განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
080100118002628270
დავის ტიპი
151
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#1/807-18 წ.

გამოძიების N041110718001

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - გ--------------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი---- ქ---------

პირადი N6----------

მამის სახელი: ვ--------

დაბადებული: 22.12.1959 წელი

დაბადების ადგილი: საქართველო

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: უმაღლესი

ნასამართლეობა: არმქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, გ. ტ----ის მე-6 ჩ. #1

ფაქტიურად მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გ. ტ----ის ქ. #56

 

ადვოკატი - პ---–---------ე

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (04 ეპიზოდი) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 11 ივლისს 19:00 საათზე ქუთაისში გ. ტ----ის ქუჩა N54-ში ი---- ქ--------- დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა-–-----–--–--------ეს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. 2018 წლის 11 ივლისს 19:00 საათზე ქუთაისში გ. ტ----ის ქუჩა N56-ში ი---- ქ--------- დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შ------–--–--------ეს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. 2018 წლის 11 ივლისს 19:00 საათზე ქუთაისში გ. ტ----ის ქუჩა N56-ში ი---- ქ--------- დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ფ-------------ეს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. 2018 წლის 11 ივლისს 19:00 საათზე ქუთაისში გ. ტ----ის ქუჩა N56-ში ი---- ქ--------- დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ----------–--ას, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

5. 2018 წლის 11 ივლისს 19:00 საათზე ქუთაისში გ. ტ----ის ქუჩა N56-ში ი---- ქ---------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფ-------------ეს, კერძოდ, ესროლა წყლით სავსე პოლიეთილენის ვედრო, რის შედეგადაც ფ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ი---- ქ---------ს ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ი---- ქ---------ს მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი: მოწმეების: ა-–-----–--–--------ის, შ------–--–--------ის, ფ-------------ის, ნ----------–--ას, ნათია იდაძის, ვახტანგ ქ---------ს გამოკითხვის ოქმები; ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

წარდგენილ კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (04 ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს. მუქარის დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და შედეგს შორის და სურს ამ შედეგის მიღწევა, რა დროსაც აუცილებელია იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქმეში მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულებს გაუჩნდათ ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მუქარის წარმოთქმის დროს შეიარაღებული იყო დანით და ისე ემუქრებოდა დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით. რაც შეეხება ბრალდებულის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას აღნიშნული დანაშაულებისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის. მართალია, ამ შემთხვევაში ძალადობა არ იწვევს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევდა, მაგრამ ისინი მაინც ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულებია, რომელიც ხშირად კვალს ტოვებს ადამიანის სხეულზე, ზოგჯერ კი არანაირი კვალი არ აღენიშნება, თუმცა მეტნაკლებად ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას. შესაბამისად ი---- ქ---------ს მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

 

სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ი---- ქ---------ს მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს, მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

ი---- ქ--------- აღიარებს და ინანიებს მომხდარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ, დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, ბრალდებულის პიროვნებას, იმ გარემოებას, რომ შერიგებულია დაზარალებულებთან, რომლებიც თავიანთ განცხადებებში მიუთითებენ, რომ ბრალდებულის მიმართ არ გააჩნიათ პრეტენზია. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს მის ოჯახურ, სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არის ავად, წარმოდგენილი ცნობის თანახმად, გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. ამავე დროს, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს, მის ძალადობრივ ხასიათს და ამის მიუხედავად, მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ მისი წარსული არ ყოფილა შებღალული რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით, შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო საბოლოო სასჯელის სახედ გამოიყენებს მინიმალურთან მიახლოვებული ოდენობის ჯარიმას. რადგანაც, ჯარიმა, თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბრალდებული ი---- ქ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ა-–-----–--–--------ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. ბრალდებული ი---- ქ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (შ------–--–--------ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

3. ბრალდებული ი---- ქ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფ-------------ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

4. ბრალდებული ი---- ქ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ----------–--ას ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

5. ბრალდებული ი---- ქ--------- ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფ-------------ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი---- ქ---------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

7. ი---- ქ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

8. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს. ხოლო მოწითალო ფერის სათლი და დანა (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

9. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე