გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.10.2018
საქმის ნომერი
190210017001997930
კატეგორია
დავის ტიპი
მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/1412_2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე მ---------- პ-----–---ი

წარმომადგენელი ბელა ბერაძე

მოპასუხე რ----- ნ--------ი

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე ს----- ნ--------ა

დავის საგანი მამობის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. 2016 წლის 19 თებერვალს დაბდებული ი-–--- ნ--------ის მამად აღიარებული იქნას მ---------- პ-----–---ი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში შეიცვალოს ჩანაწერი მამად რ----- ნ--------ის რეგისტრაციის შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

ს----- ნ--------ა 2012 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა რ----- ნ--------თან. ხასიათების შეუთავსებლობის გამო დაშორდნენ, ხოლო 2015 წლიდან ს----- ნ--------ამ და მ---------- პ-----–---მა შექმნეს ოჯახი, 2016 წლის 19 თებერვალს შეეძინათ შვილი ი-–--- ნ--------ი. ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამად მითითებულია რ----- ნ--------ი, რადგან მასთან განქორწინების რეგისტრაცია განხორციელებული არ ჰქონდა ს----- ნ--------ას. მოპასუხემ არაფერი იცის ბავშვის არსებობის შესახებ, მას რაიმე სახის ურთიერთობა არა აქვს ს----- ნ--------ასთან, იგი საქართველოში არ ცხოვრობს და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ს----- ნ--------ას და მ---------- პ-----–---ს ჰყავთ მეორე შვილიც, 2015 წლიდან ერთ ოჯახად ცხოვრობენ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე რ----- ნ--------ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდენია და არც სხდომაზე გამოცხადდა. მისი ადგილსამყოფელი სასამართლომ ვერ დაადგინა, მას სარჩელის შინაარსი და სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინებით.

 

მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირი ს----- ნ--------ა დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ რ----- ნ--------ს ქორწინებიდან 1 წლის შემდეგ დაშორდა. მისი ყოფილი მეუღლე რუსეთში წავიდა, ის კი საქართველოში დატოვა. შემდეგ მშობლებმა სახლში წაიყვანეს. 2015 წლიდან მ---------- პ-----–---თან ერთად შექმნა ოჯახი, ჰყავთ ორი შვილი, მაგრამ უფროსი შვილის მამად საბუთებში მითითებულია რ----- ნ--------ი, რადგან მასთან ბავშვის დაბადების დროს განქორწინებული არ იყო, განქორწინდნენ 2017 წლის იანვარში, ხოლო მოსარჩელესთან ქორწინება დაარეგისტრირა ასევე 2017 წლის იანვარში. რ----- ნ--------ი საქართველოში არ ცხოვრობს, მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს, რის გამოც სასამართლოს გარეშე ვერ მოხერხდა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერიში მამის ვინაობის შეცვლა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების უნდა დადგინდეს მტკიცებულებების შეფასების შედეგად.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ს----- ნ--------ა და რ----- ნ--------ი დაქორწინდნენ 2012 წელს. მათ შორის ქორწინების შეწყვეტა რეგისტრირებულია 2017 წლის 20 იანვარს. მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია 2014 წლიდან. მ---------- პ-----–---სა და ს----- ნ--------ას შორის ქორიწინება რეგისტრირებულია 2017 წლის 23 იანვარს.

 

საქმეში წარმოდგენილი განქორწინების მოწმობის თანახმად, 2017 წლის 20 იანვარს სამოქალაქო რეესტრის გარდაბნის სამსახურში რეგისტრირებულია განქორწინება ს----- ნ--------ასა და რ----- ნ--------ს შორის. განქორწინების შემდეგ მეუღლეებს გვარი არ შეუცვლიათ.

 

სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეეების ჩვენებებით, მესამე პირის განმარტებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ს----- ნ--------ასა და რ----- ნ--------ს შორის ქორწინება, ოჯახური ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა 2014 წლიდან. მოწმეების ს----- ალიევას და მეგამედ მამედოვის განმარტებით, 2015 წლის დასაწყისიდან ს----- ნ--------ა და მ---------- პ-----–---ი ერთ ოჯახად ცხოვრობენ. ამ პერიოდიში რ----- ნ--------ს ს----- ნ--------ასთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია. ს-----ნ ნ--------ა 2015 წლიდან ცხოვრობს მ---------- პ-----–---თან სოფელ ნაზარლოში.

 

2017 წლის 23 იანვრსა სამოქალაქო რეესტრის გარაბნის სამსახურში რეგისტრირებულია ქორწინება ს----- ნ--------ასა და მ---------- პ-----–---ს შორის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- განქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 17. ტომი 1)

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 15. ტომი 1)

- მოწმეთა ჩვენებები (08.10.2018წ სხდომის ოქმი. CD დისკი)

- მესამე პირის განმარტება (08.10.2018წ სხდომის ოქმი. CD დისკი)

 

3.1.2. 2016 წლის 19 თებერვალს დაბადებული ი-–--- ნ--------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამად მითითებული რ----- ნ--------ი. ი-–--- ნ--------ი არის ს----- ნ--------ასა და მ---------- პ-----–---ის შვილი.

 

საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის თანახმად, 2016 წლის 19 თებერვალს დაიბადა ი-–--- ნ--------ი. მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში მშობლებად მითითებულნი არიან მამა - რ----- ნ--------ი, დედა - ს----- ნ--------ა. ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი შესრულებულია 2017 წლის 11 მაისს.

 

სასამართლო დადგენილ ფაქტად მიიჩნევს, რომ მ---------- პ-----–---ი არის 2016 წლის 19 თებერვალს დაბადებული ი-–--- ნ--------ის ბიოლოგიური მამა.

 

”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად მამობის დადგენასთან დაკავშირებულ მოქმედებაში მეცნიერული მტკიცებულებანი, რომლებსაც ძალუძთ ხელი შეუწყონ მამობის დადგენას ან უარყოფას იქნება დაშვებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. მე-4 ნაწილის მიხედვით, . თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლით დადგენილია მტკიცების წესი, რომლითაც უნდა დადგინდეს მამობის ფაქტი. ამ ნორმის მიხედვით, ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. ამავე ნორმით დადგენილი, რომ თუ ასეთი მტკიცებულებით მამობის დადგენა შეუძლებელია, მხედველობაში მიიღება ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

 

ამ ნორმის მიხედვით, მამობის დადგენის საკითხის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა ბიოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მეცნიერული კვლევის მეთოდების გამოყენებით იკვლევს და ადგენს ბავშვსა და დაინტერესებულ პირს შორის ბიოლოგიური, გენეტიკური კავშირის არსებობას. სამოქალაქო კოდექსი და ”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” კონვენცია ასევე ითვალისწინებს მამობის დადგენას ასეთი საექსპერტო კვლევის არარსებობის პირობებში სხვა მტკიცებულებებით. თუმცა 1190-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ ეს მტკიცებულებები და გარემოებები სავსებით უნდა ადასტურებდეს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას. ამდენად, საექსპერტო დასკვნის არარსებობის პირობებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დადასტურდეს ის გარემოება, რომ განმცხადებელი არის ბავშვის ბიოლოგიური მამა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამ ნორმის საფუძველზე სასამართლომ მტკიცებულებები უნდა შეაფასოს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან შეჯერებით, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება უნდა დადგინდეს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, რაც გულისხმობს თითოეული მტკიცებულების შეფასებისას შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის საფუძველზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ განხილვას.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ს----- ნ--------ა და რ----- ნ--------ი განქორწინდნენ 2017 წლის იანვარს. ი-–--- ნ--------ი დაბადებულია მათი განქორწინების რეგისტრაციამდე 2016 წლის 19 თებერვალს. ბავშვის დაბადების მოწმობის თანახმად, მისი დაბადების სააქტო ჩანაწერი შესრულებულია 2017 წლის 11 მაისს, რ----- ნ--------ისა და ს----- ნ--------ას განქორწინების შემდეგ.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სამედიცინო ცნობა - შპს რუსთავის სამშობიარო სახლის მიერ 2016 წლის 22 თებერვალს გაცემული ამონაწერი ახალშობილის ისტორიიდან ისტორია N247, რომელშიც მითითებულია, რომ ბავშვი დაიბადა 2016 წლის 19 თებერვალს, დედა არის ს----- ნ--------ა. სამედიცინო დოკუმენტში ბავშვის მამად მითითებულია მ---------- პ-----–---ი, ხოლო ბავშვის სახელია ი-–--- მ---------- ოღლი.

 

საქმეში წარმოდგენილია დაბადების მოწმობა, რომლის მიხედვით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაბადებულია გულაი პ-----–---ა, რომლის მშობლები არიან მ---------- პ-----–---ი და ს----- ნ--------ა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა სამირა ალიევამ და მაგამედ მამედოვმა განმარტეს, რომ ს----- ნ--------ა და მ---------- პ-----–---ი დაახლოებით 4 წელია ცხოვრობენ ერთად მ---------- პ-----–---ის ოჯახში, მათი უფროსი შვილის დაბადებიდან მათთან იზრდება, ჰყავთ უმცროსი შვილიც. ს----- ნ--------ას სხვა ოჯახის შესახებ მოწმეებმა გარემოებები ვერ მიუთითეს.

 

სასამართლო მოწმეების ჩვენებების, მესამე პირის განმარტების, ბავშვის დაბადების სამედიცინო ცნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-–--- ნ--------ის ბიოლოგიური მამა არის მ---------- პ-----–---ი. ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2014 წლიდან რ----- ნ--------ასა და ს----- ნ--------ას შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყდა და მას შემდეგ მათ ოჯახური კავშირი ერთმანეთთან არ ჰქონიათ. ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო ს----- ნ--------ა 2015 წლიდან ფაქტობრივად დაქორწინებულია მ---------- პ-----–---ზე. მათ ამ დროიდან აქვთ მყარი და სტაბილური ხასიათის ოჯახური ურთიერთობა, ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2017 წლის 23 იანვრიდან, მათ ს----- ნ--------ას წინა ქორწინების შეწყვეტიდან, განქორწინების რეგისტრაციიდან უმოკლეს ვადაში, 3 დღეში მოახდინეს ქორწინების რეგისტრაცია. ისინი ერთად ცხოვრობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში. ს----- ნ--------ას აღარ აქვს კავშირი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში მცხოვრებ რ----- ნ--------ის ნათესავებთან. ს----- ნ--------ა მ---------- პ-----–---თან ერთად მუდმივად ცხოვრობს სოფელ ნაზარლოში, მათ 2017 წლის 3 დეკემბერს შეეძინათ შვილი გულაი პ-----–---ი.

 

ეს გარემოებები მიუთითებს, რომ მ---------- პ-----–---ს და ს----- ნ--------ას აქვთ მყარი ოჯახური ურთიერთობა 2015 წლიდან. მოწმეთა განმარტებით, ს----- ნ--------ას 2016 წელს შეეძინა პირველი შვილი, როცა იგი ცხოვრობდა მ---------- პ-----–---თან. ბავშვის დაბადებამდეც ს----- ნ--------ა მ---------- პ-----–---ზე იყო დაქორწინებული, ერთად ზრდიან და უვლიან ბავშვს, მათ ჰყავს ასევე მეორე შვილი.

 

მოწმეთა ჩვენებებში და მესამე პირის განმარტებებში მითითებული გარემოებები დასტურდება ახალშობილის ისტორიიდან ამონაწერით, სადაც ბავშვის მამად მითითებულია მ---------- პ-----–---ი, ხოლო ბავშვის სახელია ი-–--- მ---------- ოლღი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–--- ნ--------ის მიმართ მ---------- პ-----–---ის მამობა დასტურდება იმ გარემოებით, რომ 2015 წლიდან მ---------- პ-----–---ი და ს----- ნ--------ა ერთ ოჯახად ცხოვრობენ, ბავშვის დედა განქორწინებულია რ----- ნ--------თან, მართალია განქორწინება რეგისტრირებულია ბავშვის დაბადების რეგისტრაციაზე ადრე, მაგრამ ბავშვის დაბადების ისტორიაში ბავშვის მამად მითითებულია მ---------- პ-----–---ი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვის დაბადებიდანვე იგი, როგორც მამა უწევდა ბავშვს და დედას მზრუნველობას, რაც სავსებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი არის ბავშვის მამა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მშობიარობის ისტორიის ასლი (ს.ფ. 16. ტომი 1 )

- მოწმეების ჩვენება (ს.ფ. 08.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- განქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 17)

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 18)

- გულაი პ-----–---ის დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 131-132)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა მამობის დადგენის შესახებ დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1190-ე, 1198-ე, მე-17 მუხლებით.

- ”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენცია

- ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთ უფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მიხედვით, 1190-ე მუხლის 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

 

ამ მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, პირს, რომელსაც აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თვითონ არის ბავშვის მამა, შეუძლია სადავო გახადოს ამ მუხლის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ბავშვის მამის შესახებ შესრულებული ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო აღნიშნული ჩანაწერის თაობაზე.

 

ამ მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ეს ნორმა ადგენს ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უმთავრეს პრინციპს, რაც გულისხმობს მშობლსი უფლებების განხორციელებას ბავშვის ინტერესების შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის ამ ნორმაში ბავშვის უფლებების კონვენციის მსგავად აღიარებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი, რაც ბოჭავს მშობლებს მათი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და ავალდებულებს მხოლოდ ბავშვის ინტერესების შესაბამისად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხის გადაწყვეტის დროს. სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი მნიშვნელოვანია მამობის დადგენისას, ასევე ეს პრინციპია სახელმძღვანელო ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილი ყველა საკითხის გადაწყვეტისათვის.

 

”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ქორწინების გარეშე დაბადებული თვითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.

 

განსახილველ შემთხვევაში დაბადების სააქტო ჩანაწერში ი-–--- ნ--------ის მამად მითითებულია რ----- ნ--------ი, რომელთანაც ბავშვის დაბადების დროს რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მისი დედა ს----- ნ--------ა.

 

”ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” ევროპული კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად მამობის ნებაყოფლობით აღიარება არ შეილება იყოს გასაჩივრებული ან ეჭვქვეშ დაყენებული თუ შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნულ პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პიროვნება რომელსაც სურს აღიაროს ან უკვე აღიარა ბავშვი არ არის ბავშვის ბილოგიური მამა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან მამობის დადგენა შეეხება არასრულწლოვან ბავშვს და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის ინტერესების გამო მამობის დადგენაზე უარის თქმის წესს, დავის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს რა არის ბავშვის უფლება, მამობის დადგენის პროცესში რა არის ბავშვის ინტერესი.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, 1. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. 3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

 

ამ კონვენციის მე-7 მუხლის თანახმად, 1. ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს, და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება. 2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ამ უფლებების განხორციელებას თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი ვალდებულებების შესრულებას ამ სფეროში შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად ბავშვს არ ექნებოდა მოქალაქეობა.

 

ამდენად, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით აღიარებულია ბავშვის უფლება დაბადებისთანავე დარეგისტრირდეს მისი ვინაობა, დაბადებიდანვე აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება. ბავშვის უფლებაა იცნობდეს თავის მშობლებს, ჰქონდეს მშობლებთან ურთიერთობა. უფლება აქვს მშობლებისგან იყოს ზრუნვის და ყურადღების ობიექტი, უფლება აქვს მშობელი აქტიურად იყოს ჩართული მის აღზრდაში.

 

ამ შემთხვევაში ი-–--- ნ--------ის დაბადება რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით, მამად მითითებულია ბავშვის დაბადების დროისათვის დედასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და ბავშვს მინიჭებული აქვს მისი გვარი.

 

მოსარჩელე მოითხოვს დადგინდეს, რომ ი-–--- ნ--------ი არის მისი შვილი და ამის შესაბამისად შეიცვალოს ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არსებული მამის მონაცემები.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით, 1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. 2. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას საჭირო დახმარებით და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 17-ე მუხლის მიხედვით, 1. ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-7 მუხლის საფუძველზე სახელის უფლება მოიცავს ბავშვის უფლებას ჰქონდეს სახელი და გვარი.

 

განსახილველ შემთხვევაში წამოჭრილია ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული მამის მონაცემების შეცვლის საკითხში, რაც მოიცავს ბავშვის გვარის შეცვლასაც. ადამიანის უფლებათა კომიტეტის N17 ზოგადი კომენტარის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლება გვარის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა საბერძნეთის მიმართ გამოთქმულ თავის რეკომენდაციაში, მიუთითა, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს და გამოიყენოს მისი სრული სახელი და გვარი, რომელსაც თავად, მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები აირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ, უმთავრეს შემთხვევაში, მშობლები წყვეტენ ბავშვის გვართან დაკავშირებულ საკითხს, კონვენცია არ უშვებს იმას, რომ აღნიშნული უფლება მშობლის აბსოლუტური პრეროგატივაა. ეროვნულ კანონმდებლობას უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმები, რათა თავიდან აიცილონ ბავშვის ისეთი გვარით რეგისტრაცია, რომელმაც მისი დაცინვა, დისკრიმინაცია ან სხვა ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს (იხ. www.unicef.org/publications/files/Implementation Handbook for the Convention on the Rights of Child Part 1 of 3.pdf).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი ითვალისწინებს მამობის დადგენაზე უარს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვთან უფლების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვის უპირატესი უფლებაა აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. შესაბამისად, მამობის დადგენის საწინაღმდეგო შეიძლება იყოს ისეთი გარემოება, რაც ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის პროცესს საფრთხეს შეუქმნის, ბავშვის ირგვლივ უკვე ჩამოყალიბებულ ოჯახურ, პირად და ემოციურ კავშირს გაწყვეტს და ამით ემოციურ ტრამვას მიაყენებს ბავშვს, დაბრკოლებას შეუქმნის ბავშვის ინდივიდუალობის ჩამოყალიბების პროცესს, მის თვითიდენტიფიკაციას ხელს შეუშლის.

 

ამ შემთხვევაში ბავშვი დაბადებიდანვე ცხოვრობს და იზრდება მ---------- პ-----–---ის ოჯახში, დაბადების მომენტიდანვე მასზე ზრუნავს მ---------- პ-----–---ი, ბავშვს ასევე ჰყავს უმცროსი და. დაბადების სააქტო ჩანაწერში მამად მითითებულ რ----- ნ--------ს ან მის ნათესავებს რაიმე კავშირი ბავშვთან არა აქვთ. ი-–--- ნ--------ი მ---------- პ-----–---ის მხრიდან ოჯახური მზრუნველობით იზრდება, მოსარჩელისგან ბავშვი იღებს მამობრივ ზრუნვას. საქმეში არსებული მტკიცებულებებით სავსებით დასტურდება, რომ მ---------- პ-----–---ი არის ი-–--- ნ--------ის მამა.

 

ამ შემთხვევაში ი-–--- ნ--------ი არის მცირეწლოვანი, იგი არის 2 წლის 7 თვის. იგი ჯერ სკოლაში ან სკოლამდელ დაწესებულებაში არ დადის. დაბადების მოწმობაში მამად მითითებულ პიროვნებას ბავშვთან რაიმე კავშირი არა აქვს და დაბადების მოწმობაში მითითებული გვარით ბავშვი თანატოლებში, საზოგადოებაში ცნობილი არ არის. ბავშვის დაბადების სამედიცინო დოკუმენტაციაშიც მისი დედის განცხადებით მითითებული მონაცემებით ბავშვი მამად დასახელებულია არა რ----- ნ--------ი, არამედ მ---------- პ-----–---ი, ბავშვი მოსარჩელის მამობრივი მზრუნველობით იზრდება, რის გამოც ბავშვის აღზრდის ინტერესებში შედის მას მიენიჭოს ბიოლოგიური მამის გვარი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (No.1), 24 მარტი, 1988წ., § 59, სერიები A No.130, დამონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, No. 71099/01, § 70, 5 აპრილი, 2005წ.). ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ. 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინდივიდუალობის ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მჭიდრო, უშუალო და პირადი ოჯახური ურთიერთობის, ნათესაური კავშირების არსებობა. ბავშვთა უფლებების კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ოჯახური გარემო მიჩნეულია ბავშვის აღზრდის საუკეთესო პირობად. ბავშვის აღზრდისათვის ასეთი გარემოს შექმნაზე მთავარი პასუხისმგებლობა ბავშვის მშობლებს ეკისრებათ.

 

ბავშთა უფლებების შესახებ არსებული აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, ბავშვის უფლებაა რამდენადაც ეს შესაძლებელია იცნობდეს თავის მშობლებს, გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. აღნიშნულ ნორმის დებულება, რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია ბავშვი უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს, ნიშნავს ბავშვის უფლებას იცოდეს მისი ბიოლოგიური წარმოშობის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ, ხოლო დებულა რამდენადაც ეს შესაძლებელია სასამართლო აზრით შეეხება შვილად აყვანის შემთხვევებს, რა დროსაც საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია შვილად აყვანის კოფიდეციალობა. სხვა შემთხვევებში ბავშვი უფლებამოსილია ჰქონდეს ინფორმაცია მისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებებით სავსებით დასტურდება, რომ მოსარჩელე არის ი-–--- ნ--------ის მამა, მამობის დადგენა არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. მ---------- პ-----–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. 2016 წლის 19 თებერვალს დაბადებული ი-–--- ნ--------ის (პირადი N0----------) მამად აიარებული იქნას მ---------- პ-----–---ი (პირადი N1----------);

1.2. ი-–--- ნ--------ის დაბადების სააქტო ჩანაწერში განხორციელდეს ცვლილება და ბავშვის მამად მიეთითოს მ---------- პ-----–---ი (პირადი N1----------) და ბავშვს მიენიჭოს გვარი პ-----–---ი;

 

2. რ----- ნ--------ს დაეკისროს მ---------- პ-----–---ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთვაის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი