განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
010100118002591470
დავის ტიპი
126
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002591470

საქმე #1-735/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა-–-------------------ის

ბრალდებულის - ო---- ჯ-------ს

ადვოკატის _ ბ------------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171200718009 საქმე :

 

ბრალდებულ ო---- ჯ-------ს მიმართ

მამის სახელი: რ-----

დაბადებული: 16.11.1--- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ხ-------------–------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ი---------–---–----------–--–------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–------------------------- საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ო---- ჯ-------მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვან მ-------------ს თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ლ--------------ეს (ოჯახის წევრს), სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. 2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–------------------------- საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ო---- ჯ-------მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ--–-------------ეს - პირს, ვისთან ერთადაც ცხოვრობს და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მინის ნატეხის გამოყენებით, ხელისა და კისრის არეში მიაყენა დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

3. ბრალდებულმა ო---- ჯ-------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ო---- ჯ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ: დაზარალებულების - ლ--------------ის, მ-------------ის და გ--–-------------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ი----–---–-------------------------ის გამოკითხვის ოქმებით; 2018 წლის 20 ივლისს ო---- ჯ-------ს მიმართ შედგენილი №013691 შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით, 2018 წლის 20 ივლისით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა პირველ შესახვევში მდებარე №10 სახლში, რომლის დათვალიერებისას იატაკზე აღმოჩენილი იქნა მინის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №005599818 დასკვნით, რომლის თანახმად, 2018 წლის 20 ივლისის პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, ლ--------------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №005600018 დასკვნით დასტურდება, რომ 2018 წლის 20 ივლისის პირადი შემოწმების მონაცემების შესაბამისად, გ--–-------------ეს აღენიშნებოდა ნაჭდევები კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე და ჭრილობა მარჯვენა მხრის არეში. ჭრილობა მარჯვენა მხრის არეში განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნ(ებ)ის ზემოქმედებით, ხოლო ნაჭდევები კისრის არეში განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; სრს ზუგდიდის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების აქტის ჩანაწერით, რომლითაც ირკვევა, რომ მ------------- დაბადებულია 2009 წლის 19 აგვისტოს და არის ლ--------------ის შვილი.

 

6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ო---- ჯ-------ს მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურება.

 

10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

18. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული ო---- ჯ------- და დაზარალებული ლ--------------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები არიან, ხოლო არასრულწლოვანი დაზარალებული მ------------- არის ლ--------------ის შვილი პირველი ქორწინებიდან, რომელსაც ზრდის დედა, ცხოვრობენ ერთად - შესაბამისად, მათივე ოჯახის წევრია. რაც შეეხება გ--–-------------ეს, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების თანახმად, ის ო---- ჯ-------ს ნათესავი და თვეების განმავლობაში მასთან ერთად მცხოვრები პირია, ისინი ერთად იხდიდნენ საცხოვრებლის ქირას, ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამდენად, ყველა ზემოთ მითითებული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის - ო---- ჯ-------ს მიერ, მეორის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, ლ--------------ის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვან მ-------------ს თანდასწრებით, მისივე დედის (ოჯახის წევრის - ლ--------------ის) მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) ან 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით) გათვალისწინებული შედეგი. ასევე სახეზეა ოჯახის ერთი წევრის - ო---- ჯ-------ს მიერ, მეორე წევრის, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას - გ--–-------------ის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

20. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ო---- ჯ-------მ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - ლ--------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, მისივე არასრულწლოვანი შვილის მ-------------ს თანდასწრებით; მანვე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, გ--–-------------ეს - პირს, რომელთანაც ერთიან საოჯახო მეურნეობნას ეწევა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ო---- ჯ-------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

21. ო---- ჯ-------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, სსკ-ის 531 მეორე ნაწილის თანახმად, თავად წარდგენილი ბრალდების არსში მდგო----ეობს.

 

22. ო---- ჯ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარიარება, მონანიება, შერიგება დაზარალებულებთან.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

24. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

25. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

26. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

27. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

28. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

29. სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

30. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

31. ო---- ჯ-------ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N006371418 დასკვნა, რომლის თანახმად, ო---- ჯ-------ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა, შეზღუდული შერაცხადია. ამასთან, მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იმგვარი ფსიქიკური დაავადებით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და აგოს პასუხი შერაცხული ქმედებისთვის.

 

32. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ო---- ჯ-------ს, რომელიც აღიარებს და ინანებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულებს (იხ. სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები), რაც სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებაა, ბრალად შერაცხული თითოეული ქმედებისთვის უნდა დაენიშნოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, მინიმალური ვადებით, ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და დანიშნული სასჯელის ნახევარი ჩაეთვალოს პირობით.

 

33. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

34. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სხვადასხვა ზომის და ფორმის შუშის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით, შუშის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები და გ--–-------------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული: ო---- რ-----ს ძე ჯ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სსკ-ის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სსკ-ის 1261 მუხლის მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ო---- ჯ-------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 6 (ექვსი) თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ო---- ჯ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 20 ივლისიდან.

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სხვადასხვა ზომის და ფორმის შუშის ნამსხვრევები მოწითალო ფერის ლაქებით, შუშის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები და გ--–-------------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი