განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
010100118002680278
დავის ტიპი
381 1
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002680278

საქმე N 1-941/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21.11.2018 წელი ქ . ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - თო------------–--ლი

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ალ------------ძე

მამის სახელი: რე-----

დაბადებული: 2-.09.1981 წელი

პირადი ნომერი: 6---------4

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი წი----–-

 

ადვოკატი - გუ---------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №075240918004

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული ალ------------ძე, რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 03 (სამი) წლით აკრძალული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 24 სექტემბერს, ქ. ბათუმში, გრიშაშვილის ქუჩაზე კვლავ მართავდა ავტომანქანა ,,მ------ს’’ სახელმწიფო ნომრით F--------.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 02 ნოემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის ძალაში შესული განაჩენით ალ------------ძე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის) და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 03 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად;

 

2.4. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ალ------------ძეს 2016 წლის 14 მარტის განაჩენით - ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 2018 წლის 24 სექტემბერს, ქ. ბათუმში, გრიშაშვილის ქუჩაზე კვლავ მართავდა ავტომანქანა ,,მ------ს’’ სახელმწიფო ნომრით F--------.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება განაჩენის შეუსრულებლობაში;

 

2.6. ალ------------ძისთვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილია 2016 წლის 14 მარტს; განაჩენის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ალ------------ძეს ჩამოერთვა 03 (სამი) წლით; ალ------------ძე ავტომანქანას მართავდა 2018 წლის 24 სექტემბერს, ამ დროისათვის მას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა;

 

2.7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განაჩენი, მოწმეების: რამაზ ბერიძის, ვეფხვია ზოიძის, ედნარ წულუკიძის, ალ------------ძის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ ალ------------ძემ 2017 წლის 24 სექტემბერს ავტომანქანის მართვით ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენი შეუსრულებლობა;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ------------ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, - იყო რა მსჯავრდებული 2016 წლის 14 მარტის განაჩენის თანახმად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 03 (სამი) წლით, - 2018 წლის 24 სექტემბერს, ქ. ბათუმში, გრიშაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ,,მ------ს’’ სახელმწიფო ნომრით F-------- მართვით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ალ------------ძის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველს და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების პირობებში.

 

სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მატერიალური მდგომარეობა. ბრალდებულის განმარტებით ამჟამად არ მუშაობს, არა აქვს სტაბილური შემოსავალი, ყავს მძიმე ავადმყოფი დედა, რომლის საავადმყოფოში გადაადგილებისთვის მოუხდა ავტომანქანის მართვა; ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ალ------------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ალ------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; ჯარიმის მოცულობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოთაღნიშნული გარემოებები;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ალ------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ალ------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე