გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.11.2018
საქმის ნომერი
080210118002433969
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080210118002433969

2/1506-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი 2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი - ია დვალიშვილი

მოსარჩელე - გი------ მა-----–---–ი;

წარმომადგენელი - ნ----- მუ-------–ია;

მოპასუხე - გე----ი დე--------ნი;

წარმომადგენელი - თე-------ზ ბუ–------ძე;

მოპასუხე - საბა დე--------ნი;

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 09 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გამზირი ი. ჭავჭავაძე N1ა, ავტოსადგომი N10, საკადასტრო კოდით N03-----------------, რეგისტრირებული მოპასუხე საბა დევდარინის სახელზე.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 11 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - N-----S, მარკა-მოდელი მერსედეს ბენც S430, ფერი-რუხი 1/8, გამოშვების წელი -2001, სიდენტიფიკაციო ნომერი - WDB 2-------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა -D-------0, გაცემული 11.01.2018 წელს, რეგისტრირებული მოპასუხე საბა დე--------ნის სახელზე.

1.3. გე----ი დე--------ნს გი------ მა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 14000 ლარის გადახდა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდეს დაყადაღებული ქონების რეალიზაცია;

1.4. გე----ი დე--------ნს გი------ მა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საჯარიმო სადგომის ღირებულება - 477 ლარი;

1.5. გე----ი დე--------ნს გი------ მა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს განაცდურის, თვეში 750 ლარის გადახდა, რაც 12 თვეზე გაანგარიშებით შეადგენს 9000 ლარს.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული ინტერესია ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდგომ გაჩუქებული ქონების თავდაპირველი მესაკუთრის გე----ი დე--------ნის სახელზე რეგისტრაცია, ასევე მან შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა განაცდურის დაკისრების ნაწილში, თვეში 550 ლარამდე.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლებად მიუთითებს შემდეგ გარემოებებს: 2017 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში გამავალ სავტომობილო გზაზე მოძრაობისას ერთმანეთს შეეჯახა „მერსედესის“ მოდელის მსუბუქი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით YIY-313, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობში მყოფი გე----ი დე--------ნი და “ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით GAS-959, რომელსაც მართავდა გი------ მა-----–---–ი. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, გე----ი დე--------ნმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რასაც შედეგად მოჰყვა გი------ მა-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 13.02.2018 წლის განაჩენით გე----ი დე--------ნი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. გე----ი დე--------ნმა 2018 წლის 09 იანვარს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გამზირი ი. ჭავჭავაძე N1ა, ავტოსადგომი N10, საკადასტრო კოდით N03-----------------, მოსაჩვენებლად აჩუქა მისსავე საცხოვრებელ მისამართზე (ქ. ქუთაისი ი. ჭავჭავაძის გამზირი 1ა-8) მცხოვრებ შვილს საბა დე--------ნს. 2018 წლის 06 მარტის ექსპერტიზის დასკვნით, გი------ მა-----–---–ის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენა, ძარაზე განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის. 2018 წლის 29 მარტს გაცემული ექსპერტიზის დასკვნით, “ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე საორიენტაციოდ შეადგენს 14000 ლარს. სასამართლოს მიერ მსჯავრდებული გე----ი დე--------ნის მიმართ გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2018 წლის 27 მარტამდე დაზარალებულმა გი------ მა-----–---–მა კუთვნილი ავტომობილის საჯარიმო სადგომიდან გამოყვანა ვერ შესძლო, სადგომის მომსახურებისათვის კი გადაიხადა 477 ლარი. გი------ მა-----–---–ს მიკროავტობუსით გადაჰყავდა მგზავრები, იგი მუშაობს შპს „ავტომობილ -2010“-ში მძღოლად ტყიბული-ქუთაისის ხაზზე, თვეში 15 დღე, დღეში იღებდა 50 ლარს, მაშინ როცა ჰყავს 4 შვილი და მშობლები არიან მის კმაყოფაზე, ავტოავარიის შედეგად ძლიერ დაზარალდა, რადგან ოჯახი თავს ირჩენდა სატრანსპორტო საშუალებით - სამარშრუტო ტაქსით.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კი მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში. მოპასუხე გე----ი დე--------ნმა სარჩელი ცნო მიყენებული ზიანის ნაწილში, 8000 ლარის ფარგლებში, იმ გარემოებაზე მითითებით, მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის ფასი გადაამოწმა ინტერნეტის საშუალებით და დაადგინა, რომ იგივე მონაცემების და მარკის ავტომანქანა ღირს 3500 აშშ დოლარი, შესაბამისად, დაუსაბუთებლად მიაჩნია 14000 ლარის მოთხოვნა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელის დაზიანებულ ავტომობილს გააჩნია გარკვეული ღირებულება, რაც უნდა გამოაკლდეს ზიანის თანხას. რაც შეეხება სადგომის ღირებულებას, მისი გადახდა არ უნდა დაეკისროთ, რადგან მოსარჩელეს შეეძლო ავტოსადგომიდან გაეყვანა ავტომობილი, რაც არ გააკეთა. ასევე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო განაცდურის ანაზღაურების ნაწილში, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს ჰყავს სხვა ავტომობილი, რომლითაც აგრძელებს მუშაობას.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას ერთმანეთს შეეჯახა „მერსედესის“ მოდელის მსუბუქი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით YIY-313, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობში მყოფი გე----ი დე--------ნი და “ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით GAS-959, რომელსაც მართავდა გი------ მა-----–---–ი. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით გე----ი დე--------ნმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რასაც შედეგად მოჰყვა გი------ მა-----–---–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით გე----ი დე--------ნი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი (18-21);

3.1.2. დადგენილია, რომ გე----ი დე--------ნმა თავისი კუთვნილი ავტომანქანა, სანომრე ნიშანი - N-----S, მარკა-მოდელი მერსედეს ბენც S430, ფერი-რუხი 1/8, გამოშვების წელი -2001, სიდენტიფიკაციო ნომერი - WDB 2-------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა -D-------0, 11.01.2018 წელს დაარეგისტრირა შვილის საბა დე--------ნის სახელზე.

2018 წლის 29 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებით გე----ი დე--------ნმა შვილს საბა დე--------ნს აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გამზირი ი. ჭავჭავაძე N1ა, ავტოსადგომი N10, საკადასტრო კოდით N03-----------------,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა (იხ.ს.ფ. 22-25);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.32-33);

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ.36);

3.1.3. დადგენილია, რომ გი------ მა-----–---–ი მუშაობს შპს „ავტომობილ-2010“-ში მძღოლად, ტყიბული-ქუთაისის ხაზზე, თვეში 15 სამუშაო დღეს.

- ცნობა (იხ.ს.ფ.34);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით N0015012118, 1996 წელს დამზადებული ავტომობილის“FORD TRANSIT 2.5.D” სახ.N GAS-959, საიდენტიფიკაციო N(VIN): SFALXXBDVLT64634, ძარაზე განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით N002090818, 1996 წელს დამზადებული ავტომობილის“FORD TRANSIT 2.5.D” სახ.N GAS-959, საიდენტიფიკაციო N(VIN): SFALXXBDVLT64634, საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე განისაზღვრა 14000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა N0015012118 (იხ.ს.ფ. 38-45);

- ექსპერტიზის დასკვნა N002090818 (იხ.ს.ფ. 46-52);

3.2.2. დადგენილია, რომ გი------ მა-----–---–მა ავტოსადგომიდან კუთვნილი ავტომანქანის გამოსაყვანად 2018 წლის 27 მარტს გადაიხადა 477 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდის ქვითარი (იხ.ს.ფ. 57);

3.2.3. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდგომ სასამართლო ადგენს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მიყენებული ზიანის შედეგად ვერ მიიღო ანაზღაურება, თვეში 550 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოსათვის ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც უდავოდ დაადასტურებდა რომ იგი დაზიანებული ავტომანქანის ექსპლუატაციით იღებდა შემოსავალს დღეში 50 ლარის ოდენობით, თუმცა მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთს და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებების სისწორე.

 

თავის მხრივ, ვერც მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც გააბათილებდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს N0015012118 დასკვნას, დაზიანებული ავტომანქანის ღირებულების თაობაზე. მხოლოდ მითითება ინტერნეტსივრცეში მოპოვებული ინფორმაციის შესახებ, არ არის საკმარისი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა არაა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, გამოეკვლია აღნიშნული საკითხი. ასევე არ წარმოუდგენია მოპასუხეს რაიმე სახის მტკიცებულება, დაზიანებული ავტომანქანის (ჯართის) ღირებულების შესახებ. ამდენად, მოპასუხის მითითება, რომ დაზიანებული ავტომანქანის შეძენა შეიძლება 8000 ლარად, დაუსაბუთებელია და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 992-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლით;

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი ცნეს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2018 წლის 09 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გამზირი ი. ჭავჭავაძე N1ა, ავტოსადგომი N10, საკადასტო კოდით N03-----------------, რეგისტრირებული მოპასუხე საბა დევდარინის სახელზე და აღნიშნული ქონება უნდა აღირიცხოს თავდაპირველი მესაკუთრის გე----ი დე--------ნის სახელზე. ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2018 წლის 11 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - N-----S, მარკა-მოდელი მერსედეს ბენც ს430, ფერი-რუხი 1/8, გამოშვების წელი -2001, სიდენტიფიკაციო ნომერი - WDB 2-------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა -D-------0, გაცემული 11.01.2018 წელს, რეგისტრირებული მოპასუხე საბა დე--------ნის სახელზე და აღნიშნული ქონება უნდა აღირიცხოს თავდაპირველი მესაკუთრის გე----ი დე--------ნის სახელზე.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 992–ე მუხლით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლი ადგენს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ტყიბულის რაიონის სოფელ ხრესილში გამავალ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას ერთმანეთს შეეჯახა „მერსედესის“ მოდელის მსუბუქი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით YIY-313, რომელსაც მართავდა მთვრალ მდგომარეობში მყოფი გე----ი დე--------ნი და “ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით GAS-959, რომელსაც მართავდა გი------ მა-----–---–ი. ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით გე----ი დე--------ნმა დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რასაც შედეგად მოჰყვა გი------ მა-----–---–ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით გენადი დე--------ნი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი სასამართლოს მიერ მიღებული იქნა საერთო სასარჩელო წესით, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის გამო, ზიანის მიყენების ფაქტი, რაც თავის მხრივ, მოიცავს ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტებს, სასამართლოს კვლევის საგანს არ წარმოადგენს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნაა დაზიანებული ავტომანქანის ღირებულების 14000 ლარის, ასევე ავტოსადგომის ღირებულების 477 ლარის დაკისრება მოპასუხეზე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით N0015012118, 1996 წელს დამზადებული ავტომობილის “FORD TRANSIT 2.5.D” სახ.N GAS-959, საიდენტიფიკაციო N(VIN): SFALXXBDVLT64634, აღდგენა ძარაზე განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

 

ამავე ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით N002090818, 1996 წელს დამზადებული ავტომობილის“FORD TRANSIT 2.5.D” სახ.N GAS-959, საიდენტიფიკაციო N(VIN): SFALXXBDVLT64634, საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე განისაზღვრა 14000 ლარით.

მოპასუხემ მხარემ სარჩელი მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცნო 8000 ლარის ნაწილში და განმარტა, რომ რადგან დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა შეუძლებელია, იგივე მონაცემის მქონე ავტომანქანის შესაძე---- საკმარისია 8000 ლარი, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მხოლოდ განმარტება, რომელსაც არ ეთანხმება მოწინააღმდეგ მხარე, სადავო ფაქტობრივ გარემოებას ვერ დაადასტურება, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

ასევე უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი ავტოსადგომისათვის გადახდილი 477 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, რადგან გი------ მა-----–---–ის ავტომანქანა ავტოსადგომზე განთავსებული იქნა მისი დაზიანების შემდეგ, დადასტურებულია გე----ი დე--------ნის ბრალეულობა ზიანის დადგომაში და თანხის გადახდის საჭიროებაც ამ ფაქტთან არის დაკავშირებული. ამასთან, დადასტურებულია, რომ მოსარჩელემ გადაიხადა ავტოსადგომის ღირებულება 477 ლარის ოდენობით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გი------ მა-----–---–ი მუშაობს შპს „ავტომობილ-2010“-ში მძღოლად, ტყიბული-ქუთაისის ხაზზე, თვეში 15 სამუშაო დღეს. დადგენილია, რომ ავტოავარიის შედეგად დაზიანდა ავტომობილი, რომლითაც მგზავრები გადაჰყავდა მოსარჩელეს, შესაბამისად, მან ვეღარ გააგრძელა მუშაობა, რის გამოც ითხოვს განაცდურის დაკისრებას მოპასუხეზე, დღეში 50 ლარის ოდენობით (15 დღეზე გაანგარიშებით), თუმცა მას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რას შეადგენდა თუნდაც საშუალოდ, მისი შემოსავალი, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს თანხის ოდენობაზე, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.4. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა დაყადაღებული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ, რადგან ყადაღა, რომელზედაც მიუთითებს მოსარჩელის წარმომადგენელი, არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, გამოყენებული სასამართლოს მიერ. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი, განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესს, რაც სასამართლოს პრეროგატივა არაა.

7.1. საპროცესო ხარჯი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (14477 ლარის ფარგლებში), მოპასუხემ კი სარჩელი ცნო ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და ზიანის 8000 ლარის ანაზღაურების ნაწილში, შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 193.31 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს 6477 ლარის 3%. ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მითითებული მუხლიდან გამომდინარე, გე----ი დე--------ნს გი------ მა-----–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოასრჩელის მიერ გაწეული ხარჯი - ექსპერტიზის ღირებულება 170 ლარი, შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი 42 ლარი, აუდიტორული მომსახურების 50 ლარი, საჯარო რეესტრის სააგენტოში გადახდილი 21 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 500 ლარი.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი განსაზღვრავს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედს და დადგენილია, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გი------ მა-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 09 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ქუთაისი, გამზირი ი. ჭავჭავაძე N1ა, ავტოსადგომი N10, საკადასტო კოდით N03-----------------, რეგისტრირებული მოპასუხე საბა დევდარინის სახელზე და აღნიშნული ქონება აღირიცხოს თავდაპირველი მესაკუთრის გე----ი დე--------ნის სახელზე.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 11 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - N-----S, მარკა-მოდელი მერსედეს ბენც S430, ფერი-რუხი 1/8, გამოშვების წელი -2001, საიდენტიფიკაციო ნომერი - WDB 2-------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა -D-------0, გაცემული 11.01.2018 წელს, რეგისტრირებული მოპასუხე საბა დე--------ნის სახელზე და აღნიშნული ქონება აღირიცხოს თავდაპირველი მესაკუთრის გე----ი დე--------ნის სახელზე.

1.3. გე----ი დე--------ნს გი------ მა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 14000 ლარის გადახდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

1.4. გე----ი დე--------ნს გი------ მა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საჯარიმო სადგომის გადასახადი 477 ლარი;

1.5. სასარჩელო მოთხოვნა დაყადაღებული ქონების რეალიზაციის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. გე----ი დე--------ნს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 193.31 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის ბაჟის 100 ლარის გადახდა.

3. გე----ი დე--------ნს გი------ მა-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოასრჩელის მიერ გაწეული ხარჯი - ექსპერტიზის ღირებულება - 170 ლარი, შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი - 42 ლარი, აუდიტორული მომსახურების - 50 ლარი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადახდილი 21 ლარი, ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 500 ლარის.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის და 8 მაისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე