გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2294560-2/118-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე: შპს ,,ა----–ი’’
წარმომადგენელი: მ------ ჩ----–---–-, ნ------- ა------–---–ი
მოპასუხე: შპს ,,ნ------------ი’’
წარმომადგენელი: დ----- ზ-------ე
მოპასუხე: შპს ,,ს----–-------------–----’’ (შპს „C-----------------“)
წარმომადგენლის დასწრების გარეშე
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 14 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთი - ექსკავატორი ტერექსი F--------- სახელმწიფო ნომრით A-------
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 28 აპრილს შპს ,,ა----–ის’’ მიერ კონსიგნაციის გზით მოხდა მოძრავი ნივთის, კერძოდ სპეც ტექნიკის ექსკავატორის - ტერექსი F--------- გაყიდვა, რომელიც შეიძინა შპს ,,C-----------------’’-მა. მან თანხის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც 2016 წლის აპრილის თვეში ექსკავატორი დაიბრუნეს უკან.
შპს ,,ნ------------ის’’ განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 14 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოხდა შპს ,,ა----–ის’’ ბალანსზე არსებული სპეც ტექნიკის დაყადაღება. კრედიტორთან შპს ,,ა----–ს’’ ვალი არ გააჩნია და მათი კუთვნილი ტექნიკის დაყადაღება მოხდა არასწორად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ნ------------ის’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მოსარჩელის საკუთრება სადავო მოძრავ ნივთზე.
2.2. მოპასუხე შპს ,,ს----–-------------–----ის’’ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოვალე შპს ,,ს----–-------------–----ს’’ კრედიტორ შპს ,,ნ------------ის’’ მიმართ აქვს დავალიანება 25087 ლარი.
3.1.2. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს გ------- პ-------–---–-ს მიერ 2017 წლის 14 თებერვლის აქტით დაყადაღებული იქნა ექსკავატორი ტერექსი F--------- სახელმწიფო ნომრით A-------
3.1.3. სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 14 თებერვლის აქტით ექსკავატორი ტერექსი F--------- სახელმწიფო ნომრით A------, დაყადაღებული იქნა მოვალე შპს ,,ს----–-------------–----ის’’ დავალიანების გადახდევინების მიზნით, რომლიც გააჩნია შპს ,,ნ------------ის’’ მიმართ.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:
· მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 28.11.2017წ. აქტი;
· მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ექსკავატორი ტერექსი F--------- სახელმწიფო ნომრით A------, იმყოფება მოსარჩელე შპს ,,ა----–ის’’ ფაქტობრივ მფლობელობაში.
3.2.2. აღმასრულებლის მიერ ექსკავატორი ტერექსი F--------- სახელმწიფო ნომრით A------ აღწერილი და დაყადაღებული იქნა შპს ,,ა----–ის’’ კუთვნილ ტერიტორიაზე, ქ. ა---––---–-, ა----–-----–ის ქუჩის მიმდებარედ.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო სპეც.ტექნიკა წარმოადგენს მოსარჩელე შპს ,,ა----–ის’’ საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომანქანაზე მისი საკუთრების არსებობის ფაქტი, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს შპს ,,ა----–ის’’ საკუთრებას და იგი იმყოფებოდა შპს ,ა----–ის’’ მფლობელობაში. დადასტურებულია ისიც, რომ როდესაც მოხდა ექსკავატორის დაყადაღება, იგი იმყოფებოდა შპს ,,ა----–ის’’ კუთვნილ ტერიტორიაზე. აქვე სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ 01.04.2016წ. სასაქონლო ზედნადებზე, რომლის თანახმად, გამყიდველი არის შპს ,,ს----–-------------–----ი’’ (შპს ,,C-----------------’’), ხოლო მყიდველი - შპს ,,ა----–ი’’, საქონლის დასახელება - ტერექსი F---------, საქონლის ფასი 46472 ლარი. იგივე გარემოებებას ადასტურებს 06.04.2016წ. საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღსანიშნავია ის გარეოებაც, რომ მოსარჩელე შპს „ა----–ი“, სადავო ექსკავატორზე იხდის ქონების გადასახადს, რაც სადავოდ არ გაუხდია მოწინააღმდეგე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
‘‘საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლი, რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს სსიპ მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მომენტიდან, ვერ გამორიცხავს ა-–----------- მ----–---–-- მესაკუთრისეულ უფლება-მოვალეობებს. ამ ნორმატიული აქტით ვერ შეიცვლება იმ სახის ურთიერთობათა შინაარსი, რომელიც სამოქალაქო კოდექსითაა მოწესრიგებული.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-187-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას. ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, იგი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამართლებრივ საფუძველს. მითითებული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.
სასამართლო აქვე უთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2014წ განჩინება საქმეზე №ას-33-32-2014, ასევე 28.01.2013წ განჩინება საქმეზე №ას-1685-1579-2012; ასევე 27.10.2011წ. განჩინება საქმეზე №ას-914-954-2011,).
‘‘საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული დებულება, მიზნად არ ისახავს სანივთო-სამართლებრივ უფლებათა დადგენას, მისი ამოცანაა სამოქალაქო კანონმდებლობიდან მომდინარე ურთიერთობის ფარგლებში წარმოქმნილი უფლების აღნუსხვა-რეგისტრაცია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფაქტი რეგისტრაციისა არ განაპირობებს საკუთრების უფლების შეძენას. ამდენად, შესაძლებელია პირი რეგისტრირებული იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ, თუმცა ის არ იყოს მესაკუთრე, რადგან არარეგისტრირებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ავტომანქანაზე საკუთრების უფლება დაეთმო სხვას. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ შპს ,,ს----–-------------–----ის’’ სახელზე რეგისტრირებულია ექსკავატორი ტერექსი F-------- არ ადასტურებს მასზე შპს ,,ს----–-------------–----ის’’ საკუთრების უფლების არსებობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას და შპს ,,ა----–ს’’ მიიჩნევს სადავო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე არის სადავო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე და ის არ წარმოადგენს მოვალეს, სადავო ქონებაზე ყადაღის არსებობაც გაუმართლებელია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლი, ‘‘საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 44-ე, 45-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.
ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, იმ სატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა მოსარჩელე შპს ,,ა----–ის’’ მფლობელობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ‘‘საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს წარმოადგენს მხოლოდ ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია მესაკუთრედ, მაგრამ აღნიშნული წესის შესაბამისად განხორციელებული რეგისტრაცია არ არის აუცილებელი და ერთადერთი პირობა მოძრავ ქონებაზე (ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე) საკუთრების გადაცემისათვის. აღნიშნული რეგისტრაცია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ავტომანქანა იმ პირის საკუთრებად ჩაითვალოს, ვინც რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საწინააღმდეგოს დადასტურებამდე.
6.2. ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, იგი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამართლებრივ საფუძველს. მითითებული კანონით იმპერატიულად დადგენილია სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება.
სასამართლო აქვე უთითებს, რომ აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2014წ განჩინება საქმეზე №ას-33-32-2014, 28.01.2013წ განჩინება საქმეზე №ას-1685-1579-2012; 27.10.2011წ. განჩინება საქმეზე №ას-914-954-2011, 06/05/2016 წლის განჩინება საქმე №120210115773039/საქმე №ას-237-225-2016).
6.3. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს. კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები). მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს შპს ,,ს----–-------------–----ის“ ვალდებულებებზე, ყადაღადადებული ექსკავატორი მოსარჩელის საკუთრებაა და ამდენად, ამ ნივთის რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილება დაუშვებელია. მოვალე შპს ,,ს----–-------------–----ის“ ვალდებულებების იძულებითი აღსრულების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი ქონებიდან.
6.4. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ამავე კანონის 44-ე მუხლის მიხედვით ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ავტოსტრანსპორტო საშუალება არ წარმოადგენს მოვალე შპს ,,ს----–-------------–----ის’’ საკუთრებას და იგი არის შპს ,,ა----–ის’’ საკუთრება, რომელიც მოვალეს არ წარმოადგენს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური შეფასებით, მხარეთა განმარტებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან დასტურდება სადავო სატრანსპორტო საშუალებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს მიქცეული სარეალიზაციოდ სხვა პირის ვალების უზრუნველსაყოფად. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 803 ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე შპს ,,ს----–-------------–----ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 803 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სააღსრულებო წარმოება და დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ა----–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გათავისუფლდეს ყადაღისაგან სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 14 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთი - ექსკავატორი ტერექსი F--------- სახელმწიფო ნომრით A-------
3. მოპასუხე შპს ს----–-------------–----ს მოსარჩელე შპს ა----–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 803 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი