გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/16416-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - დ----------–--ე
წარმომადგენელი - დ-------------ა, ხ------------–--ე
მოპასუხე - კ------------------–--ე
წარმომადგენელი - ს----------------ია, ა-–------------------ე
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.გაუქმედეს ქ.თბილისში ს------–----------- - ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე (საკადასტრო კოდი 0---------------) დ----------–--ის და კ------------------–--ის საზიარო უფლება უძრავი ნივთის ნატურით გაყოფის გზით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.05.2018 წლის #003211918 დასკვნის შესაბამისად, კერძოდ, დ----------–--ეს გამოეყოს მისი კუთვნილი 2/3 წილის შესაბამისი ფართი შენობა-ნაგებობის შიდა ფართიდან - 241.24 კვ.მ, განაშენიანებისაგან თავისუფალი (ცარიელი) მიწის ნაკვეთიდან - 194.45 კვ.მ, ხოლო კ------------------–--ეს შენობა-ნაგებობის შიდა ფრთიდან გამოეყოს მისი კუთვნილი 1/3 წილის შესაბამისი ფართი - 120.62 კვ.მ, ხოლო განაშენიანებისგან თავისუფალი (ცარიელი) მიწის ნაკვეთიდან გამოეყოს წილის შესაბამისი ფართი - 97.22 კვ.მ.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი ს------–-----------,(საკადასტრო კოდი 0---------------) საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ----------–--ის და კ------------------–--ის სახელზე.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან ძმები, ისინი ვერ შეთანხმდნენ უძრავი ქონების გაყიდვასა და თანხის განაწილებაზე, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია მოითხოვოს აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 მაისის #003211918 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მხარეთა შორის კუთვნილი წილების შესაბამისად საზიარო უფლების გამიჯვნა შესაძლებელია უძრავი ქონების ფუნქციური დანიშნულების გარეშე ისე როგორც ეს ნაჩვენებია #1, #2, #3, და #4 დანართებზე. კერძოდ, დ----------–--ეს გამოეყოს მისი კუთვნილი 2/3 წილის შესაბამისი ფართი შენობა-ნაგებობის შიდა ფართიდან - 241.24 კვ.მ, განაშენიანებისაგან თავისუფალი (ცარიელი) მიწის ნაკვეთიდან კი მას გამოეყოს 194.45 კვ.მ, ხოლო კ------------------–--ეს შენობა -ნაგებობის შიდა ფრთიდან გამოეყოს მისი კუთვნილი 1/3 წილის შესაბამისი ფართი - 120.62 კვ.მ , ხოლო განაშენიანებისგან თავისუფალი (ცარიელი) მიწის ნაკვეთიდან გამოეყოს წილის შესაბამისი ფართი -97.22 კვ.მ.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, საზიარო უფლების მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გაუქმების შემთხვევაში, მას შეეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.
მოპასუხის განმარტებით, საზიარო უფლების გაუქმება უნდა განხორციელდეს მის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის #004842418 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონების მდებარე ქ.თბილისი, ს------–----------- (საკადასტრო კოდი 0---------------) 2/3 ნაწილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ----------–--ის, ხოლო 1/3 ნაწილი აღრიცხულია კ------------------–--ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.20-21).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დ----------–--ისა და კ------------------–--ის სახელზე საერთო თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისი, ს------–-----------, საკადასტრო კოდით 0---------------, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, შეუძლებელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლით თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ორი ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ორივე დასკვნა მიუთითებს მხარეთა დამატებით ვალდებულებებსა და განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებზე. სასამართლო სხდომაზე განხილული იქნა ექსპერტების მიერ შემოთავაზებული ქონების გაყოფის პერსპექტივები, თუმცა როგორც გამოირკვა წარმოდგენილი დასკვნების ფარგლებში მხარეებისათვის ეს ფაქტობრივად მიუღწეველი შედეგია.
უპირველს ყოვლისა, სასამართლო ამახვილებს ყურადღებას თითოეული კვლევის დასკვნით ნაწილზე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 მაისის #003211918 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანართებზე ნაჩვენები ვარიანტით სახლთმფლობელობის გამიჯვნის შემთხვევაში საჭირო იქნება მხარეებმა დამოუკიდებლად მოაწყონ თავიანთ ფართებში შესასვლელი კარის ღიობები, ასევე უნდა ამოშენდეს ზოგიერთი კარის და ფანჯრის ღიობი, ხოლო ზოგიერთი ფართი მოეწყოს თავიდან.
დაახლოებით იმავე მითითებას შეიცავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივლისის #004842418 ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით ამ ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში მხარეებს მოსაწყობი ექნებათ ტიხრები, კარებები და კიბის უჯრედები. მხარეები კი ვერ თანხმდებიან ვერც შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობაზე და ვერც გასაწევ ხარჯებზე. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის ფარგლებში, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.22-32);
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.52-63);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა დ----------–--ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173-ე, 963-ე, 964-ე, მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოდავე მხარეები არიან უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ს------–-----------, საკადასტრო კოდით 0--------------- - თანამესაკუთრეები. შესაბამისად, მითითბული ქონება წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების მიერ ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, მესაკუთრე თავის ქონებასთან მიმართებაში თავისუფალია, მაგრამ ამასთან, მისი უფლებამოსილებანი შესაძლოა შეიზღუდოს ან კანონით, ან ხელშეკრულებით. მესაკუთრის მოქმედებით არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში საკუთრების ბუნებიდან (საზიარო საკუთრებიდან) გამომდინარე ნივთით სარგებლობის თავისუფლება გარკვეულწილად იზღუდება, რაც სხვა თანამესაკუთრეთა არსებობით და მათი ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის შესაბამისად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმება კანონით გარანტირებული უფლებაა. იგი მესაკუთრის აბსოლუტურ უფლებათა რანგშია აყვანილი იმ თვალსაზრისით, რომ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადას არ ექვემდებარება, ამასთან, პატივსადები ინტერესის არსებობის შემთხვევაში მისი მოთხოვნა მაშინაც შეიძლება, როდესაც შეთანხმებით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის უფლება სამუდამოდ ან განსაზღვრული ვადით გამორიცხულია.
ამდენად, საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს, არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა.
ამასთან, დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას მისი ფუნქცია და მნიშვნელობა.
შესაბამისად, მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება)(იხ. სუსგ, საქმე №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015 წელი).
ამავდროულად, ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას. ამიტომაც, დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ექსპერტის დასკვნის თუ აუდიტორული დასკვნის შემოწმება და შეფასება მტკიცების პროცესის აუცილებელი პირობაა. ექსპერტის დასკვნის უარყოფა ან გამოყენება მტკიცებულებად არ შეიძლება, თუ იგი არ იქნება შემოწმებული და შეფასებული 105-ე მუხლის შესაბამისად. ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. სუსგ №ას-633-966-07).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ერთი მხრივ, დასტურდება, რომ თბილისში, ს------–------------ში მდებარე, თანსაკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება შესაძლებელია. მეორე მხრივ, არც ერთი წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს პასუხს კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა საზიარო უფლების გაუქმება და მოდავე მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების იმგვარი გაყოფა, რაც შესაბამისობაში იქნება თითეული თანამესაკუთრის იდეალურ წილთან და ამავდროულად შენარჩნებული იქნება თითეული თანამესაკუთრის წილის სამეურნეო დანიშნულება. მეტიც, ორივე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მხარეთა შორის საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ განხორციელდება მხარეთა მიერ დამატებითი სამშენებლო მოქმედებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საზიარო უფლების მონაწილეთა წილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგნის (საგნების) ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია ღირებულების შემცირებისა და ფუნქციური დანიშნულების გარეშე. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი უშვებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფას ნივთის ტექნიკურად ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობის შემთხვევაში, თუმცა არ შეიცავს არავითარ დათქმას საზიარო საგნის სათანადო გადაკეთების შედეგად მიღებულ შესაძლებლობებზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საზიარო საგნის გაყოფა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი გაყოფის შედეგად არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ და სამომხმარებლო დანიშნულებას, რაშიც იგულისხმება ობიექტის გაყოფამდე არსებული საყოფაცხოვრებო დანიშნულება. ნივთის ღირებულებაში იგულისხმება მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულება და არა მხოლოდ ფულადი ერთეულით გამოხატული ღირებულება.
ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობაა - საგნის ღირებულების გარეშე ერთგვაროვან ნაწილებად გაყოფის შესაძლებლობა. ამ წინაპირობის არარსებობა კი, გამორიცხავს მოცემული სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებას. თუმცა, საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობა არ უკარგავს პირს უფლებას, საზიარო საგანზე საკუთრების უფლება დაიცვას კანონით გათვალისწინებული სხვა წესით - საზიარო საგნის გაყიდვის შედეგად ამ უფლების გაუქმებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მესამე მუხლის თანახმად, თუ მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სასამართლო.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამასთან, ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----------–--ის სარჩელი მოპასუხე კ------------------–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია