გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16515-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „--------------------–ი“
წარმომადგენლები - ქ-----------------–--ე, ლ---------------–---–ი (დირექტორი)
მოპასუხე: ლ------------ე
წარმომადგენელი - დ-------------ა
დავის საგანი: უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ------------ეს შპს „--------------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 13 147 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „--------------------–ში“ წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ პირს წარმოადგენს - გ-----------------–-ილი.
მოსარჩელემ 2016 წლის 08 ივნისს N1--------- საგადახდო დავალებით, სადაც მიმღებად განსაზღვრულია გ-----------------–-ილი, ხოლო გადახდის დანიშნულებად მითითებულია - ხელფასი, ნაცვლად მოცემული ადრესატისა, თანხა - 13 147 ლარის ოდენობით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეცდომით, გადარიცხა ლ------------ის საბანკო ანგარიშზე. თუმცა, აღნიშნული თანხა მოპასუხეს არ დაუბრუნებია.
ლ------------ე არ წარმოადგენს ჰოსპიტალში დასაქმებულ პირს და ჰოსპიტალს მასთან არც რაიმე სხვა საფუძვლით გააჩნია სამართლებრივი ურთიერთობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თუმცა, მან მხოლოდ აბსტრაქტულად, შესაბამისი დასაბუთების გარეშე მიუთითა, რომ არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „--------------------–ის“ 80% წილის მფლობელს წარმოადგენს გ-----------------–-ილი. იგი, ამავე დროს, შპს „--------------------–ში“ დასაქმებულია წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე და იღებს შესაბამის ანაზღაურებას.
3.1.2. 2016 წლის 08 ივნისს შპს „--------------------–ის“ მიერ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: G---------------------, გადარიცხულ იქნა - 13 147 ლარი (საგადახდო დავალება N1---------). საგადახდო დავალებაში გადარიცხული თანხის მიმღებად მითითებულია - გ-----------------–-ილი, ხოლო თანხის დანიშნულებად - ხელფასი.
3.1.3. სს „ს----------–--------ის“ ანგარიში:G---------------------, წარმოადგენს ლ------------ის კუთვნილ საბანკო ანგარიშს.
3.1.4. 2016 წლის 13 ივნისს შპს „--------------------–ის“ მიერ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: G---------------------, გადარიცხულ იქნა - 13 147 ლარი (საგადახდო დავალება N1---------). საგადახდო დავალებაში გადარიცხული თანხის მიმღებად მითითებულია - გ-----------------–-ილი, ხოლო თანხის დანიშნულებად - მაისის თვის ხელფასი.
3.1.5. შპს „--------------------–ის“ მიერ 2015 წლის 05 თებერვლიდან 2016 წლის 03 ივნისის ჩათვლით ლ------------ის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე:G---------------------, ყოველთვიურად ხდებოდა თანხის - 700 ლარის ჩარიცხვა, ხოლო 2016 წლის 04 ივლისიდან 2017 წლის 04 მაისის ჩათვლით, კი - 500 ლარის ჩარიცხვა. ყველა ასეთ შემთხვევაში საგადახდო დავალებებში გადარიცხული თანხის მიმღებად მითითებულია - გ-----------------–-ილი, ხოლო თანხის დანიშნულებაში - ხელფასი. აღნიშნული თანხები ლ------------ეს საბანკო ანგარიშზე ერიცხებოდა ხელფასის სახით, დამსაქმებლის მითითებით - შპს „--------------------–ი“.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შპს „--------------------–ის“ მიერ ლ------------ის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე: G---------------------, ყოველთვიურად, ხელფასის სახით თანხის ჩარიცხვა ხდებოდა გ-----------------–-ილის მითითებით. აღნიშნული თანხა წარმოადგენდა გ-----------------–-ილის კუთვნილი ხელფასის ნაწილს, რომელსაც ლ------------ეს ურიცხავდა მათი საერთო შვილის რჩენის მიზნით სს „ს----------–--------ის“ 2018 წლის 20 თებერვლის ცნობის თანახმად, 2017 წლის ივნისიდან 2017 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „--------------------–ისაგან“ ლ------------ის საბანკო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა არ ფიქსირდება.
3.1.6. შპს „--------------------–ს“ არსებული მდგომარეობით, არ ერიცხება რაიმე სახელფასო ან/და სხვაგვარი დავალიანება მოსარჩელის სასარგებლოდ.
3.1.7. სს „ს----------–--------ის“ მიერ 2018 წლის 14 მაისს გაცემული ცნობის თანახმად, 21.01.2015წ.-დან ლ------------ე სარგებლობდა სს „ს----------–--------ის“ იპოთეკური კრედიტით N2------ (თანხა - 12 290 ლარი). 09.06.2016წ. ლ------------ის ანგარიშზე: G---------------------, შპს „--------------------–იდან“ ხელფასის დანიშნულებით ჩარიცხული 13 147 ლარიდან 9898.15 ლარით მოხდა N2------ სესხის დაფარვა.
3.1.8. ლ------------ის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე: G---------------------, 2016 წლის 08 ივნისს შპს „--------------------–ისაგან“ ჩარიცხული თანხა - 13 147 ლარის ოდენობით, ლ------------ის მიერ უკან არ დაბრუნებულა.
3.1.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - გ-----------------–-ილმა განმარტა, რომ 2016 წლის 08 ივნისს ლ------------ის საბანკო ანგარიშზე: G---------------------, თანხის - 13 147 ლარის ჩარიცხვა მოხდა შეცდომით. კერძოდ, აღნიშნული თანხა წარმოადგენდა გ-----------------–-ილისათვის განკუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას, რომელიც ბუღალტრის ტექნიკური შეცდომის საფუძველზე, გადაირიცხა ლ------------ის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული გადარიცხვის თაობაზე, წინასწარი შეთანხმება ან/და დასტური არ ყოფილა. (იხ. 05.07.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი - 11:09:07წთ.)
გ-----------------–-ილმა, ასევე განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ლ------------ეს საბანკო ანგარიშზე 2016 წლის 08 ივნისს შპს „--------------------–ისაგან“ შეცდომით ჩაირიცხა თანხა - 13 147 ლარის ოდენობით, გ-----------------–-ილი და ლ------------ე, ამ უკანსკნელის თხოვნის საფუძველზე, შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანხა საკუთრებაში დარჩებოდა ლ------------ეს, ხოლო სანაცვლად გ-----------------–-ილი ლ------------ეს ყოველთვიურად ნაცვლად - 700 ლარისა ჩაურიცხავდა - 500 ლარს. (იხ. 05.07.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი - 11:12:59წთ.)
გ-----------------–-ილი სადავო თანხის ლ------------ის საკუთრებაში დატოვების თაობაზე შეუთანხმდა შპს „--------------------–ის“ დირექტორს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებები, სადავოდ არ გამხდარა ლ------------ის მიერ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „--------------------–ის“ მიერ 2016 წლის 08 ივნისს ლ------------ის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე: G---------------------, თანხა - 13 147 ლარის ოდენობით, ჩაირიცხა შეცდომით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოპასუხე ლ------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა, მის მიერ წარმოდგენილ იქნა არაარსებითი, დაუსაბუთებელი შესაგებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს. რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და შესაბამისად დამტკიცებულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება. მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.
ლ------------ის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, კი ამავე კოდექსის 219 მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს. ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ლ------------ე არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას. მოპასუხის შედავება შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და შესაბამისად დამტკიცებულად.
3.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ------------ეს შეეძლო ევარაუდა, რომ შპს „--------------------–ისაგან“ 2016 წლის 08 ივნისს მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა - 13 147 ლარის ოდენობით, განკუთვნილი იყო სწორედ მისთვის, მას შეეძლო აღნიშნული თანხის განკარგვა და შემსრულებელს სურდა გადაცემა.
საქართველოს სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპის შესაბამისად, შესრულების კონდიქციიდან გამომდინარე დავის შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ იკვეთება მოთხოვნის მარეგულირებელი ნორმის შემდეგი ელემენტები: შესრულება (სამართლებრივი სიკეთის ვითომ-კრედიტორისათვის გადაცემა); ამ შესრულების განხორციელების ფაქტობრივი საფუძველი, ანუ რა ვალდებულებას გულისხმობდა მოსარჩელე, როდესაც მიმღებს გადასცემდა ქონებას; გადაცემის ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობა/შეწყვეტა. ამასთან, მოსარჩელემ უნდა გააქარწყლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაშვებული კანონისმიერი პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ხოლო, მოპასუხის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების მითითებისა და დამტკიცების ვალდებულება, რომ მას სადავო თანხის მიღებისა და შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა.
მტკიცების პროცესი ძირითადად მიმდინარეობს პირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მტკიცებულებების შეგროვება მიმდინარეობს უშუალოდ მთავარ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომლებიც თავად მოთხოვნის საფუძვლის ან შესაგებლის წინაპირობას წარმოადგენენ. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლებელია, ასევე გამოყენებულ იქნეს არაპირდაპირი მტკიცებულებები, კერძოდ, (ზოგადი) მიმანიშნებელი მტკიცებულება და ე.წ. აშკარა მტკიცებულება (პირველი შთაბეჭდილების მტკიცებულება, როგორც მიმანიშნებელი მტკიცებულების განსაკუთრებული ფორმა), რომელიც განეკუთვნება „გამოყენებით ცხოვრებისეულ გამოცდილებას“, კერძოდ: არსებობს მოვლენები და მოვლენათა განვითარება, რომლებიც იმდენად დამახასიათებელი (ტიპიური) და ხშირია, რომ შესაძლებელი და დასაშვებია პირველი შთაბეჭდილებით (prima facie) შესაბამისი დასკვნების გამოტანა მიზეზთან ან შედეგთან დაკავშირებით. პროცესში პირველი შთაბეჭდილება აფუძნებს და ქმნის ფაქტობრივ ვარაუდს (მტკიცების ტვირთის შემსუბუქება). მას, ვის წინააღმდეგაც მეტყველებს პირველი შთაბეჭდილება, არ ეკისრება ვალდებულება საწინააღმდეგოს მტკიცების, როგორც ეს მტკიცების ტვირთის შებრუნების შემთხვევაშია, მაგრამ იგი ვალდებულია დაასაბუთოს და დაამტკიცოს მოვლენათა სხვაგვარი (არატიპიური) განვითარების გონივრული შესაძლებლობა (ფაქტობრივი ვარაუდის ე.წ. „შერყევა“). მას შემდეგ, რაც შეირყევა პირველი შთაბეჭდილების მტკიცებულება, ისევ გრძელდება კანონისმიერი მტკიცების ტვირთის გამოყენება. (იხ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013; გვ. 22-23)
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარებს, რომ მტკიცებულებითი სამართლის მნიშვნელოვანი კომპონენტია მტკიცების ტვირთის გადანაწილება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხდება დადგენილი ზოგადი პრიციპის შესაბამისად. თუმცა, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკის ან მტკიცებულებათა მოპოვების ობიექტური თუ სუბიექტური შესაძლებლობის გათვალისწინებით, სამართალი განსაზღვრავს მტკიცების ზოგადი პრინციპისგან განსხვავებულ რეჟიმს.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ------------ეს საბანკო ანგარიშზე შპს „--------------------–ისაგან“ 2016 წლის 08 ივნისს - 13 147 ლარი ჩაერიცხა შეცდომით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მნიშვნელოვანია გამორკვეულ იქნეს ხომ არ გააჩნია მოპასუხეს სადავო თანხის შენარჩუნების სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: გ-----------------–-ილი წარმოადგენს შპს „--------------------–ის“ 80% წილის მფლობელს. ასევე, სადავო გარემოებას არაა, რომ შპს „--------------------–ი“ გ-----------------–-ილის მითითებით, ლ------------ეს 2015 წლის 05 თებერვლიდან 2016 წლის 03 ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად, მათი საერთო შვილის რჩენის მიზნით, შემდეგ საბანკო ანგარიშზე: G---------------------, ურიცხავდა 700 ლარს. ხოლო, 2016 წლის 04 ივლისიდან, კი აღნიშნული თანხის ოდენობა შემცირდა და ლ------------ეს იგივე ანგარიშზე ყოველთვიურად ურიცხავდა - 500 ლარს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ლ------------ის საბანკო ანგარიშზე ბოლოს 700 ლარი ჩაირიცხა 2016 წლის 03 ივნისს. ამის შემდგომ 2016 წლის 08 ივნისს შპს „--------------------–ისაგან“ ლ------------ეს ჩაერიცხა სადავო თანხა - 13 147 ლარი და სწორედ მითითებული თანხის ჩარიცხვის შემდგომი თვიდან - 2017 წლის 04 ივლისიდან ლ------------ის ანგარიშზე შპს „--------------------–ი“ რიცხავდა უკვე არა 700 არამედ 500 ლარს. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ-----------------–-ილმა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ლ------------ის საბანკო ანგარიშზე შპს „--------------------–ისაგან“ შეცდომით ჩაირიცხა - 13 147 ლარი, გ-----------------–-ილი და ლ------------ე, ამ უკანასკნელის თხოვნის საფუძველზე, შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული თანხა საკუთრებაში დარჩებოდა ლ------------ეს, ხოლო სანაცვლად გ-----------------–-ილი ლ------------ეს ყოველთვიურად ნაცვლად - 700 ლარისა ჩაურიცხავდა - 500 ლარს. ასეც გრძელდებოდა 2017 წლის 04 მაისამდე. (ბოლო ჩარიცხვა სს „ს----------–--------ის“ ცნობის თანახმად, განხორციელდა 2017 წლის 04 მაისს).
მნიშვნელოვანია, ასევე ის გარემოება, რომ ლ------------ის საბანკო ანგარიშზე სადავო თანხის -13 147 ლარის ასახვა მოხდა 2016 წლის 09 ივნისს. მან აღნიშნული თანხა განკარგა 2016 წლის 14 ივნისს 5 დღის შემდგომ. კერძოდ, თანხის ნაწილით დაფარა სს „ს----------–--------ში“ არსებული იპოთეკური სესხი. მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული სესხის ყოველთვიურ შესატანს იხდიდა გ-----------------–-ილი და ვინაიდან მოსარჩელისაგან შეცდომით ჩარიცხული თანხით მოხდა იპოთეკური სესხის დაფარვა, ყოველთვიურად ჩასარიცხ თანხას სწორედ ამის ხარჯზე დააკლდა 200 ლარი. მნიშვნელოვანია, ასევე ის გარემოებაც, რომ ლ------------ის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა აღარ ფიქსირდება 2017 წლის 04 ივნისიდან, სწორედ იმ პერიოდიდან როდესაც მოსარჩელემ წარმოადგინა სარჩელი სასამართლოში უსაფუძვლოდ გადარიცხული თანხის დაბრუნების თაობაზე.
ამდენად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, სასამართლოს უქმნის იმის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ლ------------ეს შეეძლო ევარაუდა იმის შესახებ, რომ იგი უფლებამოსილი იყო განეკარგა შპს „--------------------–ისაგან“ 2016 წლის 08 ივლისს ჩარიცხული თანხა - 13 147 ლარის ოდენობით. აღნიშნული დასაბუთებული ვარაუდის სხვაგვარი (არატიპიური) განვითარების გონივრული შესაძლებლობა მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა.
ამასთან, ის გარემოება, რომ ლ------------ეს თანხა გადაერიცხა შპს „--------------------–ისაგან“ და არა უშუალოდ გ-----------------–-ილისაგან სამართლებრივ სურათს ვერ ცვლის, ვინაიდან გ-----------------–-ილი წარმოადგენს შპს „--------------------–ის“ 80% წილის მფლობელს და სახეზეა იმგვარი ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ლ------------ეს რამდენიმე წლის მანძილზე გ-----------------–-ილის მითითებით, სწორედ შპს „--------------------–ისაგან“ ერიცხებოდა თანხები. ამას გარდა გ-----------------–-ილის განმარტებით, ასევე კომპანიის დირექტორის დადასტურებით, მას გააჩნია კომპანიის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მას გააჩნდა უფლებამოსილება, კომპანიის დირექტორთან შეთანხმებით, განეკარგა ლ------------ისათვის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადარიცხული თანხა.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „--------------------–ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის, ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. (იხ. სუსგ. №ას-360-342-2015, 2015 წლის, 03 ივნისი).
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ/არამატერიალურ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. მითითებულთაგან ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ცდილობს თავისი უფლების დაცვას სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „--------------------–ის“ მიერ 2016 წლის 08 ივნისს ლ------------ის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე: G---------------------, სადავო თანხა - 13 147 ლარი, ჩაირიცხა შეცდომით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს შესრულების კონდიქციის ძირითად შემთხვევას (Condictio indebiti) - უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნის კრედიტორი ახორციელებს შესრულებას, რათა მიაღწიოს (სავარაუდო) ვალდებულებისაგან გათავისუფლებას (solvendi causa).
ამდენად, ერთი შეხედვით სახეზეა ზემოთ აღნიშნული ნორმის შემადგენელი ყველა ელემენტი, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას და უსაფუძვლოდ გადაცემულის უკან დაბრუნების საფუძველს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით, ასევე განსაზღვრულია შემთხვევები, რა დროსაც თითქოს სახეზეა გადაცემული სამართლებრივი სიკეთის დაბრუნების ყველა წინაპირობა, თუმცა გადაცემულის უკან დაბრუნება მაინც გამორიცხულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სადავო ურთიერთობა შეიცავს დამფუძნებელი ნორმის შემადგენელ ყველა ელემენტს, უნდა გამოირიცხოს ყველა იმ წინაპირობის არსებობაც, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს გადაცემულის უკან დაბრუნება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწლის „გ“ ქვეპუნტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მხარისათვის ქონების ღირებულების დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას, ასევე აღნიშნული ვალდებულების გამომრიცხავ გარემოებებს. კერძოდ, ერთ ერთ ასეთ გარემოებას წარმოადგენს: როცა მიმღებს, შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა. ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა სსკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის წინაპირობები. შესაბამისად, ასეთ დროს შეუძლებელია მიმღებს დაეკისროს უკან დაბრუნების ვალდებულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს. შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალსუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები.
შესრულების უკუმოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსრულებლისა და მიმღების სამართლებრივ ურთიერთმიმართებასაც. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფლება-მოვალეობრივი კავშირი არსებობს შემსრულებელსა და მიმღებს შორის, რა სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა შემსრულებელსა და მიმღებს უშუალოდ შესრულების მიმართ. აღნიშნული გამიჯვნადია განსაკუთრებით მჭიდრო ნათესაური და მეგობრული ურთიერთკავშირების დროს. თუ შემსრულებელი შესრულების დროს მოქმედებდა ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით იმთავითვე გამოირიცხება მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმღებს ამგვარი შესრულების მიმართ ობიექტური პრეტენზია უჩნდება, ასე ვთქვათ, ერთი პირის მიერ მეორისათვის შესრულების განხორციელების დროს იგულისხმება, რომ არსებობს ვალდებულება და შესრულება განხორციელდა აღნიშნულის შესაბამისად. (იხ. სუსგ. №ას-528-501-2015; 04 ნოემბერი, 2015წ.)
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგინა, რომ ლ------------ეს შეეძლო ევარაუდა, რომ შპს „--------------------–ისაგან“ 2016 წლის 08 ივნისს ლ------------ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა - 13 147 ლარის ოდენობით, განკუთვნილი იყო მისთვის, მას შეეძლო აღნიშნული თანხის განკარგვა და შემსრულებელს სურდა გადაცემა (იხ. 3.2.2. პუქნტი). მოპასუხემ ვერ დაადასტურა აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების არსებობის შესაძლებლობა. შესაბამისად, სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესრულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ამასთან, მართალია თანხის გადარიცხვა მოხდა შპს „--------------------–ისა“ და არა პირადად გ-----------------–-ილის ანგარიშიდან, თუმცა - ლ------------ეს, გ-----------------–-ილსა და შპს „--------------------–ს“ შორის რამდენიმე წლიანი ჩვეული ურთიერთობიდან გამომდინარე (შპს „--------------------–ი“, გ-----------------–-ილის მითითებით, ამ უკანასკნელის ხელფასის ნაწილს რამდენიმე წლის განმავლობაში ურიცხავდა ლ------------ეს მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე), სასამართლო გონივრულად ვარაუდობს, რომ ლ------------ეს შეეძლო, ასევე ევარაუდა ისაც, რომ გ-----------------–-ილი უფლებამოსილი იყო განეკარგა შპს „--------------------–ის“ კუთვნილი თანხები, მით უფრო იმ პირობებში, რომ გ-----------------–-ილი არის შპს „--------------------–ის“ 80% წილის მფლობელი.
სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული ისე, სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. ეს პრინციპი საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შევაფასოთ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გ-----------------–-ილს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ლ------------ესთან არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე, მიმღების მხრიდან მიღებულ შესრულებაზე განხორციელდებოდა სრული ბატონობა, დაუფლება, რაც თავის თავში, მოიაზრებს აღნიშნული ფინანსური საშუალებების განკარგვას.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „--------------------–ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შპს „--------------------–ის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს“.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 29 ივნისს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 150 ლარი. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივლისის განჩინებით, შპს ,---------------------–-ს” შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ლ------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, ა-------–--------------------------------–------------------------------------–------------, ს/კ: 0-------------------------.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „--------------------–ის“ სარჩელი ლ------------ის მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ლ------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, ა-------–--------------------------------–------------------------------------–------------, ს/კ: 0-------------------------.
4. შპს „--------------------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ-----------–---–-- მიერ 2017 წლის 28 ივნისს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარიდან - 100 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №---
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/16515-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „--------------------–ი“
წარმომადგენლები - ქ-----------------–--ე, ლ---------------–---–ი (დირექტორი)
მოპასუხე: ლ------------ე
წარმომადგენელი - დ-------------ა
დავის საგანი: უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „--------------------–ის“ სარჩელი ლ------------ის მიმართ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ლ------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, ა-------–--------------------------------–------------------------------------–------------, ს/კ: 0-------------------------.
4. შპს „--------------------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ნ-----------–---–-- მიერ 2017 წლის 28 ივნისს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარიდან - 100 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №---
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი