გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210017001997089
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/17791-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე - ს----------–----–-----------------------------

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–-

მოპასუხე - შ-------------------------

წარმომადგენელი - შ-------------–-

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შ-------------------------, ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს შესყიდვების N----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლო 28579.35 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2016 წლის 04 ოქტომბერს ს----------–----–-----------------------------ს, როგორც შემსყიდველ მხარესა და მიმწოდებელ შ------------------------- შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----- ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა - ,----------------------- და სათანადო რაოდენობის მუდმივმოქმედი ლიცენზიები, ხელშეკრულებაზე თანდართული N1 და N2 დანართების შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებითა და ფუნქციონალით. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ერთი წლის განმავლობაში გაუწევდა შემსყიდველს ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებას ანალიტიკური პროგრამის გამართულად ფუნქციონირების მიზნით; ტესტირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ მიმწოდებელი სიმბოლურ ფასად გადასცემდა შემსყიდველს სამ AVEGILON Inc-ის წარმოების 3.0C-H4A-BO2-IR ვიდეოკამერას (CPV-32300000).

 

ანალიტიკური პროგრამის ტესტირების განხორციელების მიზნით მიმწოდებელმა ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება 1. შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში განეხორციელებინა ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფისა და მისი 100 ლიცენზიის მიწოდება. 2. შემსყიდველის მოთხოვნიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განეხორციელებინა ანალიტიკური პროგრამისა და 100 ლიცენზიის მართვისა და ინსტალაციისათვის საჭირო სერვისული აპარატურის მიწოდება და მათი გამართვა.

 

2017 წლის 06 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 02 დეკემბრის N--- ბრძანების საფუძველზე შექმნილმა ინსპექტირების ჯგუფმა წარადგინა დასკვნა ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა ,------------------------ის გამართული ფუნქციონირების შემოწმების მიზნით ჩატარებული ტესტირების შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ მიმწოდებლის მხრიდან არასრულყოფილი პროგრამული ფუნქციონალის წარმოდგენის გამო კომისიას არ მიეცა სრულყოფილი ტესტირების პროცესის დროულად დაწყების საშუალება და ინსპექტირების ჯგუფის მიერ წარდგენილი ანალიტიკური პროგრამა უარყოფითად შეფასდა.

 

ტესტირების დაწყებისათვის საჭირო წინაპირობების მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობი ანალიტიკური პროგრამა არ იყო წარდგენილი სრულყოფილი სახით, არ შეესაბამებოდა ტექნიკურ მახასიათებლებს, ჰქონდა ამოცნობის დაბალი მაჩვენებელი (მიუხედავად კომპანიის მიერ წინასწარ შერჩეული და გასწორებული კამერებისა), სახეზე იყო ფუნქციონალური შესაძლებლობების შეფერხება/ხარვეზი და გაუმართაობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ------------------------------ ეკონომიკურმა დეპარტამენტმა 2017 წლის 02 მარტის N------ წერილით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და მოპასუხეს დააკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო თანხის 5%-ის ოდენობით (571587 * 5%), რაც თანხობრივად შეადგენს 28579.35 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა არ ასახავს რეალობას, სუბიექტურია და არ შეიძლება წარმოადგენდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობის დადასტურებისათვის არ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის ბრძანებით გამოცხადებული გაფრთხილებაც, რადგანაც იმავე ლოგიკით რადგან მოპასუხე არ იქნა შეყვანილი ,,შავ სიაში“ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ადგილი არ ჰქონია ვალდებულების შეუსრულებლობას.

 

მოპასუხის განმარტებით ხელშეკრულების შეწყვეტით მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კომპანიას, როგორც გაწეული სამუშაოს, ასევე შეძენილ ტექნიკურ მოწყობილობებზე გაწეული ხარჯის სახით; გარდა ამისა სრულად იქნა ჩამოჭრილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიით გათვალისწინებული თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2016 წლის 04 ოქტომბერს ს----------–----–-----------------------------ს და შ------------------------- შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფა - ,----------------------- და სათანადო რაოდენობის მუდმივმოქმედი ლიცენზიები, ხელშეკრულებაზე თანდართული N1 და N2 დანართების შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებითა და ფუნქციონალით; ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელი ერთი წლის განმავლობაში გაუწევდა შემსყიდველს ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებას ანალიტიკური პროგრამის გამართულად ფუნქციონირების მიზნით; ანალიტიკური პროგრამის ტესტირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ მიმწოდებელი სიმბოლურ ფასად გადასცემდა შემსყიდველს სამ AVEGILON Inc-ის წარმოების 3.0C-H4A-BO2-IR ვიდეოკამერას (CPV-32300000).

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განსაზღვრულ იქნა, რომ შემსყიდველის მიერ ანალიტიკური პროგრამის გამართული ფუნქციონირების შემოწმების, ხელშეკრულების საგანზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების ღირებულების ანაზღაურების, აგრეთვე ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობების ამოქმედების მიზნით განხორციელდებოდა ანალიტიკური პროგრამის ტესტირება, რა დროსაც მიმწოდებელი ახდენს ანალიტიკური პროგრამის ფუნქციონალური თვისებების წარმოჩენას სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში.

 

ანალიტიკური პროგრამის ტესტირების განხორციელების მიზნით მიმწოდებელმა ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება 1. შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში განეხორციელებინა ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფისა და მისი 100 ლიცენზიის მიწოდება. 2. შემსყიდველის მოთხოვნიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განეხორციელებინა ანალიტიკური პროგრამისა და 100 ლიცენზიის მართვისა და ინსტალაციისათვის საჭირო სერვისული აპარატურის მიწოდება და მათი გამართვა.

 

ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 571587 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად _ 2018 წლის 31 იანვარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულება. (ს.ფ. 18-30);

-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულების დანართი N1, N2 (ს.ფ 31-34)

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაოს ინსპექტირებას განახორციელებდა შემსყიდველის მიერ განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირებისა ან/და შემსყიდველის მიერ მიწვეული ექსპერტებისაგან/სპეციალისტებისაგან შემდგარი ინსპექტირების ჯგუფი.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულების მე-6 პუნქტის საფუძველზე, ტესტირების პროცესის მონიტორინგისა და შედეგების შესახებ დასკვნის შემუშავების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 დეკემბრის N--- ბრძანებით შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 02 დეკემბრის N--- ბრძანება (ს.ფ. 35-37);

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულება. (ს.ფ. 18-30).

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 დეკემბრის #--- ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ, ს----------–----–-----------------------------სა და შ------------------------- შორის, 2014 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #----- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სრულყოფილი ანალიტიკური პროგრამის მიწოდების, არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულებით 21.1. პუნქტის თანახმად, სამინისტროსა და შ------------------------- შორის 2016 წლის 23 დეკემბერს წერილობით გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- ურთიერთშეთანხმების აქტი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #----- ხელშეკრულების 21.1 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაზე წერილობითი ფორმით დამატებით განხორციელების შესახებ (ს.ფ 95-98);

 

3.1.5. ინსპექტირების ჯგუფის მიერ 10 სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელებული ტესტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად, 2017 წლის 06 თებერვალს შედგა ინსპექტირების დასკვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა (ს.ფ. 39-44).

3.1.7. ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და შ------------------------- დააკისრა პირგასამტეხლო 28579.35 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მარტის N------ წერილი (ს.ფ. 45-47);

 

3.1.8. შ------------------------------ 2017 წლის 22 მარტის შეტყობინების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიზანშეწონილად მიიჩნია შ-------------------------- მიმართ გაფრთხილების გამოყენება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართვა (ს.ფ. 48-50);

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის განკარგულება (ს.ფ 51-55).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “ენ ჯი თი ჯგუფმა“ ვერ შეასრულა 2016 წლის 04 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემკვეთისათვის წარედგინა უნაკლო და ხელშეკრულების პირობების შესაბამისი შესრულება.

 

მოსარჩელე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტს, რომელსაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც დამკვეთს გააჩნდა შესრულების მიმართ.

 

სასამართლო მიუთითებს რომ ნივთობრივად უნაკლო შესრულება როგორც ნარდობის (სსკ-ის 641-ე მუხლი), ასევე ნასყიდობის (სსკ-ის 477-ე მუხლი) ხელშეკრულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, კანონისმიერ პირობას წარმოადგენს. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი (487-ე, 639-ე) მუხლების თანახმად, შემსყიდველს უნდა გადაეცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 488-ე, 641-ე მუხლების პირველი ნაწილით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუკი იგი შეთანხმებული ხარისხისაა, ხოლო თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუ კი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის; თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სამოქალაქო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეასრულოს სულ მცირე საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს დამკვეთს საშუალო ხარისხის ნივთი.

 

აღნიშნულ ნორმათა დანაწესის მსგავს დათქმას შეიცავს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.1.პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტიც, რომლშიც შესყიდვის ობიექტის “გამართული ფუნქციონირება“ ხელშეკრულების მიზნებისათვის განმარტებულ იქნა როგორც „შესყიდვის ობიექტის მუშაობა ხელშეკრულებაზე თანდართული დანართი N1 და დანართი N2-ით განსაზღვრული ტექნიკური პირობების, მათ შორის დადგენილი პროცენტული განაკვეთის შესაბამისად; ასევე ისეთ ფუნქციონირება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული დანართებით, თუმცა გამომდინარეობს ხელშეკრულების ობიექტის დანიშნულებიდან და ხელშეკრულების შინაარსიდან."

 

მყიდველის პრეტენზიის საფუძვლიანობის განსაზღვრის მიზნით, უპირველეს ყოვლისა ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემსყიდველის ინტერესსა და შესყიდვების საგანზე, როგორც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის განმაპირობებელ არსებით ფაქტორზე. კერძოდ, როგორც ხელშეკრულების შინაარსით დასტურდება, შემსყიდველის ინტერესი მდგომარეობდა შეძლებისდაგვარად შეზღუდულ ვადებში განეხორციელებინა დაგეგმილი პროექტი და მიეღო ხარისხიანი, გამართული ვიდეოანალიტიკური პროგრამა სრული და გამართული ფუნქციონალით, რომელიც საშუალებას მისცემდა სამინისტროს ადამიანური რესურსისის დაზოგვის ფონზე მაქსიმალურად გაემარტივებინა საგზაო მოძრაობის დამრღვევ პირთა მიმართ საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.

 

სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ს----------–----–-----------------------------სა და შ------------------------- შორის, 2016 წლის 4 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #----- ხელშეკრულებით 21.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე წერილობითი ფორმით დამატების განხორციელების შესახებ ურთიერთშეთანხმების აქტზე, რომლითაც დასტურდება რომ ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ „სრულყოფილი ანალიტიკური პროგრამის მიწოდებისა და გამართული ფუნქციონირების შემოწმების, ასევე, ტესტირების დაწყებისათვის საჭირო წინაპირობების მონიტორინგის პროცესში შ--------------------------ს მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობი ანალიტიკური პროგრამა არ იყო წარმოდგენილი სრულყოფილი სახით, არ შეესაბამებოდა ტექნიკურ მახასიათებლებს, ჰქონდა ამოცნობის დაბალი მაჩვენებელი (მიუხედავად კომპანიის მიერ წინასწარ შერჩეული და გასწორებულიკამერებისა), სახეზე იყო ფუნქციონალური შესაძლებლობების (დანართი 1 და დანართი 2) შეფერხება/ხარვეზები და გაუმართაობა, ასევე ფუნქციონალის არამდგრადობა (მიუხედავად კომპანიის მიერ წინსწრებად და არაერთგზის გაცხადებული მზადყოფნისა ხელშეკრულების 5.1.პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების დასაწყებად)“.

 

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართსა და მის განუყოფელ ნაწილს, დასტურდება მოსარჩელის განმარტება, იმის თაობაზე რომ მიმწოდებლის მიერ არასრულყოფილი ანალიტიკური პროგრამისა და ფუნქციონალის წარმოდგენის მიუხედავად, ვინაიდან სამინისტროს მიდგომა იყო შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მიეღო ხარისხიანი და გამართული ანალიტიკური პროგრამა ასევე სრული და გამართული ფუნქციონალით, შემსყიდველმა მიმწოდებელთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება არსებული ვითარების ფარგლებში ტესტირების პროცესის დაწყების შესახებ, რითაც ფაქტობრივად, მიმწოდებელ კომპანიას მიეცა ხარვეზის გამოსწორებისა და ნაკისრი ვალდებულებების მიმდინარე რეჟიმში შესრულების შესაძლებლობა. კერძოდ, გადაწყდა "კომპანიის მიერ წამოჭრილი პრობლემების და მიზეზების გაქარწყლებისა და კონტრარგუმენტების შემუშავებისათვის კომპანიასთან წერილობითი შეთანხმებით განხორციელებულიყო 2016 წლის 26 დეკემბრიდან 10 სამუშაო დღის გათვალისწინებით, 10 ახალი AVEGILONE-ის ვიდეოკამერის მეშვეობით ტესტირების პროცესის წარმართვა, დღე/ღამისა და სხვადასხვა გარემოპირობების გათვალისწინებით"; ამასთანავე, ყოველდღიურ რეჟიმში ინსპექტირების ჯგუფის მიერ განხორციელდებოდა ანალიტიკური პროგრამისა და ფუნქციონალის მდგრადობის მონიტორინგი და შედეგები დაფიქსირდებოდა ყოველდღიურ ტესტირების ოქმებში, ანალიტიკური პროგრამის ტესტირების პროცესში ქსელიდან გამომდინარე პრობლემების გამორიცხვის მიზნით მიმწოდებელს უფლება ქონდა მოეხდინა ქსელის მონიტორინგი, მის მიერ დაერთებულ კამერებზე (ურთიერთშეთანხმების აქტის პუნქტი 4), ასევე გაუთვალისწინებელი გარემოებების თავიდან აცილებისა და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ტესტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოეწვია ანალიტიკური პროგრამა „F_F Number OK”-ს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი;

 

ურთიერთშეთანხმების აქტის მე-7-8 პუნქტების თანახმად, ტესტირებისას დამაკმაყოფილებელი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში ზემოაღნიშნული 10 დღის შედეგები ჩაითვლებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტესტირების შედეგებში და გაგრძელდებოდა ხელშეკრულების 5.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადით (60 დის განმავლობაში), ხოლო იმ შემთხვევაში თუ შ-------------------------- მიერ წარმოდგენილ სანომრე ნიშნის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფა ,,F-F Number OK“ ს კვლავ ექნებოდა სხვადასხვა ტიპის ფუნქციონალური ხარვეზი, პროგრამული უზრუნველყოფა ჩაითვლებოდა როგორც ურთიერთშეთანხმების აქტით ასევე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობად, რაც განაპირობებდა შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას.

 

დადგენილია, რომ ინსპექტირების ჯგუფის მიერ 10 სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელებული ტესტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად, 2017 წლის 06 თებერვალს შედგა ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე და უთითებს, რომ შედეგების მიხედვით მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო წარედგინა შემსყიდველისათვის მდგრადი, გამართული და უხარვეზო ანალიტიკური პროგრამა. კერძოდ, ინსპექტირების ჯგუფის დსკვნის თანახმად:

- ამოცნობილი ნომრების ლოგი არ შეესაბამება რეალობას და მასში დაფიქსირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება რეალურად გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნებს;

- ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები არის ნაწილობრივ ან შეცდომით ამოცნობილი;

- წარმოდგენილი ანალიტიკური სისტემა ფუნქციონირებს არასტაბილურად, მიმდინარე რეჟიმში ითიშება გაურკვეველი მიზეზით, ხშირად ესაჭიროება გადატვირთვა. ამასთან პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება ხარვეზის აღმოფხვრიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ;

- წარმოდგენილი ანალიტიკური პროგრამა სტაბილურად ვერ უზრუნველყოფს ინტეგრირებული კამერების დამუშავებას, მაგალითად: ამოცნობის ლოგში დაახლოებით წუთნახევრის განმავლობაში არ დაფიქსირდა არანაირი ამოცნობა, მაშინ, როდესაც არსებობდ ჩანაწერი. მაგალითად, კონკრეტულ პერიოდში გაიარა 37-მა ავტომანქანამ, თუმცა პროგრამის მიერ ვერც ერთი ვერ იქნა ამოცნობილი;

- მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ანალიტიკური პროგრამა ზოგიერთი საავტომობილო მარკის წინა ცხაურის ე.წ, ,,რეშოტკას“ აღიქვამს როგორც სანომრე ნიშანს, მაგალითად III-111 და ვერ აფიქსირებს რეალურ სახელმწიფო სანომრე ნიშანს;

- საპირისპირო ზოლში ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აღმოჩენის ფუნქცია მუშაობს ხარვეზით. მაგალითად, ანალიტიკურმა პროგრამამ ამოიცნო 3 სანომრე ნიშანი (-----------------------), მაგრამ არ დააფიქსირა დამრღვევ ავტომანქანათა ლოგში, რაც ნიშნავს საპირისპირო ზოლში მოძრაობის დეტექციის ფუნქციის გაუმართაობას;

- არ მუშაობს პროგრამის ფუნქცია ამკრძალავ წითელ ფერზე სამართალდამრღვევი ავტომობილის ამოსაცნობად/დასაფიქსირებლად:

ა) მუშაობს ხარვეზებით და ვერ აფიქსირებს სამართალდარღვევებს;

ბ )10 დღიანი ტესტირების პროცესში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საერთოდ ვერ იქნა წარმოდგენილი მსგავსი ფუნქციური შესაძლებლობა;

გ)ხშირ შემთხვევაში ხარვეზებით იქნა წარმოდგენილი შუქნიშნის წითელ ფერზე სამართალდარღვევათა ამომცნობი ფუნქციონალი, მაგალითად, ლოგში აისახა გავლილი ავტომანქანები, თუმცა პროგრამა სამართალდამრღვევებთან გააიგივა შუქნიშნის მწვანე ფერზე მოძრავი ავტომანქანებიც;

დ)ამკრძალავ წითელ ფერზე დამრღვევთა ფოტოსურათები (სანომრე ნიშნისა და ზოგადი ხედის) არ ემთხვევა ერთმანეთს.

 

მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებლისაგან ითხოვდა ისეთი ვალდებულებების შესრულებას, რომელსაც არ ითვალისწინებდა არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და არც ტექნიკური დავალება, ხოლო ვალდებულებები რომელთა შესრულებაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მიმწოდებლის მიერ შესრულდა სრულად და ჯეროვნად _ სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ იქნა ანალიტიკური პროგრამის კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის „კამერის ხედვის არეალში მოხვედრილი სანომრე ნიშნების ამოცნობა დღე-ღამის პერიოდში მინიმუმ 90%-ით“. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N2-ით ასევე კონკრეტიზირებულ იქნა სისტემის ფუნქციონალური აღწერა: ,,მანქანების ნაკადში ავტო-სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების ამოცნობა და მოძრაობის მიმართულების დადგენა, ამოცნობის შედეგების - ამოცნობილი ნომერი, ამოცნობის დრო, ავტომობილის მოძრაობის მიმართულება, ვიდეო არხის დასახელება და კოორდინატები - ლოკალურ ბაზაში შენახვას; ამოცნობილი ნომრის მქონე ავტომობილის ამსახველი ფოტო კადრის შენახვას სრული რეზოლუციით; სანომრე ნიშნების ე.წ შავი და თეთრი სიები; მოვლენებზე ვიზუალური და ხმოვანი რეაგირების მოდული; მომხმარებლების მართვა და დაშვებების ლოგირება; რეპორტების ფორმირება და ამოცნობის შედეგების ექსპორტი Microsoft Excel-ის ფორმატის ფაილში. ცნობილი ავტო სატრანსპორტო საშუალების მიმართ მიდევნების რეპორტის ფორმირება, მოცემულ დისტანციაზე ავტომობილის საშუალო სიჩქარის გამოთვლა, მოძრაობის წესების დარღვევების დეტექცია, როგორიცაა: სავალ ზოლზე მოძრაობის დადგენილი მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა, საზ.ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, საპირისპირო მოძრაობის ზოლში მოძრაობა, სტოპ ხაზის გადაკვეთა-გაჩერება, წითელ ფერზე გავლა, აკრძალული მოხვევა, აკრძალული მოტრიალება და არასათანადო ზოლიდან მოტრიალება“.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერშეთანხმების აქტზე, რომლის თანახმადაც განსაზღვრულ იქნა ანალიტიკური პროგრამის კონკრეტული ფუნქციონალის ჩამონათვალი: 1. სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამოცნობა ს----------–----–-----------------------------ს და შ------------------------- შორის, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების #----- ხელშეკრულების დანართი #2 პირობების გათვალისწინებით. 2. ძებნილი სახელმწიფო სანომრე ნიშნების საინფორმაციო ბანკის ინტეგრირება. 3. ძებნილი სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამოცნობა და ამოცნობის თანმდევი ვიზუალური და აუდიო განგაში, ე.წ ,,Pop-up”. 4. წითელ შუქნიშანზე დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაფიქსირება, შესაბამისი ფოტოსურათებით და ე.წ ,,ლოგიკით”. 5. ორმაგი ღერძულა ხაზის დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაფიქსირება, შესაბამისი ფოტოსურათებით და ე.წ. ,,ლოგით“. 6. საავტომობილო გზის აკრძალულ ზოლში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების დაფიქსირება, შესაბამისი ფოტოსურათებით და ე.წ ,,ლოგით“, 7. სექციური რადარის ოპერირება, დასაშვები სიჩქარის რეჟიმის დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაფიქსირება, შესაბამისი ფოტოსურათებით და ე.წ ,,ლოგით“ 8. სისტემაში ჩატვირთული მომხმარებლების და მათი აქტივობების ცენტრალური მართვა და ე.წ ,,ლოგირება“.

 

შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც ხელშეკრულებით, მისი დანართებითა და ურთიერთშეთანხმების აქტით დადგენილ იქნა ანალიტიკური პროგრამის კონკრეტული ფუნქციონალების არსებობის ვალდებულება, ამავე დოკუმენტებში ფუნქციონალის მუშაობის სიზუსტის კოეფიციენტის მიუთითებლობა (დანართი N1-ით განსაზღვრული, სანომრე ნიშნის ამოცნობის სულ მცირე, 90-იანი მაჩვენებლის მსგავსად), ვერ გაამყარებს მოპასუხის პოზიციას, მის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების თაობაზე, ვინაიდან როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების 1.1. პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი მიუთითებს შესასყიდი ობიექტის ხარისხთან დაკავშირებით, კონკრეტული სტანდარტის გამოყენების თაობაზე _პროგრამის „გამართულ ფუნქციონირებად“ მიიჩნევა ასევე „ისეთი ფუნქციონირება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული დანართებით, თუმცა გამომდინარეობს ხელშეკრულების ობიექტის დანიშნულებიდან და ხელშეკრულების შინაარსიდან“.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე საქმეში არსებულ კომისიის მიერ შედგენილ ოქმებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე მიუთითებს, რომ მხოლოდ სახელმწიფო სანომრე ნიშნების ამოცნობის 90%-იან მაჩვენებელზე მოპასუხე მხარის აპელირება, კონკრეტული სამართალდარღვევათა აღმოჩენის ფუნქციონალის ( მაგ. წითელ შუქზე დამრღვევი ავტომანქანის ამოცნობის, საპირისპირო ზოლში მოძრაობის აღმოჩენის და სხვა) მუშაობისას დაბალი პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ასევე ამყარებს მოსარჩელის პოზიციას პროგრამის გაუმართაობისა და მისი ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის თაობაზე, რაც შემსყიდველი სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ შეფასდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის პროგრამულ უზრუნველყოფად. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ზემოხსენებული ოქმებიდან არცერთზე, გარდა 09.01.1-– ოქმისა, არ ფიქსირდება შ-------------------------- წარმომადგენლის მოტივირებული შენიშვნა;

 

ს----------–----–-----------------------------ს გადაწყვეტილება მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე მოშლისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის განკარგულება შპს“ენ ჯი თი ჯგუფის“ გაფრთხილების შესახებ მოპასუხე მხარეს ასევე არ გაუხდია სადავოდ, რაც ირიბად ასევე მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე დაეთანხმა სამინისტროსა და სააგენტოს გადაწყვეტილებებში მითითებულ გარემოებას - მიმწოდებელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე და ამ გარემოებით განპირობებულ მოპასუხისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი, 2016 წლის 04 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების სადავო ფაქტობრივი გარემოებისა დადასტურება.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 477-ე, 629-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის და ნარდობის შერეული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. კერძოდ, მოდავე მხარეთა შორის 2016 წლის 04 ოქტომბერს დადებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ტესტირების პროცესის წარმატებით დასრულებისა და ტესტირების დადებითი დასკვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი შემსყიდველს საკუთრებაში გადასცემდა ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ანალიტიკურ პროგრამული უზრუნველყოფა, ,------------------------ის, შესაბამისი რაოდენობის მუდმივმოქმედ ლიცენზიებზე, ხელშეკრულებაზე თანდართული N1 და N2 დანართების შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებითა და ფუნქციონალით; მიმწოდებელი ერთი წლის განმავლობაში გაუწევდა შემსყიდველს ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებას ანალიტიკური პროგრამის გამართულად ფუნქციონირების მიზნით; ტესტირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემდეგ მიმწოდებელი სიმბოლურ ფასად გადასცემდა შემსყიდველს სამ AVEGILON Inc-ის წარმოების 3.0C-H4A-BO2-IR ვიდეოკამერას (CPV-32300000).

 

ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საგნის, გაწეული მომსახურების მიწოდების ვადასა და პირობებზე, განსაზღვრეს: შესყიდვის ობიექტის ხარისხი, ხელშეკრულების ღირებულება (571587 ლარი) და ანგარიშსწორების წესი, ხელშეკრულების პირობებთან შესყიდვის საგნის შესაბამისობის დადგენის მიზნით ინსპექტირებისა და ტესტირების პროცესის სავალდებულოობა და სხვა.

 

მოსარჩელე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც შემსყიდველს გააჩნდა შესრულების მიმართ.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და წარმოშობს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

 

გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე რომ მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემკვეთისათვის წარედგინა ნივთობრივად უნაკლო შესრულება _ მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის მიწოდებულ ანალიტიკური პროგრამა არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი და ფუნქციურად გამართული სახით და მისი პრაქტიკული და მიზნობრივი დანიშნულების გათვალისწინებით გამოუსადეგარი აღმოჩნდა სამინისტროსათვის.

დადგენილია რომ 2017 წლის 2 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო N------ წერილით მოპასუხეს აცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვიტის თაობაზე და შ------------------------- დააკისრა პირგასამტეხლო 28579.35 ლარის ოდენობით.

6.3. .სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, შ------------------------------------------–----–--------------------- შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის. კერძოდ, ხელშეკრულების 16.3 პუნქტის თანახმად, თუ ,,მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ანალიტიკური პროგრამა არ აღმოჩნდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი, შემსყიდველი შეწყვეტს ხელშეკრულებას და მიმწოდებელს დააჯარიმებს ხელშეკრულების საერთო თანხის 5%-ის ოდენობით“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა _ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2016 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული ანალიტიკური პროგრამა და ტანმდევი მომსახურება არ აღმოჩნდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისი, რის საფუძველზეც ს----------–----–-----------------------------ს ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოეშვა შპს ,,ენ ჯი თი ჯგუფისათვის“ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების საერთო თანხის 5%-ის ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათისა და ვალდებულების დარღვევაში მისი ბრალეულობის ხარისხისა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის ჯარიმის სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 5 %-ის დაკისრების თაობაზე, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და სრულ შესაბამიობაშია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებთან შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით („საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პირთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომისათვის, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაწესებული საჯარომო სანქციები, როგორც წესი შეადგენს ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 5-10%-ს, გამონაკლის შემთხვევაში კი საჯარიმო სანქციები არ აღემატება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20-ს“ იხ.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე 2016წ, 201-–).

 

შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და შ------------------------- მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 28579.35 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე - შ------------------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 857.38 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შ-------------------------- მოსარჩელე ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს - 28579.35 ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშში.

 

3. მოპასუხე შ-------------------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 857.38 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი