გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310117002112437
№3-696/2017წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - გი-----ი კი-----ძე
მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ვა------ გე-----ძე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გი-----ი კი-----ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ“, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 20-- წლის 2- სექტემბრის №5- განკარგულების ბათილად ცნობა.
1.2. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
მოსარჩელის კანონიერი ინტერესი იმაში მდგომარეობ, რომ გი-----ი კი-----ძე არის ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, მას აქვს უფლება და ვალდებულება, იზრუნოს ქალაქის კეთილდღეობაზე და ასევე, მუნიციპალიტეტის ქონებაზე.
ბათუმის საკრებულოს მიერ მუნიციპალური ქონების გასხვისების წესი განსაზღვრულია კანონმდებლობით და ამ კანონმდებლობის დაცვა მოსარჩელეს თავის უშუალო მოვალეობად მიაჩნია, რადგანაც, როგორც საკრებულოს წევრი, ის ვალდებულია ამომრჩევლების - ბათუმის მოსახლეობის წინაშე. საკრებულოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაირღვა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები, კერძოდ უკანონო გადაწყვეტილებით გასხვისდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ის ქონება, რომლის უშუალო დაცვა ევალება მოსარჩელეს, როგორც საკრებულოს წევრს და გასაჩივრებული განკარგულების გაუქმებით ის, როგორც საკრებულოს წევრი, მოახდენს ამ ქონების ბათუმის თვითმმართველობისთვის დაბრუნებას. შესაბამისად, მოსარჩელე განახორციელებს მის უშუალო, კანონმდებლობით დაკისრებულ და ამომრჩევლების წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
20-- წლის 2- სექტემბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო №5- განკარგულება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ“, რომლითაც სხვა უძრავ ქონებასთან ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცა მწ---- კო-–-ზე არსებული მიწის ნაკვეთი, კერძოდ, 6 3--.0- კვ.მ. საერთო ფართის ზღვისპირა პლაჟი (საკადასტრო კოდი: 05.---.2-.0--). აღნიშნული ქონების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მიზნად ისახავს იმას, რომ შემდგომში ის გადასცეს შპს „ბიზნეს დეველოპმენტს“.
„საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პლაჟის გადაცემა კერძო საკუთრებაში დაუშვებელია, ანუ კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, პლაჟი განეკუთვნება განუსხვისებელ ქონება. ამავე კანონში განმარტებულია პლაჟის მცნებაც.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 121-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საკრებულოს განუსხვისებელი ქონების განსაკარგავად (გასასხვისებლად) სჭირდება სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.
ბათუმის საკრებულოში წარმოდგენილია 2- წევრი, 2--ის ორი მესამედი არის 16.6 ანუ საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად ესაჭიროებოდა არანაკლებ 17 ხმა. თუმცა საკრებულომ ამ მოთხოვნის უხეში უგულვებელყოფით, 1- ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო ეს განკარგულება.
შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 121-ე მუხლს, რომლის თანახმადაც მსგავსი გადაწყვეტილებები საკრებულო მხრიდან მიიღება არანაკლებ სიითი შემადგენლობის ორი მესამედისა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კი ბათილია გარიგება, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს.
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო 1- ხმით, 6-ის წინააღმდეგ, მოქმედი კანონმდებლობით კი მას მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად ესაჭიროებოდა მინიმუმ 17 ხმა. ამით საკრებულომ დაარღვია კანონის ეს მოთხოვნა და შესაბამისად, განკარგულება კანონსაწინააღმდეგო აქტს წარმოადგენს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და ის უსაფუძვლოდ მიიჩნია, შემდეგი მოტივით:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის 2- სექტემბრის №5- განკარგულების მეორე პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქ. ბათუმში, დასახლება მწ---- კო-–-ში მდებარე 6,3--.0- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.34.2-.0--) საკუთრების უფლებით გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, იმ პირობით, რომ მასზე განხორციელდებოდა ინვესტიციები.
ამასთან, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუკი გადაცემული მიწის ნაკვეთის განკარგვა არ მოხდება განკარგულების მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება უწყდებოდა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის 2- სექტემბრის №5- განკარგულების 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემული ქონება, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 20-- წლის 3 აპრილის №6- ბრძანების საფუძველზე ქ. ბათუმის მერიამ მიიღო საკუთრებაში, თუმცა ბრძანებით ბათუმის მერიას მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით არ გადაცემია, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო განკარგულების 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, ბათუმის მერიის მიერ მოხდა არა ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების, არამედ დამატებითი ქონების გაკარგვა.
განსახილველ შემთხვევაში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ სადავო განკარგულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემული უძრავი ქონება არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ძირითად (განუსხვისებელ) ქონებას და იგი განიხილება როგორც მუნიციპალიტეტის დამატებით ქონება, რომლის განკარგვა (გასხვისება) დასაშვებია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დამატებითი ქონების ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემას, რის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.
განსახილველ შემთხვევაში, აჭარის ა.რ. მთავრობის 20-- წლის 22 სექტემბრის №1------ წერილის საფუძველზე, საკრებულოს მიერ განხილულ იქნა საკითხი, მუნიციპალიტეტის დამატებითი ქონებების ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, რომელიც განხილულ იქნა 20-- წლის 2- სექტმებრის რიგგარეშე სხდომაზე. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 1- წევრი, საიდანაც საკითხს მხარი დაუჭირა 1--მა წევრმა, შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ამასთან სიითი შემადგენლობით საკრებულოს წევრთა ოდენობა შეადგენს 2--ს, ანუ საკითხს მხარი დაუჭირა სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტმა წევრმა, რაც სრულად შეესაბამება ასეთი საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის მიღების კანონით დადგენილ წესს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 20-- წლის 3 აპრილის №6- ბრძანებით, აჭარის ა.რ. კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, თვითმმართველ ქალაქ ბათუმს საკუთრებაში გადაეცა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, 12 ერთეული უძრავი ქონება, მათ შორის ქ. ბათუმში, დასახლება მწ---- კო-–-ში მდებარე 6,3--.0- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 05.34.2-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 20-- წლის 3 აპრილის №6- ბრძანება.
3.1.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 20-- წლის 22 სექტემბრის №1------ წერილის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 20-- წლის 2- სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე განხილული იქნა საკითხი, დამატებითი ქონებების ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
აღნიშნული სხდომის №1- ოქმით დგინდება, რომ განკარგულების მიღებისას, საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 1- წევრი, საიდანაც საკითხს მხარი დაუჭირა 1--მა წევრმა.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ“, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, 20-- წლის 2- სექტემბრის №5- განკარგულების 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქ. ბათუმში, დასახლება მწ---- კო-–-ში მდებარე 63--.0- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.34.2-.0--) საკუთრების უფლებით გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უსასყიდლოდ, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პოზიტიური პირობით (სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის საკრებულოს 20-- წ. 2-.09. რიგგარეშე სხდომის ოქმი;
– საკრებულოს 20-- წლის 2-.09. №5- განკარგულება.
3.1.3. თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 20-- წლის 2- სექტემბრის №5- განკარგულების მე-2 პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დასახლება მწ---- კო-–-ში მდებარე 63--.0- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.34.2-.0--) სარგებლობაში გადაცემა მოხდა ინვესტირების განხორციელების პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 20-- წლის 2-.09. №5- განკარგულება.
3.1.4. 20-- წლის 2 ოქტომბერს გი-----ი კი-----ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ“, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, 20-- წლის 2- სექტემბრის №5- განკარგულების ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– გი-----ი კი-----ძის სასარჩელო განცხადება.
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გი-----ი კი-----ძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი.
- თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს დებულება.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი მუნიციპალიტეტის საკრებულო არის კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო.
ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს, ამავე კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის 2- სექტემბრის №5- განკარგულების 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემული ქონება, აჭარის ა.რ. მთავრობის თავჯდომარის 20-- წლის 3 აპრილის №6- ბრძანების საფუძველზე ქ. ბათუმის მერიამ მიიღო საკუთრებაში, თუმცა ბრძანებით ბათუმის მერიას მიწის ნაკვეთი საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით არ გადასცემია, რაც იმას ნიშნავს, რომ სადავო განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბათუმის მერიის მიერ მოხდა არა ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების, არამედ დამატებითი ქონების გაკარგვა.
მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას წარმოადგენს კონკრეტული ქონებისათვის (დამატებითი ქონება) ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სტატუსის მინიჭება, რომელიც ხორციელდება საკრებულოს მიერ განკარგულების მიღების გზით, ამიტომ, სადავო საკითხის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია გარკვეულ იქნას, თუ რა სახის ქონების განკარგვა მოხდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ და შესაბამისად, რა რაოდენობის ხმები იყო საჭირო საკრებულოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 106-ე მუხლით განისაზღვრება მუნიციპალური ქონება, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონება არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება;
ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება;
გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება;
106-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად. მე-4 პუნქტის თანახმად, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად. მე-5 პუნქტის მიხედვით, კი დამატებითი ქონება არის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის 121-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. დამატებითი ქონების გასხვისება დასაშვებია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
6.4. სასამართლო ამასთან ერთად მიუთითებს, რომ ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხით“, რომლის თანახმად, ასეთი ქონების სახეობებია:
1. ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი მათზე დამაგრებული მიწის ფართობით, ასევე შესაბამისი ქონება, რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად.
2. დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწ---- ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები.
3. ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები.
4. ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისათვის და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების (თავშესაფრების) განთავსებისათვის აუცილებელი ქონება.
კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ ამ კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ქონებას სახელმწიფო უსასყიდლოდ გადასცემს საკუთრებაში მუნიციპალიტეტს ამ კანონის 113-ე მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული კანონის 113-ე მუხლი ასევე განსაზღვრვას ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის წესს, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ქონების მმართველი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოს მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და პასუხს წერილობით აცნობებს მოთხოვნის წარმდგენს მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში. ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ქონების მმართველის გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში დასამტკიცებლად გადაეცემა საქართველოს მთავრობას. თუ საქართველოს მთავრობამ 45 დღის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, მოთხოვნილი ქონება მოთხოვნის წარმდგენის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად ჩაითვლება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, მუნიციპალიტეტის ქონება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეკუთვნება ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების კატეგორიას, თუ აღნიშნული ქონება მიეკუთვნება ისეთი ქონების სახეობას, რომელიც ჩამოთვლილია მთავრობის მიერ დადგენილებით დამტკიცებულ ნუსხაში. გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას წარმოადგენს, კონკრეტულ დამატებით ქონებას მიანიჭოს ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სტატუსი, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიიღება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ სადაო განკარგულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემული უძრავი ქონება არ წარმოადგენს ისეთი ქონების სახეობას, რომელიც მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად წარმოადგენს ძირითად (განუსხვისებელ) ქონებას.
ასევე, უდავოა, რომ ქალაქ ბათუმის მერიამ აღნიშნული ქონება (მიწის ნაკვეთი) საკუთრებაში მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან, რომელიც მას არ გადაცემია, როგორც ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მერიის მიერ ქონების მიღებიდან მის განკარგვამდე (სადავო განკარგულების მიღებამდე), მუნიციპალიტეტის საკრებულოს აღნიშნული ქონებისთვის არ მიუნიჭებია ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სტატუსი.
შესაბამისად, უდავოდ დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც საკრებულოს სადაო განკარგულებით განიკარგა მუნიციპალიტეტის მიერ, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ძირითად (განუსხვისებელ) ქონებას, შესაბამისად კი, იგი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დამატებით ქონებას, რომლის განკარგვა (გასხვისება) დასაშვებია კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
6.6. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 108-ე მუხლი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობებით ან მათგარეშე), აგრეთვე წილები/აქციები (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ძირითადი (განუსხვისებელი) ქონებისა) ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.
ამდენად, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დამატებითი ქონების ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემას და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო.
კოდექსის 61-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნული რეგულაცია იმაზე მიუთითებს, რომ თუ კოდექსის შესაბამისად რაიმე კონკრეტული ქვორუმი არ არის დადგენილი, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
განსახიველ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 20-- წლის 22 სექტემბრის №1------ წერილის საფუძველზე, საკრებულოს მიერ განხილულ იქნა საკითხი, მუნიციპალიტეტის დამატებითი ქონებების ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, რომელიც განხილულ იქნა 20-- წლის 2- სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე.
აღნიშნული სხდომის №1- ოქმით დგინდება, რომ სადავო განკარგულების მიღებისას, საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 1- წევრი, საიდანაც საკითხს მხარი დაუჭირა 1--მა წევრმა. შესაბამისად, უდავოა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ამასთან სიითი შემადგენლობით საკრებულოს წევრთა ოდენობა შეადგენს 2--ს და ასევე უდავოა, რომ საკითხს მხარი დაუჭირა სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტმა წევრმა.
6.7. რაც შეეხება, მოსარჩელე მხარის მითითებას საქართველოს კანონის „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, პლაჟების გადაცემა კერძო საკუთრებაში (გარდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების არსებობის შემთხვევებისა) აკრძალულია, რომლითაც მოსარჩელე მხარე ცდილობს იმ გარემოების დადასტურებას, რომ სადავო განკარგულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადაცემული ქონება წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის ძირითად (განუსხვისებელ) ქონებას, სასამართლო აღნიშნავს, მუნიციპალიტეტის ძირითად (განუსხვისებელ) ქონების სტატუსს მითითებული კანონი ვერ განსაზღვრვას. ძირითად (განუსხვისებელ) ქონების სტატუსის სამართლებრივ განსაზღვრებას იძლევა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მის საფუძველზე მიღებული მთავრობის დადგენილება.
შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ კანონი კრძალავს პლიაჟის გასხვისებას კერძო საკუთრებაში, ეს გარემოება ვერ შეცვლის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ დანაწესს და ვერ აქცევს პლიაჟს მუნიციპალიტეტის ძირითად (განუსხვსიებელ) ქონებად.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, 20-- წლის 2- სექტემბრის №5- განკარგულებით არ მომხდარა პლიაჟის კერძო საკუთრებაში გასხვისება, არამედ იგი გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას იმ პირობით, რომ ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ვადიან სარგებლობაში გაცემა, ინვესტიციების განხორციელების პირობით. ამდენად, სადავო განკარგულების მიღებით ასევე არ დარღვეულა „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნებიც.
6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.
გი-----ი კი-----ძის მიერ გასაჩივრებული, „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, 20-- წლის 2- სექტემბრის №5- განკარგულება, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
6.9. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, 20-- წლის 2- სექტემბრის №5- განკარგულება, მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული აქტი კანონშესაბამისია და ის არ შეიცავენ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის დადგენილ რომელიმე წინაპირობას, რადგან არ ეწინააღმდეგებიან კანონს და მისი მიღების დროს არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოების წესები.
თავისთავად, ეს გარემოება გამორიცხავს მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გი-----ი კი-----ძის სარჩელი დაუსაბუთებელია და მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რის გამოც ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 2-7-2-8-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გი-----ი კი-----ძის სარჩელი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს წინასწარ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე