გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/6071-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს "ს--------------"
წარმომადგენელი ლე-–--–-----
მოპასუხე სს "დ-------------------–-------------------------"
წარმომადგენელი არ-----------------
დავის საგანი სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს "დ-------------------–--------------------------ათვის" მოსარჩელე შპს "ს---------------" სასარგებლოდ 12 231 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში 31 067 ლარის გადახდის დაკისრება.
2017 წლის 16 თებერვალს სს "დ-------------------–--------------------------ა" და შპს "ს--------------" შორის გაფორმდა დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება N------, რომლის საგანს წარმოადგენდა მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა დაზღვევის სფეროში. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, შპს "ს---------------" შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, მხარეთა შორის შეთანხმებული დაზღვევის პირობების თანახმად, განხორციელდა გადამზიდველის (ექსპედიტორის) პასუხისმგებლობის დაზღვევა და გაიცა დაზღვევის პოლისი.
შპს "ს---------------" კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა ე---------------------------", რომელსაც მართავდა ფირმის უფლებამოსილი მძღოლი ე-------------–---, ასრულებდა ტვირთის - ტრაქტორის გადაზიდვას ბელგია-ერევნის მიმართულებით, 2017 წლის 10 აგვისტოს ერევანში დაცლისას აღმოჩნდა, რომ ტრაქტორს შუშა (საქარე მინა) ჰქონდა გატეხილი, რის გამოც შეჩერდა ტვირთის ჩამოღება და მოხდა ტრაქტორის დაზიანებული ადგილების დასურათება. შემდგომი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა სხვა დამატებითი დაზიანებები, კერძოდ, დაზიანებული აღმოჩნდა სარკე, უკანა მანათობელი, ჰიდრავლიკური ამწევი (დგუში), კაბელი და სხვა.
აბოვიანის სამსახურის განყოფილების უფროსის ე------------------ის წერილის თანახმად, გადამზიდავმა მიიღო უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან აეცილებინა ზიანი ტრანსპორტირების დროს; სხვა შემთხვევებში შპს "ს---------------" მიერ გადაზიდვები ხორციელდებოდა სტანდარტების შესაბამისად. კავკასიის გზების გეოგრაფიული მდგომარეობა შეიძლება ყოფილიყო ტვირთის დაზიანების ერთადაერთი მიზეზი.
2017 წლის 27 დეკემბერს ქალაქ ერევანში შპს "ტ--------------" და შპს "ს--------------" შორის შედგა შედარების აქტი, რომლის თანახმად, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შპს "ს---------------" მიერ შესრულდა 32 780 ევროს ღირებულების სამუშაოები გადაზიდვის ორგანიზებასთან დაკავშირებით. მის ანგარიშზე ჩაირიცხა 22 380 ევრო, ხოლო 10 400 ევრო არ ჩაირიცხა შპს "ს---------------" ანგარიშზე მიყენებული ზარალის გამო.
მოსარჩელემ მიმართა სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. 2.1. დამზღვევს არ შეუსრულებია ხელშეკრულების პირობა შემთხვევისა და ამ შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარების დასადასტურებლად დოკუმენტაციის მზღვეველთან წარდგენის თაობაზე, რაც ხელშეკრულების შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.2017 წლის 16 თებერვალს სს "დ-------------------–--------------------------ა" და შპს "ს--------------" შორის გაფორმდა დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება N------, რომლის საგანს წარმოადგენდა მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა დაზღვევის სფეროში. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, შპს "ს---------------" შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, მხარეთა შორის შეთანხმებული დაზღვევის პირობების თანახმად, განხორციელდა გადამზიდველის (ექსპედიტორის) პასუხისმგებლობის დაზღვევა და გაიცა დაზღვევის პოლისი. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 17 თებერვლიდან 2018 წლის 16 თებერვლამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება N------ (ს.ფ. 64-65).
დაზღვევის განაცხადი (ს.ფ. 66-68).
გადამზიდველის (ექსპედიტორის) პასუხისმგებლობის
დაზღვევის პირობები (ს.ფ. 69-78).
დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 63).
3.1.2. გადამზიდველის (ექსპედიტორის) პასუხისმგებლობის დაზღვევის პირობების თანახმად, რაც წარმოადგენს სადაზღვევო პოლისისა და მისი დანართების განუყოფელ ნაწილს, სადაზღვევო შემთხვევა არის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც ადასტურებს დამზღვევის, როგორც გადამზიდველის მიერ გადაზიდვისას მესამე პირების სხეულის და/ან ქონების დაზიანებას, რომელიც დადგა ერთი შემთხვევის ან ერთი და იგივე მიზეზების შედეგად, მოიაზრება როგორც ერთი შემთხვევა.
დაზღვევის პირობების პირველი მუხლის 1.4. პუნქტის მიხედვით, მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება დამზღვევის, როგორც გადამზიდველის მიერ მესამე პირთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. მზღვეველი უფლებამოსილია არ მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება თუ იგი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის საჭირო ყველა სხვა საბუთ სრულყოფილად არის წარმოდგენილი
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება (ს.ფ. 69-70).
3.1.3. დაზღვევის პირობების მე-7 მუხლის 7.6. პუნქტის მიხედვით, დამზღვევის ვალდებულებაა წარუდგინოს მზღვეველს საქმის წარმართვისათვის აუცილებელი დოკუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას ზიანის დადგომის თაობაზე მიღებული შეტყობინება ცნოს არარსებულად და შესაბამისად უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე. ამავე მუხლის 7.10. პუნქტის თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების (ერთ-ერთი ან რამდენიმე) დამზღვევის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება (ს.ფ. 73).
3.1.4. დაზღვევის პირობების მე-8 მუხლის 8.3. და 8.5. პუნქტების მიხედვით, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება მზღვეველის მიერ, დამზღვევის მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე: სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი კომპეტენტური ორგანოების მიერ დამოწმებული აქტი, სხვა სადაზღვევო შემთხვევის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები, მესამე პირების მიერ დამზღვევის მიმართ წაყენებული პრეტენზიის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩათვლით. მესამე პირთა ქონების დაზიანებისას - კომპეტენტური ორგანოების (სამართალდამცავი, სახანძრო, საავარიო-ტექნიკური ორგანოები), სპეციალური სახელმწიფო კომისიის, საწარმო-ექსპერტული კომისიის და სასამართლოს მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება (ს.ფ. 73).
3.1.5. დაზღვევის ხელშეკრულების პირობების მე-11 მუხლით გათვალისწინებულია გამონაკლისები, რა შემთხვევებშიც დაზღვევით არ დაიფარება ქონების დაზიანებით გამოწვეული პასუხისმგებლობა, მათ შორის ზიანი, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, მგზავრის ან მისი ბარგის მიერ; დამზღვევის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების, ასევე მგზავრების და ტვირთის გადაზიდვა/გადაყვანის წესების დარღვევით გამოწვეული ზიანი; ტვირთების არასათანადო შეფუთვითა ან მათი დაზიანებულ მდგომარეობაში გადაზიდვის, დადგენილ მოთხოვნათა დარღვევის, ტვირთის შეუსაბამო განლაგებისა და დამაგრების შედეგად გამოწვეული ზიანი და სხვა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განმარტება.
ხელშეკრულება (ს.ფ. 75).
3.1.6. შპს "სანტრა ტრანსმა" 2017 წლის 10 აგვისტოსა და 11 აგვისტოს მიმართა სს "დ-------------------–--------------------------" სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
მოპასუხის ახსნა-განმარტება.
განცხადებები (ს.ფ. 61-62).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დამზღვევმა შპს "ს---------------" არ შეასრულა დაზღვევის ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.6. პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმართვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს "ს---------------" მიერ ბელგია-ერევნის მიმართულებით გადაზიდვისას, ტვირთს - თვითმცლელ მტვირთავ ექსკავატორს, 2017 წლის 10 აგვისტოს ერევანში დაცლისას, აღმოაჩნდა დაზიანებები. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ეს მოვლენა წარმოადგენს სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევას, რადგან დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვეულია ტვირთის მიმღებისათვის, მოსარჩელის როგორც გადამზიდველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მზღვეველის უფლებამოსილება არ მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება თუ მიიჩნევს, რომ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის საჭირო ყველა სხვა საბუთი სრულყოფილად არის წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში, არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდებოდა გადაზიდვისას ტვირთის დაზიანების მიზეზი და ზიანის ოდენობასთან დაკავშირებული გარემოებები.
მოსარჩელემ სადაზღვევო შემთხვევის არსებობის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები:
შპს "T---------"-ის დატვირთვის ბრძანება, საერთაშორისო ზედნადები, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის წიგნაკი. ამ მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ შპს "ს---------------" მიერ განხორციელდა ტვირთის (თვითმავალი მტვირთავი ექსკავატორი) გადაზიდვა.
Z-------------ის აბოვიანის სამსახურის განყოფილების უფროსის წერილის შინაარსიდან დგინდება, რომ ამ კომპანიამ ჩაატარა მოკვლევა, რომლის შედეგადაც დაასკვნა, რომ კავკასიის გზების გეოგრაფიული მდგომარეობა იყო ის ერთდაერთი მიზეზი, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ტვირთის დაზიანება. წერილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ეს მოსაზრება, ემყარება ყველა ფაქტორს, საგზაო ინჟინრებისა და მშენებლების შეხედულებებს. ყველა ფაქტორში წერილის ავტორი, გულისხმობს შპს "ს---------------" გამოცდილებას გადაზიდვის მომსახურების სფეროში, ასევე გადამზიდავის მიერ ტვირთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ყველა ზომის მიღებას.
გადაზიდული ტვირთის დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით, სასამართლო არ იზიარებს წარმოდგენილ მტკიცებულებას, რადგან პირველ რიგში, სასამართლოსთვის უცნობია კონკრეტული იურიდიული პირის საქმიანობის სფერო, ასევე მისი კომპეტენცია ტვირთის დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით. ამასთან, საყურადღებოა თავად წერილის შინაარსი. წერილის ავტორი მიუთითებს, რომ მისი დასკვნა ტვირთის დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით ემყარება სხვა პირების - საგზაო ინჟინრებისა და მშენებლების შეხედულებას. წერილის ავტორი ადასტურებს, რომ გადამზიდველის მიერ მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა. თუმცა ამ შემთხვევაში, არ დგინდება, კონკრეტულად რა მტკიცებულებას ეფუძნება მის მიერ დადასტურებული ფაქტი - მძღოლის განმარტებას, სხვა პირების ახსნა-განმარტებას, ტვირთის დატვირთვა-დაცლისას შედგენილ წერილობით მტკიცებულებას, თუ სხვა რაიმე დოკუმენტს. ამასთან, მისი დასკვნა ეფუძნება არა მისივე კომპეტენტურ აზრს, არამედ მესამე პირების ზეპირ მოსაზრებებს, რომელთა ვინაობაც კი არ არის იდენტიფიცირებული.
2017 წლის 29 სექტემბრის ინვოისის თანახმად, შპს "ტ--------------" , შპს "ს--------------" წარუდგინა მოთხოვნა დამტვირთავი ექსკავატორის დაზიანების გამო, ჯარიმის 12 231 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდევინების თაობაზე. (ს.ფ. 39-42). შპს "ტ--------------" და შპს "ს--------------" შორის 2017 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული შესრულებულ სამუშაოებზე ოქმით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ შპს "ს---------------" შეასრულა 32 780 ევროს ღირებულების სამუშაოები გადაზიდვის ორგანიზებასთან დაკავშირებით, საიდანაც 22 380 ევრო აუნაზღაურდა, ხოლო 10 400 ევრო გაიქვითა ინვოისით მოთხოვნილ ჯარიმის თანხაში. (ს.ფ. 44). სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება შპს "ტ--------------" მიერ მოთხოვნის წარდგენა 12 231 აშშ დოლარზე და მხარეთა შეთანხმება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს მტკიცებულებები, არ ადასტურებს ზიანის ოდენობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მზღვეველმა სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის მიზნით, არ წარმოადგინა ის დოკუმენტები, რომლის წარდგენის ვალდებულებაც დამზღვევს გააჩნდა დაზღვევის ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. და 8.5. პუნქტებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 799-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამასთან 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს “ს--------------ა“ და სს „დ-------------------–--------------------------“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სადაზღვევო ურთიერთობიდან გამომდინარე მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის ძირითად საფუძველს წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, თავის მხრივ სადაზღვევო შემთხვევა "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, განმარტებულია, როგორც მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა შპს „ს---------------“ როგორც გადამზიდველის პასუხისმგებლობა. ასევე დადგენილია, რომ დამზღვევმა დაარღვია ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.6. პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმართვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება. აღნიშნული გარემოება, ხელშეკრულების ამავე პუნქტისა და მე-7 მუხლის 7.10. პუნქტების შესაბამისად, მზღვეველს ანიჭებს სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლებამოსილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, რადგან დამზღვევმა ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.6. პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმართვისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება არ შეასრულა, სახეზე არ არის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი, რაც დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მზღვეველის სს "დ-------------------–--------------------------" მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 983 ლარის ოდენობით, ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
შპს "ს---------------" სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. შპს "ს---------------" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია