გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.09.2018
საქმის ნომერი
010310018002479610
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
17.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/291-2018 010310018002479610

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირაკლი შავაძე

სხდომის მდივანი მირანდა თურმანიძე

მოსარჩელე - შპს მ---------

წარმომადგენელი - მ----- ა----–-ძე გ--–- მ------ძე

მოპასუხეები - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნ----- ბ-------–ა

მოპასუხე- აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭო

წარმომადგენელი -თ----–- ა------–-ძე

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აქტის გამოცემის დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის N-------- გადაწყვეტილება და დაევალოს აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „მ---------“-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ, ქ. ბათუმში, რ----------- ქ. N--ში მდებარე 418,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-.2-.4-.0--) სასტუმროს მშენებლობის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 აპრილის N---- ბრძანება და დავალდებულდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი შპს „მ---------“-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, ქ. ბათუმში, რ----------- ქ. N--ში მდებარე 418,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-.2-.4-.0--) სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე.

 

2. მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნას შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

2.1. მოსარჩელეებს ქ. ბათუმში, რ------------ ქ. N--ში საკუთრების უფლებით ფლობს 418,00 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს.კ. 0-.2-.4-.0--). აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მიერ შეძენილი იქნა სხვადასხვა პირებისაგან, ქონების შეძენის მიზანს წარმოადგენდა სასტუმროს მშენებლობა. ქონების შეძენის დროისათვის მიწის ნაკვეთის მდებარეობის ზონაში დადგენილი რეგულაციის თანახმად დასაშვები იყო 15 მეტრამდე სიმაღლის შენობის მშენებლობა. მოსარჩელეს განზრახული ჰქონდა შეძენილ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა 15 მეტრამდე სიმაღლის სასტუმრო. მშენებლობის განხორციელების მიზნით მოსარჩელის განმარტებით განხორციელებული იქნა 900 000 ლარის ინვესტიცია, რომლის ნაწილი დაფარული იქნა საბანკო კრედიტის საფუძველზე, ხოლო ნაწილი გადახდილი იქნა კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავლით.

 

2.2. 2018 წლის 0- მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. საპროექტო წინადადებით საპროექტო შენობის სიმაღლე განსაზღვრული იყო 15 მეტრამდე. რადგან მიწის ნაკვეთი მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, მოსარჩელის განცხადება, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მიზნით გადაგზავნილი იქნა აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე. საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის N-------- გადაწყვეტილებით შპს „მ---------“-ს უარი ეთქვა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ქ. ბათუმში, რ------------ ქ.N--ში საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ პროექტს. გადაწყვეტილებაში უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ მიუღებელია შენობის სიმაღლე და არქიტექტურა. იმის გამო, რომ აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ შპს„მ---------“-ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 აპრილის N---- ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2.3. აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, შპს„მ---------“-ის მიერ მოწვეული იქნა ხელოვნებათმცოდნე მარინა ხატიაშვილი, რომელმაც შეაფასა მოსარჩელის საპროექტო წინადადებების განხორციელების შესაძლებლობები, ჩაატარა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით დეტალური კვლევები, გაანალიზებული იქნა სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარე არეალი, რის შემდგომ გასცა დასკვნა, რომ მოსარჩელის საპროექტო წინადადების განხორციელება შესაძლებელი იყო. დასკვნის თანახმად სამშენებლო ტერიტორიას არ ესაზღვრება არცერთი ღირებული ნაგებობა, ეზოები დეგრადირებულია გამუდმებული თვითნებური გადაკეთების შედეგად, რის გამოც აღნიშნული შენობებიც სამომავლოდ ასაღებია და არსებული გარემო გასავითარებელია.

 

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხე მხარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხის განმარტებით სამშენებლო ობიექტი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესათანხმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად გადააგზავნა აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ შეისწავლა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალები და უარი თქვა კულტურული მემკვიდრეობის თავსაზრისით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების თაობაზე შენობის სიმაღლისა და არქიტექტურის გამო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე დაეყრდნო კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილებას.

 

3.2. მოპასუხე მხარეს აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელმაც შეისწავლა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მასალები და ხმების უმრავლესობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც საბჭომ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით უარი უთხრა მოსარჩელეს ბათუმში , რ------------ ქუჩა N--ში საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტს შენობის სიმაღლისა და არქიტექტურის გამო.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოსარჩელე მხარე საკუთრების უფლებით ფლობს ქ. ბათუმში, რ------------ ქ. N--ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 418,00 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ს.კ. 0-.2-.4-.0--), აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. 2018 წლის 0- მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, რ------------ ქ. N--ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 418,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე, კერძოდ მოთხოვნილი იყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; მხარეთა განმარტებები

 

4.2. ვინაიდან მიწის ნაკვეთი მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საკითხის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით განხილვისა და და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოსარჩელის განცხადება გადაგზავნილი იქნა აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის N-------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით უარი ეთქვა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტზე, უარის საფუძვლად გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მიუღებელია სიმაღლე და პროექტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის N-------- გადაწყვეტილება; მხარეთა განმარტებები.

 

4.3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 აპრილის N---- ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. ბათუმში, რ------------ ქ. N--ში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 418,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების დამტკიცების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება დასაბუთებულია იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობს კუტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიაზე, მონაწილეობას იღებს აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭო, რომლის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის. აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ 2018 წლის 12 აპრილის N-------- გადაწყვეტილებით , კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით უარი უთხრა განმცხადებელს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების დამტკიცების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 აპრილის N---- ბრძანება; მხარეთა განმარტებები.

 

4.4. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოსარჩელე მოითხოვდა სასტუმროს მშენებლობის მიზნით მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას. აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ მოსარჩელეს უარი უთხრა საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ პროექტზე, მაშინ როცა მოსარჩელე არ ითხოვდა არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და არც საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის N-------- გადაწყვეტილება; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 აპრილის N---- ბრძანება; მხარეთა განმარტებები.

 

4.5. აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის N-------- გადაწყვეტილება, არის დაუსაბუთებელი, მასში საერთოდ არ არის მსჯელობა კულტურულული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებასთან დაკავშირებით. ბრძანება არ შეიცავს მსჯელობასა და დასაბუთებას დაგეგმილი მშენებლობის მიზანშეწონილობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის N-------- გადაწყვეტილება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს „მ---------“ -ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და საკითხის ხელახალი განხილვისა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ.

 

6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

_ საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული `მშენებლობის

ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები.

_ `ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ~ საქართველოს კანონი.

_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მოქმედებაც, კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

 

კანონის მე-3 მუხლის კ) პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა (დამცავი ზონა) – კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან;

 

7.2. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

 

7.3. საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს მოიცავს `ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ - საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის №57 დადგენილებით დამტკიცებული `მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობები. კერძოდ, იგი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.

დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულია, ამავე დადგენილების პრინციპები:

მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება შემდეგი პრინციპებით:

ა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება;

ბ) უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა;

გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება;

დ) საკუთრების უფლების დაცვა და რეალიზაცია;

ე) საჯაროობა;

ვ) ერთი სარკმლის პრინციპი;

ზ) დუმილი თანხმობის ნიშანია;

თ) პასუხისმგებლობის პრინციპი.

`ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ~ საქართველოს კანონის 264-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

 

მშენებლობის ნებართვის გაცემა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სტადიები უნდა განხორციელდეს 60 დღის განმავლობაში.

 

მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 37-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესი, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად:

 

I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა. (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება)

 

II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება;

 

III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

ნებართვის მაძიებელი თითოეული სტადიის შესაბამისად ნებართვის გამომცემ ორგანოს წარუდგენს დებულებით განსაზღვრულ ინფორმაციას და სავალდებულო დოკუმენტებს, სამშენებლო მიწის ნაკვეთისა და მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართული ქონდა განცხადებით, რომლითაც ითხოვდა სასტუმროს მშენებლობის მიზნით, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას, რაც გახლავთ მშენებლობაზე ნებართვის მოპოვების პირველი სტადია, ვინაიდან, მიწის ნაკვეთი მდებარეობდა კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელის განცხადება თანდართული დოკუმენტებით გადაუგზავნა აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მიზნით. აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ მოსარჩელეს 2018 წლის 12 აპრილის 0------- გადაწყვეტილებით უარი უთხრა საცხოვრებელი სახლის არქიტექტურულ პროექტზე. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უკანონოა, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა იყო არა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, არამედ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაზედაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია. ამასთან გასაჩივრებული აქტი არის დაუსაბუთებელი, რადგან საბჭოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული იმ ნაწლშიც თუ რატომ მიიჩინია არქიტექტურა და მშენებლობის სიმაღლე საბჭომ მიუღებლად.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გამოცემული აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებისა:

 

1.წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

2.დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.

3.ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4.თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებიი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

.ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

მართალია სამშენებლო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ეს მას არ ათავისუფლებს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის მოვალეობისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისაგან. სასამართლო ვერ გაიზიარებს აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წარმომადგენლის განმარტებას, რომ საბჭოს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია საკითხიოს სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, რადგან მოსარჩელე მოითხოვდა სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას, მოპასუხემ კი უარი უთხრა პროექტის შეთანხმებაზე, რაც ასევე არ არის გასაჩივრებული აქტით დასაბუთებული.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სასამართლო აღნიშნავს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

7.6. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებულია დაამტკიცოს, ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელეს არ აკისრებს მტკიცების ტვირთს და რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მოცემულ დასკვნებსა და შეფასებებს.

 

სასამართლო მიიჩნევს, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სსიპ აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები, რომ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გარემოების სრულყოფილი გამოკვლევისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა მიეღო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან არ შესრულებულა.

 

7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ რ------------ ქ. N--ში მდებარე 418, კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.2-.4-.0--) სასტუმროს მშენებლობის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან დაკავშირებით დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის 0------- გადაწყვეტილება და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 აპრილის N---- ბრძანება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, ისინი ეწინააღმდეგება ამ მოთხოვნებს იურიდიული (ფაქტობრივი და სამართლებრივი) დასაბუთების თვალსაზრისით.

 

7.8. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შეასაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო, სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თნახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ქ. ბათუმში, რ------------ ქ. N--ში მდებარე 418,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის 0------- გადაწყვეტილება და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 აპრილის N---- ბრძანება . ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს და სსიპ აჭარის ა.რ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უნდა დაევალოთ, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცენ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს მ----------ის მოთხოვნაზე, სასტუმროს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან დაკავშირებით.

 

საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებათა შეგროვება და სამართლებრივი შეფასება მოახდინოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ძეგლის ინდივიდუალურ დამცავი ზონასა და მისი შემადგენელ არეალებში მშენებლობის განხორციელება აკრძალული არ არის, არამედ მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ იმ მხრივ უნდა იქნას შესწავლილი და გაანალიზებული, რამდენად შეესაბამება კონკრეტული უძრავი ძეგლის ვიზუალური დაცვის მოთხოვნებს, ხომ არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოსა და ძეგლის სრულფასოვანი აღქმის მიმართ, ხომ არ დააკნინებს ძეგლის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

 

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 23-ე, 32-ე და 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს მ--------- ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი, აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს 2018 წლის 12 აპრილის 0------- გადაწყვეტილება.

 

- დაევალოს აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შპს მ----------ის განცხადებასთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმში , რ------------ ქ. N--ში მდებარე 418, კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0-.2-.4-.0--) სასტუმროს მშენებლობის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებთან დაკავშირებით.

 

- ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 30 აპრილის N---- ბრძანება და დაევალოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს აჭარის არ კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი შპს მ--------- განცხადებასთან დაკავშირებით.

 

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

3. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

4. .გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ირაკლი შავაძე