გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
611210018002554481
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

611210018002554481

N2/302-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

მარნეულის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - სა--------------ა (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი - გი-------------ი

მოპასუხე - მა--------------ა

წარმომადგენელი - ირ--------–-–---–ი

თარჯიმანი - სუ-------------–---–ი

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1.1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.1. მოსარჩელე სა--------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. მა-------––-------------ს ქ.N4, საკადასტრო კოდით 83.02.13.0--, მოპასუხე მა--------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და უძრავი ქონება მასში არსებული მოძრავი ნივთებისაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის დაბრუნება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-12, 30.10.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 13 ივნისს, მოსარჩელე სა--------------ამ, რომელიც წარმოადგენდა ქ. მა-------––-------------ს ქ.N4-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრეს, ზე----------------საგან შეიძინა ამავე ქონების 1/2 წილიც და გახდა მთლიანი ქონების მესაკუთრე. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა გამყიდველის ზე----------------ს დედინაცვალი მა--------------ა, რომელმაც უძრავი ქონების გაყიდვის შემდეგაც გააგრძელა აღნიშნულ სახლში ცხოვრება. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ არ გაათავისუფლა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც მესაკუთრე ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-12).

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ზე----------------ს, რომელიც იყო საცხოვრებელი სახლის 1/2 წილის მესაკუთრე, ჰქონდა მისი ვალი გადასახდელი. კერძოდ, ის თანხა, რომელიც მა--------------ას მიერ გაწეული იქნა ზე----------------ს მამის მკურნალობისა და დაკრძალვის ხარჯებისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 მაისი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ზე----------------ს, მა--------------ას სასარგებლოდ დაეკისრა ხარჯების ანაზღაურება. ზე----------------ს მოპასუხისათვის დღემდე არ გადაუხდია თანხა (იხ. შესაგებელი ს.ფ. 26-35).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე მა--------------ა ცხოვრობს ქ. მა-------––-------------ს ქ.N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და შესაბამისად, ფლობს მას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის ნაწილს ფლობს მოპასუხე, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 30.10.2018 სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოცემული დავის განხილვის დროისათვის მოპასუხე მა--------------ას მიერ არ არის აღძრული სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სარჩელი, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 30.10.2018 სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ. მა-------––-------------ს ქ.N4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით 83.02.13.0--, აღრიცხულია მოსარჩელე სა--------------ას საკუთრების უფლება.

 

უძრავ ქონებაზე სა--------------ას საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია: 2015 წლის 17 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა, 2017 წლის 13 ივნისის ხელშეკრულება, 2010 წლის 05 ნოემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 13);

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მა--------------ა ქ. მა-------––-------------ს ქ.N4-ში მდებარე უძრავ ქონებას ფლობს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.

 

მოპასუხე მხარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს, რომ ზე----------------ს, რომლისგანაც მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონების 1/2 წილი აქვს მისი ვალი. სასამართლო აღნიშნულ გარემოებას ვერ მიიჩნევს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, ვინაიდან, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს სა--------------ა, სადავო უძრავი ქონება არის მისი საკუთრება, ხოლო მოპასუხეს და მესამე პირს შორის არსებულ ურთიერთობას განსახილველ დავასთან არ აქვს შემხებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სადავო საცხოვრებელი სახლის მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სა--------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, სა--------------ას სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.

საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ამ სარჩელს მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრი, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არის საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განმარტება საქმეზე №ას-707-677-2016)

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სა--------------ა წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მოპასუხე მა--------------ა ფლობს სა--------------ას საკუთრებად რეგისტრირებულ ნივთს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე არის სადავო სახლის არამართლზომიერი მფლობელი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხის მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანია და არ არსებობს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სა--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე მა--------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს ქ. მა-------––-------------ს ქ.N4-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 83.02.13.0-- და უძრავი ქონება, მასში არსებული მოძრავი ნივთებისაგან გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს მოსარჩელე სა--------------ას.

 

3. მოპასუხე მა--------------ას მოსარჩელე სა--------------ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე