ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ს----------–--------ის'' მიმართ სესხის ხანდაზმულად ცნობის მოთხოვნით. 2. ხანდაზმულად იქნა ცნობილი ბ---- ჯ-----ის (პ/ნ 35001050569) დავალიანება სს ,,ს----------–--------ის'' მიმართ, 2008 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლსი 26 იანვრის გადაწყვეტილებით ხანდაზმულად იქნა ცნობილი ბ---- ჯ-----ის (პ/ნ 35001050569) დავალიანება სს ,,ს----------–--------ის'' მიმართ, 2008 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბ---- ჯ-----ემ სარჩელით მომართა 2017 წლის 21 ნოემბერს. მხარეთა განმარტებით, მოპასუხე სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა ცნო სარჩელი, რის საფუძველზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილებაში მხარეებს შორის საკრედიტო ხელშეკრულების დადების თარიღი მითითებული არ არის, რადგან მხარეთა განმარტებებით დავის განხილვის დროს ვერცერთმა მხარემ ხელშეკრულება ვერ მოიძია. სასამართლო მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება შეეხება სს „ტაო პრივატ ბანკსა“ (უფლებამონაცვლეა სს ს----------–--------ი) და ბ---- ჯ-----ეს შორის 2008 წლის 13 მაისს დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებას.
2008 წლის 13 მაისს ბ---- ჯ-----ესა და სს „პრივატ ბანკს“ შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, საკრედიტო განაცხადის მიხედვით, ბარათის მოქმედების ვადაა ერთი წელი. საკრედიტო ლიმიტი 500 აშშ დოლარი. დაანგარიშების დღე ყოველი თვის 13 რიცხვი.
საკრედიტო მომსახურების ძირითადი პირობების (სტანდარტული პირობები) მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში გახარჯული თანხის საპროცენტო განაკვეთია 2,45%, ხოლო განაღდებული თანხების და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტოსათვის 3%. გადახდის თარიღი დაანგარიშების შემდეგ 10 დღე.
ხელშეკრულების 3,12 პუნქტის მიხედვით, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას, ბანკის სრულ უფლებაზე, საკრედიტო ბარათზე გადახდის თარიღის ვადის გადაცილებისთანავე მის მიერ ბანკში გახსნილი ანგარიშებიდან კლიენტის დამატებით აქცეპტის გარეშე ჩამოწეროს პირობების შესაბამისად წარმოქმნილი ნებისმიერი სახის დავალიანება შემდეგი რიგითობით: პირგასამტეხლო, საკომისიო, გადახარჯული თანხა, დარიცხული პროცენტი, კრედიტის ძირითადი თანხა. თუ დავალიანების თანხა და დაანგარიშებული რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი თავად განახორციელებს კონვერტაციას გადახდის თარიღისათვის ბანკის მიერ დადგენილი კურსით, რომლის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტო წესით ჩამოეწერება კლიენტს ანგარიშიდან, ხოლო კონვერტირებული თანხა გამოყენებული იქნება კლიენტის დავალიანების დასაფარად. თუ კლიენტი ბანკში გახსნილ ანგარიშზე დავალიანების დასაფარად საკმარისი თანხა არ აღმოჩნდა, ბანკი უფლებას იტოვებს მოახდინოს დავალიანების თანხის მოცულობით კლიენტის ანგარიშების ბლოკირება, დავალიანების სრულ დაფარვამდე.
ამავე ხელშეკრულების 5,4 პუნქტს მიხედვით, კლიენტი ვალდებულია კლიენტის მიერ ბანკში გახსნილი ნებისმიერ ანგარიშებზე განხორციელებული ნებისმიერი ჩარიცხვიდან პირველ რიგში დაფაროს ბანკის მიმართ არსებული დავალიანება.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ამჟამად ბ---- ჯ-----ის დავალიანება არის 1663,75 ლარი. ამონაწერის მიხედვით, მსესხებელი საკრედიტო ბარათზე თანხას ითვისებდა 2008 წლის 13 მაისიდან 2010 წლის 27 ივლისის ჩათვლით. ამ პერიოდში სხვადასხვა პერიოდულობით იხდიდა თანხას კრედიტის დასაბრუნებლად. 2010 წლის 27 ივლისის შემდეგ მოვალეს კრედიტის დაბრუნების მიზნით ფულადი შენატანი არ განუხორციელებია.
2010 წლის შემდეგ საბანკო ანგარიშზე ტრანზაქცია განხორციელებულია 2017 წლის 11 ოქტომბერს - ჩამოწერილი პროცენტი დაფარვა 296,04 ლარი. 2017 წლის 9 ნოემბერს ჩამოწერილი პროცენტის დაფარვა - 1200,89 ლარი, შემდგომ 2017 წლის 8 დეკემბერს - 1106,887 ლარი - ჩამოწერილი პროცენტის დაფარვა.
ბ---- ჯ-----ის საბანკო ანგარიშიდან 2017 წლის 11 ოქტომბერს ჩამოჭრილია 300 ლარი, 2017 წლის 9 ნოემბერს 1227,31 ლარი, 2017 წლის 8 დეკემბერს 1111,87 ლარი. ჯამურად 2639,18 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სარჩელი (ს.ფ. 2-5. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 25-32, ტომი 1)
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 39-45. ტომი 1)
- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის ასლი (ს.ფ. 46-54. ტომი 1)
- სასამართლო გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 19-20. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (09.10.2018 წ სხდომის ოქმი CD დისკი)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მას საბანკო ანგარიშიდან თანხა ჩამოეჭრა მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა ბანკის მოთხოვნის შესრულებაზე ხანდაზმულობის გამო, ხოლო მოთხოვნის ხანდაზმულობა დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867- , 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 144-ე, 385-ე, 976-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
სადაო ურთიერთობა წარმოშობილია საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. სამოქალაქო კოდექსის 867- ?????? თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის წარმოშობა, ანუ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, ხელშეკრულების არსებობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია. ასევე სადაოდ არ გაუხდია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და დაადასტურა, რომ ბანკისათვის თანხა სრულად არ დაუბრუნებია. მოსარჩელე მოითხოვს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მისი საბანკო ანგარიშიდან კრედიტორის მიერ ჩამოჭრილი თანხის დაბრუნებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 13 მაისს. საკრედიტო ბარათის მოქმედების ვადაა 1 წელი, თუმცა მოვალემ ამ ვადის გასვლის შემდეგაც განაგრძო ბარათით სარგებლობა, ხარჯავდა ბარათზე არსებულ თანხას და პერიოდულად იხდიდა თანხას კრედიტის დასაბრუნებლად. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ყოველთვიურად თანხის გადახდით. შესაბამისად, სახელშეკრულებო ვალდებულება პერიოდულად გადახდით უნდა შესრულებულიყო, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლის ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
მსესხებელი 2008 წლის მაისიდან 2010 წლის 27 ივლისის ჩათვლით პერიოდულად გარკვეულ თანხას იხდიდა კრედიტის დასაბრუნებლად, ხოლო საბანკო ანგარიშზე 2010 წლის 27 ივლისის შემდგომ მსესხებელს თანხა არ შეუტანია. მომდევნო თანხის გადახდა დაფიქსირებულია 2017 წლის 11 ოქტომბრიდან. 2017 წლის 11 ოქტომბრიდან 2017 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით სს „საქართველის ბანკის“ მიერ საკუთარი ინიციატივით მოპასუხის საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილია ჯამურად 2639,18 ლარი. მოპასუხის მხრიდან სადაოა ეს გადახდა, მისი განმარტებით, საბანკო ანგარიშიდან თანხის გადახდევინება ბანკმა განახორციელა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასხვლის შემდეგ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2008 წლის 13 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის მოთხოვნა ხანდაზმულია.
2017 წლის 11 ოქტომბერს ბ---- ჯ-----ის ანგარიშიდან ბანკის მიერ ჩამოჭრილია 300 ლარი, 2017 წლის 9 ნოემბერს 1227.32 ლარი, 2017 წლის 8 დეკემბერს 1111.86 ლარი, ჯამურად 2639.18 ლარი. თანხა ჩამოჭრილია სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ხანდაზმულობის საკითხის დასადგენად უმნიშვნელოვანესია გაირკვეს, როდის წარმოიშვა მოთხოვნა, რაც ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს. ამ შემთხვევაში მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რის გამოც კრედიტორის უფლების დარღვევას იწვევს მოვალის მიერ კრედიტის დაბრუნების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, კრედიტორს სარჩელის აღძვრის გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა წარმოშვება იმ დროიდან, როცა მოვალე დაარღვევს კრედიტის დაბრუნების ვადას.
საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით, მოსარჩელე ამ ვადის გასვლის შემდეგაც ხარჯავდა თანხას საკრედიტო ბარათის მეშვეობით, თუმცა ბარათის მეშვეობით თანხა არ დაუხარჯავს 2010 წლის 27 ივლისის შემდეგ.
საკრედიტო ხელშეკრულების 3,12 პუნქტით გათვალისწინებული ბანკის უფლება, უაქცეპტო წესით ჩამოჭრას თანხა მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან კრედიტის დავალიანების დაფარვის მიზნით. უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრის წესის მიხედვით, მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას, რომ მისი საბანკო ანგარიშიდან ჩამოიჭრას თანხა კონკრეტული პირის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში ყოველი ტრანზაქციის დროს ანგარიშის მფლობელის თანხმობა საჭირო აღარ არის.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.
საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა, კერძოდ, თვეში ერთხელ. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება ისაა, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თითოეულისთვის ცალ-ცალკე იწყება.
მსესხებელს თანხა ბანკისათვის 2010 წლის 27 ივლისის შემდეგ აღარ გადაუხდია. მომდევნო გადახდა უნდა შეესრულებინა 2010 წლის აგვისტოში, რაც მსესხებელმა არ შეასრულა.
ბანკის უფლება დარღვეულია 2010 წლის აგვისტოდან, როცა მსესხებელმა არ დაუბრუნა კრედიტის თანხა. 2010 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე მსესხებლის ანგარიშზე რაიმე ტრანზაქცია არ ფიქსირდება, 2017 წლის სექტემბერში ბანკის მიერ უაქცეპტო წესით თანხის ჩამოჭრამდე მსესხებელს ბანკისათვის თანხა არ დაუბრუნებია და არც საკრედიტო ბარათით უსარგებლია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ბანკის მოთხოვნა ხანდაზმულად არის აღიარებული, ხოლო სარჩელი ამ მოთხოვნით ბ---- ჯ-----ემ აღძრა 2017 წლის ნოემბერში. ამდენად, ბანკმა გარკვეული თანხა მსესხებლის ანგარიშიდან ჩამოჭრა მას შემდეგ, რაც ბ---- ჯ-----ემ სარჩელით მოითხოვა სესხის ხანდაზმულად ცნობა.
ბ---- ჯ-----ემ ბანკის მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობა სარჩელით მოითხოვს მას შემდეგ, რაც მისი ანგარიშიდან ბანკმა 2017 წლის ოქტომბერში ჩამოჭრა თანხა. მანამდე ბანკს რაიმე ფორმით მსესხებლისგან კრედიტის დაბრუნება არ მოუთხოვია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის აღძვრით მსესხებელმა გამოავლინა ნება, რომ საკრედიტო ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებდა.
მოსარჩელე მისი მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების მიუხედავად, თანხის ჩამოჭრას საფუძვლიანად მიიჩნევს ხელშეკრულების 3,12 პუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს თანხის ჩამოჭრას უაქცეპტო წესით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია დავა ხანდაზმულობის შეწყვეტას არ შეეხება და კრედიტორი არ მოითხოვს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის გამო საკრედიტო ვალდებულების შესრულებას, მაგრამ მის მიერ მითითებული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს, რის გამოც მოპასუხის პოზიციის შესაფასებლად სასამართლო ამ ნორმას მოიხმობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მოვალის ქმედებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას, ხოლო მოვალის ასეთ ქმედებად შეიძლება შეფასდეს ავანსის, პროცენტის გადახადა, გარანტიის მიცემა ან სხვაგვარად მოთხოვნის აღიარება.
ამ ნორმის როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების შედეგად გამომდინარეობს, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყდება ვალდებული პირის - მოვალის გაცნობიერებული ქმედებით ვალდებულების აღიარების თაობაზე, რაც გამოიხატება მისი მხრიდან კრედიტორის წინაშე განხორციელებული აქტიური ქმედებით, როგორიცაა მაგალითად, ავანსის,პროცენტის გადახდა, კრედიტორისათვის გარანტიის მიცემა. ნორმა ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ ქმედებათა ამომწურავ ჩამონათვალს არ ითვალისწინებს, რადგან დასაშვებია სხვაგვარად მოთხოვნის აღიარება, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაშვებია სხვა ქმედებამაც განაპირობოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის აუცილებელია, რომ მოვალის ქმედებიდან, ნათლად და არაორაზროვნად დგინდებოდეს მოვალის მხრიდან ვალდებულების აღიარება და მოვალის მზაობა, აღნიშნული ვალდებულების შესრულების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები მიმართულია მოვალის მხრიდან „მოთხოვნის არსებობის აღიარებისაკენ“, ხოლო ამ ნორმით გათვალისწინებული „მოთხოვნის არსებობის აღიარება“ არის ცალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის - ხანდაზმულობის შეწყვეტისაკენ. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება ნების მხოლოდ ისეთი გამოვლენის შედეგად, რომლითაც ნათლად დგინდება, რომ მოვალე უფლებამოსილი პირის წინაშე აღიარებს ვალდებულების არსებობას და მზად არის იგი შეასრულოს.
ამდენად, მოთხოვნის აღიარებად მიჩნეული უნდა იქნას მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას და ნათლად გამოთქვამს მისი შესრულების მზადყოფნას. ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული.
ამ შემთხვევაში 2010 წლის აგვისტოს თვიდან მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება და ბანკს წარმოეშვა სარჩელის აღძვრის გზით თანხის გადახდის მოთხოვნის უფლება, რაც უნდა განეხორციელებინა მომდევნო სამი წლის ვადაში - 2013 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულება, რომლითაც ბანკს უფლება აქვს უაქცეპტო წესით ჩამოჭრას თანხა მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან, კრედიტორს არ ანიჭებს შეუზღუდავ უფლებას ნებისმიერ დროს ხანდაზმულობის ვადის უგულებელყოფით განახორციელოს ეს ქმედება.
სასამართლო მოთოვსი ხანდაზმულად აღიარების შესახებ სარჩელის სამართლებრივი შინაარსის შესახებ განმარტებისათვის მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებას საქმეზე Nას-572-531-2017. ეს დავა შეეხება მსგავს მოთხოვნას - ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების მოთხოვნას. „საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც წესი, მოთხოვნის ხანდაზმულობა არა სარჩელის საგანი, არამედ, სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალებაა რამეთუ იგი შესრულების მოთხოვნის იმგვარი შემაფერხებელი მატერიალურ-სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომელიც, ვალდებულების დადასტურების შემთხვევაშიც კი, მას იძულებითი განხორციელების ძალას უსპობს (იხ. სკ-ის 144. 1 მუხლი)“. ამავე განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო კოდექსი მოთხოვნისაგან თავდაცვის საშუალებაზე დამყარებული სარჩელის ინსტიტუტს არ აღიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი ადგენს რა უწყებრივად სასამართლოსადმი ქვემდებარე საქმეთა ნუსხას, ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. განსახილველი ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უმთავრესი წინაპირობა უფლების დარღვევაა, რომლის დაცვის შემაფერხებელ მატერიალურ-სამართლებრივ შესაგებელს შეიძლება წარმოადგენდეს მოთხოვნის ხანდაზმულობა (და არა პირიქით), ანუ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მას გააჩნია მოთხოვნის უფლება, თუმცა, ვალდებული პირი უარს აცხადებს შესრულებაზე, უფლება აქვს, სასამართლო წესით მოითხოვოს შესრულების დავალდებულება, ხოლო ვალდებულ პირს, იმ მოტივით, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, შეუძლია, უარი თქვას შესრულებაზე და მოითხოვოს სარჩელის უარყოფა".
ვიანიდან საქართველოს კონსტუტუციით 42-ე მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი ხანდაზმულად მოთხოვნის აღიარების შესახებ, იურიდიული ბუნებით ყველაზე ახლოს აღიარებით სარჩელთანაა, რომელიც, განსხვავებით სხვა ტიპის სარჩელებისაგან (მაგ: მიკუთვნებითი, გარდაქმნითი), განსახილველად მიღების დამატებითი წინაპირობების არსებობაზეა დამოკიდებული. სასამართლოს განმარტებით, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ვალდებულების ხანდაზმულად აღიარების შესახებ სარჩელი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დავა არ მიმდინარეობს დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, დაუშვებელია".
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის მოთხოვნა ხანდაზმულად არის აღიარებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით, რასაც ამ დავისათვის პრეიდიციული მნიშვნელობა აქვს. თავის მხრივ ხანდაზმულად აღიარების მოთხოვნით სარჩელი აღიძრა მას შემდეგ, რაც ბანკმა თანხა ჩამოჭრა მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან, შესაბამისად, მსესხებლის ინტერესი იმთავითვე ჩამოჭრილი თანხის დაბრუნებასთან იყო დაკავშირებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ამ ნორმის ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ასეთია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ ფაქტებს, რომლებიც მტკიცებას არ საჭიროებენ, რადგან ეს გარემოებები უკვე დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომლითაც ამავე მხარეებს შორის წამოჭრილი სხვა დავაა გადაწყვეტილი. ფაქტებისათვის პრეიდიუციული მნიშვნელობის მინიჭებისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი, სადაო სამართლებრივი ურთიერთობის არსი და დავის სუბიექტები, რადგან პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, თუ დავაში ერთიდაიგივე მხარეები მონაწილეობენ და საქმეების ფაქტობრივი გარემოებები ურთიერთდაკავშირებულია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭებისათვის განმსაზღვრელია რა ფაქტებს ეფუძნება თავად გადაწყვეტილება და განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის რა ფაქტებია მნიშვნელოვანი.
2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დასრულებულ საქმეში ხანდაზმულად არის ცნობილი 2008 წლის 13 მაისის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს----------–--------ის“ მოთხოვნა ბ---- ჯ-----ის მიმართ, ხოლო ამ საქმეში სადაოა ამ ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის მიერ ჩამოჭრილი იმ თანხის დაბრუნება, რაც გადახდევინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
ამდენად, ორივე დავაში დავის საფუძველია ერთი ხელშეკრულება - 2008 წლის 13 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება, დავა ერთი დაიგივე მხარეებს შორის არის წამოჭრილი, რის გამო 2008 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები ამ დავისათვის სავალდებულოა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ამ ნორმის საფუძველზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ სხვა პროცესში სადაო გადახდონ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები, თუკი დავა ამ სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ამ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია სს ს----------–--------ის მოთხოვნის ხანდაზმულობა.
2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება მიღებულია ბ---- ჯ-----ის სარჩელზე, რომლის აღძვრის საფუძველი გახდა ბანკის ინიციატივით მისი ანგარიშიდან საკრედიტო დავალიანების გადახდევინების მიზნით 2017 წლის ოქტომბერში თანხის ჩამოჭრის ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის იურიდიული შედეგი მდგომარეობას იმაში, რომ ბანკი ხანდაზმულ მოთხოვნას ვეღარ დაიკმაყოფილებს, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოვალის ნებაზეა დამოუკიდებული, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2. თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.
ამ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის აღძვრით ბ---- ჯ-----ემ განაცხადა, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უარს აცხადებდა ვალდებულების შესრულებაზე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს ს----------–--------ის მოთხოვნა ბ---- ჯ-----ის მიმართ აღიარებულია ხანდაზმულად, რის გამოც ბანკმა დაკარგა მსესხებლისაგან კრედიტის დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოპასუხის ის განმარტება, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე მას ჰქონდა თანხის ჩამოჭრის უფლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგები მხოლოდ მისი გამოტანის შემდგომ პერიოდზე არ ვრცელდება, რადგან მოთხოვნა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ არ ხდება ხანდაზმული. ხანდაზმულობის ვადის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოთხოვნა სწორედ დავის დაწყებამდე უკვე ხანდაზმულია, რაც მის განხორციელებას აფერხებს.
ამ შემთხვევაში ბანკის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გავიდა 2013 წლის აგვისტოში. ხოლო ხელშეკრულების საფუძველზე უაქცეპტო წესით თანხის გადახდევინების უფლება შეუზღუდავი არ არის და განუსაზღვრელი ვადით ამ უფლების გამოყენებით ბანკი აღჭურვილი არ არის. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის დებულება, რომ მოვალის მიერ თანხის ნაწილის გადახდა ხანდაზმულობის ვადი შეწყვეტას იწვევს იმ შემთხვევაში, თუ იგი ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განხორციელდა, რის შემდეგ ხანდაზმულობის ვადა თავიდან იწყება.
ამ შემთხვევაში ბანკს კრედიტორისაგან თანხის გადახდა სარჩელის აღძვრით არ მოუთხოვია, მან ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ საკუთარი ინიციატივით მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრა თანხა. ამასთან, მან თანხის ამ წესით გადახდევინება გააგრძელა მას შემდეგ, რაც მსესხებელმა სასამართლოში სარჩელით განაცხადა ხანდაზმულობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოვალის ნება-სურვილზე. ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვლადებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, რადგან საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ბანკს არ შეეძლო ევარაუდა, რომ მსესხებელი თანახმა იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ბანკს უაქცეპტო წესით ჩამოეჭრა თანხა მისი ანგარიშიდან. ამ შემთხვევაში სადაო თანხიდან 2 339,18 ლარი ჩამოჭრილია მას შემდეგ, რაც ბ---- ჯ-----ემ აღძრა სარჩელი მოთხოვნის ხანდაზმულად ცნობის შესახებ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოვალე უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე ხანდაზმულობის გამო. მოვალის ასეთი განცხადება კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილებას შესაძლებლად არ მიიჩნევს. რაც შეეხება სარჩელის აღძვრამდე გადახდევინებულ 300 ლარს. სესხის ხანდაზმულად აღიარების სარჩელის აღძვრა განაპირობა ბანკის მხრიდან ამ თანხის ჩამოჭრამ, შესაბამისად, სარჩელის აღძვრის სამართლებრივი ინტერესები ამ თანხის დაბრუნება იყო, რის გამოც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სესხის ხანდაზმულად აღიარების შედეგად მითითებული 300 ლარის გადახდევინებაც მოვალის ნების საწინააღმდეგო გადახდაა და ეს თანხაც უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს ბ---- ჯ-----ეს.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პრეიდუციულად დადგენილია ბანკის მოთხოვნის ხანდაზმულობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მსესხებელს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის “ა“ პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. განსახილველი დავა მაგისტრაი მოსმაართლის განსჯადია, რადგან დავს საგნი რირებულებაა 2639,18 ლარი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილსი „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი სახელწმიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება და ამ სარჩელზე შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელე ს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, საიდანაც ზედმეტად გადახდილი 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაესკიროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ბ---- ჯ-----ის სარჩელი;
2. სს „ს----------–--------ს“ დაეკისროს ბ---- ჯ-----ისათვის 2639,18 ლარის გადახდა;
3. ბ---- ჯ-----ეს დაუბრუნდეს 2018 წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: სახელწმფიო ხაზინა, ბიუჯეტსი მშეულობების ერთიანი ანგარში, სახაზინო კოდი 300063150. ბანკსი კოდი TRESGR00. ( სალაროს შემოსავლის ორდერი N1/30393)
4. სს "ს----------–--------ს" დაეკისროს ბ---- ჯ-----ისათვის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი