განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/662-18
(№042060518001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე პროკურორი გაგა გელაშვილი,ბრალდებული თ-----------–---ი, დაბადებული 1----–-–----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: მ--------–--------------------–--------------–--,ადვოკატი: გოდერძის ხარაზიშვილი,თარჯიმანი: ნურანა გაჯიევა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი, განზრახ მკვლელობა,სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 05 მაისს, ღამის საათებში, მ--------–--------------------–--------------–--–ი, დაუსახლებელ პუნქტში თ-----------–---მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ნ---------–---ი და შემდგომ გადააგდო ხრამში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, გარდა სასამართლო ბრალდებულის დაკითხვისა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე "Bulychevy v. Russia" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).
სასამართლომ გამოკვლევის გარეშე შეაფასა ის მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ წინასასამართლო და არსებით სხდომაზე და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ბრალდებულმა თ-----------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და დაადასტურა, რომ მან ნამდვილად ესროლა ნ---------–---ს სანადირო თოფიდან, თუმცა არა განზრახ, არამედ შემთხვევით გაუვარდა ტყვია. მანვე მიუთითა, რომ ბიძაშვილთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ხშირად იყო შემთხვევები, რომ ის ავიწროვებდა, აშინებდა და ემუქრებოდა. ერთ საღამოს ბიძასთან ყოფნისას, უკანა მხრიდან მივიდა და იარაღი დაადო, სხვა დროს სახლშიც შეაშინა ასე, ტანსაცმელს სთხოვდა და ქუჩაში ყოველთვის ცუდად ექცეოდა. შემთხვევამდე მან ფული სთხოვა, დაემუქრა, რომ მოკლავდა თუ არ მისცემდა, ასე რამდენჯერმე მოიქცა და ძალიან ეშინოდა. მან ბიძისგან იარაღი წამოიღო, თუმცა მისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს და ნ-----ის შეშინება უნდოდა. შემთხვევის დღეს ქუჩაში შეხვდა, მანქანაში ჩაუჯდა და სოფლიდან მოშორებით წაიყვანა, გზაში კვლავ შეკამათდნენ, მანქანა გააჩერა და შესაშინებლად იარაღი ამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ დაუმიზნა, მისი მოკვლა არ ჰქონდა განზრახული, მაგრამ შემთხვევით წამოედო ხელი სასხლეტზე და მოხდა გასროლა. მომხდარმა ძალიან შეაშინა და ამიტომ არავის არაფერი უთხრა. იარაღი მანქანაში ჩადო და წამოვიდა.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მკვლელობა ჩადენილია არა განზრახ, არამედ გაუფრთხილებლობით, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ-----------–---მა ჩაიდინა სსკ-ს 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დადგენილია და მხარეებსაც არ გაუხდიადთ სადავოდ, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ. ბრალდებულის განმარტებით, მას ნ---------–---ი აშინებდა, სძალავდა ფულს და ექცეოდა დამამცირებლად.
დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულს ნ---------–---ი განზრახ არ მოუკლავს, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ---------–---ის სიკვდილის მიზეზია ცეცხლნასროლი იარაღიდან გასროლმარჯვნივ თვალბუდის და შუბლის მიდამოს ცეხლნასროლი ბრმა ჭრილობა თავის ტვინის, ნათხემის, მოგრძო ტვინის და მათი გარსების ტლანქი დაზიანებით და თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების უმეტესი ნაწილის ქალას ღრუდან გამოვარდნით, ქალასარქველის, ფუძის და სახის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობებით. გვამის გამოკვლევის მონაცემებით (7.05.2018 წ. 01:00სთ) მისი სიკვდილის დადგომიდან გასულია დაახლოებით 24-36 საათი. ნ---------–---ის გვამზე აღინიშნება მარჯვნივ თვალბუდის და შუბლის მიდამოს ცეცხლნასროლი, პირღია, ნაფლეთოვანი, უსწოროკიდეებიანი, ბრმა ჭრილობა თავის ტვინის, ნათხემის, მოგრძო ტვინის და მათი გარსების ტლანქი დაზიანებით და თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების უმეტესი ნაწილის ქალას ღრუდან გამოვარდნით, ქალასარქველის, ფუძის და სახის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობებით. მწვავე სისხლნაკლებობდა, დაჟეჟილი ჭრილობა მარჯვენა წარბის გარეთა კიდესთან, ნაჭდევი მარჯვენა ლოყაზე, დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი მეტალ ტყვიის შემცველი ჭურვების ზემოქმედებით, სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში და ცოცხლალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, დამდგარ შედეგთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან. სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან - საფანტის კომპაქტური მოქმედების ზონაში, სროლის მიმართულებაა წინიდან უკან. ნ---------–---ის გვამის თავის ქალას ღრუში აღინიშნება ცხრა მორუზო-მოვერცხლისფრო მეტალის მცირე ზომის უცხო სხეული.
საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 9 ცალი ობიექტი არის დაახლოებით 5მმ დიამეტრის მქონე ქარხნული წესით დამზადებული საფანტის ფრაგმენტები, საფანტი არის, გლუვლულიანი სანადირო თოფებისათვის განკუთვნილი, ნებისმიერი კალიბრის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, კონკრეტულად რა კალიბრის თოფიდან მოხდა გასროლა, წარმოდგენილი საფანტის ფრაგმენტებით, დადგენა შეუძლებელია, წარმოდგენილი საფანტის ფრაგმენტები ძლიერ დეფორმირებულია და უვარგისია იდენთიფიკაციისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ---------–---ის სიკვდილის მიზეზია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი მეტალ-ტყვიის შემცველი ჭურვების ზემოქმედება, ამასთან მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა გასროლა მოახდინა ახლო მანძილიდან - საფანტის კომპაქტური მოქმედების ზონაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა იმ მტკიცებულებებისა, რომლებიც მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა და ადასტურებს ნ---------–---ის მკვლელობის ფაქტს, თავად ბრალდებულის ჩვენებაც არ ქმნის ნ---------–---ის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შეფასების საფუძველს. ბრალდებული თავადვე აღნიშნავს, რომ ნ---------–---ი იმდენად ავიწროვებდა და ცუდად ექცეოდა, რომ მას გაუჩნდა სურვილი შური ეძია მასზე და სწორედ მისი მკვლელობის დაშვების მიზნით მოიძია ცეცხლსასროლი იარაღი და მოკლა იგი, როდესაც მიეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა. დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მისი წაყვანა საკუთარი ავტომობილით, იარაღის ქონა და ახლო მანძილიდან სახის არეში გასროლა ქმნის დასახული მიზნის მისაღწევად განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობას, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამორიცხავს იარაღიდან ტყვიის შემთხვევით გასროლას და წარმოადგენს ქმედების განზრახ მკვლელობად შეფასების უპირობო საფუძველს. თ-----------–---ის მოქმედებები როგორც მკვლელობამდე, ისე მის შემდეგ არის ტიპიური განზრახი დანაშაული, გარდა იმისა, რომ მან ნ---------–---ის მკვლელობისთვის შეარჩია საჭირო იარაღი, დრო და ადგილი, მისი მოკვლის შემდეგაც, გვამი ხრამში გადააგდო, ისე, რომ არც კი უცდია მისი გადარჩენისთის ვინმესთვის დასახმარებლად მიემართა და მკვლელობის შემდეგ არავის უთხრა, მომხდარის შესახებ (იმავე საღამოს იგი შეხვდა დეიდაშვილს და იმყოფებოდა ნათესავებთან), მაშინ როდესაც სიცოცხლის გაუფრთილებლობით მოსპობის პირობებში, პირი აცნობიერებს რა, რომ მის შემთხვევით მოქმედებას შესაძლებელია მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი, როგორც წესი იღებს ზომებს მის დასახმარებლად ან ატყობინებს სამართალდამცავებს, რაც იმით აიხსნება, რომ ასეთ დროს რეალურად არ აქვს მოკვლის განზრახვა და არც მისი მოქმედებები მიანიშნებს აღნიშნულს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ”ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი”. სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
სიცოცხლის უფლება დაცულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის პირველ ფაქტობრივ წინაპირობად უნდა განისაზღვროს, რომ ხელყოფა მიმართული იყო ცოცხალ ადამიანზე, ხოლო მეორე ფაქტობრივი წინაპირობაა - სიცოცხლის დამთავრებისა და სიკვდილის მომენტის დადგენა. ვინაიდან ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იქნეს მხოლოდ განზრახ - პირდაპირ ან არაპირდაპირი განზრახვის ფორმით. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
დაცვის მხარის პოზიციის საპირისპიროდ, სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილი განზრახი დანაშაულის ცნებას, რომლის თანახმად, მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით განზრახვა არსებობს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირს პირდაპირ სურს რაიმე შედეგის დადგომა, არამედ, განზრახვა არსებობს მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, განზრახვა ასევე არსებობს მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებს შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება შედეგის დადგომას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის თეორიაში, დანაშაულის შემადგენლობა განისაზღვრება როგორც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ობიექტური და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს ქმედებას, როგორც კონკრეტრულ დანაშაულს. ზოგიერთი დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს განსაზღვრული მოტივი ანუ შინაგანი მამოძრავებელი ფსიქიკური მიზეზი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის არსებული უთანხმოება გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი და სანადირო თოფიდან დამიზნებით გასროლის შედეგად ნ---------–---ის თვალბუდისა და შუბლის მიდამოებში ცეცხლნასროლი ჭრილობების არსებობა უდავოდ ადასტურებს, რომ თ-----------–---ს ჰქონდა ნ---------–---ის მოკვლის სურვილი და თავისი მოქმედებით მიაყენა კიდეც მას სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. ამასთან დაზიანებების ხასიათის, ხარისხისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული უდავოდ ითვალისწინებდა სასიკვდილო შედეგის დადგომის გარდაუვალობას და სურდა ეს შედეგი.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
თ-----------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდა ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ბრალდებულს გაუჩნდა შურისძიების სურვილი. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებას, თუმცა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, დამდგარი მძიმე შედეგისა და დანაშაულის შემდგომ ბრალდებულის გულგრილი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-----------–---ს სასჯელის მიზნების მიღწევისთვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღვეთა სსკ-ს 108-ე მუხლით დაწესებული სასჯელის ფარგლებში.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
თ-----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა თ-----------–---ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 05 აგვისტოდან.
თ-----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:
ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ნაგი ჯანატოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ერთლულიანი თოფი, 11 ცალი კუსტარულად დამზადებული ვაზნა და 10 ცალი ცარიელი მასრა, 1 შეკვრაში მოთავსებული 24 ცალი ვაზნა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
ზაურ ნაბიევის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, ორი შეკვრა სანადირო თოფის ვაზნები თითოეულ შეკვრაში 25 ცალი ვაზნით, 19 ცალი ცარიელი მასრა, მ.შ 11 ცალი წითელი ფერის, 8 ცალი თეთრი ფერის, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში გამომძიებელთან - საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული 16 კალიბრიანი მასრა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, აღსარიცხად გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
ნ---------–---ის ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
თ-----------–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ერთი წყვილი შავი ფერის ბოტასი, შავი ფერის შარვალი და მუქი ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, თ-----------–---ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მუქი ლურჯი ფერის პერანგი და შავი ჯინსის შარვალი, შავი ნაჭრის სპორტული ფეხსაცმელი წარწერით “N” დაუბრუნდეს თ-----------–---ს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს;
ნ---------–---ის გვამიდან ამოღებული 9 ცალი საფანტის ფრაგმენტი ერთ პაკეტად, ნ---------–---ის გვამიდან აღებული თმის ნიმუშები, სახის და ხელის ანამწნედები, ფრჩხილის ნიმუში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 ცალი ქვა მუქი ფერის ლაქებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ჩხირები მუქი ფერის ლაქებით და ბიოლოგიური მასალები დოლბანდში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მუქი ფერის ლაქა ნიადაგთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მცირე ზომის ქვები მუქი ფერის ლაქებით, თ-----------–---ის ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი მომწვანო ფერის ხელთათმანი, დალუქული ერთ პაკეტად და მიკრინაწილაკები ოთხ ცალ წებოვან ფირზე, თ-----------–---ის ფრჩხილის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, თმის ნიმუში, ხელი კვლის ნიმუშები - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე