გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/3559-18
21 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ინ--–---–-----ი
წარმომადგენელი - ალე--------------------–-ვი
მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლა
წარმომადგენელი - მარ-------------ძე
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი - ნა----------ძე
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ იქნეს ინ--–---–-----ის მიერ ქ.თბილისის N1---ე საშუალო სკოლის საგანმანათლებლო კურსის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის წარმომადგენელმა სცნო სარჩელი და დაეთანხმა ინ--–---–-----ის მიერ ქ.თბილისის N1---ე საშუალო სკოლაში განათლების მიღების ფაქტის აღიარების შესახებ მოთხოვნას.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ სკოლაში მოიძებნა
ინ--–---–-----ის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი, თუმცა მოქალაქის მიერ სრული კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბრძანება, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილება) სკოლაში არ ინახება და არც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე. ამდენად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ვერ მოხერხდა მოქალაქე ინ--–---–-----ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ინ--–---–-----ი (პ/ნ - 0----------, დაბადებული 06.12.1--- წ.) №88 ბრძანების საფუძველზე, 1991 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის №1---ე საშუალო სკოლაში (დღევანდელი სსიპ ქ. თბილისის №1---ე საჯარო სკოლა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსწავლეთა მოძრაობის წიგნი(ს.ფ.16-21).
4.1.2. დადგენილია, რომ ინ--–---–-----მა 2002 წელს დაამთავრა №1---ე სკოლის სწავლების სრული კურსი და 2002 წლის 20 ივნისს მასზე გაიცა საშუალო განათლების ატესტატი ნა№-------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საშუალო განათლების ატესტატი ნა №------ (ს.ფ. 28).
- საბოლოო შეფასების უწყისი (ს.ფ. 29-30).
4.1.3 დადგენილია, რომ ინა წიკლაურმა 2017 წლის 27 დეკემბერს ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით №5--------- განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №0-------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ინ--–---–-----ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისთვისაც არ გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 იანვრის №0-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 37 -38).
4.1.4. დადგენილია, რომ ინ--–---–-----მა 2017 წლის 12 ივლისს №1------ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა 2002 წლის 20 ივნისს მის სახელზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ნა N------- ატესტატის აპოსტილით დამოწმება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებით ინ--–---–-----ს უარი ეთქვა განცხადების დაკმყოფილებაზე და დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე. მოსარჩელეს განემარტა, რომ საშუალო განათლების ნა N------- ატესტატსა და ბეჭედში, რომლითაც აღნიშნული დოკუმენტია დამოწმებული, მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება არაიდენტურია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის №0---------- გადაწყვეტილება. (ს.ფ. 33-35)
4.1.5. დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანების საფუძველზე ქ. თბილისის 1---ე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლამ შეიცვალა დასახელება და ამჟამად ეწოდება სსიპ ქალაქ თბილისის №1---ე საჯარო სკოლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 28 დეკემბრის № MES 8------------- ცნობა (ს.ფ. 95).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ინ--–---–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №1---- ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს სხდომაზე, სარჩელი ცნო. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული წარმოებისას სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირისუფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად ინ--–---–-----მა მიიღო სრული ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტი.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს სწავლა, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება, ხოლო შემდგომ მისი აპოსტილით დამოწმება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოსსამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ინ--–---–-----მა (დაბ. 06.12.1--- წ.) 2002 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 1---ე საშუალო სკოლა, დაძლია სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა და 2002 წლის 20 ივნისს მასზე გაიცა საშუალო განათლების ატესტატი ნა № 0-----.
7.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელიაკერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №1---- ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
განსხილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის ქ.თბილისის 1---ე საშუალო სკოლის პირველ კლასში ჩარიცხვის, სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევისა და 2002 წელს მასზე ნა № 0----- საშუალო განათლების ატესტატის გაცემის ფაქტი.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ინ--–---–-----ის მიერ სსიპ ქ.თბილისის 1---ე საშუალო სკოლაში სრული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის 2002 წელს დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი. ასევე
დადგენილია, რომ მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ინ--–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებულ იქნეს ინ--–---–-----ის მიერ 1---ე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში (დღევანდელი სსიპ - ქ. თბილისის №1---ე საჯარო სკოლა) სრული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის 2001-2002 წელს დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. ალე--------------------–-ვს დაუბრუნდეს სარჩელზე 2018 წლის 11 ივნისს სს „თიბისი ბანკში“ (საგადასახადო დავალება №0, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა აფციაური