გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-933-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ოქტომბერი, 2016 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ლელა ჩაგელიშვილი
მოსარჩელე - ნ------ ა-–----
მოსარჩელის წარმომადგენელი- მ--- ჩ-----
მოპასუხე - ა---- გ--------
მოპასუხის წარმომადგენელი - მ----- ლ---------–----
თარჯიმანი - ო----- რ-----------
დავის საგანი: ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და კონპესაციის მოთხოვნა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დაეკისროს მოპასუხეს ქორწინებაში შეძენილი ქონების განკარგვის შედეგად მიღებული თანხიდან ნახევარი, რომელიც აუდიტის შეფასებით შეადგენს 16 000 ლარს.
1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაღებული სახ.ბაჟი 480 ლარი და აუდიტორის მომსახურებისთვის გადახდილი 120 ლარი, სულ 600 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან ქორწინების პერიოდში შეძენილ იქნა უძრავი ქონება გარდაბნის რაიონი სოფ. ყ---------–--–- საკადასტრო კოდით N 810615620, მაშინდელი ფასით 6000 ლარად. აღნიშნული გაფორმდა მოპასუხე ა---- ა-–----- სახელზე. 2012 წლის ივლისის თვეში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და დაშორდნენ. იმავე წლის 24 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინდნენ. ამავე პერიოდში 2012 წლის 7 აგვისტოს, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი აღნიშნული ქონება მოპასუხემ გადააფორმა თავის დაზე, ა--- მ------------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მისგან დამოუკიდებლად. მხარეებს შორის არსებობდა სამოქალაქო დავა ქონებასთან დაკავშირებით და მოპასუხემ კარგად იცოდა, რომ მოსარჩელეს პრეტენზია ჰქონდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. საჭირო დოკუმენტაციის მოძიებისას მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ ამჯერად მართლა გაყიდა ქორწინების პერიოდში ერთად შეძენილი ქონება 15 500 აშშ დოლარად, როგორც ამ ქონების დღევანდელმა მესაკუთრემ ე-–---- გ----------- მასთან საუბარში განაცხადა, რის გამოც იძულებულია მომართოს სასამართლოს აღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელისათვის კუთვნილი კომპენსაციის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით, საბაზრო ღირებულებით აუდიტმა ქონება შეაფასა 32 000 ლარად. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის ნახევრის დაკისრებას მოპასუხეზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა თავისი დაგროვილი თანხით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 2008 წლის 15 ოქტომბერს ა-–----- მ---------- წარმომადგენელს ნ------ ა-–---- და ა---- ა-–----- შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გარდაბნის რაიონის სოფელ კ---------–--–- სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ფართით 1500.00 კვ.მ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 6000 ლარით.
3.1.2. 2012 წლის 6 აგვისტოს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა ა--- მ----------- (საჯარო რეესტრის ამონაწერი).
3.1.3. 2015 წლის 7 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ე-–---- გ----------.
3.1.4. 2012 წლის 14 სექტემბერს ნ------ ა-–---- და ა---- ა-–---- განქორწინდნენ და გაიცა შესაბამისი განქორწინების მოწმობა.
3.1.5. ა---- ა-–----მ შეიცვალა გვარი და იგი დღეის მდგომარეობით არის ა---- გ--------.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ მიიჩნევს დადგენილად მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სადავო ქონება, მხარეებს შეძენილი აქვთ თანაცხოვრების პერიოდში. აღნიშნულ გარემოებას ვერ ადასტურებს მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებით. მის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია მხარეთა ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, ანუ როდის დაქორწინდნენ მხარები საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, განქორწინების მოწმობა ამ ინფორმაციას არ შეიცავს.
3.2.2. სასამართლომ მიიჩნევს ასევე, რომ მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი პირი მიიღოს კონპენსაცია გარდაბნის რაიონში სოფ. კ---------–--–- მდებარე უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიღებული კომპენსაცია, რადგან საქმის არსებითი განხილვისას თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მიწის ნაკვთი ფაქტობრივად შეიძინა და ნასყიდობის თანხა გადაიხადა მოსარჩელის ძმამ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ ხ------ ა-–-----. ა---- ა-–----ზე მიწის ნაკვეთის გაფორმება კი ატარებდა ფორმალურ ხასიათს, რადგან კანონით აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გაფორმება (იხ. სხდომის ოქმი). ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს ა---- ა-–----- და ნ------ ა-–---- საერთო სახსრებით არ შეუძენიათ სადავო ქონება და შესაბამისად მოსარჩელე, იმ სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრების თანაბრად გაყოფას ან თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გასხვისების შედეგად კომპენსაციის მიღებას ითვალისწინებს, ვერ ისარგებლებს. აღნიშნული ქონების დაბრუნების ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეიძლება აღძრას მხოლოდ ხ------ ა-–-----.
3.2.3. მოსარჩელის მიერ არ არის ასევე წარმოდგენილი ის ნასყიდობის ხელშკრულებები, რომელთა საფუძველზეც ჯერ ა--- მ----------- გახდა ქონების მესაკუთრე, ხოლო შემდეგ ე-–---- გ----------. ამ ნასყიდობის ხელშეკრულებების წარმოდგენა მნიშვნელოვანი იქნებოდა გარიგების მონაწილე მხარეთა და ქონების ღირებულების, ანუ ნასყიდობის ფასის დადგენის მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების, თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული, მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 81-ე, 82-ე, 84-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლით მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
ამავე კოდექსის 1152-ე მუხლით საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.
უდაოა, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, 2012 წლის ივლისიდან ფაქტობრივად აღარ ცხოვრობდნენ ერთად, ხოლო 2012 წლის 24 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით განქორწინდნენ.
ამავე კოდექსის 1158-ე მუხლით მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
ამავე კოდექსის 1164-ე მუხლით მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1166-ე მუხლით თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მოხდა თუ არა ამ ქონების თანაცხოვრების და ქორწინების პერიოდში შეძენა.
ასევე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავად მოსარჩელემ განმარტა, რომ მოსარჩელეს და მის მეუღლეს სადავო ქონება საკუთარი სახსრებით არ შეუძენიათ და მისი ნასყიდობის ფასი გადაიხადა თავისმა ძმამ ხ------ ა-–-----. ა---- ა-–-----თან ნასყიდობის ხელშკრულების დადება და საჯარო რეესტრში აღრიცხვა კი ატარებდა ფორმალურ ხასიათს. ასეთი სახის ახსნა-განმარტების შემდეგ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ------ ა-–---- არ არის ის პირი, რომელმაც შეიძლება მოთხოვნა წარადგინოს ზიანის ანაზღაურების ან კომპენსაციის მოთხოვნით და წინამდებარე სარჩელის მოთხოვნების და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში ვერ მოხდება არასათანადო მოსარჩელის ჩანაცვლება სათანადო მოსარჩელით. თავად მოსარჩელემაც დაადასტურა, რომ ამ სარჩელის ინტერესია ამ ქონების დაბრუნება მისი რეალური შემძენისთვის ხ------ ა-–----სთვის, შესაბამისად თავისი დარღვეული უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოს შეუძლია მომართოს მხოლოდ ხ------ ა-–----- სხვა სასარცელო მოთხოვნებით და განსხვავებული სამართლებრივი საფუძვლებით.
7. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ხარჯის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქართველოს სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ საქმეზე 2016 წლის 12 მაისის განჩინებით გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო ა---- გ-------- კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. გარადაბანი ა----–-----–-- გ----.5/49. ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სარჩელი, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს ნ------ ა-–----ს სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობისა და კონპესაციის მოთხოვნით;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მიჩნეული იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ყადაღა ბინაზე: ქ. გ----------, ა----–-----–-- N5-49-ში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე პართენიშვილი