გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს------------------------
საქმე №3/4718-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
9 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - ა-----–---–--ა
წარმომადგენელი - დ---------------
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს უფლებამონაცვლე)
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის №---------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის - დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-----–---–--ას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ წარმოადგინა შესაგებელი და სარჩელი არ ცნო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ზ---------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ა-----–---–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 19-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-160-ე მუხლის პირველი ნაწილით. საბოლოდ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ა-----–---–--ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 9 დღე).
ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენით ზ---------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 75-79);
3.2. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 6 დეკემბრის №----- ბრძანებით ა-----–---–--ას სასჯელის მოხდა განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში. ა-----–---–--ა №- პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანილ იქნა 2017 წლის 29 ნოემბერს (სასჯელის დასაწყისი: 29.11.2017 წელი, სასჯელის დასასრული: 20.11.2018 წელი).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 75-79);
3.3. მსჯავრდებულის განმარტებით იგი დაოჯახებულია და ჰყავს მეუღლე, დედა მამა, და. ა-----–---–--ა სასჯელის მოხდის პერიოდში სარგებლობს სატელეფონო საუბრებისა და პაემნების უფლებით, ოჯახს აქვს საშუალო მატერიალური მდგომარეობა. მსჯავრდებულის განმარტებით დაზარალებულს ზიანის ანაზღაურება არ მოუთხოვია, ამასთან მისივე განმარტებით დაზარალებულს პრეტენზია არააქვს. მსჯავრდებულის განმარტებით სამომავლოდ იგი აპირებს მუშაობის გაგრძელებას და იცხოვროს პატიოსნად. ა-----–---–--ა სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა და იგი იცავს პენიტენციურ დაწესებულებაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს და სარეჟიმო მოთხოვნებს, ამასთან ა-----–---–--ა არის წარსულში ნასამართლობის არ მქონე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 75-79);
3.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის №---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ა-----–---–--ას პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 75-79);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-----–---–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018, №320 ბრძანებით).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის №---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო). ამავე კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხი.
აღნიშნული დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. ამავე დებულების მე-13 მუხლის მიხედვით, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ.; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში (გამოყენებული დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებები) – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო წარსულში ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდება მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად. ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ საკითხის განხილვისას გაითვალისწინა რომ მსჯავრდებული ნასამართლობის არმქონეა, მისი ოჯახური პირობები და სხვა პიროვნული მახასიათებლები, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა ერთობლიობა, კერძოდ ძალადობა და მუქარის მცდელობა, რაც საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ასევე ჩადენილია ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
სასჯელის მოხდის პერიოდში ა-----–---–--ას მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა. მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმის მოთხოვნებს. ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული. ა-----–---–--ა გათავისუფლების შემდეგ აპირებს მუშაობის გაგრძელებას.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასებას: აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ., რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რომელიც მსჯავრდებულის პიროვნების უარყოფითად შეფასებისათვის საფუძველს შექმნიდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ შეფასების კრიტერიუმს პირის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას. ის გარემოება, რომ ა-----–---–--ას მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა ერთობლიობა, არ არის მისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ასეთი კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლობა არ გამორიცხავს პირობით ვადამდე პირის გათავისუფლებას. ასეთი შემთხვევებისათვის კანონმდებლობით დაწესებულია მსჯავრდებულის მიერ მისჯილი სასჯელის მოხდის შესაბამისი ზღვარი.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ახსნის, თუ რატომ უშლის ხელს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის დადებითად გადაწყვეტას ჩადენილი დანაშაულის ხასიათი კონკრეტული პირის მიმართ, ამ პირის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო დასაბუთებით უნდა შეეძლოს იმის მტკიცება, რომ დებულებით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის შეპირისპირებით ა-----–---–--ას პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებმა ნეგატიურმა მოსაზრებამ ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა, დადებითი კრიტერიუმები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა საკითხის გადაწყვეტის მიზნით, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს სწორედ მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას. ამგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება და შეფასდეს მისი კანონშესაბამისობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას იძენს, ვინაიდან კითხვაზე პასუხი, პირმა ისარგებლოს თუ არა კონონმდებლობით დადგენილი შეღავათით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში საკითხის სრულყოფილი შესწავლის შედეგად გამოტანილი დასკვნების სათანადო შეფასებამ და დასაბუთებამ უნდა გასცეს. ამგვარი დასაბუთება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული არ არის, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ხელახლა განხილვისას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება განაპირობოს, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები მოიცავენ მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებასა და გამოკვლევას. აღნიშნული, თავის მხრივ დაკავშირებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანთან - მსჯავრდებულის რესოციალიზაციასთან.
6.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობას თუ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება ხსენებული საკითხის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს. აღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის №---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ა-----–---–--ას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს უნდა დაეკისროს ა-----–---–--ას სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 271-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-----–---–--ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის №---------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის - დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს უნდა დაევალოს სრულყოფილი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-----–---–--ას პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით;
3. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს დაევკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე