გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
330210018002466342
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15522-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ხათუნა ბუცხრიკიძე

მოსარჩელე სს „პ------------------ი“

წარმომადგენელი თ----- ჩ----–---–ი

მოპასუხე ნ---- გ----–----ი, ა-–---------- ს----–---–ი

დავის საგანი დავალიანების გადახდის დაკისრება, გირავნობის საგნის

რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს ნ---- გ----–----სა და ა-–---------- ს----–---–ს სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5380.96 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2 დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობით დატვირთული ავტომანქანა შემდეგი ტექნიკური და საიდენტიფიკაციო მახასიათებლებით: სახელმწიფო ნომერი T------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, მარკა, მოდელი - „ფ-----------------“, ფერი - ლურჯი 8/8, გამოშვების წელი - 1996, საიდენტიფიკაციო ნომერი - S----------------.

 

1.3 დავალიანების დაფარვა ასევე მოხდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაციის გზით.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

სს „პ------------------სა“ და ნ---- გ----–----ს შორის 2009 წლის 04 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N18.1.1----, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7100 აშშ დოლარის ოდენობით, 38 თვის ვადით, წლიური 30%-ის დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში შემოუტანლობის შემთხვევაში, განისაზღვრა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირველი ათი დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

N18.1.1---- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობის უფლებით დაიტვირთა ნ---- გ----–----ის კუთვნილი ავტომანქანა შემდეგი მონაცემებით: გამოშვების წელი 1996, სახელმწიფო ნომერი T------, ფერი - ლურჯი 8/8, ტიპი - ფ---------, ძრავის მოცულობა 1400, სარეგისტრაციო მოწმობა N-----------, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომერი S----------------.

 

N18.1.1---- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება ა-–---------- ს----–---–თან, რომლის თანახმად, კონტრაჰენტი კისრულობს სოლიდარულ პასუხისმგებლობას მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში და ვალდებულია მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხადოს ბანკს თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით.

 

საკრედიტო და სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეების მიერ არ შესრულებულა.

 

მოპასუხეების დავალიანება სს „პ------------------ის“ მიმართ შეადგენს 5380.96 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4371.75 აშშ დოლარი, პროცენტი - 1009.21 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე ნ---- გ----–----მა შესაგებელი არ წარმოადგინა.

 

2.2 მოპასუხე ა-–---------- ს----–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ როგორც თავდებს არ მიუღია არანაირი შეტყობინება ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 სს „პ------------------სა“ და ნ---- გ----–----ს შორის 2009 წლის 4 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N18.1.1----, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7100 აშშ დოლარის ოდენობით, 38 თვის ვადით, წლიური 30%-ის დარიცხვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- N18.1.1---- საკრედიტო ხელშეკრულება.

 

3.1.2 N18.1.1---- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2009 წლის 23 ივლისს გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობის უფლებით დაიტვირთა ნ---- გ----–----ის კუთვნილი ავტომანქანა შემდეგი მონაცემებით: გამოშვების წელი 1996, სახელმწიფო ნომერი T-----, ფერი - ლურჯი 8/8, მარკა, მოდელი - „ფ----------------“, ტიპი - ფ---------, ძრავის მოცულობა 1400, სარეგისტრაციო მოწმობა N-----------, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომერი S----------------.

 

გირავნობის ხელშეკრულების 8.11 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდეგ ამონაგები თანხა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- N18.1.1---- რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულება.

 

3.1.3. N18.1.1---- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2009 წლის 4 აგვისტოს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება ა-–---------- ს----–---–თან, რომლის თანახმად, თავდები კისრულობს სოლიდარულ პასუხისმგებლობას მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში და ვალდებულია მსესხებლის მიერ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხადოს ბანკს თანხა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 11 000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- N18.1.1---- სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება.

 

3.1.4. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია 2011 წლის 6 ივნისს, რის შემდეგაც არასრულად იხდიდა ყოველთვიურ შესატანს. ვალდებულების დარღვევის მიუხედავად, ბანკმა ვადამდე არ შეწყვიტა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. 2016 წლის 31 მაისის შემდეგ მსესხებელს თანხა აღარ გადაუხდია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- კრედიტის დაფარვის ისტორია.

 

3.1.5. მსესხებლის დავალიანება სს „პ------------------ის“ მიმართ შეადგენს 5380.96 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4371.75 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი - 1009.21 აშშ დოლარი. პროცენტი დაანგარიშებულია გრაფიკის ბოლო გადახდის მდგომარეობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- დავალიანების შესახებ ცნობა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „პ------------------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 256-ე, 276-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 867-ე მუხლის თანახმად კი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტი არის სესხი, რომელსაც გასცემს კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი, ამასთან, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანია.

 

დადგენილია, რომ სს „პ------------------სა“ და ნ---- გ----–----ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტის სასარგებლოდ გაეცა საკრედიტო თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო თავის მხრივ - ნ---- გ----–----მა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადებში (იხ. ზევით 3.1.1 პუნქტი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

დადგენილია, რომ სს „პ------------------სა” და ნ---- გ----–----ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია მოპასუხე ა-–---------- ს----–---–ის სოლიდარული თავდებობით (იხ. ზევით 3.1.3 პუნქტი). აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ კრედიტით სარგებლობისათვის 2009 წლის 4 აგვისტოს ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30%.

 

მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგაც არ ახორციელებს კრედიტის თანხის გადახდას. შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია, მოითხოვოს როგორც სესხის ძირითადი თანხა, ისე მასზე დარიცხული სარგებელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი ემყარება დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს. მოპასუხემ თავად უნდა განსაზღვროს, როგორ დაიცვას თავი წარმოდგენილი სარჩელისაგან. სასამართლო მოსარჩელის პოზიციის დასაბუთებულობას აფასებს იმ შედავების ფარგლებში, რაც წარმოდგენილია მოპასუხის მხრიდან. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მისთვის ხელსაყრელია და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე არ ედავება მოსარჩელის მიერ მითითებულ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებას, სასამართლომ აღნიშნული გარემოება დადგენილად უნდა მიიჩნიოს. შედავება არ გულისხმობს მხოლოდ შესაგებელში „არ ვეთანხმები“ გრაფის ფორმალურად მონიშვნას, არამედ შედავება უნდა იყოს კვალიფიციური, კერძოდ, მოპასუხემ უნდა მიუთითოს საპირისპირო ფაქტები ან დაასაბუთოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების უსწორობა. მტკიცების ტვირთის განაწილების შესაბამისად, მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს იმ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელსაც ემყარება შესაგებელი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნ---- გ----–----ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხე ა-–---------- ს----–---–მა სადავოდ გახადა მხოლოდ ის გარემოება, რომ, მას, როგორც თავდებს, დროულად არ აცნობეს მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254.1 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო გირავნობით (იხ. 3.1.2 პუნქტი).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთული მოპასუხე ნ---- გ----–----ის კუთვნილი მოძრავი ქონებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

აღნიშნული ნორმები ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები სს „პ------------------ი” და მსესხებელი შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულების 8.11 პუნქტით (იხ. 3.1.2 პუნქტი). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსასრულებლად მსესხებლის კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ (თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდ მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

2009 წლის 04 აგვისტოს N18.1.1---- საკრედიტო ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით, რაც შესაბამისად წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში ნ---- გ----–----სა და ა-–---------- ს----–---–ს სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 394.26 ლარის ანაზღაურება;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 268-ე, 270-ე, 414-ე-416-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „პ------------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ნ---- გ----–----ისა და ა-–---------- ს----–---–ი მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ---- გ----–----სა და ა-–---------- ს----–---–ს სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5380,96 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4371,75 აშშ დოლარი, პროცენტი - 1009,21 აშშ დოლარი;

 

3. დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს გირავნობის საგანი - ნ---- გ----–----ის კუთვნილი ავტომანქანა „ფ-----------------“, გამოშვების წელი 1996, სახელმწიფო ნომერი T------, ფერი - ლურჯი 8/8, ტიპი - ფ---------, ძრავის მოცულობა 1400, სარეგისტრაციო მოწმობა N-----------, ავტომანქანის საიდენტიფიკაციო ნომერი S----------------;

 

4. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დაფარვისათვის, აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხეთა კუთვნილ სხვა ქონებაზე;

 

5. ნ---- გ----–----სა და ა-–---------- ს----–---–ს სს „პ------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 394,26 ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილებაზე შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია