გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/1009-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.10.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე შპს "დ----------–--
წარმომადგენელი სალომე აბესლამიძე ,გი----------
მოპასუხე შპს "ჯ----------------------------------"
წარმომადგენელი იო----------–--–---–-
დავის საგანი უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს "ჯ----------------------------------სათვის" მოსარჩელე შპს "დ----------–--" სასარგებლოდ 65 656.34 ლარის გადახდის დაკისრება.
2007 წლის 17 დეკემბერს შპს "დ----------–--" განცხადებით მიმართა შპს "თ---–-----–---–-" (შპს "ჯ----------------------------------") და მოითხოვა დ------------------------------–------------–-----–--------ისა და მი---–---------ის გადაკვეთის მიმდებარეად ასაშენებელი მრალფუნქციური (კომერციული, საოფისე, საცხოვრებელი) შენობის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება და ამ მიზნით წყალმომარაგება-კანალიზაციის ტექნიკური პირობის გაცემა. პირობა გაიცა ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 16 მაისის N12.04.229 "ქ. თბილისის მშენებარე და გასაფართოებელი ობიექტების მიწისქვეშა კომუნკაციებით უზრუნველყოფის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ" დადგენილების საფუძველზე. ტექნიკური პირობით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოები და მოსარჩელის მიერ წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების მეურნეობის განვითარებისათვის ერთჯერადი გადასახადი, რომელიც შეადგენდა 65 656.34 ლარს.
ტექნიკური პირობით განსაზღვრული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2010 წლის 5 მარტამდე, რომელიც არ შესრულდა. ტექნიკური პირობის ვადის ამოწურვიდან სამი წლის შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში მოსარჩელემ მოითხოვა დასრულებული სამშენებლო ობიექტის სასმელი წყლით მომარაგება და წყალარინების სისტემით უზრუნველყოფა. მოცემულ პერიოდში მოქმედებდა ახალი რეგულაციები, სემეკის მიერ 2008 წლის 26 ნოემბერს გამოცემული იქნა დადგენილება N32, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2006 წლის 16 მაისის N12.04.229 დადგენილება და ახალი წესებით განისაზღვრა წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების პირობები, საერთოდ გაუქმდა ე.წ. ერთჯერადი გადასახადი. ახალი დადგენილებით განისაზღვრა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების საფასური, რაც თავის თავში გულისხმობს სასმელი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაზე მიერთების ყველა სამუშაოსა და ხარჯს, რომელიც უნდა შეესრულებინა მოპასუხეს და უნდა გაეცა ახალი ტექნიკური პირობა, ხოლო მიერთების მსურველს უნდა გადაეხადა ამავე დადგენილებით განსაზღვრული საფასურიც.
მოპასუხემ დაარღვია კანონით დადგენილი მოთხოვნები და ნაცვლად ახალი რეგულაციებისა, მოსარჩელეზე გაავრცელა ძველი, ძალადაკარგული სამართლებრივი რეგულაციები. 2013 წლის 26 ნოემბერს გამოსცა ტექნიკური პირობა 8------, რომლითაც ვადა გაუგრძელა 2008 წლის 5 მარტს გაცემულ ტექნიკურ პირობას. 2013 წლის 26 ნოემბერს გაცემული ტექნიკური პირობისათვის მოპასუხემ მოსარჩელეს დამატებით გადაახდევინა ახალი რეგულაციებით განსაზღვრული მიერთების საფასური.
მოსარჩელის მიერ გადახდილი ერთჯერადი გადასახადი 65 656.34 ლარის ოდენობით, მოპასუხეს უსაფუძვლოდ აქვს მიღებული, რადგან 2008 წლის ტექნიკური პირობით დადგენილი ვალდებულებები მან არ შეასრულა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე აპელირებს.შპს"თ---–-----–--–--" 2008 წლის 05 მარტის N------- წერილით არ განსაზღვრულა შპს"დ----------–--" წყლის ქსელზე დაერთების სამუშაოების ღირებულება.მოსარჩელემ გადაიხადა ქ. თბილისის მშენებარე და გასაფართოებელი ობიექტების მიწისქვეშა კომუნიკაციებით უზრუნველყოფის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ დადგენილებით განსაზღვრული გადასახადი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს "დ----------–--" 2007 წლის 17 დეკემბრის განცხადების საპასუხოდ, რომლითაც მოთხოვნილი იყო წყალსადენ-კანალიზაციის არსებულ ქსელებთან მიერთება, შპს "თ---–-----–---–--" გენერალური დირექტორის მოადგილემ, 2008 წლის 05 მარტის N------- წერილით, განემარტა, რომ "ქ თბილისის მშენებარე და გასაფართოებელი ობიექტების მიწისქვეშა კომუნიკაციებით უზრუნველყოფის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ" ქ. თბილისის მთავრობის 2006 წლის 16 მაისის N12.04.229 დადგენილების თანახმად, ერთჯერადი გადასახადი განისაზღვრა 65 656.34 ლარით.
ამავე წერილით, შპს "დ----------–-" განემარტა, წყალსადენ-კანალიზაციის გარე ქსელების პროექტის შედგენის აუცილებლობა და მისი შეთანხმება "თ---–-----–---–----". გარე ქსელების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაინტერესებული პირის მიმართვის საჭიროება მომქმედ ქსელებზე მიერთების თაობაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).
2008 წლის 05 მარტის წერილი (ს.ფ. 23-25).
3.1.2. შპს "დ----------–--" 2008 წლის 05 მარტს გაცემული ტექნიკური პირობის საფუძველზე, შპს "თ---–-----–---–-" გადაუხადა 65 656.34 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).
მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ. შესაგებელი).
შპს "თ---–-----–--–--" წერილი (ს.ფ. 32).
3.1.3. 2008 წლის 05 მარტიდან (ტექნიკური პირობის გაცემიდან) 2013 წლის ნოემბრამდე, პერიოდში, შპს "დ----------–-" გარე ქსელების პროექტის შეთანხმების ან/და სამუშაოების შესრულების მოთხოვნით არ მიუმართავს შპს "თ---–-----–--–--ათვის".
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 6).
3.1.4. შპს "დ----------–-" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების" დანართის შესაბამისად, 2013 წლის 16 დეკემბერს გადახდილი აქვს 500 ლარი, 2014 წლის 28 მარტს - 2239.65 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 16:15:07).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 26 ოქტომბრის სხდომის ოქმი, 16:17:06).
3.1.5. შპს "დ----------–--" მიერ გადახდილი 65 656.24 ლარი არის ქალაქ თბილისის მთავრობის 2006 წლის 16 მაისის N12.04.229 დადგენილების საფუძველზე, განსაზღვრული ერთჯერადი გადასახადი, რომელიც არ მოიცავს წყალმომარაგების სისტემაზე დაერთებისათვის ჩასატარებელი სამუშაოების (გარე ქსელების პროექტის შესაბამისად) ღირებულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
ქალაქ თბილისის მთავრობის 2006 წლის 16 მაისის დადგენილების მიზანი ქ. თბილისში, მზარდი ტემპებით მიმდინარე საცხოვრებელი და საოფისე შენობების მშენებლობების გათვალისწინებით საინჟინრო ინფრასტრუქტურის შესაბამისი განვითარებაა და კომპლექსური ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებისათვის შპს "თ---––---–-----–-" დაერთო ნება ერთჯერადი გადასახადის განსაზღვრისას ესარგებლა დანართში მოცემული ფორმულით.
ამდენად, თავად დადგენილების შინაარსიდან დგინდება, რომ ერთჯერადი გადასახადის განსაზღვრის აუცილებლობა და მიზანი წყალსადენ-კანალიზაციის მეურნეობის განვითარებაა.
სასამართლომ 3.1.1. ფაქტობრივ გარემოებაში, დაადგინა, რომ შპს "თ---–-----–---–--" განმცხადებელს შპს "დ----------–-" განუმარტა, წყალსადენ კანალიზაციის ქსელის მეურნეობის განვითარებისათვის ერთჯერადი გადასახადის გადახდის შემდეგ, წყალსადენ-კანალიზაციის გარე ქსელების პროექტის შედგენის აუცილებლობა და მისი შეთანხმება "თ---–-----–---–----". გარე ქსელების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაინტერესებული პირის მიმართვის საჭიროება მომქმედ ქსელებზე მიერთების თაობაზე.
ამასთან, ამავე წერილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, კონკრეტულ შემთხვევაში მშენებარე ობიექტის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების შესაძლებლობა და სამომავლოდ პროექტში გასათვალისწინებელი სამუშაოები და ხარჯები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "დ----------–--" მიერ 65 656.34 ლარის ოდენობით ხარჯის გაღება ემსახურებოდა შიდა ქსელის განვითარების მიზანს, რადგან სადავო თანხის გადახდის დროისათვის - 2008 წლის 4 მარტისათვის, გარე ქსელების პროექტის არარსებობის პირობებში, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული წყალმომარაგების სისტემაზე დაერთებისათვის საჭირო შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ხარჯი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელემ სადავო თანხა ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადაიხადა, ამასთან, სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 630-ე,128-131-ე, 138-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 630-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ- ჩვეულებრივი ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლოდ გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „დ----------–-ა“ და შპს „ჯ----------------------------------“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „თ---–-----–---–--“ ამჟამად შპს „ჯ-----------------------------------“, შპს „დ----------–--“ მშენებარე ობიექტის წყალსადენ-კანალიზაციის ქსელებზე დაერთებისათვის გაატარა შესაბამისი ღონისძიებები, რისთვისაც მოსარჩელემ გადაიხადა 65 656.34 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა არ მოიცავდა გარე ქსელების მიერთების სამუშაოების ღირებულებას. დადგენილია, რომ მოქმედი რეგულაციის გათვალისწინებით, წყალმომარაგების ქსელზე მიერთების საფასურის გამოთვლა მოხდა სემეკის 2008 წლის N32 დადგენილების შესაბამისად, რაც მოიცავს სრული გარე ქსელის მოწყობის სამუშაოების და მათი საფასურის გაანგარიშებას.
ამდენად, მხარეებს შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადგენის დროისათვის ერთჯერადი გადასახადის გადახდა, რაც არ მოიცავდა შემდგომში შესათანხმებელი პროექტის შესაბამისად სამუშაოების ღირებულებას, მოსარჩელის მიერ განხორციელდა მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სადავო თანხა შპს „დ----------–--“ მიერ გადახდილია ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კონკრეტული დანიშნულებითა და ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ხანდაზმულობა არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია უფლების განხორციელება - სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი).საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
განსახილველი მოთხოვნა გამომდინარეობს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
ამავე კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღსასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
საქმეზე ცალსახად დადგენილია, რომ რაიმე სახის მიერთების სამუშაოები არსებული ტექნიკური ნებართვის მოქმედების პერიოდში არ შესრულებულა. მოსარჩელის მითითებით გადახდილი გადასახადის მიზანი მოიცავდა სრულად კონკრეტული სამშენებლო ობიექტის წყალმომარაგების ქსელთან მიერთების საფასურს და ამისთვის გამოყოფილი იქნა 2 წლიანი პერიოდი ტექნიკური ნებართვის შესაბამისად. ცალსახაა, რომ ამ ვადაში მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულება (არსებობის შემთხვევაშიც) არ იქნა შესრულებული, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 3 წლიანი ხანდაზმულობის ათვლის საფუძველია. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სწორედ ტექნიკური პირობის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 2010 წლის 05 მარტიდან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "დ----------–-" მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სწორედ ამ დროიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "დ----------–--" 2014 წლის 31 დეკემბრის წერილი, რომლითაც მან მოითხოვა გადახდილი 65 656.34 ლარის დაბრუნება, არ წარმოადგენს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა წერილის შედგენის დროისათვის ამოწურული იყო.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ამოეწურა 2013 წლის 05 მარტს. 2010 წლის 05 მარტიდან -2013 წლის 05 მარტამდე, პერიოდში, არ დგინდება შპს "დ----------–--" მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენა ან სხვა ქმედება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევდა. სარჩელი ამ თანხის დაბრუნების მოთხოვნით აღძრულია 2018 წლის 12 იანვარს, სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1970 ლარის ოდენობით, ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს "დ----------–--" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია