განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1- ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ-----------------–-ილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ტ------–------–--ლი
ბრალდებული - დ----------–----ძე (პ/ნ 0----------), დაბადებული 199--–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული თბილისში, ა-–-----------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ვ-–----–----–--------------------------ში, ამჟამად პატიმარი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია - საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
დ----------–----ძემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა კუსტარული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად განკუთვნილი რევოლვერი, ასევე, 9 ცალი 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის სხვადასხვა პისტოლეტებისა და ავტომატური პისტოლეტებისათვის, რომლებსაც უკანონოდ ატარებდა პირადად.
ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2018 წლის 2- იანვარს, თბილისში, ა---------–- უნივერსიტეტის დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ----------–----ძის პირადი ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა, შენახვა და ტარება
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უდავოდ მიჩნეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.
ბრალდებულ დ----------–----ძის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2018 წლის 2- იანვარს, მეგობარ შ---–-----------–---–--ან ერთად, უნდა წასულიყო ამ უკანასკნელის მამიდაშვილთან სუფრაზე. ერთოთახიანი ბინა აქვთ და წასვლამდე ტანსაცმელი გამოიცვლა მამამისისა და მისი მეგობრის თანდასწრებით. მიაკითხა შ---–----მ და, შ---–----ს მეუღლესთან - ს----------------ესთან ერთად, წავიდნენ მანქანით. დიღომში როდესაც შეუხვიეს, დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ. გააჩერებინეს მანქანა, საბუთები არ უჩვენებიათ, ლ--------–-----ის ძახილით გადმოიყვანეს მანქანიდან, შემოატრიალეს და მიაყუდეს მანქანასთან. უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ადვოკატი მოითხოვა. გვერდზე სამი კაცი ედგა და ეჯაჯგურებოდა. იგრძნო, რომ ერთ-ერთმა რაღაც ჩაუდო ქამართან და ამოიღო, შემდეგ წინ დაუდო სიტყვებით: ,,ეს რა არის ბიჭო?‘‘. ს--------ს გასძახა: ,,მობილურით გადაიღე, ჩამიდესო‘‘. ის უკვე იღებდა. ამასობაში ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღიდან ტყვიები გადმოყარა და უკან ჩაყარა. შემდეგ გულის ჯიბეებთან დაუწყო ხელების ფათური, ამოიღო სამი ცალი ვაზნა და ისიც იქ დაყარა. ითხოვდა ადვოკატს და დამსწრეებს, მაგრამ უშედეგოდ. პარალელურად შ---–----ც გაჩხრიკეს. წაიყვანეს სამინისტროში. ეუბნებოდნენ, ეღიარებინა. ხელით შეხებას და შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე შ---–-----------–---–-ა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მიმდინარე წლის 2- იანვარს, დაახლობით საღამოს 8 საათზე, მეუღლესთან ერთად, გაუარა ბავშვობის მეგობარ დ----------–----ძეს, აპირებდა მამიდაშვილთან წაყვანას და ოჯახის წევრებისთვის გაცნობას, რადგან დ-------ი უნდა ყოფილიყო მისი მეჯვარე. ტელეფონზე ურეკავდა და რომ არ უპასუხა, სახლში ააკითხა. ერთად ჩავიდნენ, ჩასხდნენ მეუღლის მანქანაში და წავიდნენ დიდი დიღმის მიმართულებით. ახალი ესტაკადა რომ არის დიდი დიღმისკენ, მანდ გადაუხვიეს. მერე მარჯვნივ შეუხვიეს და ტაქსის ტრაფარეტიანმა მანქანამ გადაუსწრო წინ, გვერდიდან კიდევ 3-4 სხვა მანქანა გაჩერდა. გადმოხტნენ მანქანებიდან, მივიდნენ მათ მანქანასთან და იკითხეს, ლ------ რომელიაო. გადმოიყვანეს მანქანიდან, ის გაიყვანეს მანქანის წინ, ხოლო დ-------ი - მანქანის უკანა მხარეს. ეკითხებოდა, ვინ იყვნენ. უთხრეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და მერე საბუთიც აჩვენეს. მოითხოვა დამსწრეების დასწრება ჩხრეკაზე, რაზეც უპასუხეს, რომ თვითონ უნდა მიეყვანა. მეუღლეს უთხრა, რომ გადაეღო ტელეფონით. იქით დ-------ის 7-8 კაცი ეხვეოდა. თან ს--------ს დასდევდნენ, რომ არ გადაეღო. მაინც მოასწრო პატარა ნაწილის გადაღება. ამასობაში დ-------იმ დაიწყო ყვირილი: ,,ჩამიდეს, ჩამიდესო“. ლ------ს ჩხრეკას არ დაასწრეს არც ის და არც მისი მეუღლე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანა, რომელიც ძირითადად სულ მანქანაში ედო და იმ მომენტში ჩარჩა ჯიბეში. მერე ის და ლ------ ჩასვეს ცალ-ცალკე მანქანებში და წაიყვანეს ორთაჭალაში. ადვოკატის გარეშე ოქმზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა. 3 საათის შემდეგ გამოუშვეს. დ----------–----ძესთან შეხვედრის შემდეგ პრაქტიკულად მისი თვალთახედვის არეში იყო სულ. იარაღი რომ ჰქონოდა, ეტყოდა. ბავშვობის მეგობარია, ოჯახში მიდიოდნენ სუფრაზე, მეუღლესთან ერთად იყო და არ აკადრებდა, რომ იარაღით ჩამჯდარიყო მანქანაში.
მოწმე ს----------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, მეუღლის მეგობარ დ----------–----ძესთან ჰქონდათ ყოველდღიური ურთიერთობა, მათი მეჯვარე უნდა ყოფილიყო. შემთხვევის დღეს გაუარეს სახლში, მისმა მეუღლემ ჩამოიყვანა დ-------ი და მანქანით წავიდნენ მისი მეუღლის მამიდაშვილთან. დიდ დიღომთან, ესტაკადაზე, მარჯვნივ შეუხვია გზაზე და გაჩერდა. ამ დროს მათ გარშემო გაჩერდნენ მანქანები, უყვიროდნენ, გადმოსულიყვნენ. უკან დ----------–----ძეს მივარდნენ, გადმოდიო. აქეთ მის მეუღლეს გაუღეს კარი. მისი მეუღლე მანქანის თავში წაიყვანეს, ხოლო დ----------–----ძე - მანქანის ბოლოსკენ. მეუღლემ უთხრა, რომ გადაეღო. აიღო ტელეფონი გადასაღებად. ამ დროს დ----------–----ძე აყვირდა, პისტოლეტი ჩამიდესო. ითხოვდა მოწმეს და ადვოკატს. შეეშინდა, არ წაეშალათ, რაც გადაიღო, და მოასწრო მისი გადაგზავნა. შემდეგ დაესწრო მეუღლის პირად ჩხრეკას და მანქანის ჩხრეკას. მის მეუღლეს დანა ჰქონდა. მანქანიდან არაფერი ამოუღიათ. ზუსტად არ იცის, დ----------–----ძეს რა ჰქონდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ იარაღი არ ექნებოდა.
შს სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–-------------------------------------–------–----–------------–-------------------------–----------------------------------------–----–-------------------–---------------–--- დეტექტივ-გამომძიებელ დ-----------–---ს მიერ 2018 წლის 2- იანვარს შედგენილი პატაკის თანახმად, დ----------–----ძე და შ---–-----------–---–- მართლსაწინააღმდეგოდ ფლობენ ცეცხლსასროლ იარაღს, რომელსაც, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებენ ქალაქში გადაადგილების დროს. 2018 წლის 2- იანვარს, საღამოს საათებში, ისინი უნდა გადაადგილდებოდნენ თბილისში, ს-------- მ--------- ,,---------------‘‘ მარკის ავტომანქანით, ს-----------, უნდა მივიდნენ ა---------–- უნივერსიტეტის/დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შესაძლოა დ----------–----ძე და შ---–-----------–---–- პირადად და აღნიშნულ ავტომანქანაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს.
მოწმე დ-----------–---- სასამართლოს ჩვენება მისცა მის მიერ შედგენილი პატაკის ირგვლივ და აჩვენა, რომ 2018 წლის 2- იანვარს, საღამოს, მიიღო კონფიდენციალური ინფორმაცია ტელეფონის საშუალებით, რომლის თანახმადაც, დ----------–----ძე და შ---–-----------–---–- ფლობდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და გადაადგილდებოდნენ ს----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,T---------------‘‘. მიღებული ინფორმაცია მიაწოდა ხელმძღვანელობას პატაკის სახით და დაახლოებით ათ წუთში გამოიკითხა.
მოწმე დიანა როსტიაშვილის ჩვენების თანახმად, დ-----------–---ს პატაკის საფუძველზე, 2018 წლის 2- იანვარს დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც გამოჰკითხა ინფორმაციის მიმღები პირი. გამოკითხვის დასრულების შესახებ აცნობა სამმართველოს უფროს დავით ბესიაშვილს. რამდენადაც მიღებულ ინფორმაციაში ფიქსირდებოდა, რომ პირს პირადად უნდა ჰქონოდა იარაღი და აღნიშნული იარაღი ამოღებულ იქნა, შესაბამისად, არ არსებობდა სტანდარტი ეჭვისათვის, რომ ჩატარებულიყო დ----------–----ძის ბინის ჩხრეკა.
მოწმე დ-----------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დ----------–----ძე და შ---–-----------–---–- გადაადგილდებოდნენ ,,---------------‘‘ მარკის ავტომანქანით და შესაძლებელია, თან ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღი, ამასთან, მანქანის საჭესთან ქალი უნდა ყოფილიყო. ინფორმაციის გადამოწმებისა და ბაზაში ვიზუალურად ფოტოსურათების დათვალიერების შემდეგ მოახდინეს ჯგუფების ფორმირება და გავიდნენ მისამართზე. მითითებულ ადგილას დაინახეს ხსენებული მანქანა. პირადად მიიღო მონაწილეობა შ---–-----------–---–-ს ჩხრეკაში, რა დროსაც დანა ამოიღეს, ხოლო დ----------–----ძის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა რევოლვერი და ვაზნები, რის გამოც მოხდა მისი დაკავება.
საქმის არსებითი განხილვისას მოწმე გ--–------–---------- თავის ჩვენებაში, ასევე, დაადასტურა დ----------–----ძესთან ერთად მყოფ შ---–-----------–---–-ს პირად ჩხრეკაში მონაწილეობა და საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენა, რა დროსაც მისგან ამოიღეს დანა, ხოლო, მისივე განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ გაიგო, რომ დ----------–----ძისგან იარაღი ამოუღიათ.
დ----------–----ძის პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, შს სამინისტროს ც--------–---------------–----- პოლიციის თანამშრომლებმა - დ---------------, თ----------------–--–---–-- და გ------------------–---მ სასამართლოს მისცეს ერთნაირი ჩვენებები, რომელთა თანახმად, 2018 წლის 2- იანვარს, საღამოს, სამსახურში მიიღეს ინფორმაცია, რომ დ----------–----ძე და შ---–-----------–---–- გადაადგილდებოდნენ შავი ფერის ,,---------------‘‘ მარკის ავტომანქანით, რომლის საჭესთან იჯდა ს----------------ე და მოძრაობდნენ დაახლოებით დიღმის საცდელი მეურნეობის მიმდებარედ, ა---------–- უნივერსიტეტისკენ. გადაამოწმეს ელექტრონული ბაზების მეშვეობით, დაათვალიერეს მათი სურათები და დაახლოებით 8-ის ნახევრისკენ გავიდნენ სამი მანქანით, თითო მანქანაში - 3-3 თანამშრომლით. ადგილზე დაახლოებით 20 წუთში მივიდნენ. მითითებული მანქანა დაინახეს ტერიტორიაზე, ნელა მოძრაობდა, შემდეგ გაჩერდა. წარუდგნენ და გააცნეს გადაუდებელი შემთხვევის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება. ავტომანქანაში სამნი ისხდნენ, დ----------–----ძე უკან იჯდა, საჭესთან იჯდა შ---–-----------–---–-ს მეუღლე, მის გვერდით - შ---–-----------–---–-. უშუალოდ მათ დავალებული ჰქონდათ დ----------–----ძის ჩხრეკა. გადმოიყვანეს დ----------–----ძე, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა მათ, არც ჩხრეკას ატარებინებდა და შემდგომ დაკავებასაც ეწინააღმდეგებოდა, დასჭირდათ იძულების პროპორციული ზომის გამოყენება. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, დ----------–----ძე გააკავა გ------------------–---მ, ხოლო თ----------------–--–---–-- მისი საქამრიდან ამოიღო ბარაბნიანი პისტოლეტი, ექვსი ვაზნით. ასევე, სამი ვაზნა ამოუღეს გულის მარცხენა შიდა ჯიბიდან. ამოღებული ნივთები 2 პაკეტად დალუქეს ადგილზე და დააკავეს დ----------–----ძე, რომელმაც არცერთ ოქმს ხელი არ მოაწერა. ჩხრეკის ოქმს ადგენდა დ-------------- და მანვე შეიტანა ოქმში შენიშვნა. ვინაიდან მათი ყურადღება მთლიანად დ----------–----ძეზე იყო გადატანილი, სხვა პირთა მიმართ რა მოქმედებები განხორციელდა, ზუსტად არ იციან, თუმცა, როგორც გაიგეს, შ---–-----------–---–-ს ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დანა. რაც შეეხება გადაღებას, აწარმოებდა თუ არა ვინმე დ----------–----ძის მხრიდან, არ მიუქცევიათ ყურადღება, ასევე, არ ახსოვთ ს----------------ისთვის ტელეფონის წართმევის ფაქტი.
მოწმე დ---------------, ასევე, განმარტა, რომ დ----------–----ძის დაკავების შემდგომ პისტოლეტი და საბრძოლო მასალა გადაიგზავნა ლ----------------–--------–-----------------------------–-, სადაც მოხდა იარაღიდან ბიოლოგიური მასალის აღება. ამასთან, დ----------–----ძისგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, შედარდა ერთმანეთს და აღმოჩნდა იდენტური.
დ----------–----ძის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 2- იანვარს, 20:02 საათიდან 20:18 საათამდე პერიოდში, თბილისში, ა---------–- უნივერსიტეტის/დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა დ----------–----ძის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მხარეს, საქამრის შიგნითა მხრიდან, ამოღებულ იქნა ე.წ. ბარაბნიანი პისტოლეტი, მასში მოთავსებული 6 ცალი ვაზნით, ხოლო ქურთუკის შიგნითა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა სამი ცალი ვაზნა. პისტოლეტს მარცხენა მხარეს აღენიშნება ნომერი - 4---. ამოღებული ნივთები დაილუქა ცალ-ცალკე, ორ ფუთად.
2018 წლის 24 იანვრის ბ--–-------------------------------------------- თანახმად,· გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ რევოლვერს, რომელიც გათვალისწინებულია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. რევოლვერის ჩარჩოზე, მარცხენა მხარეს, დატანილია ციფრები ,,4---‘‘;
· გამოსაკვლევი 9 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (П-- და ს--------- კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის (A--), აგრეთვე, შემდეგი პისტოლეტებისათვის: P----, P---------- და სხვა; აღნიშნული 9 ცალი 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ---------–------, რომელმაც განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარუდგინეს ორი დალუქული პაკეტი. ერთ პაკეტში იყო რევოლვერი და ექვსი ცალი ვაზნა, ხოლო მეორეში - სამი ცალი ვაზნა. რევოლვერი იყო კუსტარულად დამზადებული და გამოსაყენებლად ვარგისი. ვაზნების კვლევისას ექვსი ვაზნიდან გაისროლა ორი, ხოლო სამი ვაზნიდან - ერთი ვაზნა და დადგინდა, რომ ვარგისი იყო გამოსაყენებლად. აღნიშნული საგნები მოთავსებული იყო ლ----------------–--------–----------------------------ს პაკეტებში.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის 2018 წლის 23 იანვრის წერილის თანახმად, დ----------–----ძის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.
2018 წლის 24 იანვრის ქ-----------------------------------------თ დადგენილია, რომ იარაღიდან აღებულ ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა. წარდგენილი იარაღიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-------------მ სასამართლოში დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დალუქული პაკეტი გახსნა ექსპერტ ბ---–----ის თანდასწრებით. მის მიერ იარაღის ლულიდან ბამბის ტამპონით აღებულ იქნა ანაწმენდი, რომელზეც ჩაატარა ქიმიური გამოკვლევა. ანაწმენდზე დაფიქსირდა დენთის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტის არსებობა, ე.ი. ბოლო გაწმენდის შემდეგ იარაღიდან ნაწარმოები იყო გასროლა. ექსპერტიზით ვერ ხერხდება ხანდაზმულობის დადგენა, თუ როდის მოხდა გასროლა. ანაწმენდის აღების შემდეგ იარაღი გადასცა ბალისტიკოს ექსპერტს.
2018 წლის 7 თებერვლის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ექსპერტ ლ-------------–---–-- მიერ დ----------–----ძისგან აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, შემდგომი გენეტიკური კვლევისთვის.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ პენიტენციური დ------------------ დაწესებულებაში, გამომძიებლისა და ადვოკატის მონაწილეობით, ბრალდებულ დ----------–----ძისგან ნერწყვის ნიმუშის აღება, რაც დაილუქა სპეციალურ პაკეტში.
2018 წლის 1 თებერვლის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ
· დ----------–----ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ვაზნებზე (3 ცალი ვაზნა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს;
· დ----------–----ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იარაღზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. იარაღში მოთავსებულ ვაზნებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ 3 ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის იდენტურია. იარაღის გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი და იარაღიდან ამოღებული ვაზნებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ვაზნების გენეტიკური პროფილი იდენტურია.
2018 წლის 19 თებერვლის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ
· დ----------–----ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ვაზნებზე (3 ცალი ვაზნა) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----------–----ძეს;
· დ----------–----ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იარაღზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი დ----------–----ძის გენეტიკური პროფილის იდენტურია. იარაღში მოთავსებულ ვაზნებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ----------–----ძეს.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-------–--------მ საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზების დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ კვლევისას შერეული გენეტიკური პროფილი დაფიქსირდა მხოლოდ იარაღზე, ანუ აღნიშნულ საგანზე გამოვლინდა ერთზე მეტი ადამიანის დნმ-ის ნიმუში. რაც შეეხება ვაზნებს, ცხრავე ვაზნაზე მხოლოდ ერთი ადამიანის ბიოლოგიური პროფილი იყო. მოწმის განმარტებით, ბიოლოგიური მასალის დარჩენა-არდარჩენის ალბათობა არის უამრავ ფაქტორზე დამოკიდებული. მაგალითად, ზედაპირზე, რამდენად გლუვია ეს ზედაპირი, ხანგრძლივობაზე - რა დროის განმავლობაში იყო კონტაქტი, ბიოლოგიური მასალის ოდენობაზე. ასევე, არ არის გამორიცხული, ადამიანს ჰქონდეს კონტაქტი რაიმე საგანთან და მისი ბიოლოგიური მასალა მასზე არ დარჩეს. ნებისმიერი ბიოლოგიური მასალა შეიძლება დარჩეს ამა თუ იმ საგანზე უშუალოდ ამ ბიოლოგიური მასალის მატარებელი პირის უშუალო კონტაქტის შედეგად ან მისი ბიოლოგიური მასალის კონტაქტის შედეგად. ტანსაცმელზე ნივთის შეხებისას, ტანსაცმლიდან გამომდინარე, შესაძლოა დარჩეს ბიოლოგიური მასალა, თუ ტანსაცმელზე არის საკმარისი ოდენობის ბიოლოგიური მასალა, რაც უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული: რა რაოდენობის იყო მასალა, რა მასალა იყო, რა ხანგრძლივობის იყო კონტაქტი ტანსაცმელსა და ნივთს შორის, რომელზეც ბიოლოგიური მასალა გადავიდა.
დაცვის მოწმის, ბრალდებულის მამის - კ------------- ლ------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს შვილმა უთხრა, რომ მეგობარმა ცოლი მოიყვანა და ნათესავმა დაპატიჟა სუფრაზე. ამ დროს მისი მეგობარი ვ-----------ლი მივიდა. ერთოთახიანი ბინა აქვთ და დ-------იმ იქვე ოთახში დაიწყო ტანსაცმლის გამოცვლა, რაზეც შენიშვნა მისცა. დ---- ჩაიცვა და ამ დროს კარზე კაკუნი იყო. შ---–---- მოვიდაო, თქვა და გავიდა. დაახლოებით საათნახევარში შ---–----ს მეუღლემ - ს----ომ დარეკა და უთხრა, რომ დ--ას იჭერდნენ. ტელეფონში ესმოდა შვილის ყვირილი, იარაღს მიდებენო. ს----ოს ჰკითხა, სად იყვნენ, და ამ დროს გაიგო პოლიციელის ხმა, რომელიც ითხოვდა ტელეფონის გათიშვას. ტელეფონი გაითიშა. საათნახევრის შემდეგ გამომძიებლმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი დაკავებული იყო. სთხოვა მას, რომ დროულად მისულიყვნენ ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ბინაში ჩხრეკის ჩატარების არანაირ საჭიროებას არ ხედავდა. გაუკვირდა, ვინაიდან წინა დაკავების დროს მარტო მათი სახლი კი არა, ნათესავების სახლებიც კი თავდაყირა დააყენეს. ამ ამბამდე დაახლოებით 1- დღის განმავლობაში სახლში მისულს სადარბაზოსთან სულ პოლიციის მანქანები ხვდებოდა, 5-6-ჯერ პირადად შეესწრო, დ--ას ჩხრეკას რომ უტარებდნენ. 2016 წლიდან მოყოლებული, ვიდრე შვილს პირობითი მსჯავრი ჰქონდა, 15-16-ჯერ გადაიყვანეს ნარკოლოგიურ სამსახურში, ჩხრეკდნენ და ვერცერთ შემთხვევაში ვერაფერი აღმოუჩინეს. წარმოუდგენელი იყო, სუფრაზე მიმავალს იარაღი ჰქონოდა. იარაღს გამორიცხავს იმის გამოც, რომ ძალიან პატარა ბინაა, ვერაფერს დამალავ სადარბაზოშიც კი. ამასთან, არ ყოფილა შემთხვევა, მის შვილს იარაღი ჰქონოდა. დ-------ის თვითონაც ხშირად უსინჯავდა ქურთუკს. მართალია, იმ დღეს არ გაუსინჯავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ჯიბეში იარაღი არ ჰქონდა, რადგან, როდესაც იარაღი დევს შიგნით, ქურთუკს ქარივით ვერ ასწევ და ჩაიცვამ.
დაცვის მოწმის - ვ--------------–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს, საღამოს, 7 საათი იყო დაწყებული, ავიდა ლ------ებთან. სახლში მამა-შვილი იყვნენ. საუბრიდან გაიგო, რომ დ-------ი დაბადების დღეზე მიდიოდა. ბინა ერთოთახიანია და ავეჯიც ცოტა დგას, მხოლოდ გასაშლელი დივანი, ტუმბო, ტელევიზორი და სკამებია. ტანსაცმელი სკამზე იყო მიფენილი. დ-------იმ ისე ჩაიცვა თხელ რეიტუზზე ჯინსი და თხელ ზედატანზე კიდევ თხელი ჯემპრი, კედელში ჩაშენებულ კარადასთან არც მისულა. დაახლოებით 1--15 წუთში ვიღაცამ მოაბრახუნა კარზე, დ-------იმ ზამთრის ქურთუკი რაღაცნაირად მოიხურასავით და გავიდა. იმდენად პატარა ბინაა, იარაღს ვერ დამალავდა. თან ირგვლივ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ცხოვრობენ, 5 წუთის სავალზე პოლიციის შენობაა, კამერებია და პოლიციის თანამშრომლებიც მუდმივად პატრულირებენ. შესაბამისად, ყველანაირად დაცული ეზოა.
ბრალდებულმა დ----------–----ძემ კატეგორიულად უარყო მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ფლობა, რის დამამტკიცებელ ერთ-ერთ არგუმენტად მამის მეგობრის - ვ--------------–-- თანდასწრებით ტანსაცმლის ჩაცმა მოიყვანა. იგივე გარემოებაზე მიუთითა ვახტანგ მაჩაბელმა და ბრალდებულის მამამ - კ------------- ლ------მ. ორივე მათგანმა განმარტა, რომ დ-------ი მათ თვალწინ იცვამდა და ჩასაცმელად არსად გასულა, შესაბამისად, გამორიცხეს ბრალდებულის მხრიდან იარაღის ფლობის ფაქტი. დაცვის მხარის ორივე მოწმემ აქცენტი გააკეთა ქურთუკის აღებაზე. კერძოდ, განაცხადეს, ქურთუკში რომ ყოფილიყო იარაღი, რასაც თავისი წონა აქვს, დ----------–----ძე მას თავისუფლად ვერ აიღებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმზე, რომლის თანახმადაც, დ----------–----ძეს ქურთუკში ედო მხოლოდ სამი ცალი ვაზნა, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი სიმძიმის, რომ ადამიანს ქურთუკის იოლად აღება გაუჭირდეს. რაც შეეხება ე.წ. ბარაბნიან პისტოლეტს, ვაზნებით, მოთავსებული ჰქონდა საქამრის შიგნითა მხარეს და არა - ზედატანში, ან შარვალში. შესაბამისად, ის, რომ მას ტანსაცმლის ჩაცმის დროს იარაღი არ ჰქონდა, არ გამორიცხავს მისი ჩაცმის შემდეგ იარაღის საქამრესთან მოთავსების და შენახვის შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მოწმეები გამორიცხავენ აღნიშნულს.
ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მას სამი პოლიციელი ეჯაჯგურებოდა, რა დროსაც იგრძნო, რომ ერთ-ერთმა მათგანმა რაღაც ჩაუდო ქამართან და მერე ამოიღო. შემდეგ ერთმა პოლიციელმა იარაღიდან ტყვიები გადმოყარა და უკან ჩაყარა, ამის მერე გულის ჯიბესთან დაუწყო ხელების ფათური და სამი ცალი ვაზნა ამოიღო. ამდენად, ბრალდებულის განმარტებით, მისგან ამოღებული იარაღი და ვაზნები მას არ ეკუთვნის და პოლიციელებმა ჩაუდეს.
მართალია, სასამართლო სხდომაზე დ----------–----ძის თანმხლებმა პირებმა დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე დ----------–----ძე ყვიროდა, რომ მას იარაღი ჩაუდეს, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამის თაობაზე არცერთ მათგანს არ განუცხადებია გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში, რაც მოწმეთა მხრიდან ახსნილ იქნა იმ გარემოებით, რომ, თითქოს, გამომძიებელმა მათ უთხრა, რომ საკმარისი იყო, რა ჩვენებაც მისცეს და დეტალური ჩვენება სასამართლოსთვის მიეცათ. მოწმეთა ამ განმარტებებს სასამართლო არადამაჯერებლად მიიჩნევს და ვერ გაიზიარებს, იმდენად, რამდენადაც, როგორც შ---–-----------–---–-ა, ასევე, ს----------------ემ გამოძიებას ჩვენება მისცეს ადვოკატის თანდასწრებით. შესაბამისად, ჩვენების მიცემისას მათ მათი ინტერესების დამცველი ადვოკატისგან არა თუ მიღებული ჰქონდათ შესაბამისი იურიდიული კონსულტაცია, ისინი უშუალოდ ადვოკატის თანდასწრებით იქნენ გამოკითხული და ჰქონდათ სრული შესაძლებლობა, გამოძიებისთვის მიეცათ მათთვის სასურველი ჩვენება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე შ---–-----------–---–-ს სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას, თითქოს, დ----------–----ძეს 7-8 კაცი ეხვეოდა გარს, მაშინ, როდესაც, თავად ბრალდებულის განცხადებით, მას სამი კაცი ეჯაჯგურებოდა. ამასთან, როგორც შ---–-----------–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, მის ჩხრეკაში ოთხი პირი იღებდა მონაწილეობას, შემთხვევის ადგილზე კი სულ მაქსიმუმ 9 პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდა. ამავდროულად, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ არცერთი მოწმე, არც შ---–-----------–---–- და არც ს----------------ე არ უთითებენ იმის თაობაზე, რომ ისინი ესწრებოდნენ დ----------–----ძის პირად ჩხრეკას და დაინახეს მისთვის იარაღისა და ვაზნების ჩადების ფაქტი. აღნიშნული მოწმეები ადასტურებენ მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ამის თაობაზე ხმამაღლა ყვიროდა თავად ბრალდებული, რაც თავისთავად არ გამორიცხავს ამ უკანასკნელის მხრიდან იარაღისა და ვაზნების ფლობის ფაქტს.
სასამართლო აცხადებს, რომ დ----------–----ძის მიმართ იძულების პროპორციული ძალის გამოყენება დადასტურებულია სასამართლოში დაკითხულ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით და ამის შესახებ აღნიშნულია ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებშიც, რომელთა თანახმადაც, დ----------–----ძემ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და ცდილობდა ხელის შეშლას, რის გამოც გამოყენებულ იქნა იძულების პროპორციული ძალა. შესაბამისად, დ----------–----ძის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალის გამოყენება, არ ნიშნავს, რომ მას ამ დროს საქამრესთან ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნებით, ხოლო ქურთუკის ჯიბეში - დამატებით 3 ცალი ვაზნა.
პოლიციის თანამშრომლებმა - თ----------------–--–---–--, გ------------------–---მ და დ--------------- მაქსიმალური სიზუსტით აღწერეს დ----------–----ძის პირადი ჩხრეკისა და დაკავების მიმდინარეობა, რა დროსაც მოხდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღება. აღნიშნული პირები არიან ბრალდებულის მიერ კანონსაწინააღმდეგო ნივთების ფლობის შესახებ ინფორმაციის მატარებელი პირდაპირი მოწმეები, მათი ჩვენებების ურთიერთშედარებისა და გაანალიზების შედეგად სასამართლოს არ რჩება მათი ჩვენებების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მითითებაზე, რომ მოწმე გ------------------–---მ არაერთგვაროვანი პასუხები გასცა ბრალდებულისთვის დაკავების ოქმის წარდგენასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ინტერპრეტაციას, მოწმის პასუხებიდან გამომდინარე, თითქოს, წინასწარ იყო მომზადებული ოქმი დ----------–----ძის დაკავების თაობაზე. მართალია, მოწმე გ------------------–---მ თავდაპირველად განაცხადა, რომ მისვლისთანავე დ----------–----ძეს წარუდგინეს ჩხრეკისა და დაკავების შესახებ დადგენილებები, თუმცა შემდგომში მოწმის მიერ განმარტებულ იქნა, რომ დ----------–----ძეს ჯერ წარედგინა ჩხრეკის ოქმი და შემდეგ დაკავების ოქმი, ხოლო დაკავების საფუძველი გახდა მისგან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ გამორიცხულია დ----------–----ძისთვის დაკავების შესახებ დადგენილების წარდგენა, რამდენადაც ასეთ საპროცესო დოკუმენტს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და აღნიშნულის თაობაზე არც თავად ბრალდებულს განუცხადებია სასამართლოსთვის, რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა მისვლისთანავე წარუდგინეს დაკავების შესახებ დადგენილება ან დაკავების ოქმი. პირიქით, ბრალდებულის განმარტებით, მას წარდგენის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დ----------–----ძის ჩხრეკაში მონაწილე სამივე პირმა - თ----------------–--–---–--, გ------------------–---მ და დ--------------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში განაცხადეს, რომ დ----------–----ძე მათ უწევდა წინააღმდეგობას, არ აძლევდა ჩხრეკის ჩატარების საშუალებას და საჭირო გახდა მის მიმართ იძულების პროპორციული ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მისი შეკავება და ხელების დაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ თავად ბრალდებულსაც არ უთქვამს, რომ ჯერ მისი დაკავება მოხდა და შემდეგ - ჩხრეკა. სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიმართ ჩხრეკის განხორციელება თავისთავად წარმოადგენს შემზღუდავ ღონისძიებას, რა დროსაც პირს, ვისაც უტარდება პირადი ჩხრეკა, რა თქმა უნდა, შეზღუდული აქვს გადაადგილებისა და თავისუფალი მოქმედების შეასაძლებლობა.
რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ, მოწმე თ----------------–--–---–ის ჩვენების თანახმად, მან ადგილზე მოახდინა დ----------–----ძისგან ამოღებული იარაღის განმუხტვა, ე.ი. იარაღიდან ამოიღო ტყვიები, დაათვალიერა და შემდეგ უკან ჩადო, რაც დამატებით საგამოძიებო მოქმედებას წარმოადგენს, რის თაობაზეც შესაბამისი ოქმი არ შემდგარა, აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება რეალობას. პირველ რიგში, სასამართლო განმარტავს, რომ მოწმე თ----------------–--–---–ს სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში მსგავსი არაფერი განუცხადებია. მიუხედავად დაცვის მხარის დაჟინებული მოთხოვნისა, მოწმე თ----------------–--–---–-- სასამართლოში განაცხადა, რომ მას ზუსტად არ ახსოვს, ამოიღო თუ არა ტყვიები იარაღიდან და შემდეგ უკან ჩადო თუ არა. მან თავის ჩვენებაში დაადასტურა ის გარემოება, რომ იარაღის დათვალიერებისას ნახეს, რომ იარაღში იყო 6 ტყვია, რაც არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან. მოცემულ შემთხვევაში, მოწმის მიერ ჩვენებაში მითითებულ დათვალიერებაში მოიაზრება არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, არამედ ის, რომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩხრეკის ჩამტარებელი პირი ვალდებულია, საგამოძიებო მოქმედების ოქმში შეძლებისდაგვარად ზუსტად აღწეროს ამოღებული ნივთი, რისი განხორციელებაც შეუძლებელია ნივთის ვიზუალური დათვალიერების გარეშე.
დადგენილია, რომ დ----------–----ძისგან ამოღებულ იქნა ე.წ. ბარაბნიანი პისტოლეტი, რომლის ბარაბნის დატრიალებისას თვალნათლივ ჩანს მასში მოთავსებული ტყვიების რაოდენობა, რის თაობაზეც თავის ჩვენებაში მიუთითა კიდეც მოწმე გ------------------–---მ, რაც, ასევე, დადასტურდა სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევისას. შესაბამისად, პისტოლეტიდან ტყვიების ამოღების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. მოწმე დ-------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც მოხდა იარაღის ამოღება, მან მაშინვე მოახდინა მისი ფუთაში მოთავსება და დალუქვა.
მოწმეების - დ-------------ის, გ------------------–--ისა და თ----------------–--–---–ის ჩვენებები წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებთან. სასამართლოს არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაკითხულ სამართალდამცველთა ჩვენებებში, რამდენადაც სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვეთილა აღნიშნულ მოწმეთა რაიმე სახის დაინტერესება საქმის საბოლოო შედეგით და, ბრალდებულისვე განმარტებით, მას სასამართლოში დაკითხულ პირებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.
სასამართლოსთვის გაუგებარია, რას ემსახურება დაცვის მხარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო მოქმედების დროს მოხდა ტყვიების ამოღება (რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია), რითაც შეიცვალა გენეტიკური პროფილი და ნივთი აღარ არის იმ ინფორმაციის მატარებელი, რაც მანამდე იყო. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, როგორც იარაღზე, ასევე, იარაღში არსებულ ვაზნებსა და დ----------–----ძის ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ ვაზნებზე დაფიქსირდა დ----------–----ძის გენეტიკური პროფილი, შერეული პროფილი დაფიქსირდა მხოლოდ იარაღზე (რომლის ძირითადი წილი ეკუთვნის დ----------–----ძეს), ხოლო ვაზნებზე დაფიქსირდა ერთადერთი დ----------–----ძის გენეტიკური პროფილი. ექსპერტმა ი-------–--------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ბიოლოგიური მასალის დარჩენა- არდარჩენის ალბათობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, საგნის ზედაპირზე, რამდენად გლუვია ეს ზედაპირი, ხანგრძლივობაზე - რა დროის განმავლობაში იყო კონტაქტი პირსა და ნივთს შორის, ბიოლოგიური მასალის ოდენობაზე. არ არის გამორიცხული, ადამიანს ჰქონდეს კონტაქტი რაიმე საგანთან და მისი ბიოლოგიური მასალა მასზე არ დარჩეს. ამდენად, უსაფუძვლოა დაცვის მოტივაცია, რატომ აღრმავებს ტყვიების ჩადების ეჭვს ის ფაქტი, რომ მასზე საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პოლიციელის გენეტიკური პროფილი არ დაფიქსირდა. თუკი დ----------–----ძეს (როგორც ეს მან განაცხადა) სამმა პოლიციელმა ჯაჯგურით ,,ჩაუდო‘‘ იარაღი და მაშინვე ამოუღო, რაც ლოგიკურად დროის ძალიან მცირე მონაკვეთში განხორციელდებოდა და, შესაბამისად, საგანთან ბრალდებულის შემხებლობაც ასეთ შემთხვევაში, ალბათ, წამებში ამოიწურებოდა, ნაკლებად სავარაუდოა, იარაღზე მისი გენეტიკური პროფილის ძირითადი წილი აღმოჩენილიყო. მით უფრო, გაურკვეველია, ამ იარაღიდან ამოღებულ ვაზნებზე, რომლებიც ადგილზე დაილუქა, როგორ აღმოჩნდა დ----------–----ძის გენეტიკური პროფილი, თუ მასთან ბრალდებულს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და, პირიქით, პოლიციის თანამშრომელმა ამოიღო ისინი იარაღიდან და შემდეგ ისევ უკან დააბრუნა.
ამასთან, დაცვის მხარის მიერ აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ, თუკი სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია დ----------–----ძისა და შ---–-----------–---–-ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის შესახებ, რატომ არ მოხდა მათი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა, როგორც ეს მოხდა წინა საქმეზე დ----------–----ძის დაკავების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში ინფორმაცია შევიდა, რომ დ----------–----ძე და შ---–-----------–---–- მართლსაწინააღმდეგოდ ფლობდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და ატარებდნენ გადაადგილების დროს, კერძოდ, 2018 წლის 2- იანვარს, საღამოს საათებში, ისინი უნდა გადაადგილებულიყვნენ თბილისში, ს-------- მ--------- ,,---------------‘‘ მარკის ავტომანქანით, ს-----------, და მისულიყვნენ ა---------–- უნივერსიტეტის/დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარედ. შესაბამისად, აღნიშნულ სამსახურშივე მოხდა ინფორმაციის გადამოწმება, შედგა საგამოძიებო ჯგუფები და გავიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც პირადი ჩხრეკისას სწორედ დ----------–----ძისგან ამოიღეს ინფორმაციაში მითითებული ნივთი, შ---–-----------–---–-ს პირადი ჩხრეკისას კი - დანა. გამომძიებელმა დიანა როსტიაშვილმა სასამართლოში განმარტა, რომ რამდენადაც მიღებულ ინფორმაციაში ფიქსირდებოდა, რომ დ----------–----ძესა და შ---–-----------–---–ს პირადად უნდა ჰქონოდათ იარაღი და ეს უკანასკნელი ამოღებულ იქნა დ----------–----ძის პირადი ჩხრეკისას, არ არსებობდა მის ბინაში ჩხრეკის ჩატარების სამართლებრივი საფუძველი და ამიტომ არ ჩატარდა ბრალდებულის ბინაში ჩხრეკა. იგივე მიუთითა თავის ჩვენებაში მოწმე კ------------- ლ------მაც, რომელმაც განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გამომძიებელს სთხოვა ბინის ჩხრეკის დროულად ჩატარება, პასუხად მიიღო, რომ არ მიაჩნდათ მიზანშეწონილად ასეთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება.
სასამართლო ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს დასკვნით სიტყვაში დაცის მხარის აპელირებას დ----------–----ძის მიმართ 2016 წლის 12 იანვრის გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ არასრულყოფილი ან ტენდენციურად ჩატარებული გამოძიება არანაირ შემხებლობაში არ არის მოცემულ საქმეზე ჩატარებულ გამოძიებასთან. თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ ხდება მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოში წარდგენა, რომლებიც რიგ შემთხვევაში საკმარისია ალბათობის მაღალი ხარისხით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, რიგ შემთხვევაში კი - არასაკმარისი.
მოცემულ საქმეზე, იმ პირობებში, როდესაც ინფორმაციაში დაკონკრეტებულია დანაშაულის შესახებ გარემოებები, მათ შორის, მითითებულია ადგილი და დრო, თუ როდის უნდა გადაადგილდნენ პირები კონკრეტულ ადგილას, ამასთან, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დასტურდება მისი უტყუარობა, ზედმეტი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება წარმოადგენს გამოძიების არაგონივრულად წარმოების ფაქტორს და, სასამართლოს აზრით, გაუმართლებელია. დავუშვათ, ჩატარებულიყო ბრალდებულის ბინის ჩხრეკა და არ ყოფილიყო აღმოჩენილი და ამოღებული კანონსაწინააღმდეგო ნივთი, გაუგებარია, აღნიშნულით როგორ მოხდებოდა იმ ფაქტის უარყოფა, რომ დ----------–----ძეს 2018 წლის 2- იანვარს, ა---------–- უნივერსიტეტის მიმდებარედ, თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე კ------------- ლ------ს ჩვენების იმ ნაწილზე, რომელშიც ის ხაზს უსვამს სამართალდამცავების მიერ მისი შვილით დაინტერესებაზე. კერძოდ, მოწმის განცხადებით, შემთხვევამდე 1- დღით ადრე მათ სადარბაზოსთან სულ იდგა პოლიციის მანქანა, ასევე, 5-6-ჯერ პირადად შეესწრო დ-------ის ჩხრეკას და არასდროს არაფერი აღმოჩენია, ამასთან, 2016 წლიდან მუდმივად გადაჰყავდათ ნარკოლოგიურში შემოწმებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს უჩნდება კითხვა, თუკი სამართლადამცავებს ასეთი დაინტერესება ჰქონდათ დ----------–----ძის მიმართ და სურდათ მისი დაკავება, ჩხრეკდნენ მუდმივად 2016 წლის გამამართლებელი განაჩენიდან მოყოლებული და გადაჰყავდათ ნარკოლოგიურ სამსახურში, რატომ სხვა დროს და სხვაგვარ ვითარებაში არ მოხდა მისთვის კანონსაწინააღმდეგო ნივთის, როგორც თვითონ აცხადებენ, ,,ჩადება‘‘ და რატომ გააკეთეს ეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მოწმეების, მით უფრო, მისივე მეგობრების გარემოცვაში, როდესაც იგივე სურვილის ბუნებაში არსებობის შემთხვევაში, გაცილებით მარტივად შეძლებდნენ ასეთ ქმედებას, როდესაც ის მარტო იქნებოდა. აქვე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დ----------–----ძის პირადი ჩხრეკის ოქმზე, რომლის თანხმადაც, ჯერ ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ამოღებული, 6 ცალი ვაზნით, ბრალდებულის საქამრის შიგნითა მხრიდან და შემდეგ - 3 ცალი ვაზნა ქურთუკის შიგნითა მარცხენა ჯიბიდან. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ მოახდენდნენ სამართალდამცავები სამი ცალი ვაზნის ცალკე - ქურთუკის ჯიბეში მოთავსებას და შემდეგ იქიდან ამოღებას, მით უფრო, ბრალდებულის წინააღმდეგობის პირობებში, როდესაც საბრძოლო მასალა ეწყო ცეცხლსასროლ იარაღშიც.
სასამართლო, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, გამორიცხავს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან რაიმე სახის დაინტერესებას დ----------–----ძის მიმართ და მის წინააღმდეგ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას.
ამრიგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი, ზემოთ მითითებული, რელევანტური, ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა შორის არსებობს შინაარსობრივი კავშირი და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, დადასტურებულია, რომ დ----------–----ძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებსაც, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა თბილისის ქუჩებში გადაადგილებისას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ‘‘ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი, თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა დ----------–----ძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც თავისთავად შენახვასაც მოიცავს, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, დ----------–----ძე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ იარაღს უკანონოდ ინახავდა და უკანონოდ ატარებდა თბილისში გადაადგილებისას, რა დროსაც ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა დანაშაულის შეწყვეტა.
,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა დ----------–----ძეს, რომელსაც, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვისა, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება.
მითითებული კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა დ----------–----ძეს არ გააჩნდა, შესაბამისად, მას ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდა, ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ----------–----ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იარაღი წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს, ხოლო 9 ცალი ვაზნა, რომელთაგან 6 ცალი მოთავსებული იყო იარაღში, ხოლო 3 ცალი - ქურთუკის ჯიბეში, წარმოადგენს, ასევე, გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას.
სასამართლო განმარტავს, რომ დ----------–----ძეს ბრალი წარედგინა 2----–-–-------------- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა წარმოადგენდა აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება წარმოადგენდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. 2018 წლის 6 ივნისს განხორციელებული ცვლილებით კი, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, რისთვისაც სანქციის სახით განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით, ხოლო ტარება წარმოადგენს აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და სასჯელის სახით გათვალისწინებულია ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
რამდენადაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არ აქვს, დ----------–----ძე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელი უნდა დაენიშნოს მუხლის ამ ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----------–----ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გაჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ - მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
დ----------–----ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს. დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი და, ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ გამოიწვიოს მასში უსამართლობის განცდა.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დ----------–----ძეს დანაშაული ჩადენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრის დადებიდან ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე და სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმადაც, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი დ----------–----ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ----------–----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ----------–----ძეს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
დ----------–----ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 2- იანვრიდან.
დ----------–----ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა (პისტოლეტი და ვაზნები) გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს, ხოლო ნერწყვის ნიმუში განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე