გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.07.2018
საქმის ნომერი
330310017002202304
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8212-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 ივლისი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - შპს „ა---------------------------“

წარმომადგენლები - კ------------–ი, ლ--------–----ე, გ------------–---–--ა

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ნ-----–-------–-----ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ერ---–------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0------- ბრძანება;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0-------------- ბრძანება;

 

1.3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 ოქტომბრის №2---- ბრძანება;

 

1.4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №4---------- საჩივარზე. (იხ. 2018 წლის 2 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. შპს „ა---------------------------“-ის 2017 წლის 30 მარტის განცხადების საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 აპრილის №0----------- ბრძანება - აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმად, შპს „ა---------------------------“-ს 2017 წლის 4 აპრილის მდგომარეობით არსებული 124705.74 ლარის ოდენობის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადაუვადდა 2019 წლის პირველ აპრილის ჩათვლით. ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს დაევალა შპს „ა---------------------------“-თან „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2017 წლის 4 აპრილს გაფორმდა №2------- ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს „ა---------------------------“-ზე 2017 წლის 4 აპრილის მდგომარეობით რიცხული 124705.74 ლარის (მათ შორის, ძირითადი გადასახადი 113558.12 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 11147.62 ლარი) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება, რაც უზრუნველყოფილი იყო შპს „ა---------------------------“-ის საკუთრებაში არსებული ქონებით (ს/კ 0-----------, 0-----------, 0-----------, 0-----------, 0-----------, 0-----------, 0-----------, 0-----------). აღნიშნული ქონების საერთო საბაზრო ღირებულება, 2017 წლის 27 მარტის №4---------- დასკვნის თანახმად, შეადგენდა 2960000 ლარს.

 

ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, შპს „ა---------------------------“-მა აიღო ვალდებულება, არ დაერღვია ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული გადასახადის გრაფიკის პირობები; საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეესრულებინა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად გადაეხადა დამატებით დარიცხული საურავი. თავის მხრივ, საგადასახადო ორგანომ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ განეხორციელებინა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად კი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 აპრილის №0----------- ბრძანებისა და მოცემული ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიეთითა - შპს „ა---------------------------“-ის მიერ ამ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 აპრილის №0----------- ბრძანება (ს.ფ.52);

- 2017 წლის 4 აპრილის №2------- ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ (ს.ფ.53-55).

 

3.2. 2017 წლის 26 აპრილს გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის №0------------ ბრძანება „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 აპრილის №0----------- ბრძანებისა და 2017 წლის 4 აპრილის №2------- „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

 

აღნიშნული ბრძანების საფუძველი გახდა 2017 წლის 4 აპრილის №2------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.

 

ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრირების დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს დაევალა შპს „ა---------------------------“-ის საგადასახადადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0------------ ბრძანება „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ ბრძანებისა და „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ (ს.ფ.56).

 

3.3. 2017 წლის 26 აპრილს გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის №0------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ა---------------------------“-ის საკუთრებაში ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

აღნიშნული ბრძანება შპს „ა---------------------------“-ს გაეგზავნა ელეტრონულ პორტალზე, რომელსაც გაეცნო 2017 წლის 8 მაისს.

 

მოცემული ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 15 ივნისს შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №1 აქტი, რომლის თანახმად ყადაღა დაედო შემდეგ ქონებას: (1) უძრავი ქონება, მის: ქ.რ---------------–-------------ის გზატკეცილი, მიმდებარე ტერიტორია, ს/კ 0-----------; (2) უძრავი ქონება, მის: ქ.რ-------ი, ქალაქის შემოსასვლელი, მიმდებარე ტერიტორია, ს/კ 0-----------; (3) უძრავი ქონება, მის: ქ.რ-------ი, ქალაქის შემოსასვლელი, მიმდებარე ტერიტორია, ს/კ 0----------- (4) უძრავი ქონება, მის: ქ.რ-------ი, ქალაქის შემოსასვლელი, მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვეთი №1---) ს/კ 0-----------; (5) უძრავი ქონება, მის: ქ.რ-------ი, ქალაქის შემოსასვლელი, მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვეთი №1---) ს/კ 0-----------; (6) უძრავი ქონება, მის: ქ.რ-------ი, ქალაქის შემოსასვლელი, მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვეთი №1---) ს/კ 0-----------; (7) უძრავი ქონება, მის: ქ.რ-------ი, ქალაქის შემოსასვლელი, მიმდებარე ტერიტორია, ს/კ 0-----------; (8) უძრავი ქონება, მის: ქ.რ-------ი, ქალაქის შემოსასვლელი, მიმდებარე ტერიტორია, (ნაკვეთი №1---) ს/კ 0-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0------- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ს.ფ.57);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს.ფ.58);

- 2017 წლის 15 ივნისის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №1 აქტი (ს.ფ.59-60).

 

3.4. 2017 წლის 26 აპრილს გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის №0-------------- ბრძანება, რომლის თანახმად, შპს „ა---------------------------“-ის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები - გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერისა და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით.

 

აღნიშნულ ბრძანება შპს „ა---------------------------“-ს გაეგზავნა ელეტრონულ პორტალზე, რომელსაც გაეცნო 2017 წლის 12 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0-------------- ბრძანება (ს.ფ.61);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს 2017 წლის 28 სექტემბრის №1----------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.69-70).

 

3.5. 2017 წლის 12 სექტემბერს შპს „ა---------------------------“-მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0------- და 2017 წლის 26 აპრილის №0-------------- ბრძანებების ბათილად ცნობა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 ოქტომბრის №2---- ბრძანებით შპს „ა---------------------------“-ის საჩივარი, სადავო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0------- ბრძანების ნაწილში დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0-------------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანება აღიარებულია და მასზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საინკასო დავალების წარდგენა მართლზომიერია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ა---------------------------“-ის 2017 წლის 12 სექტემბრის საჩივარი (ს.ფ.63);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 ოქტომბრის №2---- ბრძანება (ს.ფ.66-68).

 

3.6. შპს „ა---------------------------“-მა 2017 წლის 18 ოქტომბრის საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 ოქტომბრის №2---- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

საჩივრის თანახმად, გადამხდელი ითხოვდა მის საბაჟო საწყობში განთავსებულ ავტომობილებზე, რომლებზეც ვერ დგინდება მესაკუთრე, ამოღებულ იქნას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვიდან 2014-2017 წლების საანგარიშო პერიოდზე და მოხდეს დღგ-ს თანხების გადაანგარიშება/შემცირება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტისადმი დავალიანება გადატანილ იქნას არააღიარებულ დავალიანებაში და ქონებაზე დადებულ იქნას ყადაღა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 254-ე მუხლის საფუძველზე.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0-------------- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული დავალიანების ნაწილი აღიარებულია, დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის მიმართ საინკასო დავალების წარდგენა მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

ხოლო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0------- ბრძანების ნაწილში საბჭომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ ბრძანებას გადამხდელი ავტორიზებულ ვებ-გვერდზე გაეცნო 2017 წლის 8 მაისს, მისი გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2017 წლის 7 ივნისს, საჩივარი კი სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 12 სექტემბერს - კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით. გადამხდელს არ წარმოუდგენია არგუმენტები გასაჩივრების ვადის დარღვევის მიზეზებზე, შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ ნაწილში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძელზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება კანონშესაბამისია, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ა---------------------------“-ის 2017 წლის 18 ოქტომბრის საჩივარი (ს.ფ.63);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.97-104).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ა---------------------------“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-8, 41-ე, 44-ე, 51-ე, 238-ე, 243-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე, 301-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები, „ელექტორნული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0------- და 2017 წლის 26 აპრილის №0-------------- ბრძანებები, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 12 ოქტომბრის №2---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №4---------- საჩივარზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0-------------- ბრძანება, რომლითაც შპს „ა---------------------------“-ის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები - გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერისა და შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით.

 

სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს, რომლის თანამხად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები, მათ შორის, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

 

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებას განეკუთვნება საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს, რომ შპს „ა---------------------------“-ის 2017 წლის 30 მარტის განცხადების საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 აპრილის №0----------- ბრძანება - აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმად, შპს „ა---------------------------“-ს 2017 წლის 4 აპრილის მდგომარეობით არსებული 124705.74 ლარის ოდენობის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადაუვადდა 2019 წლის პირველ აპრილის ჩათვლით. შპს „ა---------------------------“-თან სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმდა 2017 წლის 4 აპრილის №2------- ხელშეკრულება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს „ა---------------------------“-ზე 2017 წლის 4 აპრილის მდგომარეობით რიცხული 124705.74 ლარი (მათ შორის, ძირითადი გადასახადი 113558.12 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 11147.62 ლარი) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება. ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, შპს „ა---------------------------“-მა აიღო ვალდებულება, არ დაერღვია ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული გადასახადის გრაფიკის პირობები; საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეესრულებინა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები; ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად გადაეხადა დამატებით დარიცხული საურავი. თავის მხრივ, საგადასახადო ორგანომ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ განეხორციელებინა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად კი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 აპრილის №0----------- ბრძანებისა და მოცემული ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიეთითა შპს „ა---------------------------“-ის მიერ ამ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.

 

დადგენილია, ასევე, რომ 2017 წლის 26 აპრილს გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის №0------------ ბრძანება „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 აპრილის №0----------- ბრძანებისა და 2017 წლის 4 აპრილის №2------- „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ბრძანების საფუძველი გახდა 2017 წლის 4 აპრილის №2------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის შესაბამისად, აღნიშნავს, რომ საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა საგადასახადო დავალიანების შესრულების ერთ-ერთი იძულებითი მექანიზმია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ შემდეგი წინაპირობების არსებობისას: (1) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა შეუძლია მხოლოდ საგადასახადო ორგანოს და (2) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობისას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არსებობდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის გადახდა გადავადებული ჰქონდა გადასახადის გადამხდელს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ წარმომადგენელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით და რომელიც დაარღვია შპს „ა---------------------------“-მა, საგადასახადო ორგანოს ჰქონდა უფლებამოსილება გაეუქმებინა ხელშეკრულება და გამოეყენებინა გადასახადი გადახდის უზრუნველყოფის საშუალებები, თანახმად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-10 ნაწილისა, რომელიც ადგენს, რომ თუ გადასახადის გადამხდელმა არ შეასრულა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, უქმდება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ.

 

მსგავს დანაწესს ითვალისწინებს, ასევე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 64-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, კერძოდ, გადაწყვეტილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ უქმდება, თუ პირმა დაარღვია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები.

 

შპს „ა---------------------------“ სადავოდ ხდის, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0------- ბრძანებას „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“.

 

სასამართლო მოიხმობს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

 

ამავე მუხლის, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თვიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე №ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანომდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“

 

სასამართლო მოიხმობს გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესის განმსაზღვრელ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მესამე ნაწილის თანახმად კი, საგადასახადო ორგანო თავად ირჩევს დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.

 

ზემოაღნიშნული დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება სწორედ გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ, მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.

 

ვინაიდან ივარაუდება, რომ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ყოველ დოკუმენტზე წვდომა გააჩნია მხოლოდ შესაბამის ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, ამიტომ იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს „ელექტორნული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით ამახვილებს ყურადღებას „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაზე, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიან, მაშინ, როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 აპრილის №0------- ბრძანება შპს „ა---------------------------“-ს გაეგზავნა ელეტრონულ პორტალზე, რომელსაც გაეცნო 2017 წლის 8 მაისს. სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივარი კი წარდგენილია 2017 წლის 12 სექტემბერს, რაც ცალსახად მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის კანონდმებლობით დადგენილი გასაჩივრების 30-დღიანი ვადის დარღვევის ფაქტზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გასაჩივრების ვადის დარღვევა, რაც გამოწვეული იქნებოდა გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით. ასეთი მიზეზის არსებობა არათუ არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არამედ მოსარჩელეც არ მიუთითებს მსგავს გარემოებასა და საპატიო მიზეზზე, რა შემთხვევაშიც დადგინდებოდა გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან პირს შესაბამისი წესის დაცვით ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის შედეგად მან შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „ა---------------------------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ა---------------------------“-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე