განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
190100117002063219
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/389 -17

(№012150717001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ოქტომბერი 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორები: ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული კ-------–-------ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ----------------------------------–---------–--–-------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ---------------–----–----–--------------------------------.

 

ადვოკატი ხატია კვასტიანი,კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი, ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დადგენილებით, პირის ბრალდების შესახებ:

2017 წლის 12 ივლისს, 13:08 საათზე კ-------–-------ე იმყოფებოდა ქ----------–-----------–---–------------ში მდებარე ს---------------–---------ს” ფილიალში, სადაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვ----------------ის 35 ლარად ღირებულ ტყავის მუქი ფერის საფულეს მასში მოთავსებულ ფულად თანხას 100 ლარის ოდენობით, 174 ლარად ღირებულ ,,რომპეტროლის” ბენზინის რეგულარის 80 ლიტრის საწვავის ტალონებს, 14 ლარად ღირებულ ,,სოკარის” გაზის 10 კუბიანი საწვავის ტალონს ,,უნიქარდის” ბარათს, 1 ცალ აფთიაქ ,,ნეოფარმის” ქულების დასაგროვებელ ბარათს და ჯარიმის ქვითრებს. აღნიშნული ქმედებით ვ----------------ეს მიადგა 323 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. კ-------–-------ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.2. 2017 წლის 12 ივლისს, კ-------–-------ე იმყოფებოდა ქ----------–-----------–---–------------ში მდებარე ს---------------–---------ს” ფილიალში, სადაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ვ----------------ის საფულეს, სადაც მოთავსებული იყო ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბრალდებულმა კ-------–-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს დაურეკეს საქართველოს ბანკიდან მისი შვილის ლ-–- შარიქაძის სესხსთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა საკონტაქტო პირად ჰყავდა ლ-–-ს მითითებული და სესხის გადახდის ბოლო ვადა იყო, ამიტომ მივიდა ბანკში, რომ დავალიანება გადაეხადა. ბანკში შესვლისას აიღო რიგის ნომერი, დაელოდა გამოძახებას და მივიდა ოპერატორთან. წინ ორი სკამი იდო და დაჯდა ერთ-ერთზე, როდესაც თავისი საფულე უნდა ამოეღო, მარცხენა ფეხის ქვეშ გარკვეული უხერხულობა იგრძნო, გამოწია ფეხი და საფულე დაინახა. აიღო ჩვეულებრივად და ჩაიდო ჯიბეში, ჩათვალა, რომ ეს იყო უმნიშვნელო საგანი, რომელსაც არავინ მიაქცია ყურადღება. ბანკიდან რომ გამოვიდა, სამსახურში მანქანით წავიდა, ლ-–-ს სესხთან დაკავშირებით განერვიულდა, რადგან არ მოელოდა, რომ მას რაიმე ფინანსური პრობლემა ჰქონდა და დაუმალა, შემდეგ განაგრძო მუშაობა და გადაავიწყდა კიდეც საფულეს ამბავი. როდესაც შეამოწმა, პიროვნების საიდენტიფიკაციო არანაირი დოკუმენტი არ იდო, მხოლოდ უნიქარდი და ხურდები ეყარა და იფიქრა სოციალურ ქსელში ფოტოს განათავსებდა. მთელი დღის განმავლობაში დაკავებული იყო და ვერ მოახერხა, საღამოს კი ლ-–-სთან კონფლიქტი ჰქონდა სესხის საკითხზე და აღარ გაახსენდა, რომ შეტყობინება გაეკეთებინა. მეორე დღეს მანქანიდან ნარჩენები უნდა გადაეყარა, მანქანაში საფერფლე არ აქვს და თაროს იყენებს საამისოდ, შესაძლებელია საფულე მას გადააყოლა კიდეც. მისთვის ცნობილია, რომ ბანკში ვიდეო-ჩაწერა ხორციელდება, ამიტომ არც უკითხავს ოპერატორისთვის ვინ იჯდა სკამზე მანამდე, რადგან ჩათვალა, რომ საფულე მის გარდა სხვამაც შეამჩნია, ამიტომ მიიჩნია ის უსარგებლო ნივთად. მიიჩნევს, რომ მას ქურდობა არ ჩაუდენია, იპოვა ნივთი და სურდა მისი მფლობელისთვის დაბრუნება, თუმცა ვერ მოახერხა.

 

შ--------------–ის“ დირექტორის 2017 წლის 7 აგვისტოს წერილის თანახმად: ვ----------------ე შ--------------–ში“ მუშაობს 2017 წლის 17 მაისიდან მძღოლის პოზიციაზე. მის სახელზე მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაცემულია საწვავის ტალონები, კერძოდ: 05.07.17 -100 ლ ბენზინის, 05.07.17 – 20 ლ ბენზინი, 14.07.2017 -100 ლ ბენზინი.

 

დაზარალებულმა ვ----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 12 ივლისს, სახელფასო ბარათის საკითხზე მივიდა ბ-------–---–--------ზე მდებარე საქართველოს ბანკში. ოპერატორს მიაწოდა პირადობის მოწმობა და როდესაც ბანკიდან წამოვიდა, უკვე სამსახურში აღმოაჩინა, რომ საფულე თან არ ჰქონდა. ამის შემდეგ მივიდა ისევ ბანკში და ოპერატორს უთხრა, რომ საფულე დარჩა, რადგან მან არაფერი იცოდა დაცვის თანამშრომელს სთხოვა ვიდეოჩანაწერი ეჩვენებინათ, თუმცა მათ უთხრეს, რომ ამას დრო ჭირდებოდა და დაუკავშირდებოდნენ. რამდენიმე ხანში დაურეკეს და უთხრეს, რომ საფულე ნამდვილად ბანკში დარჩა და განაცხადა პოლიციაში. ოპერატორთან მარჯვენა მხარეს იჯდა, საფულე მარცხენა მხარეს დადო სკამზე. საფულეში ჰქონდა 20 ლარიანი ჯარიმა, უნიქარდის ბარათი, ნეოფარმის ბარათი, 100 ლარი, 102 მ გაზის ტალონი და 80 ლიტრის ბენზინის ტალონები. მან ჩვენება მისცა გამომძიებელს და საგამოძიებო ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა. განცხადება პირადად დაწერა 2017 წლის 14 ივლისს, მითითება, რომ თაღლითურად დაეუფლა მისთვის უცნობი პიროვნება მის საფულეს - მისი ინიციატივაა და მიიჩნევს, რომ ეს თაღლითობაა.

 

2017 წლის 15 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, დაზარალებულ ვ----------------ის გამოკითხვის პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ქ.რუსთავი, ბ-------–---–---------ში მდებარე სს „საქართველოს ბანკში“, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ექსპერტი კ------------------ია. მოწმე ვ----------------ემ მიუთითა პირველივე ოპერატორზე, სადაც იგი შემთხვევის დღეს იჯდა და საფულე ჯიბიდან ამოიღო პირადობის მოწმობის ოპერატორზე გადაცემის მიზნით. საფულე დადო მის მარცხნივ მდგარ სკამზე, რომელიც აღარ აუღია და შემდეგ მობრუნებისას აღარ დახვდა.

 

2017 წლის 29 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ბრალებულ კ-------–-------ის გამოკითხვის პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ქ.რუსთავი, ბ-------–---–---------ში მდებარე სს „საქართველოს ბანკში“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები ზ--------------–---–ი, ნ-----------ე. ბრალდებულმა მიუთითა ბანკში შესასვლელიდან პირველივე ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე, სადაც განთავსებული იყო ორი სკამი, რომელთაგანაც შესასვლელიდან მარცხენა პირველ სკამზე შენიშნა საფულე, რომელიც აიღო და ჩაიდო ჯიბეში, შემდეგ მან მიუთითა ადგილი, სადაც გადააგდო იგი.

 

მოწმეები ლ-–- მ---------–---–ი, გ---–--------ა, დ----------------ე, ს--------–----------ე და დ----------------–---–ი სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მათ მიერ ჩატარებული საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებების ირგვლივ და დაადასტურეს შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების რეალობა, ხოლო მოწმეები კ---------------ა, ლ-–- მ-------, ზ---------------–---–ი და ნ-----------ე დაიკითხნენ დაზარალებულთან და ბრალდებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ირგვლივ, რა დროსაც განმარტეს ჩატარებული ს/მოქმედებების მიმდინარეობა. ზ---------------–---–მა და ნ-----------ემ განმარტეს, რომ ბრალდებულმა მიუთითა ადგილი საიდანაც აიღო საფულე, თბილისის ქუჩაზე კი ეს საფულე ჩააგდო ურნაში.

 

მოწმე ლ-–- მ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე“ საქართველოს ბანკის“ თბილისის სათაო ოფისიდან გამოითხოვა ვიდეოჩანაწერები.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს ბანკის თანამშრომლები: თ-------–---–----ე, დ-------------------ე.

 

მოწმე დ-------------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს უსაფრთხოების სამსახურის უფროსად საქართველოს ბანკის ქვემო ქართლის ფილიალში ბ-------–--–--------ზე. დაახლოებით ზაფხულის პერიოდი იყო, მიმართა კლიენტმა, რომ ვიდეოჩანაწერის ნახვა უნდოდა და პროცედურის შესაბამისად ამოღებულ იქნა ვიდეოჩანაწერი, განმცხადებელს უთხრა, რომ მიემართა სამართალდამცავი ორაგანოებისთვის. როგორც წესი, ყველა მოლარე ოპერატორის ადგილის თავზე არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა, ხოლო მისი ჩანაწერები ინახება ცენტრალური ფილიალის სერვერზე. ჩანაწერსა და რეალურ დროს შორის არანაირი ცდომილება არ არის, ამის კონტროლი პირადად მას ეხება. ბანკში არსებული ე.წ. აიტი ტელეფონები, კომპიუტერი და ვიდეოკამერა ერთი დროით მუშაობს.

 

მოწმე თ-------–---–----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს ბანკის ბ-------–---–ის ფილიალში. 2017 წლის 12 ივლისს, დილის საათებში მასთან იყო მისული მომხმარებელი ვ----------------ე პლასტიკური ბარათის მისაღებად და გაუწია კონსულტაცია. შემდეგ ეს მომხმარებელი, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაბრუნდა უკან და განაცხადა, რომ მას დარჩა საფულე, უთხრა რომ არ დაუნახავს, ხოლო მან მოითხოვა კამერების ნახვა. ვ-------ის შემდეგ სხვა მომხმარებლებიც მიიღო. ვ---------ის შემდეგ კლიენტს შვილზე აინტერესებდა ინფორმაციის მიღება, რომელსაც ვადა ჰქონდა გადაცილებული სესხზე, შემდეგ ამ პიროვნებას 100 ლარი დაუხურდავა, რათა აპარატზე ჩაერიცხა. ეს პიროვნება კ-------–-------ეა. ბანკში მომუშავე ყველა ოპერატორის ადგილის თავზე არის დაყენებული ინდივიდუალური ვიდეო-კამერა. კლიენტები ოპერატორებთან რიგის ნომრების მიხედვით ხვდებიან. მისი მაგიდის წინ ორი სკამი დგას, მისგან მარჯვენა მხარეს მდგომ სკამს ეფარება საბანკო ინფორმაციასთან დაკავშირებული ბანერი, ხოლო მარცხენა მხარე - თავისუფალია. როგორც წესი, თუ კლიენტი მარტოა, ის ჯდება მისგან მარცხენა მხარეს მდგომ სკამზე, რადგან ასე უფრო მოსახერხებელია და ხელს არაფერი უშლის. კ-------–-------ე დაჯდა მისგან მარჯვნივ მდგომ სკამზე.

 

2017 წლის 16 აგვისტოს გამომძიელის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. ექსპერტიზას გამოსაკვლევად გადაეცა სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი 6 ცალი DVD დისკი შიდა და გარე სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ვიდეომასალა დალუქული ორ პაკეტად და კ-------–-------ის ფოტომასალა მოთავსებული ერთ ცალ CD დისკზე.

 

საქმეში წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის 2017 წლის 29 სექტემბრის დასკვნით და ექსპერტ გ-----------------ის ჩვენებით: „ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებში გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებულ ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: SC 52 Rustavi 2 IPChannel 01_20170712123000_20170712140845_24326702_0001-დან ამოღებულ ფოტოსურათზე და გამომძიებლის მიერ წარმოდგენულ დისკზე ჩაწერილი კ-------–-------ის პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნება.“

 

სასამართლო სხდომაზე დათვალიერდა DVD დისკები, ვიდეოჩანაწერში ასახულია დაზარალებულის და ბრალდებულის შესვლა და შემდგომი მოქმედებები საქართველოს ბანკში. გამოსახულების მიხედვით, საქართველოს ბანკის მოლარე ოპერატორის წინ განთავსებულია ორი სკამი, რომლითაც სარგებლობენ ბანკის კლიენტები. შესასვლელიდან მარცხენა სკამის პირდაპირ განთავსებულია სარეკლამო ბუკლეტების ბანერი, რომელიც გარკვეულწილად ეფარება ოპერატორს, ხოლო მარჯვენა მხარე - თავისუფალია. ვ----------------ე შედის საქართველოს ბანკში, მიდის მოლარე ოპერატორთან, ჯდება მისგან წინა მარცხენა სკამზე, იღებს საფულეს, საფულედან სავარაუდოდ პირადობის მოწმობას და საფულეს დებს მისგან მარცხნივ მდგარ სკამზე. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ვ---------ე ართმევს პირადობის მოწმობას ოპერატორს და ისე, რომ საფულე სკამზე რჩება, გადის ბანკიდან. რამდენიმე წუთი ჩანს, რომ ბანკის ოპერატორი დაკავებულია თავისი საქმით და მისი მოძრაობისა და მხედველობის არეალის მიხედვით, მას საფულე არ დაუნახავს და არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. შემდეგ, იმავე ოპერატორთან მიდის კ-------–-------ე. მისი მოქმედების მიხედვით, სურდა დამჯდარიყო მარჯვენა სკამზე, თუმცა ინსტიქტურად გადაიწია მარცხენა მხარეს და დააჯდა ვ---------ის საფულეს. კ-------–-------ემ თავისი საფულე ამოიღო, მიაწოდა ოპერატორს და პარალელურად, გამოიღო ის საფულე, რომელზეც იჯდა მარცხენა მხრიდან და ჩაიდო შარვლის მარცხენა ჯიბეში. ოპერაციის დასრულების შემდეგ კ-------–-------ე გადის ბანკიდან.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრული ეჭვი და მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, მტკიცებულებათა ერთობლიობა რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია დანაშაულის ნიშნების დადგენა, ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს ლოგიკურად, შინაარსობრივად. მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და სხვა. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური და მიუკერძოებელი პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. მტკიცებულებათა უტყუარობის ძალა არ უნდა იწვევდეს ეჭვს, მტკიცებულებითი ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე არ უნდა დაედოს პირს მსჯავრი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ერთ-ერთი სახეა ქურდობა - ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სისხლის სამართლის კოდექსის რიგი ნორმები ქმედების ჩადენას კრძალავს ნივთის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი მომეტებული საფრთხის ან იმ ნიშან-თვისებების გათვალისწინებით, რომელთა დაუფლების შემთხვევაში, მოსალოდნელია ზიანის მიყენება ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ან სახელმწიფოსთვის. სსკ-ს 177-ე მუხლის შემადგენლობისთვის კანონმდებელი ნივთის სახეობასა და მის მნიშვნელობაზე არანაირ დათქმას არ აკეთებს, გარდა იმისა, რომ ნივთი უნდა იყოს სხვისი და მოძრავი, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ნივთის ფუნქცია, მისი თვისობრივი, ღირებულებითი და ხარისხობრივი მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს დამნაშავის ნებას მიისაკუთროს იგი - მის მიერ ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ.

 

ქმედების ქურდობად დაკვალიფიცირებისთვის უნდა დადგინეს შემდეგი ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მისაკუთრების მიზანი, 2. ქმედების ფარული ხასიათი და 3. არის თუ არა ნივთი სხვისი. ამ გარემოებებიდან თუნდაც ერთის არარსებობის შემთხვევაში ქმედება ვერ ჩაითვლება ქურდობად. ქურდობა განზრახი დანაშაულია და განზრახვის შეფასებისას უნდა დაგინდეს, რომ პირი აცნობიერებს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ითვალისწინებს ამ ქმედებით გამოწვეული დამდგარ შედეგს ან ასეთის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანუ აქვს ქმედების განხორციელების სურვილი. მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება გულისხმობს, რომ პირი აცნობიერებს, რომ ჩადის კანონით აკრძალულ ქმედებას, ითვალისწინებს, რომ მის ქმედებას მოჰყვება შედეგი, რომლითაც ზიანი ადგება სხვა პირს ან სახელმწიფოს და სურს ასეთი ქმედების ჩადენა. ქურდობის შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნივთი, რომელსაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება, იყოს სხვისი. ასევე აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენის განზრახვა შესაძლოა პირს ჰქონდეს როგორც წინასწარ მოფიქრებული, ისე უეცრად წარმოშობილი, ანუ სხვისი ნივთის ქურდობის განზრახვა შესაძლებელია პირს გაუჩნდეს ნივთით დაინტერესების მომენტში და მის დანახვამდე ან დაუფლებამდე არც ითვალისწინებდეს არსებობას.

 

ზოგადად, ნებისმიერი დანაშაულის ნიშნების დადგენისას, თავდაპირველად სასამართლო აქცენტს აკეთებს ქმედების შემადგენლობის ძირითად ნიშნებზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში დანაშაულის ისეთი გარემოებები, როგორიცაა დანაშაულის ადგილი, საშუალება, საგანი, ხერხი და ა.შ. აუცილებელი წინაპირობაა სწორი კვალიფიკაციისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა კ-------–-------ემ განმარტა, რომ იგი ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის დღეს ბანკში და მართლაც აიღო სხვისი საფულე, თუმცა ეს მოხდა შემთხვევით, მისგან გაუცნობიერებლად და მით უფრო არ ჰქონია ნივთის მისაკუთრების მიზანი. ასევე აღნიშნავს, რომ ისეთი ტიპის დაწესებულებაში, როგორიცაა ბანკი, შეუძლებელია დანაშაული ჩაიდინო ფარულად, რადგან ყველგან დამონტაჟებულია ვიდე-სათვალთვალო კამერები. მიიჩნევს, რომ მისი ბრალეულობა გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ გადაავიწყდა საფულეს შესახებ განეცხადებინა პოლიციაში ან ეცნობებინა სოციალური ქსელით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პოზიცია მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყურად დგინდება, რომ კ-------–-------ის ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს - ქურდობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დანაშაულის ადგილის თავისებურებასა და დანაშაულის საგანზე და აღნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“ არის დაწესებულება, სადაც მუდმივად სრულდება ფინანსური ოპერაციები. ბანკში როგორც წესი მოქალაქეები იხდიან სხვადასხვა სახის გადასახადებს, ან პირიქით იღებენ თანხას. ამასთან ბანკი არ არის ღია სივრცე და ნივთის დაკარგვის შემთხვევაში, იოლია შეტყობინების გაკეთება მომსახურე პერსონალთან, ბანკს ჰყავს დაცვის თანამშრომლები, როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრი კონტროლდება ვიდეო-სათვალთვალო კამერებით, შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი პოულობს ან რჩება რაიმე ნივთი, მარტივია გადამოწმება და ნივთის ან მისი მეპატრონის მოძიება. ანალოგიურად განვითარდა მოვლენები მოცემულ შემთხვევაშიც, ვ----------------ე მივიდა ბანკში სახელფასო ბარათთან დაკავშირებით და ოპერატორის მაგიდასთან მდგომ სკამზე დარჩა საფულე, რომელიც გაიხსენა უკვე სამსახურში ყოფნისას და მიბრუნდა მის წამოსაღებად, თუმცა საფულე ბანკში აღარ დახვდა და მიმართა პოლიციას. როგორც ვიდეო-ჩანაწერიდან და მოწმე თ-------–---–----ის ჩვენებით დადგინდა, ვ----------------ის შემდეგ ბანკის მომსახურებით ისარგებლა კ-------–-------ემ. იგი რიგის ნომერის მიხედვით მივიდა ოპერატორთან და მის წინ მდგომი ორი სკამიდან დაჯდა სწორედ იმ სკამზე სადაც საფულე იდო, ამასთან იმგვარად, რომ დაფარა საფულე. ბანკის ოპერატორთან თავის პირადი საქმის გარკვევის პარალელურად, ისე რომ არავის შეემჩნია, გამოიღო საფულე მარცხენა ბარძაყის ქვემოდან და მოითავსა ასევე მარცხენა უახლოს ჯიბეში, რის შემდეგაც ისე დატოვა ბანკი, რომ არავისთვის უთქვამს საფულის შესახებ.

 

ბრალდებულის განმარტებაზე, რომ მისი მოქმედება არ იყო ფარული, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნივთის ფარულად დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც პირმა იცის, რომ იგი სხვებისაგან შეუმჩნევლად მოქმედებს და მაშინაც, როდესაც თავად ნივთის არსებობაა სხვებისთვის შეუმჩნეველი. მოცემულ შემთხვევაში ვ----------------ემ ისე დადო საფულე სკამზე და გამოვიდა ბანკიდან, რომ არავის დაუნახავს, მათ შორის არც იმ ოპერატორს, რომელიც მოემსახურა და არც ბანკის სხვა თანამშრომელს ან კლიენტს. ჩანაწერების მიხედვით, საფულე ვ----------------ის გასვლის შემდეგ დაინახა მხოლოდ კ-------–-------ემ და აიღო კიდეც იგი სხვებისაგან შეუმჩნევლად, ამასთან საფულის ჯიბეში ჩადების მომენტშიც იმგვარად მოქმედებდა, რომ ოპერატორს ეჭვი არ შეეტანა საიდან აიღო მან საფულე, გამიზნულად მოქმედებდა როდესაც ერთდროულად მიაწოდა ოპერატორს ფურცელი და მეორე ხელით საფულე ჯიბეში ჩაიდო, თუმცა მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ოპერატორმა საფულეს შესახებ არაფერი იცოდა. შესაბამისად, სასმართლოს მიაჩნია, რომ კ-------–-------ე ვ----------------ის საფულეს დაეუფლა ფარულად.

 

კ-------–-------ის მიერ ვ----------------ის საფულის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანზე ერთმნიშვნელოვნად უთითებს როგორც ამ ნივთის დანიშნულება და მისდამი იმწუთიერად გაჩენილი ინტერესი, ისე ბრალდებულის შემდგომი მოქმედებები. საფულე არის ნივთი, სადაც ადამიანების უმრავლესობა როგორც წესი ინახავს ფულს, ყოველ შემთხვევაში მაღალია მოლოდინი, რომ ბანკში დარჩენილ საფულეში შესაძლებელია იდო ფული და არანაირი ლოგიკური და კეთილსინდისიერი წარმოდგენით, არ შეიძლება, რომ ის უსარგებლო ნივთად იქნეს მიჩნეული, როგორც ამას ბრალდებული აღნიშნავს. მისი ვერსიაც რომ განვიხილოთ, უსარგებლო ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, ან არავინ აიღებს მას, ან აღების შემთხვევაში მოათავსებს ნაგვის ურნაში, ხოლო თუ შეიძლება დავუშვათ, რომ ნივთს ჰყავს მესაკუთრე, ისეთი ტიპის დაწესებულებაში, როგორიც ბანკია, არის სამუშაო საათები, ფოიეში დგანან ადამიანები და ელოდებიან თავიანთ რიგს, ეჭვგარეშეა, რომ ასეთ შემთხვევაში, თუ პირს არ აქვს ამ ნივთის მისაკუთრების მიზანი, ის იკითხავს ხომ არ ეკუთვნის ნივთი რომელიმე სხვა ადამიანს. კ-------–-------ემ კი მას შემდეგ, როდესაც დაინახა სკამზე დადებული საფულე, მისი დანახვისთანავე გაუჩნდა რა მისაკუთრების ინტერესი, ინსტიქტურად, მარჯვენა სკამიდან მომენტალურად გადაიხარა მარცხენა სკამზე და დაჯდა საფულეზე, მაშინ როდესაც მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა ეკითხა თუ ვისი იყო საფულე და ხომ არ იმყოფებოდა მისი მესაკუთრე ჯერ კიდევ ბანკში. ყურადსაღებია შემდგომი მისი მოქმედებებიც, იგი აღნიშნავს, რომ სურდა შეტყობინების გაკეთება, თუმცა ვერ მოახერხა და ბოლოს გადააგდო იგი, მაშინ როდესაც გამოძიება საქმეზე დაიწყო მას შემდეგ, რაც ვ----------------ეს ბანკის დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ მიემართა პოლიციისთვის, ანუ ბრალდებულს ჰქონდა ორი სრული დღე იმისათვის, რომ ნივთის მისაკუთრების ნაცვლად, დაებრუნებინა ის ბანკში, თუმცა მან ეს არ გააკეთა, რადგან დაეუფლა კიდეც საფულეში არსებულ ფულად თანხას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ხელს არაფერი უშლიდა მიეტანა საფულე უკან და შეეტყობინებინა პოლიციისთვის, მაგრამ ხელშემშლელ ფაქტორს სწორედ საფულეში არსებული ფულადი თანხის დაუფლება წარმოადგენდა.

 

ამდენად, მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულის ქმედებაში არსებობს სსკ-ს 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და მისი ქმედება რეალურად შეიცავს ქურდობისთვის დამახასიათებელ ძირითად - ქმედების ფარულ ხასიათსა და მისაკუთრების მიზნის ნიშნებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვის მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

სასამართლომ, მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადგენილად მიიჩნია, რომ კ-------–-------ემ ჩაიდინა სსკ-ს 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული

ამასთან, ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მის მიერ ჩადენილი ქმედების 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ გარემოებათა გამო:

 

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს მნიშვნელოვანი ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის დასადგენად, ბრალდების მხარემ მტკიცებულებად წარმოადგინა დაზარალებულის ჩვენება და ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული გარემოებებიც დამყარებულია მხოლოდ მის ჩვენებაზე. დაზარალებულმა სასამართლოშიც განმარტა, რომ მას საფულეში ედო დაგროვებითი ბარათები და ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით, ასევე საწვავის ტალონები. ბრალდების მხარის განმარტებით, 174 ლარად ღირებული ,,რომპეტროლის” ბენზინის რეგულარის 80 ლიტრის საწვავის ტალონების, 14 ლარად ღირებულ ,,სოკარის” გაზის 10 კუბიანი საწვავის ტალონის, ფულადი თანხის 100 ლარისა და საფულის ღირებულებამ 35 ლარის ოდენობით - შეადგინა 323 ლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს, თუმცა სხვა სახის ინფორმაცია, რაც სასამართლოს დაზარალებულის ჩვენების შემოწმებისა და მისი მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების საშულებას მისცემდა - ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. შ--------------–ის“ დირექტორის 2017 წლის 7 აგვისტოს წერილით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვ----------------ის სახელზე მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაცემულია საწვავის ტალონები 220 ლიტრის ოდენობის ბენზინისთვის, ხოლო რამდენი იქნა გამოყენებული და რა ოდენობის ლიტრის საწვავის ტალონი დარჩა ვ----------------ეს 2017 წლის 12 ივლისისთვის, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულებით არ არის დადგენილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირის დამნაშავედ ცნობისთვის ვრცელდება არა მხოლოდ დანაშაულის ძირითად შემადგენლობაზე, არამედ წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე, სასამართლო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით უნდა დარწმუნდეს, რომ პირის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. დასკვნის გასაკეთებლად, თუ რა სახის ზიანი შეიძლება პირს მიადგეს, უნდა დამტკიცდეს ან თავად ნივთის არსებობით და მისი ღირებულების შეფასების შესაძლებლობით, ან ნივთი უნდა იყოს ისეთი დასახლების, რომლის საბაზრო ღირებულებაც ცნობილია, რომ აღემატება 150 ლარს. მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება ზუსტად რა ოდენობის საწვავის ტალონი ჰქონდა დაზარალებულს, რა ღირდა მისი საფულე და ფულად თანხასთან ერთად მათი ჯამი აღემატება თუ არა 150 ლარს, ამასთან არ წარმოდგენილა არც თავად საფულე და არც ბრალდებულის მიერ სწავავის გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად სასამართლოს მაიჩნია, რომ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება, რომ კ-------–-------ემ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უნდა დაკვალიფიცირდეს 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

კ-------–-------ის მიმართ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებისთვის ცნობილი ხდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისი რესოციალიზაცია.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ-------–-------ე არ არის ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, არის ოჯახის მარჩენალი, აღნიშნული გარემოებები კი არ ქმნის მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის აუცილებლობას და სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად მას უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

კ-------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ-------–-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

კ-------–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ს 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.

 

საქმეზე ამოღებული 12 ცალი დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

კ-------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე