გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2018
საქმის ნომერი
330210117002105022
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25596-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე: სს „სოკარ ჯორჯია გაზ დ----------–---“

წარმომადგენელი: თე------------------, ვა–----------–---–-

მოპასუხე: შპს „გ-------------------“

წარმომადგენელი მა-–------–-----, გი-------------–-–---–-

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს „გ-------------------სათვის“ მოსარჩელე სს „ს-----------------------------------–----“ სასარგებლოდ 61 631. 32 ლარის გადახდის დაკისრება.

2015 წლის 21 დეკემბერსა და 2016 წლის 30 დეკემბერს სს „ს-----------------------------------–----“ და შპს „ბ-------–---“-ს (ამჟამად შპს „გ-------------------“) შორის გაფორმდა ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებები.

 

სს „ს-----------------------------------–----“ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მიაწოდა ბუნებრივი გაზი შპს „გ-------------------“. 2017 წლის 31 მაისის მდგომარეობით, მოპასუხეს დაუგროვდა დავალიანება 61 631.32 ლარის ოდენობით, საიდანაც 2016 წლის 26 თებერვლის შედარების აქტით მოპასუხემ აღიარა იმდროისათვის არსებული ვალი 27 353.32 ლარის ოდენობით. მოპასუხეს არ გადაუხდია დაგროვილი დავალიანება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „გ--------------------“ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 148-156). 2.1. 2016 წლის 26 თებერვლის შედარების აქტი მოიცავს 2015 წლის 01 იანვრამდე პერიოდში არსებულ დავალიანებას, საიდანაც 27 243.94 ლარის ოდენობით დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის 31 დეკემბრამდე. 2.2. ზოგიერთმა მომხმარებელმა თვითნებურად მოპასუხესთან შეთანხმების გარეშე, დაამონტაჟა მრიცხველი, სოკარმა მასთან შეთანხმების გარეშე, მიაწოდა ამ მომხმარებლებს ბუნებრივი გაზი, რომელთაგანაც იღებდა მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 21 დეკემბერს სს „ს------------------------–----“ და შპს „ბ-------–----“-ს შორის გაფორმდა ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა სს „ს------------------------–---ა“ იკისრა ვალდებულება მყიდველის შპს „ბ-------–---“-სათვის მიეწოდებინა მომარაგების პუნქტში მითითებული ბუნებრივი გაზი, ხოლო მყიდველმა იკისრა მიწოდებული გაზის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3).

2015 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-32).

 

3.1.2. 2016 წლის 30 დეკემბერს სს „ს------------------------–----“ და შპს „ბ-------–----“-ს შორის გაფორმდა ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველმა სს „ს------------------------–---ა“ იკისრა ვალდებულება მყიდველის შპს „ბ-------–---“-სათვის მიეწოდებინა მომარაგების პუნქტში მითითებული ბუნებრივი გაზი, ხოლო მყიდველს ეკისრებოდა მიწოდებული გაზის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3).

ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (ს.ფ. 33-40).

 

3.1.3. 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე სს „ს------------------------–---ა“ შპს „ბ-------–---“-ს მიაწოდა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3).

აქტები (ს.ფ. 42-75).

ცნობები. (ს.ფ. 76-89).

საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 90-106).

 

3.1.4. შპს „ბ-------–---“-მა შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად მისი სახელწოდებაა შპს „გ-------------------“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3).

ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 18-21).

 

3.1.5. 2017 წლის 31 მაისის მდგომარეობით შპს „გ-------------------ს“ დავალიანებაა 61 631.32 ლარი, მათ შორის 2016 წლის 26 თებერვლის შედარების აქტით, არსებული დავალიანება შეადგენს 27 353.32 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3).

2016 წლის 26 თებერვლის შედარების აქტი (ს.ფ. 107).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სარჩელის მოთხოვნა 27 243.94 ლარის ოდენობით დავალიანების ნაწილში, არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვადის დენის შეწყვეტასთან მიმართებით ცენტრალური ადგილი უკავია ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარებას. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის მიზნებისათვის აღიარება წარმოადგენს უფლებამოსილი პირის წინაშე განხორციელებულ მოვალის ფაქტობრივ ქმედებას, რომლითაც არაორაზროვნად დასტურდება შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შესახებ მოვალის აღქმა.

 

ქართულ სასამართლო პრაქტიკაში სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის აღიარებასთან მიმართებით უფრო მეტი აქცენტი მოვალის ნებაზეა გადატანილი. კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „[...] 137 მუხლით დადგენილი ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს. მოვალის ასეთ ქმედებად — სხვაგვარად აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულებების არსებობასთან მიმართებით. იმავე მუხლთან მიმართებით სხვა საქმეზე სასამართლომ შემდეგი შეფასება გააკეთა: „... აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის „სხვაგვარ აღიარებად“ მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული“. საქართველოს სასამართლო პრაქტიკიდან ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში მოვალის ნების შინაარსი არის განმსაზღვრელი. შესაბამისად, მოვალის მიერ მოთხოვნის არსებობის აღიარების კვალიფიკაციისას და ყოველი კონკრეტული გარემოებების არსებობისას ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მოვალის ნების შინაარსი, მაშინ, როდესაც გარეგნული მახასიათებლებით მოვალის მიერ გახორციელებული გარიგების მსგავსი ქმედება აშკარად უფლებამოსილი პირის მიმართ გაკეთებული მოთხოვნის არსებობის აღიარებით ქმედებად შეფასებადია.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი პირდაპირ ჩამოთვლის ვალდებულების არსებობის აღიარების კონკრეტულ ფორმებს. კერძოდ, ესენია აღიარება ავანსის, პროცენტის გადახდით და გარანტიის მიცემით. გარდა ამისა, კანონმდებელი საკმაოდ მოქნილ რეგულაციას თავაზობს, რამდენადაც აღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი ხასიათის და შესაძლებელია, რომ ვალდებულმა პირმა ვალდებულების არსებობის „სხვაგვარად აღიარებაც“ განახორციელოს. თავად „სხვაგვარად აღიარების“ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო პრაქტიკა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ყოველი აღიარება ინდივიდუალური შეფასების საგანს წარმოადგენს შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.

 

ვალდებულების სრულად აღიარებისას, ლოგიკურია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა შეწყდეს და მისი თავიდან დაწყება/ათვლა უნდა მოხდეს მთლიან ვალდებულებასთან მიმართებით.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, უნდა ითქვას, რომ როგორც ვალდებულ პირს ასევე უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს როგორც ვალდებულების აღიარების არსებობის (ვალდებული პირის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი აღიარების მიღებაც (უფლებამოსილი პირის შემთხვევაში). უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ ვალდებული და უფლებამოსილი პირის უფლებამოსილი წარმომადგენლები სათანადო ფორმის დაცვით იქნენ შესაბამისი უფლებებით აღჭურვილნი და ვალდებულებებით დავალებულნი. შედეგი ხანდაზმულობის ვადის დენის აღიარების საფუძველზე შეწყვეტის შემდეგ ახლიდან იწყება ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის დენა (137-141). კერძოდ, აღიარების ნამდვილი ფორმით განხორციელების მეორე დღიდან იწყება ხანდაზმულობის ვადის დენის ახლიდან ათვლა. აღიარების შედეგის დასადგომად მნიშვნელოვანია აღიარების განხორციელების დრო და არა მისი უფლებომისილი პირის მიერ მიღების დრო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე აპელირებს სასარჩელო მოთხოვნიდან 27 243.94 ლარის ნაწილში, ხანდაზმულობაზე და აღნიშნავს, რომ ამ ოდენობით დავალიანება წარმოშობილია 2013 წლის 31 დეკემბრამდე.

 

2016 წლის 26 თებერვალს სს „ს-----------------------------------–----“ და შპს „ბ-------–---“-ს (ამჟამად შპს „გ-------------------“) უფლებამოსილ პირებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლითაც შპს „გ-------------------ს“ უფლებამოსილმა პირმა, კრედიტორის წინაშე დაადასტურა, რომ გადაუხდელი ჰქონდა 2015 წლამდე მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულება 27 353.32 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს მოპასუხის მიერ მითითებულ ხანდაზმულ მოთხოვნასაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შედარების აქტი, წარმოადგენს მოვალის მხრიდან ისეთ ქმედებას, რასაც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს.

 

3.2.2. ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მისი გვერდის ავლით ხდებოდა გაზის მიწოდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიღება-ჩაბარებაზე აქტებით, კომერციული და შედარების აქტებით, ადასტურებს, 2016-2017 წლებში მოპასუხესთან შეთანხმებით, ბუნებრივი გაზის მიწოდების ფაქტს.

 

მოპასუხის მითითებულ პოზიციას, მხოლოდ მისი განმარტების საფუძველზე, სასამართლო არ იზიარებს, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, მომარაგების პუნქტში, სახელშეკრულებო ურთიერთობის რომელიმე პერიოდში, შპს „გ-----------------------“ შეთანხმებულზე მეტი მოცულობის ბუნებრივი გაზის მიწოდება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე, მე-400, 316-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე,137-ე, 144-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

დადგენილია, რომ სს „ს-----------------------------------–----“ და შპს „გ-------------------“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველი პერიოდულად აწვდიდა ბუნებრივ გაზს მოპასუხეს, რომელსაც არ გადაუხდია მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასური და გადასახდელი აქვს 61 631.32 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ხანდაზმულობა არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია უფლების განხორციელება - სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან სამი წელია.

 

განსახილველი მოთხოვნა ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ, გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

ამდენად, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის როგორც 137-ე, ისე 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას ვალდებულების შესრულების თაობაზე, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დგინდება, ასეთი აღიარების არსებობა მოვალის მხრიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, რამაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გამოიწვია. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა 27 243.94 ლარის ნაწილში, არ არის ხანდაზმული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს ”გ-------------------“ მოსარჩელის წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს შპს ”გ-------------------” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს ბუნებრივი გაზის ღირებულება 61 631.32 ლარის ოდენობით და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1849 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს"ს-----------------------------------–----" სარჩელი შპს "გ-------------------ს" მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასეხე შპს "გ-------------------" მოსარჩელე სს"ს-----------------------------------–----" სასარგებლოდ დაეკისროს 61 631.32 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს "გ-------------------" მოსარჩელე სს "ს-----------------------------------–----" სასარგებლოდ დაეკისროს 1849 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია