გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.10.2018
საქმის ნომერი
330210018002352717
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/7999-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - ც----------–--ე

წარმომადგენელი - ნ-------------------ე

მოპასუხეები - ჯ---–---------------ე, დ----------–-----ი, ნ------------–---–ი

წარმომადგენელი - ა-------------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ჯ---–---------------ეს, დ----------–-----ს და ნ------------–---–ს მოსარჩელე ც----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის თანხა - 35 100 ლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 13 500 ლარი, პროცენტი - 21 600 ლარი).

 

(მტკიცებულება: 15.03.2018 წლის სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

სარჩელი მოსარჩელემ დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:

 

2015 წლის 12 ნოემბერს, მოპასუხეებმა ჯ---–---------------ემ, დ----------–-----ნა და ნ------------–---–მა (შპს „-------------ს დამფუძვნებლებმა) საბავშო ბაღის კეთილმოწყობის მიზნით, მოსარჩელე ც----------–---ისაგან ისესხეს 13 500 ლარი, ექვსი თვის ვადით, პროცენტის დარიცხვით თვეში - 1350 ლარის ოდენობით, რაზეც გაფორმდა ხელწერილი და დადასტურდა შესაბამისი ხელმოწერებით. მოპასუხეებმა მოსარჩელეს გადაუხადეს შვიდი თვის პროცენტი, 2016 წლის დეკემბრის, იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის პროცენტი, თვეში 1350 ლარი, რაც ჯამში შეადგენს - 9450 ლარს. ხელწერილში მითითებული ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის ივლისის თვიდან მოპასუხეებმა ნასესხები თანხა - 13 500 ლარი არ დააბრუნეს, ასევე არ გადაიხადეს 2016 წლის ივლისიდან დღემდე პროცენტი - 21 600 ლარი (2016 წლის ექვსი თვის - 8100 ლარი და 2017 წლის ათი თვის - 13 500 ლარი). მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვთ სესხის ძირითადი თანხა - 13 500 ლარი და 16 თვის პროცენტი - 21 600 ლარი, ჯამში - 35 100 ლარი. მოპასუხეებმა სესხის ხელშეკრულების 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ გააგრძელეს ხელშეკრულება, ვინაიდან გადაიხადეს დამატებით ერთი თვის პროცენტი, მოპასუხეებს ასევე არ მოუთხოვიათ სესხის ხელწერილში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ხელწერილის გაუქმება.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხეთაგან წერილობითი შესაგებელი წარმოადგინეს დ----------–-----მა, ნ------------–---–მა და ჯ---–---------------ემ, რომლითაც სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს, რომ სესხის ხელშეკრულება იყო უპროცენტო, მოპასუხეებმა მოსარჩელისაგან ისესხეს 10 000 ლარი და უარყოფენ 13 500 ლარის მიღებას. ნასესხები თანხიდან (10 000 ლარიდან) მოპასუხეებს გადახდილი აქვთ 9450 ლარი და გადასახდელი დარჩენილი აქვთ 550 ლარი. მოპასუხეებმა ასევე აღნიშნეს, რომ სესხის ხელწერილი დაწერილია მოსარჩელის მიერ და ხელმოწერილია მოპასუხეთა მიერ. 13 500 ლარის მიღება მოპასუხეთა მიერ არ არის დადასტურებული (ხელმოწერილი).

 

(მტკიცებულება: 01.05.2018 წლის შესაგებელი; სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოპასუხეებმა მოსარჩელისგან ისესხეს 2015 წლის 12 ნოემბერს 10 000 ლარი ექვსი თვით, რაზედაც შედგა წერილობითი შეთანხმება, შეთანხმება ხელმოწერილია მოპასუხეების მიერ. მოპასუხეებმა მოსარჩელეს გადაუხადეს 9450 ლარი. მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 12 ნოემბრის ხელწერილით, რომელიც დადასტურებულია მოპასუხეების ხელმოწერებით, დასტურდება, რომ მოპასუხეებმა 2015 წლის 12 ნოემბერს ისესხეს 10 000 ლარი მოსარჩელისაგან, 6 თვის ვადით. ამ ხელწერილით არ დასტურდება პროცენტზე შეთანხმება, ასევე არ დასტურდება, რომ მოპასუხეებმა დამატებით ისესხეს 3500 ლარი (1500+2000), ვინაიდან ხელწერილი რომელიც ხელმოწერილია მოპასუხეების მიერ პროცენტზე შეთანხმებას არ ითვალისწინებს და ხელწერილის ქვემოთ მიწერილი ციფრები 1500 და 2000 ლარი არ არის დადასტურებული მოპასუხეების მიერ და შინაარსობრივადაც არ დასტურდება რომ აღნიშნული თანხა ასევე ისესხეს. მოსარჩელე და მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილ 9450 ლარს, რაც შეეხება თანხის დანიშნულებას მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნულით შესრულდა საპროცენტო ვალდებულება, ხოლო მოპასუხეები მიიჩნევენ რომ აღნიშNულით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სესხის სასყიდლიანობა და შესაბამისად სადავო თანხის გადახდით შესრულდა ძირითადი ვალდებულება ნაწილობრივ.

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცებულება, რომ სესხი იყო პროცენტიანი და მოპასუხეებმა დამატებით კიდე ისესხეს მოსარჩელისაგან 3 500 ლარი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით. სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირად და მოწმეთა ჩვენებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 12.11.2015 წლის ხელწერილი;

 

3.1.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულება მოპასუხეთა მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა. მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 550 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 12.11.2015 წლის ხელწერილი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. მოპასუხეებისათვის ჯ---–---------------ისათვის, დ----------–-----ისათვის და ნ------------–---–ისათვის მოსარჩელე ც----------–--ის სასარგებლოდ სესხის თანხის 35 100 ლარის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 13 500 ლარი, პროცენტი - 21 600 ლარი).

 

5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით, რომელიც დადასტურებულია მოპასუხეების მიერ ხელმოწერებით, მოპასუხეებმა მოსარჩელისაგან ისესხეს 10 000 ლარი, 6 თვის ვადით. ამ ხელწერილით არ დასტურდება პროცენტზე შეთანხმება, ასევე არ დასტურდება, რომ მოპასუხეებმა დამატებით ისესხეს 3 500 ლარი, ვინაიდან ხელწერილზე აღნიშნული მინაწერი არ არის დადასტურებული (ხელმოწერილი). მოსარჩელე და მოპასუხეები სადაოდ არ ხდიან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილ 9450 ლარს, რაც შეეხება თანხის დანიშნულებას სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულება იყო უპროცენტო.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეებმა ჯ---–---------------ემ, დ----------–-----მა და ნ------------–---–მა ჯეროვნად არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხეებს ჯ---–---------------ეს, დ----------–-----ს და ნ------------–---–ს მოსარჩელე ც----------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 550 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1 000 ლარი.

 

სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. ვინაიდან, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ დავის საგნის ღირებულების 550 ლარის ფარგლებში (მოთხოვნის 1.57%), მოპასუხეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, შესაბამისად, - სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 16.5 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან, ვინაიდან მოთხოვნის 98.43% არ დაკმაყოფილდა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი რჩება ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საადვოკატო მომსახურების საფასურის - 300 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილიშიც არა აქვს წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე ც----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს ჯ---–---------------ეს, დ----------–-----ს და ნ------------–---–ს მოსარჩელე ც----------–--ის სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 12 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 550 ლარის გადახდა;

3. მოსარჩელე ც----------–--ეს უარი ეთქვას სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 12 950 ლარის და პროცენტის - 21 600 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე;

4. მოსარჩელე ც----------–--ეს უარი ეთქვას საადვოკატო მომსახურების საფასურის 300 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე;

5. ც----------–--ეს დაუბრუნდეს თ------------–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 16.5 ლარი, რაც სს „ტერაბანკი“-ს 2018 წლის 22 თებერვლის #- საგადახდო დავალებით ჩარიცხულია ანგარიშზე, სახაზინო კოდი 300773150;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე