გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2587294-2/650-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი’’
წარმომადგენელი - გ---------–------
მოპასუხე - რ-------------------
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე რ-------------------ს, სს ,,ლ-------------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს №1------- სესხიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 2932.78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1449.45 ლარი, პროცენტი - 733.33 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 750 ლარი.
1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებალად.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 21 მარტს, რ--------------------ს მიერ, შეივსო განაცხადი, ლ------------------- (სწრაფი სესხის) ტიპის სესხის გაცემის თაობაზე და შესაბამისად, მსესხებელი დაეთანხმა ამ ტიპის საბანკო პროდუქტისათვის ბანკის მიერ საიტზე განთავსებულ სტანდარტულ პირობებს, რის შედეგადაც მასზე გაიცა საბანკო კრედიტი, კრედიტის მოცულობამ შეადგინა 1500 ლარი, საპროცენტო განაკვეთი - 63%, ვადად განისაზღვრა 18 თვე. ყოველთვიური შესატანის ოდენობად განისაზღვრა 130.84 ლარი. სტანდარტული პირობების მე-8 მუხლის შესაბამისად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს კრედიტორს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.40%-ის ოდენობით.
ბანკის მხირდან, ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, მიწოდებულ იქნა ინფორმაცია არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის შესახებ.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 20 მაისს და სარჩელის აღძვრის მომენტამდე, არ არსულებდა მას, რაც ნათლად ჩანს მსესხებლის პირადი ანგარიშის ამონაწერიდან.
2018 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით,მოპასუხეს სს ,,ლ-------------ი“-ს მიმართ, სესხზე №1------- ერიცხება დავალიანება 3729.56 ლარის ( საიდანაც ძირი თანხაა - 1449.45 ლარი, პროცენტი - 733.33 ლარი, ჯარიმა - 1546.78 ლარი) ოდენობით, თუმცა სს ,,ლ-------------ი“ თანახმაა, დარიცხული ჯარიმის შეღავათის ხარჯზე მოვალეს მოსთხოვოს შემცირებული დავალიანების გადახდა 2932.78 ლარი (საიდანაც ძირი თანხაა - 1449.45 ლარი, პროცენტი - 733.33 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 750 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე რ-------------------მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ გადასახდელად უნდა დაეკისროს მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა და სარგებლის ნაწილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 21 მარტს, რ--------------------ს მიერ, შეივსო განაცხადი, ლ------------------- (სწრაფი სესხის) ტიპის სესხის გაცემის თაობაზე და შესაბამისად, მსესხებელი დაეთანხმა ამ ტიპის საბანკო პროდუქტისათვის ბანკის მიერ საიტზე განთავსებულ სტანდარტულ პირობებს, რის შედეგადაც მასზე გაიცა საბანკო კრედიტი, კრედიტის მოცულობამ შეადგინა 1500 ლარი, საპროცენტო განაკვეთი - 63%, ვადად განისაზღვრა 18 თვე. ყოველთვიური შესატანის ოდენობად განისაზღვრა 130.84 ლარი. სტანდარტული პირობების მე-8 მუხლის შესაბამისად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს კრედიტორს ვადაგადაცილების პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.40%-ის ოდენობით.
3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 20 მაისს.
3.2.2. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 21.03.2018წ. განაცხადი საბანკო კრედიტის აღების შესახებ;
- 21.03.2017წ. გადახდის გრაფიკი;
- კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
- გაფრთხილების წერილები;
- საფოსტო გზავნილები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხე რ--------------------ს დავალიანება სს ,,ლ-------------ი’’-ს მიმართ №1------- სესხიდან გამომდინარე შეადგენს 2932.78 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1449.45 ლარი, პროცენტი - 733.33 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 750 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 21.03.2018წ. განაცხადი საბანკო კრედიტის აღების შესახებ;
- 21.03.2017წ. გადახდის გრაფიკი;
- კრედიტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
- გაფრთხილების წერილები;
- საფოსტო გზავნილები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
3.2.2. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ-------------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 873-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით, გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხე რ-------------------მა ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - რ--------------------ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, მაშინ თუ ორ კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------------სა“ და რ-------------------ს) შორის გაფორმებული 2017 წლის 21 მარტის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა რ--------------------ს მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეზე გაცემული სწრაფი სესხის საფუძველზე, დავალიანების ძირითად თანხას (შემცირებული ოდენობა) წარმოადგენს - 2932.78 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს).
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 733.33 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-------------) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას, გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მართალია, მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდები ნაწილობრივ არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 750 ლარი უნდა შემცირდეს 350 ლარით და ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 400 ლარით.
7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დადებული კრედიტის ხელშეკურლების სტანდარტული პირობების 10.3. პუნქტში მითითებულია: მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ №1------- სესხიდან გამომდინარე დავალიანების ნაწილში, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე რ-------------------მა სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რის გამოც ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლეს. მოპასუხე მხარემ სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე რ-------------------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლ-------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე რ-------------------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს საკრედიტო დავალიანების - 2585.78 (ორიათასხუთასოთხმოცდახუთი ლარი და სამოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1449.45 ლარი, პროცენტი - 733.33 ლარი, პირგასამტეხლო - 400 ლარი.
2.1. სს ,,ლ-------------ს“ უარი ეთქვას რ--------------------სათვის 350 ლარის დაკისრების თაობაზე.
3. მოპასუხე რ-------------------ს მოსარჩელე სს,,ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გაცემის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია