გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/19727-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - სს ,,დ-------------------–-------------------------’’
წარმომადგენელი - ა------------------ი
მოპასუხე - ი------------–---–ი, გ----------–---–ი
წარმომადგენელი - ი-–-----–--–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროთ ი------------–---–ს და გ----------–---–ს სს ,,დ-------------------–-------------------------’’-ს სასარგებლოდ 6 815 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ,,დ-------------------–-------------------------’’ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სადაზღვევო საქმიანობას, მათ შორის ახორციელებს ავტო-სატრანსპორტო საშუალების დაზღვევას.
2017 წლის 27 ივლისს თბილისში, მირიან მეფის ქუჩაზე მოპასუხე გ----------–---–ის საკუთრებაში არსებული ,,მერსედესი’’-ს მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი GIV200) მოძრაობისას, ი------------–---–მა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, შეეჯახა სს ,,დ-------------------–-------------------------’’-ში დაზღვევულ შპს ,,ენგადი’’-ს კუთვნი ,,ფიატი’’-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი NAB088).
შპს ,,ენგადი’’-ს კუთვნილ ,,ფიატი’’-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 6 815 ლარი.
სს ,,დ-------------------–-------------------------’’-მ სრულად შეასრულა რა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებ და აუნაზღაურა დამზღვევს 8 320.49 ლარის ოდენობით ზიანი. დამატებით მოსარჩელემ გადაიხადა შპს ,,ავტო დახმარება ჯუბა’’-ს ევაკუატორით მომსახურების საფასური - 60 ლარი.
გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეს სსიპ საქართველოს შსს მომსაურების სააგენტოში გადახდილი აქვს 21 ლარის ოდენობით მომსახურების საფასური.
2.1. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე ი------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ შესთავაზა დაზარალებულს მისი შეკეთება, თუმცა აღნიშნულზე მას უარი განუცხადეს. მოსარჩელის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შეფასება არ არის რეალური და ავტომობილს არ ჰქონია ის დაზიანებები რაზეც უთითებს მოსარჩელე. ამასთან, მითითებული ფასები ხელოვნურად გაზრდილია.
მოპასუხე გ----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ასევე არ ცნო და მიუთითა, რომ იგი დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, არ არის ინფორმირებული მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, ვინაიდან მას ავტოსატრანსპორტო მის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება სამართავად გადაცემული აქვს მისი შვილისთვის - მოპასუხე ი------------–---–ისთვის.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 30 მაისს სს „დ-------------------–-------------------------’’-ს და შპს ,,ენგად’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება №628/17-HI და გაიცა სადაზღვევო პოლისი. ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული იქნა შპს ,,ენგადის’’ კუთვნილი ავტომანქანა ,,Fiat Doblo’’ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნორმით №NAB088 - საბაზრო ღირებულებით 7 419.36 ლარით.
სადაზღვევო კომპანიამ იკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.24-34);
- დაზღვევის პოლისი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემები (ს.ფ. 20-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 27 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს შეეჯახნენ ,,მერსედესი’’-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №GIV200, რომელსაც მართავდა ი------------–---–ი და შპს ,,ენგადი’’-ს კუთვნილი ავტომანქანა ,,Fiat Doblo’’ სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №NAB088.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სქემა, ახსნა-განმარტებები (ს.ფ.16-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2017 წლის 27 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა ი------------–---–ი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო დაჯარიმდა 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი, ელექტრონული ქვითარი (ს.ფ.14-15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2017 წლის 27 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით, სს ,,დ-------------------–-------------------------’’-ს მიერ შპს ,,ენგადისათვის’’ ანაზღაურებულია 8 320.49 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი (ს.ფ.38);
- საგადახდო დავალება (ს.ფ.39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. ავტომობილი მერსედეს-ბენც 190, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №GIV200 2010 წლის 15 მარტიდან რეგისტრირებულია გ----------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სქემა, ახსნა-განმარტებები (ს.ფ.16-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხე ი------------–---–ის მიერ შპს ,,ენგადი’’-ს კუთვნილი ავტომობილისთვის (,,Fiat Doblo’’) მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 6 815 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სასამართლო უპირველესად მხარეთა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული ნორმების ანალიზი ერთმნიშვნელოვნად გვაძლევს დასკვნის საფუძველს: სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტული ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს.
მოსარჩელის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილია შპს ,,ავტოექსპერტიზი’’-ს მიერ 2017 წლის 31 ივლისს გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც, შესაფასებლად წარდგენილი ავტომობილის (,,Fiat Doblo’’) დაზიანებული დეტალების და მათი გამოსწორებისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა ჯამში შეადგენს 6 815 ლარს.
წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს, თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).
განსახილველ შემთხვევაში სადავო ექსპერტიზის დასკვნის ე.წ. აღწერილობითი ნაწილი შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ავტოექსპერტიზის’’ წინაშე გამოსაკვლევად წარმოდგენილი იყო ავტოსაგზაო შემთხვევის მასალები, ადგილზე გადაღებული ფოტოსურათები და შემდეგი რეკვიზიტი ავტომობილი (მითითებული დაზიანებული ავტომობილის რეკვიზიტები). დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი სრული დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ შესაძლებელია ითქვას, რომ განსახილველი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება გამომდინარეობს აღწერილი ავტოსაგზაო შემთხვევიდან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დასკვნა შედგენის მეთოდიკის, შეფასების მეთოდოლოგიის და მასში საკვლევი ნაწილის არ არსებობის, და ზოგადად, მითითებული მწირი ინფორმაციის საფუძველზე არ ქმნის მისი უპირობო გაზიარების საფუძველს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შპს ,,ავტოექსპერტიზი’’-ს დირექტორის მ-----–--------–---–-ს ჩვენებაზე, რომლის განმარტებით დადგენილია, რომ დასკვნაში მოცემული შეფასება გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და გადაცემული ფოტომასალიდან, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დასკვნის შემდგენ პირადად არ დაუთვალიერებია. შპს ,,ავტოექსპერტიზი’’-ს ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა სერვის ცენტრის ინვოისში აღნიშნული ფასების გადამოწმება, რის შედეგადაც დამდგარი ზიანი დაანგარიშდა ნაკლები ოდენობით, ვიდრე ეს თავდაპირველად. მისივე განმარტებით დასკვნაში აღწერილი სავარაუდო დაზიანებები, რაც შესაძლებელია მოჰყოლოდა ავტოსაგზაო შემთხვევას.
ამდენად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა 6815 ლარის ოდენობით ზიანი. შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, ასევე სხდომაზე დამატებით დაკითხული ექსპერტის დამატებითი განმარტებების შეფასების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხე ი------------–---–ის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 6 815 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 35-37);
- მოწმის ჩვენება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,დ-------------------–-------------------------’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე, 821-ე, 832-ე, 992-ე, 463-ე, 464-ე, 999-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-821-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
ამავე კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).
შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც დაზღვეულს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, გააჩნია მოთხოვნის უფლება მესამე პირის მიმართ, ამასთან, მესამე პირის ვალდებულება არ არის ავტომატურად, რეგრესის წესით აანაზღაუროს სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, არამედ მესამე პირის ვალდებულება გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ,,ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს’’; ,,არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია’’. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.
მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს.
განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხე ი------------–---–მა აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა შეედავა მოთხოვილ ოდენობას და აღნიშნა, რომ ზიანის მოცულობა უნდა დაანგარიშებულიყო ავტოსაგზაო შემთხვევისას ნამდვილად დაზიანებული ნაწილების : შიდა ძელის, წინა ბამპერის, წინა მარჯვენა ფარის, ფარის კანტის და დაშლა აწყობისათვის გათვალისწინებული ღირებულების ჯამური ოდენობით. ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ალტერნატიული შეფასება აღნიშნული ნაწილების ღირებულების თაობაზე, რის გამოც სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულ ამ ნაწილებისა და მომსახურების ღირებულებას. აღნიშნულიდან კი გამომდინარეობს, რომ მოპასუხის მითითებით მიყენებული ზიანის ოდენობაა- 1 752 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის განმარტებით და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოდ არის გამხდარი დანაკლისის ოდენობა, შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს ,,ავტოექსპერტიზი’’-ს მიერ 2017 წლის 31 ივლისს შედგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც, მიყენებული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრულია 6 815 ლარით.
დადგენილია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, შეფასების შედეგად სასამართლომ არ გაიზიარა მასში დასკვნის სახით მითითება იმის თაობაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხე ი------------–---–ის მიერ ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 6 815 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სრულყოფილად და მოპასუხის აღიარებული მოცულობა - 1 752 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოდგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შედავებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში. ყოველივე აღნიშნულიდან კი გამომდინარეობს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროთ 1 752 ლარის ანაზღაურება.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე გ----------–---–ის მიერ სადავოდ გახდილ თანამოპასუხეობის და მასზე სოლიდარული ვალდებულების დაკისრების საკითზეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე პასუხისმგებლობის სუბიექტთა დიფერენცირება სამართალურთიერთობის როგორც ფაქტობრივი ისე იურიდიული ელემენტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან მოპასუხეთა სამართლებრივი კავშირი და ურთიერთობა.
შეიძლება ითქვას, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების კერძო შემთხვევაა და მიუხედავად ბრალისა, მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელს (რომელიც შეიძლება მესაკუთრედაც განვიხილოთ) აკისრებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
მოხმობილი ნორმა ადგენს სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელის ვალდებულებას, ნორმაში ჩამოთვლილ სიკეთეთა ხელყოფის შემთხვევაში, აგოს პასუხი. თავის მხრივ, ნორმის სუბიექტები არიან ვალდებული და დაზარალებული პირები. ვალდებულ პირად კანონი განიხილავს ნივთის მფლობელს, ანუ პირს, რომელსაც ამ ქონებაზე საკუთრება მართლზომიერად აქვს მოპოვებული, თუმცა, მფლობელი, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი, შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე _ არაპირდაპირი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სახეზე გვყავს კვლავ „მფლობელი’’ (არაპირდაპირი) და „მოსარგებლე’’ (პირდაპირი მფლობელი).
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010).
ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სახეზე არ გვაქვს დაზარალებულის ბრალი და დაუძლეველი ძალა. ამასთან, დამდგარი ზიანი პირდაპირ მომდინარეობს ავტომობილის, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. როგორც ზემოთ აღინიშნა, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სუბიექტური შემადგენლობის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც კანონიერი საფუძვლებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას. აქვე აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელად არ ჩაითვლება პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას მფლობელის ნებართვის გარეშე ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანეები და სხვა) ანდა, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.
უდავოა, რომ ავტომობილი მერსედეს-ბენც 190, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №GIV200 2010 წლის 15 მარტიდან რეგისტრირებულია გ----------–---–ის სახელზე. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის თანახმად, იგი წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციისას მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტს, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება ამავე ნორმით გათვალისწინებული მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოების არსებობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ ი------------–---–ის და გ----------–---–ი და მათ ეკისრებათ დადგენილი ოდენობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 205 ლარი (ს.ფ. 44). ვინაიდან ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 52.56 ლარის, ასევე შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი მომსახურების საფასურის - 21 ლარის და ევაკუატორის მომსახურების საფასურის - 60 ლარის ანაზღაურება. სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 152.44 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,დ-------------------–-------------------------’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ი------------–---–ს და გ----------–---–ს სს ,,დ-------------------–-------------------------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1 752 ლარის გადახდა;
2. ი------------–---–ს და გ----------–---–ს სს ,,დ-------------------–-------------------------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 52.56 ლარის ანაზღაურება;
3. ი------------–---–ს და გ----------–---–ს სს ,,დ-------------------–-------------------------’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება - 81 ლარის ოდენობით;
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 152.44 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია