გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2018
საქმის ნომერი
330210018002598839
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3-------------ი 2018წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,მ---------------------ი“

წარმომადგენელი - გ---–-----–---

 

მოპასუხე - ე-----------------ი

წარმომადგენელი - შ--–----------–---

 

დავის საგანი- თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-----------------ს, შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის ძირი თანხის 3 300 ლარის გადახდა;

1.2. ე-----------------ს, შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის სარგებლის 2 799.50 ლარის გადახდა;

1.3. ე-----------------ს, შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 2 904 ლარის გადახდა;

1.4. ე-----------------ს, შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს გირავნობის მოწმობისათვის გადახდილი 50 ლარის და სააღსრულებო ხარჯის 100 ლარის გადახდა;

1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

20---–-–------------ს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამავე თარიღში გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ N---–---------- და მოპასუხეს თვეში 5.3 % - იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, გადაეცა სესხი 3 300 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში, იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ - ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, 208 ლარის ოდენობით, ყოველი თვის 19 რიცხვში. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ნი----------ა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ე-----------------ის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი არ არის გადახდილი. შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა 3 300 ლარი, სარგებელი 2017 წლის 19 აპრილის და ყოველი მომდევნო თვის 19 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5 % რაც შეადგენს 165 ლარს. ვინაიდან, ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის წარდგენამდე გასულია 16 თვე დარიცხული სარგებელი შეადგენს 2 799.50 ლარს. პირგასამტეხლო - თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის 6 ლარის ოდენობით. ვინაიდან 2017 წლის 20 აპრილიდან სარჩელის შეტანამდე გასულია 484 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 2 904 ლარს.

 

მიუხედავად პრობლემური დეპარტამენტის აქტიური მუშაობისა ედ---------------ს მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა, მსესხებელს 2018 წლის 04 ივნისს გაეგზავნა შეტყობინება და მოეთხოვა დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.

 

ავტომობილის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით კანონით დადგენილი წესით 2018 წლის 21 ივნისს, შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე 2018 წლის 22 ივნისს დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტმობილის ძებნა, თუმცა ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის - 3 300 ლარის ნაწილში. მოპასუხის განმარტებით, გირავნობის საგანი დაზიანდა, ამის გამო ითხოვეს სესხის პირობების შეცვლა, კერძოდ, პირგასამტეხლოს და სესხის პროცენტის შეჩერება, ახალი ხელშეკრულების დადება და 4 500 ლარის გადახდის შეთავაზება 24 თვის განმავლობაში, თუმცა, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–------------ს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N---–----------, რომლის საფუძველზე ამავე თარიღში გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ N---–---------- და მოპასუხეს თვეში 5.3 % - იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, გადაეცა სესხი 3 300 ლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში, იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ - ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს, 208 ლარის ოდენობით, ყოველი თვის 19 რიცხვში. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ნი----------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 17-24);

-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ. 24)

-მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2 მოპასუხემ სესხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 41)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 მოპასუხე მხარის დავალიანება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 3 300 ლარს, სესხზე დარიცხული სარგებლის ნაწილში 2 799 ლარს, პირგასამტეხლოს ნაწილში - 100 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 36)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე, 408-ე, 412-ე, 417-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „მ---------------------ს“ და ე-----------------ს შორის, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ 20---–-–------------ის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხად გადაეცა 3 300 ლარი, 36 თვის ვადით, ყოველთვიურად 5.3 %-იანი სარგებლის დარიცხვით.

 

დადგენილია, რომ ე------------------ სესხის გადახდის ვალდებულება დაარღვია. დადგენილია, რომ ე----------------- ერიცხება დავალიანება სესხის ძირი თანხის 3 300 ლარის და სესხზე დარიცხული სარგებლის ნაწილში 2 799 ლარის ოდენობით. სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე მუხლების შესაბამისად, ის ვალდებულია გადაიხადოს სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ 20---–-–------------ის მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, პირგასამტეხლო განისაზღვრა 6 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მსესხებლის ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა პირგასამტეხლოს მეშვეობით. შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია სესხის გადახდის პირობები. შესაბამისად, მოსარჩელეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის წარდგენამდე პერიოდში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას, ყოველი გადაცილებული დღისათვის, თითოეული გადაცილებულ დღეზე 6 ლარის ოდენობით. სასამართლო არაგონივრულად მიიჩნევს პირგასამტეხლოს 2 904 ლარით განსაზღვრას და მიაჩნია, რომ ის უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 100 ლარით.

 

6.2. მოსარჩელე შუამდგომლობს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიცავს ამგვარ დათქმას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ დაუყოვნებლივი აღსრულების აუცილებლობა საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა. მხოლოდ ის გარემოება, რომ ამგვარი დათქმა არსებობს მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის და გირავნობის ხელშეკრულებაში, სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად არ ჩათვალა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა განისაზღვრა 9153.50 ლარით. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 6 349.5 ლარის ნაწილში, საიდანაც 3 300 ლარის ნაწილში მოპასუხემ მოთხოვნა ცნო. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან უნდა დაუბრუნდეს 99 ლარი. დარჩენილი ნაწილიდან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 3049.5 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს შპს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 91 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 84.6 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკა-ტისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „მ---------------------ს“ ე-------------------ნ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული აქვს სხვადასხვა სახის ხარჯი, მათ შორის გირავნობის მოწმობის ასაღებად გაწეული ხარჯი 50 ლარის ოდენობით და სააღსრულებო მომსახურების ხარჯი 150 ლარი, რაც ე----------------- უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს "მ---------------------ი“ -ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ე-----------------ს, შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის ძირი თანხის 3 300 ლარის გადახდა;

3. ე-----------------ს, შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის სარგებლის 2 799.50 ლარის გადახდა;

4. ე-----------------ს, შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 100 ლარის გადახდა;

5. ე-----------------ს, შპს ,,მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს გირავნობის მოწმობისათვის გადახდილი 50 ლარის, სააღსრულებო ხარჯის 100 ლარის და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 92 ლარის გადახდა;

6. შპს ,,მ---------------------ს“ დაუბრუნდეს 17/08/2018 წელს ს------------------ს N---------- საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 274.60 ლარიდან 99 ლარი;

7. შპს ,,მ---------------------“-ს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე